დღეიდან „ულიმიტო“ კატეგორიას ახალი პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“ დაემატა. შეთავაზება ითვალისწინებს 7 დღის განმავლობაში ინტერნეტ, სასაუბრო და sms ულიმიტო მომსახურებას.
პაკეტის აქტივაცია შესაძლებელია კოდით *019# ან აპლიკაციით MySilknet. აღნიშნული კომბინაციით მოწმდება ასევე ბალანსი, გახარჯული წუთები და მოცულობები, ხდება სერვისის დეაქტივაცია.
პაკეტი ავტომატურად განახლებადია ტარიფით – 15₾.
სილქნეტის ქსელში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიაქტიურონ ასევე სხვა ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები, კოდით *019#:
ერთდღიანი -1.5₾
5 დღიანი – 6₾
ღამის საათებში ულიმიტო მომსახურება -4.9₾
30 დღით ულიმიტო ინტერნეტი – 30₾
ულიმიტო პაკეტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ავტომატურად განახლების პირობით.
„რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევით, რაც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გახდიდა შესაძლებელს. თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს აქვს გაყინულია,“ – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, 15 ივნისს BRICS-ის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
როგორც TASS-ი ციტირებს პატრუშევს, იგი რუსეთ-უკრაინის დიალოგის შეწყვეტას „ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების დესტრუქციულ ქმედებებს“ აბრალებს.
პატრუშევმა, ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ რუსეთი წლების განმავლობაში მოუწოდებდა ამერიკას და ნატოს, „არ წაეხალისებინათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ამბიციები“. ამასთან, მან კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთის რიტორიკას იმის შესახებ, რომ „კიევის რეჟიმს საომარი, ნეონაცისტური და რუსოფობიური სენტიმენტები“ ჰქონდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინა ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასაც შეადარა და აღნიშნა, რომ „ვაშინგტონი და ლონდონი იმავენაირად მოიქცნენ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდეც. ამჯობინეს რა ჰიტლერის აგრესიული გეგმების იგნორირება ან ხელიც კი შეუწყეს მათ იმ იმედით, რომ ნაცისტურ რეჟიმს მოსკოვის წინააღმდეგ მიმართავდნენ“.
BRICS 5 განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნის ასოციაციაა. მასში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2009 წლიდან BRICS-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობები ყოველწლიურ ფორმალურ სამიტებზე იკრიბებიან. 2022 წელს მე-14 სამიტი მიმდინარეობს, ამჯერად ჩინეთის ხელმძღვანელობით.
____
მთავარი ფოტო: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან (სურათზე არ არის გამოსახული) შეხვედრისას იერუსალიმში, ისრაელი, 2019 წლის 24 ივნისი. EPA-EFE/RONEN ZVULUN / POOL
უკრაინაში, რუსეთის ქვეყანაზე თავდასხმიდან დღემდე, ომის შედეგად 318 ბავშვი დაიღუპა.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, 16 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 318 ბავშვი დაიღუპა და 580-ზე მეტი დაშავდა.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“, საზაფხულო სეზონს, თანამედროვე პროექტით ხსნის, რომელიც ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოსაა განთავსებული.
აპარტოტელის ტიპის კომპლექსი „ბულვარ ფოინთი“ მრავალფუნქციურია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მოიცავს ღია აუზს, კაფეს, სპა და ფიტნეს ცენტრს. რესეფშენს, რომელიც აერთიანებს მიმღებს, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს, კეთილმოწყობილ სკვერს, 106 ავტომობილზე გათვლილ, მიწისქვეშა და მიწისზედა, პარკინგს.
პროექტი – „ბულვარ ფოინთის“ უპირატესობებია: ადგილმდებარეობა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები, მაქსიმალურად კომფორტული სივრცეები, ამ სერვისების ერთიანობა და გარემო, რასაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ.
კომპლექსში არის სტუდიო, ერთსაძინებლიანი და ორ საძინებლიანი აპარტამენტები. პროექტი ბარდება მწვანე კარკასით, ან გარემონტებული – ავეჯით და ტექნიკით.
კომპანია, მომხმარებლებს აპარტამენტების მართვისა და გაქირავების სერვისს სთავაზობს, რომელიც, უწყვეტ რეჟიმში, შემოსავლის მიღების შესაძლებლლობას ითვალისწინებს.
პროექტი 2023 წლის დეკემბერში სრულდება. აპარტამენტის შეძენის მსურველებს, 18 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით, ან პარტნიორი ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლიათ.
პროექტის გაყიდვები 2022 წლის 16 ივნისს იწყება.
საწყის ეტაპზე, სააქციო პირობები მოქმედებს: 10%-იანი ფასდაკლება პირველ 10 მომხმარებელს, რომლებიც აპარტამენტს ჩვენს ახალ კომპლექსში შეიძენენ.
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ძეგლის ფასადის ნანგრევები სადარბაზოს შესასვლელებშია დალაგებული. აქ მცხოვრებლებმა იციან, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ფასადის ჩამონგრეული ნაწილებიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომაც შენობის ფასადის ჩამოვარდნილ ნაწილებს საგულდაგულოდ ინახავენ.
სამსართულიანი სახლი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურით, მისი ფასადი შემკულია ძველი მასკარონებითა და ჩუქურთმებით. გარდა ამისა, ამ სახლს აქვს შენარჩუნებული ძველი, ნაძერწი ჩუქურთმებით შემკული სადარბაზო.
სპეციალისტების დახასიათებით:
„ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე მდგარი ორსართულიანი სახლის არქიტექტურა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილითაა გამორჩეული. სახლის გარე ფასადიცა და სადარბაზოც ნაძერწი დეტალებით უხვადაა დატვირთული. შენობა XX საუკუნის დასაწყისის ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.“
აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ძეგლის ფასადიდან ბეტონის ნაწილები ჩამოცვივდა. გარდა ამისა, სახურავიდან წყალი ჟონავს, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია სახლის მესამე სართული:
„ამ დრომდე ვფიქრობდით, რომ ძეგლია და აქ თუ რამე გავაკეთეთ, ყველაფერი სააგენტოსთან შეთანხმებით, კედლების ფერიც კი შევათანხმეთ. ახლა უსაფრთხოებაზეც ვფიქრობთ, ვინმე გამვლელს ან ეზოში ბავშვს რომ დაეცეს ეს ნაწილები, სერიოზულად შეიძლება დაშავდეს, ზოგი მათგანი მძიმეა. გარდა ამისა, სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. თანახმა ვართ ყველაფერი კანონის შესაბამისად გავაკეთოთ, როგორც სააგენტო განგვისაზღვრავს, მაგრამ სახურავის და ფასადის ხარჯებს ვერ გავწვდებით. დაგვპირდნენ, რომ სახურავს და ფასადს ბიუჯეტის ხარჯებით მოაწესრიგებდნენ, თუმცა, როგორც ვიცით, წელს არ ჩაგვსვეს ბიუჯეტში.“
აქ მცხოვრებლებმა სააგენტოს გასულ წელსაც მიმართეს. ოფიციალური პასუხის მიხედვით, ძეგლის ფასადის და სახურავის რესტავრაციის პროექტის შესყიდვა და შესაბამისი სამუშაოები 2022 წლის ბიუჯეტით უნდა ყოფილიყო დაფინანსებული. თუმცა გუშინ, 15 ივნისს, სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი მომავალ წელს დაფინანსდება.
უკრაინაში დღეს ერთდროულად ჩავიდა ევროპის სამი გავლენიანი პოლიტიკოსი – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.
გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსები გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ.
მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი მატარებელში/ფოტო: ალექსანდრ კამიშინი
სამი ლიდერის ერთობლივმა ვიზიტმა მსოფლიო პრესის ყურადღება ჯერ კიდევ უკრაინაში გამგზავრებამდე მიიპყრო. სამივე მათგანი პირველად ჩადის კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.
უკრაინული მედია იხსენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა დროს, ევროპის ამ სამმა ლიდერმა, საკუთარი განცხადებებით არაერთი კრიტიკული დისკუსია გამოიწვია: ოლაფ შოლცს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი განცხადებები და დაპირებები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, მისი მოქმედების რეალური ტემპისგან განსხვავდებოდა;
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა იმის შესახებ, თუ „რატომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი“, რაც ფართო განხილვის საგანი გახდა;
იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ კი ომის შეწყვეტის საკუთარი გეგმა წარუდგინა გაეროსა და G7-ის ქვეყნებს, თუმცა ეს გეგმა გააკრიტიკა როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა.
ვიზიტამდე იყო ცნობები, რომ შესაძლოა, ემანუელ მაკრონმა კიევში უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადოს. 15 ივნისს უკრაინისთვის სამი სარაკეტო-საარტილერიო სისტემის გადაცემა დააანონსა გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც.
ZDF-ის ცნობით, მოლაპარაკებები ევროპის ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, „სავარაუდოდ, ომს, უკრაინის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის დახმარებას შეეხება“.
უკრაინული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ვიზიტი სწორედ 16 ივნისს შედგება, ერთი დღით ადრე მანამდე, ვიდრე ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავის დასკვნას წარმოადგენს.
უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 23-24 ივნისს სამიტზე უნდა გადაწყდეს.
მთავარი ფოტო: მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი მატარებელში/ფოტო: La Republica
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს გემები, რომლებმაც ბათუმსა და ფოთში შავი ზღვა დააბინძურეს.
„გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი. პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 ათასამდე ლარი შეადგინა“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
მათივე ინფორმაციით, პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავ გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 449 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 3 545 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 729 ერთეული [+7]
MLRS – 233 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 494 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
204 თვითმფრინავი
131 ვერტმფრენი
1 218 უპილოტო საფრენი აპარატი
340 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 968 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 647 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 16 ივნისის განახლებას მთლიანად სევეროდენცკში არსებულ ვითარებს უძღვნის. უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, განადგურებულია მდინარე სევერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც „სადავო“ ქალაქ სევეროდენცკს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებთან აკავშირებს.
დაზვერვა მიუთითებს, რომ უკრაინის საბრძოლო ძალების დიდმა ნაწილმა უკან დახევა მოასწრო, თუმცა ვითარება ძალიან რთულია იმ უკრაინელი სამხედროებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც მდინარის აღმოსავლეთით რჩებიან.
„დანგრეული ხიდების ფონზე, რუსეთს მოუწევს ან გადალახოს მდინარე, ან განაახლოს შეტევა ფლანგებზე, რომლებზეც ახლა გაჭედილია, რათა თავისი ტაქტიკური წარმატება ოპერაციულ უპირატესობად აქციოს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში ძალიან ცუდად დაკომპლექტებული დანაყოფებისგან შედგება:
„უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსული ბატალიონისგან შემდგარ ტაქტიკურ ჯგუფებებში, რომლებშიც, როგორც წესი, 600-800 ადამიანი უნდა იყოს, მხოლოდ 30 სამხედროა.“
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ქალაქში, ფრონტის ხაზზე, ბრძოლებში ძირითადად ქვეითები არიან ჩართული, ასეთ გარემოში კი, ნაკლებად აქტუალურია რუსეთის უპირატესობა ტანკებში, რაც სავარაუდოდ, რუსეთის სწრაფ წინსვლას უშლის ხელს.
გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია სევეროდენცკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, ინდუსტრიული ზონის გარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე კი, ქიმიური ქარხანა „აზოტის“ მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს.
მთავარი ფოტო: კვამლი სევეროდენცკის თავზე/სქრინი ვიდეოდან
პოლკოვნიკი დენის ჩაუკი უკრაინის 40 წლის ეროვნული გმირია არტილერისტთა ბატალიონიდან. მან და მისმა თანამებრძოლებმა მძიმე ბრძოლები გამოიარა ლუგანსკის აეროპორტთან და დებალცევოში.
დენის ჩაუკის მამაც ოფიცერი იყო, ვალენტინ ჩაუკი. უკრაინის გმირს დენის ჩაუკს ოფიცერობის გარდა ცხოვრებაში არაფერი სურდა. მისი ოჯახის ყველა წევრი სამხედროა: თავად პოლკოვნიკია, მამამისი – პოდპოლკოვნიკი, უფროსი ძმა – მაიორი, დედა – სერჟანტი, ცოლი კი – ჯარისქალი.
ოფიცერ დენის ჩაუკს 23-წლიანი სამხედრო სამსახურის გამოცდილება აქვს. ის ბატალიონის შტაბის უფროსი იყო 2015 წლის 18 თებერვალს, როცა დებალცევოდან ანტიტერორისტული ძალების გამოყვანის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
უკრაინის ეროვნული გმირის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო, armyinform-ი ავრცელებს მისსავე მონათხრობზე დაყრდნობით.
„25 გრადუსი ყინვა იყო, აღჭურვილობა გაიყინა და ჯარისკაცებისთვის მისი მიწოდება გართულდა, რამდენიმე საათიც და უკრაინელების ბატალიონს სრულ ალყაში მოაქცევდნენ.
ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიეთ. ყველას გვიხაროდა, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავით, ცოცხლები და უვნებლები“ – იხსენებს პოლკოვნიკი ჩაუკი ფრონტის ხაზზე საბედისწერო ეპიზოდს.
თოვლში, ტანკებით, ფეხით, საბრძოლო მანქანებით, მტრის არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2015 წლის თებერვალში დებალცევოში ჩააკითხეს თავიან მცველებს, ეს ჯოჯოხეთური ბრძოლა იყო, რომელსაც ყველა ვერ გადაურჩა.
ოფიცერმა დენის ჩაუკმა მაშინ უკვე იცოდა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში ეს მისი პირველი ბრძოლა არ იქნებოდა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ცინიკურად აბნევდა მსოფლიო საზოგადოებას და მინსკის შეთანხმებას არ ასრულებდა. რუსეთი ემზადებოდა, რომ მის მიერვე შექმნილი დონეცკისა და ლუგანსკის ფსევდორესპუბლიკები საბაბად და პლაცდარმად გამოეყენებინა უკრაინაში შემდგომი ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.
2014 წლიდან მოყოლებული, ოფიცერ დენის ჩაუკს მრავალჯერ მოუხდა გაერთიანებული ძალებისა და ანტიტერორისტული ძალების ოპერაციების ზონაში ყოფნა.
ყოველწლიურად 6-8 თვის განმავლობაში თავისი შემადგენლობით ეროვნული თავდაცვის წინა ხაზზე იყო. მიმდინარე წლის 24 თებერვალს კი, დილით, ოფიცერი დნეპროპეტროვსკის ოლქის საბრძოლო პოლიგონზე იმყოფებოდა, როცა ოკუპანტების პირველმა აფეთქებებმა კვამლის შავი ღრუბლებით დაფარა უკრაინის ცა.
„ორი ბომბი აფეთქდა ჩვენს ქვედანაყოფთან ახლოს. დღის მეორე ნახევარში კი, როგორც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მეთაურმა, უმაღლესი სარდლობისგან მელიტოპოლისკენ წასვლის ბრძანება მივიღე. მთის ქვეითთა ჯარის კოლონამ ორას კილომეტრზე მეტი გაიარა და დილით დანიშნულების ადგილზე მივიდა, მელიტოპოლის ჩრდილოეთის მიდამოებში გავმაგრდით“ – იხსენებს პოლკოვნიკმა ჩაუკი.
მან და მისმა ბატალიონმა ორი დღე გაატარეს თავდაცვის ხაზზე, ზაპოროჟიისკენ მიმავალ მტრის კოლონებს აკავებდნენ, თან უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ.
პოლკოვნიკი დენის ჩაუკი ამბობს, რომ არასდროს სმენია და არ უნახავს მტრის ისეთი ძლიერი საარტილერიო ცეცხლი, როგორიც თითქმის განუწყვეტლივ გრძელდებოდა 25 თებერვლის საღამოს 4 საათიდან 26 თებერვლის დილის 5 საათამდე:
„რუსი დამპყრობლები ჩქარობდნენ საკუთარი გეგმა შეესრულებინათ, ისინი უკრაინის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას სამ-ოთხ დღეში გეგმავდნენ. გეგმის შეუსრულებლობის გამო ნერვიულობისგან სულ უფრო მეტ ძალას იყენებდნენ ბრძოლაში და რეგიონული ცენტრისკენ, ზაპოროჟიესკენ მიიჩქაროდნენ.
უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ კარგად გააცნობიერა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ ქალაქისა და სამრეწველო-მეტალურგიული ცენტრის ოკუპაცია დიდი დანაკარგი იქნებოდა და მიბრძანეს ბატალიონი ვასილევკა – ტოკმაკის თავდაცვის ხაზისკენ გადამეყვანა“ – იხსენებს პოლკოვნიკი.
ვასილევკა – ტოკმაკის ტერიტორია 40 კმ-ს მოიცავს, იქ უკრაინის ჯარის ქვეითთა ბატალიონის დანაყოფი ორი დღის განმავლობაში აკავებდა მტრის შემოტევას, ყოველ საათში ხვდებოდნენ და მეთოდურად ანადგურებდნენ ოკუპანტების კოლონებს.
უკვე ძალიან გადაღლილი უკრაინის ჯარი კამენსკოე-ორეხოვის საზღვარზე გადავიდა, სადაც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ერთი კვირის განმავლობაში მტერს, რომელიც არტილერიას და ბომბდამშენ თვითმფრინავებს იყენებდა.
6 მარტს პოლკოვნიკ ჩაუკის დანაყოფი ურთულეს ბრძოლაში ჩაერთო ოკუპანტებთან, რომელთა რაოდენობაც გაცილებით დიდი იყო უკრაინელ ჯარისკაცებთან შედარებით. თუმცა უკრაინელთა დივიზიამ გაუძლო, თანამებრძოლები დაკარგეს, მაგრამ მტრის თავდასხმები მოიგერიეს.
დენის ჩაუკის თქმით, ამ ბრძოლებში მტრის ათამდე ტექნიკა განადგურდა, ბატალიონის შემადგენელი ცოცხალი ძალის ნახევარი დაიხოცა. ამავე ბრძოლებში დაიღუპა ბატალიონის მეთაური, ასევე უკრაინის გმირი ანდრეი ლიტუნი.
პოლკოვნიკმა ჩაუკმა თავად მოახერხა გაეყვანა ბრძოლის ველიდან ორი დაღუპული და ორიც დაჭრილი თანამებრძოლი.
„ათდღიანმა თითქმის უწყვეტმა და დამქანცველმა ბრძოლამ უკრაინელთა მთის ქვეითი ჯარი გამოფიტა. უწყვეტად თოვდა, ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იყო. საუკეთესო შემთხვევაში ჯარისკაცებს შეეძლოთ დღეში 2-დან 4 საათამდე დაეძინათ, მტერთან მორიგ შეტაკებამდე ჩამძვრალიყვნენ საძილე ტომრებში და ოდნავ გამთბარიყვნენ ძალების აღსადგენად.
ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა, მტერი შეგვნიშნავდა. ჯარი დაიღალა, უამრავი თანამებრძოლი დავკარგეთ და ძალების აღდგენა სჭირდებოდათ“ – იხსენებს პოლკოვნიკი ჩაუკი.
6 მარტის მძიმე ბრძოლების შემდეგ პოლკოვნიკ ჩაუკის ბატალიონი ისევ ზაპოროჟიაში გადაიყვანეს.
ჯარისკაცებმა დაისვენეს და ძალები აღიდგინეს, პოლკოვნიკი და მისი ბატალიონი ათ დღეში ისევ ფრონტზე იყო.
ჩაუკის მოვალეობებს ახალი მისია დაემატა: სადესანტო-თავდამსხმელი ტანკების ასეულის მართვა, რომელსაც ზაპოროჟიასა და ვასილევის რაიონებში სამი ოკუპირებული, დასახლებული პუნქტი უნდა გაეთავისუფლებინათ რუსი დამპყრობლებისგან.
22 მარტს დიდი დიდი შეტაკება იყო სოფელ მალინოვკასთან, რომელიც რუსების ქვეითთა ასეულს ჰქონდა ოკუპირებული. რუსებმა ამ შეტაკების დროს 40 სამხედრო პირი, სამი ჯავშანტრანსპორტიორი და ტანკი დაკარგეს, თუმცა ისინი არ შეჩერებულან და რეზერვი ჩართეს ბრძოლაში.
ეს შეტევა უკრაინელთა ბატალიონმა წარმატებით მოიგერია.
მალინოვკას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა მტერს სამი ჯავშანტრანსპორტიორი წაართვეს და ოცი რუსი ოკუპანტი ჩაიგდეს ტყვედ.
პოლკოვნიკის სწორმა ქმედებებმა და დანაყოფებისთვის დროულად მიცემულმა დავალებებმა განაპირობა სოფლის სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მტრისგან.
ეს წარმატებული დეოკუპაცია შეფასდა უკრაინული ძალების სისხარტის, მანევრირების უნარის და თანმიმდევრულობის მაგალითად.
ერთ-ერთი კერძო სახლის წმენდისას, სადაც ოკუპანტები იმალებოდნენ, ყუმბარა აფეთქდა და დენის ჩაუკმა ქვედა კიდური დაიზიანა. სამხედრო ექიმებმა მას სამი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე. ერთი თვე საავადმყოფოს საწოლში გაატარა, ერთი თვე – რეაბილიტაციას გადიოდა.
ახლა კი პოლკოვნიკი ჩაუკი კვლავ ბრძოლის ველზეა. მართალია, ცოტას კოჭლობს, მაგრამ უკვე ხელჯოხის გარეშე ცდილობს სიარულს.
პოლკოვნიკ ჩაუკს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 24 აპრილს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა.
„ეს დიდი ჯილდო პირველად მამაჩემმა მომილოცა. ტელევიზორს უყურებდა და უცებ მოისმინა, რომ პრეზიდენტი მაჯილდოებდა. სასწრაფოდ დამირეკა საავადმყოფოში, ვიცოდი, მამაჩემი ტყუილს არ იტყოდა. მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ რამე შეეშალა მეთქი.
შემდეგ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შევედი და ვხედავ – მართლა გმირის წოდება მოუნიჭებიათ…
მერე მეგობრებმა დაიწყეს დარეკვა, ჯარისკაცებმა, მეთაურებმა. გმირის წოდება დიდი პატივია და სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს გმირად არ ვთვლი, ეს ჩემი ჯარისკაცების ჯილდოა, ყველასი, ვინც ბრძოლაში გამძლეობა და გამბედაობა გამოიჩინა. ეს ჩვენი საერთო ჯილდოა“ – ამბობს დენის ჩაუკი.
დენის ჩაუკი მესამე თაობის არტილერისტია. მის ოჯახში ყველა კაცმა სუმის სარაკეტო ჯარების და არტილერიის სამხედრო ინსტიტუტი დაამთავრა: მამამ, ძმამ და მან.
____________________________________________
ფოტოები: პოლკოვნიკ დენის ჩაუკის პირადი არქივიდან/armyinform. წყარო: Armyinform
2021-ში, თვითმმართველობის არჩევნების წელს, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება მილიონი ლარით გაიზარდა. ამაზე სახელმწიფო აუდიტმა ბიუჯეტის შეფასების ანგარიშში გააკეთა აქცენტი. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ეს – დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებამ, თუ მათ ხელფასები გაუზარდეს.
დაზუსტებული პასუხი – ხელფასი გაიზარდა თუ დასაქმებულთა რაოდენობა, ვერც უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ეს მატებაც პანდემიით ახსნა.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასზე სულ 49 მილიონ 677 800 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, „შრომის ანაზღაურებაზე“ 37 მილიონ 164 500 ლარი. ეს მონაცემი მხოლოდ 157 100 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ“ კი 12 მილიონ 513 300 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიონ 054 800 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ დაგვიზუსტეს, რაში დაიხარჯა ერთი მილიონი ნამატი ბიუჯეტიდან – ეს თანხა ხელშეკრულებით დასაქმებულ ახალ სპეციალისტებზე გადაანაწილეს ხელფასების სახით, თუ უკვე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ზრდას მოხმარდა: „ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომ აუცილებლად უნდა გამოითხოვოთ“.
არსებობს ვარაუდი, რომ საარჩევნო წელს ნამატი თანხა სწორედ ახალი სპეციალისტების დასაქმებას მოხმარდა და ეს მმართველი პარტიის მხრიდან მეტი ამომრჩევლის გულის მოგების კიდევ ერთი საშუალება იყო.
ამაში დარწმუნებულია უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გიორგი კირთაძე. ის ამბობს, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა ბიუჯეტში თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ციფრები აუდიტის ანგარიშში მოცემული არ არის.
2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა ოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯარო სტრუქტურებიდან „ბათუმელებმაც“ გამოითხოვა. უმეტესმა მათგანმა მოგვწერა ზოგადად რამდენი ჰყავთ დასაქმებული ხელშეკრულებით, მაგრამ კონკრეტულად 2021 წელს რამდენი დაასაქმეს, ამის დიფერენცირება არ მოახდინეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
„განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა „2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას,“ – წერს სამინისტრო.
ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ქალთა შორის.
„ბათუმელმა დიდოსტატმა სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ნინო 2015, 2018 და 2020 წლებში უკვე ფლობდა ქვეყნის პირველი მოჭადრაკის წოდებას,“ – იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ფედერაციის ცნობით, გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა კიდევ ერთი ბათუმელი მოჭადრაკე, სალომე მელია.
„სალომე ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ჩემპიონს ერთადერთი ქულა დააკარგვინა,“ – წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
მესამე ადგილზე საკმაოდ მაღალი შედეგით – 9-დან 7 ქულა, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ლელა ჯავახიშვილი გავიდა.
ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის. იგი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღოდა 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას?
ბატონო იაგო, თქვენი დაკვირვებით, რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ მალავს ანტიდასავლურ დამოკიდებულებას მოსახლეობის წინაშე, რომლის 80-მდე პროცენტი [სხვადასხვა კვლევით] ირჩევს დასავლეთს?
გამოიკვეთა უპირველესად ის, რომ ანტიდასავლური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან უკვე ცალკეულ ევროპარლამენტარებს კი არა, მიემართება მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციებს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, როცა მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციები გამოდის მარგინალიზებული, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების აზრით, საქართველოს მტრები არიან.
ეს აღარ არის მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც გადაიზრდება ანტიდასავლურ პოლიტიკაში და მოიტანს იზოლაციას დასავლურ სტრუქტურებთან. მათი ეს რიტორიკა შეიძლება გავრცელდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე, კონგრესზე და ასე შემდეგ.
ჯერ ასეთი მჭახე არ ყოფილა „ოცნება“ ამერიკის მიმართ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმავეს იტყოდნენ, კონგრესს რომ მიეღო იმ ტიპის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო.
ესეც ხომ მკაფიოდ ჩანს, სად აღმოჩნდება საქართველო დასავლეთისგან იზოლაციის შემთხვევაში?
შესაძლოა, ეს რიტორიკა შეცვალონ კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შეარბილონ და ასე შემდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.
ცხადია, დასავლური სტრუქტურებისგან იზოლაცია ბუნებრივად წარმოშობს ორიენტაციას რუსეთზე.
შესაძლოა, ვინმე ფიქრობდეს – აი, რატომ რუსეთზე? საქართველოს შეუძლია იყოს თვითკმარი სახელმწიფო, რომელიც ნაციონალური ინტერესების განვითარებაზე იფიქრებს და არ იქნება არავის პროტექტორატის ქვეშ. მაგალითად, ამ იდეას აჟღერებს „პატრიოტთა ალიანსი,“ რომ ჩვენ პრორუსები კი არა, პროქართველები ვართ, მაგრამ ეს ხომ ილუზიაა? საქართველოს არ შეუძლია მსოფლიოსგან იზოლირებულად არსებობა, ის რომელიღაც გავლენის ორბიტაზე უნდა აღმოჩნდეს.
თუ ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ ევროკავშირის და, ზოგადად, დასავლური სტრუქტურების გავლენის ორბიტაზე, მაშინ იძულებული ვიქნებით, აღმოვჩნდეთ ალტერნატიულ ორბიტაზე. ყველაზე ძლიერი ალტერნატივა დასავლური სტრუქტურებისა კი რუსეთია. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი.
ჯერ კიდევ ასატანი იყო აქამდე, როცა „ქართული ოცნების“ კრიტიკა მიემართებოდა ინდივიდებს, ახლა კი ის მიემართება მთლიანად ინსტიტუციებს. ეს არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას.
შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ორ რამეს: ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და დასავლეთისგან იზოლაციას, რაც გულისხმობს თავისთავად რუსულ ორბიტაში მოქცევას.
ვიდრე კვლევები ჩატარდება, რა შეიძლება იყოს საზომი იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ აღიქვამს ხელისუფლებას ამგვარ პოზიციონირებას ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი, ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც აქამდე პოლიტიკური არჩევანის არქონის გამო პასიურ მდგომარეობაში რჩებოდა?
არ შეიძლება ცალსახად იმის თქმა, რომ ორიენტაციის შეცვლა არის წინააღმდეგობაში საზოგადოების განწყობებთან. ერთი შეხედვით თითქოს ასე ჩანს, რომ აშკარად წინააღმდეგობაშია, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, რომ 80 პროცენტზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად მყიფე და სტაბილურია ასეთი საზოგადოებრივი აზრი.
საქმე რაშია: ევროკავშირში, დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა, ჩემი აზრით, შესაძლოა იყოს ზემოდან პოლიტიკური ელიტებისგან პროვოცირებული მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რამდენად არის ევროპა საქართველოს მოქალაქეების შინაგანი, ანუ ინტერნალური ორიენტაცია, ამას სჭირდება შემოწმება.
ეს გამოჩნდება ამ დღეებში?
დიახ, გამოჩნდება ეს ერთი და მეორეც – ევროკავშირზე ორიენტაცია მხოლოდ ზოგადი განაცხადი ხომ არ არის? ეს გულისხმობს გარკვეული ღირებულებების პატივისცემას. ეს ორიენტაცია შეიძლება დავშალოთ გარკვეულ ინდიკატორებად, მაგალითად, უმცირესობის უფლებების დაცვა, რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები და სხვა. არის აქ ევროპული ორიენტაციის კონტექსტში საზოგადოება მზად დაიცვას ეს უფლებები? – მე არ ვარ დარწმუნებული ამაში.
ასევე, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების პატივისცემას, როგორიცაა შრომის ღირებულება. ადამიანებს აქვთ წარმოდგენა, რომ ევროკავშირში გაერთიანება ნიშნავს მიერთებას რაღაც მეწველ ძროხასთან, საიდანაც მოდის სიკეთე გარკვეული გარჯის გარეშე.
მე იმედს მაძლევს ის, რომ რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან მთლიანად იმდენად ტრავმულია, იმდენი უბედურება მოუტანა და მოაქვს რუსეთს საქართველოსთვის, რომ ეს შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის იდეის მხარდასაჭერად საკმარისი გახდეს. ეს ნეგატიური მობილიზაცია არის ახლა მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება შეიძლება არ არის მზად ევროპული ღირებულებებისთვის, მაგრამ ის არის მზად რუსული სივრცის უარსაყოფად, რაც არაა მცირე ფაქტორი.
ეს შესანიშნავად იცის ხელისუფლებამაც და ამიტომაცაა, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებენ, თუმცა, ამავე დროს, რუსეთზე დადებითად არ საუბრობენ.
ახლა, როცა ევროპაზე მმართველი პოლიტიკური პარტია პრაქტიკულად უარს ამბობს, რამდენად იმუშავებს, თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ მთავარი პოლიტიკური გზავნილი – „ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ბრალია“?
ამ შემთხვევაში უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ აღარაა წინა პლანზე და „ოცნებისთვის“ გაფართოვდა „საქართველოს მტრების“ ჰორიზონტი, უკვე გლობალური სია აქვს მმართველ ძალას და თუკი აქამდე გაიტანა ის გზავნილი, რომ აი, „ნაცები“ ცუდები არიან და ჩვენ – კარგები, ახლა მოუწევს დაამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები. ვფიქრობ, ეს გაუჭირდება.
დღეს ისმოდა შეფასებები, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული პარალელური აქცია დაქსაქსავს საზოგადოების განწყობას, რადგან გაურკვევლობა მუშაობს ცუდად. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
მესმის ერთგვარი წყენა „სირცხვილიას“ და სხვების, მაგრამ აქ მთავარია მიზანი: რისთვის იკრიბებიან ადამიანები? ეს ხომ „უცნობის“, ან „ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქცია არ არის? ამ აქციის მიზანია ევროპაში ინტეგრაციის მხარდაჭერა, აქაც უნდა მივიდეთ და იქაც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელმაც 10 ივნისს ბათუმის დელფინარიუმის შენობაზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“ დაახატა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს.
შს სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს, დადგენილი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის.
სიმბოლო „Z“, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 2022 წლის თებერვლიდანვე გამოჩნდა. სიმბოლო გამოსახულია რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ „Z“-ი, როგორც ომის სიმბოლო, აკრძალეს. ასევე აკრძალულია ეს სიმბოლოები გერმანიის ზოგიერთ მიწაზე.
10 ივნისს ბათუმში, დელფინარიუმის კედლის გარდა, დააზიანეს გრაფიტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც უკრაინის დროშა იყო მოხატული და მასზე ფაშისტური სიმბოლიკები გამოსახეს. კედელი ამ დროისთვის აღდგენილია, დელფინარიუმის კედლიდან წაშლილია ფაშისტური სიმბოლიკაც.
ხულოში მემთეურების დიდი ნაწილი უკვე წავიდა იალაღებზე, თუმცა იალაღების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ხულოს მერიის ინფორმაციით, იალაღებზე, სადაც მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, ელექტროენერგიას მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩართავენ, ხოლო იმ იალაღებზე, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არ ასულა, შესაძლოა შედარებით მეტი დრო დასჭირდეს დენის ჩართვას.
„თხილვანასა და ბაკოს იალაღების მიმართულებით, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არის მოსახლეობა სრულად ასული. არც მოთხოვნაა მათგან ელექტროენერგიის მიწოდების” – გვითხრეს ხულოს მერიაში.
ელექტროენერგია უკვე მიეწოდება ბეშუმის მიმდებარე და აგარა-საციხურის იალაღებს.
ხულოს მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო იალაღებზე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, გაწყვეტილია ელექტროგადამცემი სადენებიც და მათ შეკეთებაში, ადგილზე დასაქმებული ელექტრიკოსების მეთვალყურეობით, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.
ხულოს იალაღებზე ელექტროგადამცემი შიდა ქსელების მოწესრიგების სამუშაოები ივნისის დასაწყისში დაიწყო.
ხულოს მოსახლეობა ზაფხულობით, სამი თვით, მაღალ მთაში მიდის საქონლის გამოსაკვებად. გასულ წელთან შედარებით ადგილობრივები წელს შედარებით გვიან წავიდნენ მთაში ხანგრძლივი ზამთრის გამო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 23 ივნისს აპირებს მოიწვიოს საგანგებო კომიტეტის სხდომა, რათა შეაფასოს არის თუ არა მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მსოფლიო მასშტაბით მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი. გლობალური განგაშის უმაღლესი დონე მსოფლიოში ამჟამად ეხებამხოლოდ COVID-19 პანდემიასა და პოლიომიელიტს.
„მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქება აშკარად უჩვეულო და შემაშფოთებელია. მე გადავწყვიტე მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასოთ, წარმოადგენს თუ არა ეს აფეთქება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას საერთაშორისო მასშტაბით,” – წერს ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი ფეისბუქზე.
მიმდინარე წელს მაიმუნის ყვავილის 1 600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და თითქმის 1 500 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა 39 ქვეყანაში – მათ შორის არის 7 ქვეყანა, სადაც მაიმუნის ყვავილი წლების განმავლობაში იყო გამოვლენილი, 32 ქვეყანაში კი მაიმუნის ყვავილი პირველად დაფიქსირდა.
წინა წლებში სულ მცირე 72 ადამიანი დაიღუპა დაზარალებული ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებში, სადაც წელს დადასტურდა მაიმუნის ყვავილი, დღემდე არ დაფიქსირებულა სიკვდილი, მაგრამ ჯანმო ცდილობს გადაამოწმოს ახალი ამბები ბრაზილიაში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული სიკვდილის შესახებ.
იბრაჰიმა სოსე ფოლმა, ჯანმოს დირექტორის მოადგილემ, გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების საკითხებში, განმარტა, რომ ევროპაში გავრცელების რისკი განიხილება როგორც „მაღალი“, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში როგორც „ზომიერი“.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ცოდნის ხარვეზები ვირუსის გადაცემის გზების შესახებ, მაგალითად, უცნობია, შეუძლიათ თუ არა დაავადების გავრცელება იმ ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ.
„ჩვენ არ გვინდა ლოდინი, სანამ სიტუაცია უკონტროლო იქნება“, – განაცხადა მან.
აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კრიტიკულ სტადიაშია. ამ მომენტს შეუძლია, ომის გრძელვადიანი შედეგები განსაზღვროს და ამავე დროს, აიძულოს დასავლეთის ქვეყნები, უფრო მკაცრად უპასუხონ რუსეთის ქმედებებს.
ტელეკომპანია CNN-ი, ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, აქვეყნებს პროგნოზებსა და მოსაზრებებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში.
სტატიის თანახმად, NATO-ს ერთ-ერთი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში დადგება მომენტი, როდესაც რომელიმე მხარე წარმატებას მიაღწევს: „ან რუსები ჩავლენ სლავიანსკსა და კრამატორსკამდე, ან უკრაინელები მათ შეაჩერებენ და თუ ამხელა ძალის წინააღმდეგ უკრაინელები იქ ხაზის შენარჩუნებას შეძლებენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, დასავლეთის ოფიციალური პირები უკრაინაში მოვლენების განვითარების სამ სცენარს ვარაუდობენ:
ერთ-ერთის თანახმად, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს უმნიშვნელო წარმატებების მიღწევას დონბასში. იქნება ლოკალური შეტევები და ნელი წინსვლა ტექნიკისა და ჯარისკაცების რაოდენობის უპირატესობის დამსახურებით.
მეორე სცენარით, ფრონტის ხაზი არ შეიცვლება თვეების ან წლების განმავლობაში. ორივე მხარე განიცდის უდიდეს მსხვერპლს, ხოლო დასავლეთი, გლობალური ეკონომიკის დასუსტების გამო, კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
უკანასკნელი და ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვარიანტია, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო გეგმები გადააფასოს, საბრძოლო მოქმედებები მინიმუმამდე დაიყვანოს და გამოაცხადოს, რომ უკვე მიაღწია „გამარჯვებას“.
დაზვერვის სამსახურების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით CNN-ი მიუთითებს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი სახმელეთო ჯარების თითქმის მესამედი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ეცდება ახალი წარმატებების მიღწევას ისე, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება არ დასჭირდეს.
დასავლეთი ასევე შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში გამაგრებას მოახერხებს, მან შეიძლება უკვე დაპყრობილი ტერიტორიები მომავალში პლაცდარმად გამოიყენოს.
დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შშმ სტატუსის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ სტენდებთან შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ აჭარაში მოქმედ 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.
ვაკანსიები წარმოდგენილი იყო სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.
„ინტერესის მიხედვით, შესაძლებელია მოვიდნენ და გაიგონ ვაკანსიის დეტალები, გაცვალონ კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის. გასაუბრების გავლა ძალიან კარგი შანსი და გამოცდილებაა შშმ პირებისთვის, ამის უნარ-ჩვევებსაც იძენენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად ამის შესაძლებლობა სხვა დროს ჩემი თემის წარმომადგენლებისთვის მწირია” – ამბობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი.
„ერთ თვეზე მეტია აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ყველა დეტალი გავიარეთ, როგორ უნდა ყოფილიყო უფრო კომფორტული გარემო შშმ პირებისთვის… ეს პირველი მცდელობა იყო, ერთიან სივრცეში მოგვეხდინა დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების მობილიზება. მომავალ წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბის იქნება,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.
შშმ პირების დასაქმების ფორუმი
დეა ერემაშვილი, სხვადასხვა კითხვარის საშუალებით, სამუშაოს მაძიებელი შშმ პირებისა და შრომის ბაზრის მოკვლევას აწარმოებს. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა შშმ პირებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა, სკოლის შემდეგი განათლების კომპონენტია, რომელიც შშმ ადამიანების დიდ ნაწილს გამოტოვებული აქვს.
„მოკვლევიდან რეალურად გამოჩნდა, რომ 18 წლის ასაკის ზემოთ შშმ პირების უმრავლესობას სკოლის გარდა სხვა განათლება არ აქვს მიღებული. შესაბამისად, ეს პრობლემას ქმნის იმ მხრივ, რომ ვაკანსია არის, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი ცოდნის მქონე შშმ პირი, რომელიც შესაძლოა დასაქმდეს ამ პოზიციაზე.
განათლების გარეშე შანსი ძალიან დაბალია იმისა, რომ ნორმალური ანაზღაურებით სამსახური იშოვოს ადამიანმა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შშმ პირს მეტი ხარჯი აქვს, თუნდაც ასეთი უამინდობის დროს, რომ შეეძლოს ტაქსით გადაადგილება, მათთვის დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია.
ბევრია სამუშაო ოჯახებთან, რომ ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლის შემდეგ სწავლა, მით უმეტეს, როცა საქართველოში არის პროფესიულში უფასოდ სწავლის საშუალება. სამწუხაროა, მაგრამ ათიდან დაახლოებით ორი აგრძელებს სკოლის შემდეგ განათლებას, რაც რეალური პრობლემაა. ამას შეიძლება ახლა ვერ ვხედავთ, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდგებით, ისევე მწვავედ, როგორც ახლა დგას 2000 წლამდე დაბადებული შშმ პირების პრობლემა, რომელთაც არ აქვთ სკოლის ატესტატი. არიან ოჯახები, რომელთაც არ ასწავლეს შვილებს სკოლებში, მათ არ შეუძლიათ კოლეჯებში ჩაბარება, რადგან ატესტატია საჭირო და მხოლოდ მოკლევადიანი კურსებია მათთვის ხელმისაწვდომი.
დამეთანხმებით, ალბათ, როცა ადამიანი სახლიდან წლებია არ გამოსულა, სამთვიანი კურსით ისეთ უნარს ვერ შეიძენს, რომ რაღაც გარდატეხები მოახდინოს მის ცხოვრებაში,” – ამბობს დეა ერემაშვილი.
დასაქმების ფორუმის შედეგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, რის შესახებაც „ბათუმელები“ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
„ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე. ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯები, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული და რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რომლებიც, მისი აზრით, აზიანებს ქვეყნის მომავალს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად აფუჭებს.
„ბათუმელებმა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნიკა სიმონიშვილს ჰკითხა, მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეებიდან, როგორც პრეზიდენტი ამბობს, რომელ საქმეზე შეეძლო თავად პრეზიდენტს სამართლებრივი ან პოლიტიკური ზემოქმედება. რა არ ან ვერ გამოასწორა?
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა უარყოფითი დასკვნა დადო შემდეგი საქმეების გამო:
„5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი, არაქმედითი გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ“.
ნიკა სიმონიშვილი: პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ცოტა რთული წარმოსადგენია, რა შეეძლო მას გაეკეთებინა 5 ივლისის საქმესთან მიმართებით, რადგან მას არ აქვს სამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმი მთავრობაზე.
თუმცა მას შეეძლო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პრინციპში გვახსოვს კიდევაც მისი კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომ აუცილებელია დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობის უფლება და ასე შემდეგ. აქ პრეზიდენტის ბრალს ნაკლებად ვხედავთ, რადგან ის რეალურად არ არის აღჭურვილი რაიმე ქმედითი აღმასრულებელი ნაბიჯებით. შესაბამისად, ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებდა.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან დარღვეული იყო კონსტიტუცია, არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები და სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური როლი ამ საქმეში. გამოძიების ნაწილში, არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა, სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად, გამოძიება არ ყოფილა წარმოებული. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალიან ცხადად ჩანს, პრეზიდენტს მეტი ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია.
სალომე ზურაბიშვილი: „უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს.“
ნიკა სიმონიშვილი: ამ ნაწილში აუცილებელი იყო საკანონმდებლო ცვლილება და რადგან ეს ცვლილება არ მოხდა, ეს არის პრობლემა, რადგან ეს ეფუძნება პოლიტიკური ნების არარსებობას ხელისუფლების მხრიდან და ამ შეთანხმების ანულირებას. პრეზიდენტს არც ამ შემთხვევაში აქვს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტი, რადგან ის ვერავის აიძულებს, მიიღოს რაღაც კანონი. პრეზიდენტს შეუძლია რაღაც კანონის პროცესი შეაჩეროს ვეტოთი, მაგრამ ის, რომ ვიღაც აიძულოს მიიღოს რაიმე კანონი, ამის უფლებამოსილება მას არ აქვს.
სალომე ზურაბიშვილი: „დეკემბერში კიდევ ერთი სასწაული გააკეთა მთავრობამ, გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით“.
ნიკა სიმონიშვილი: ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებინა თავისი დისკრეციული უფლება – ვეტო, ინსპექტორის სამსახურის კანონთან დაკავშირებით. ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით.
თავის დროზე მან ძალიან უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ბევრს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა, თუმცა ეს არ გააკეთა.
ეს ახსნა იმით, რომ თითქოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი არგუმენტები არ აძლევდა ამის შესაძლებლობას. რეალურად კი, ვეტო მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი არ არის, არამედ პოლიტიკურიცაა და პოლიტიკური მიზანშეუწონლობითაც შეეძლო მას ვეტოს დადება კანონზე, არაფერი უკრძალავდა ამას.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ვსაუბრობდით არა მარტო პროცესის უსწორობაზე, არამედ ამ გადაწყვეტილების და კანონის არაკონსტიტუციურობაზე.
საია წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორს ამ დავაში, სახალხო დამცველიც დავობს ამ საქმეში არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით: ძალიან ცხადია ამ ნორმების არაკონსტიტუციურობა, ამიტომ პრეზიდენტს შეეძლო კონსულტაციები გაევლო თუნდაც სახალხო დამცველთან, ჩვენთან, მოესმინა მოსაზრებები და ამის შემდეგ ემსჯელა, არსებობდა თუ არა სამართლებრივი არგუმენტები.
მან არ დაადო ვეტო არც ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონს, არც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კლანს გაუმარტივდა მოსამართლეების დასჯის შესაძლებლობა. თუ არ უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტს ეს უფლება, აბა დღეს რატომ დგას და აკრიტიკებს მთავრობას, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი.
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ვეტო შედეგობრივად ვერაფერს შეცვლიდა, რადგან „ქართული ოცნება“ ვეტოს მარტივად გადალახავდა, თუმცა პრეზიდენტმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პრინციპული პოზიცია არ დაიცვა და არ დარჩა ბოლომდე იმ მხარეს, რომელიც თავიდან აირჩია. სამწუხაროდ, ვეტოზე უარის თქმით, ხაზი გადაუსვა თავის პირველ ნათქვამს.
სალომე ზურაბიშვილი: „ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა“.
ნიკა სიმონიშვილი: ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში როგორ დანიშნეს მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში ჰაერიდან არ მოდიან, მათ ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭო წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს და პარლამენტი 76 ხმით ამტკიცებს ამ კანდიდატებს.
საბჭოში როგორ მიიღება გადაწყვეტილება? – რეალურად, საბჭოს გარეშე ეს კანდიდატები პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ. საბჭოში კი გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან დღეს 10 წევრია სახეზე: პარლამენტის მიერ 4 წლის წინ არჩეულ ყველა წევრს უფლებამოსილება გაუვიდა და იმის გამო, რომ 90 ხმა არც ერთ პარტიას არ აქვს, პარტიები კი ვერ აღწევენ კონსენსუსს, ეს 5 წევრი ჰაერშია დარჩენილი.
ამიტომ საბჭო მუშაობს არა 15, არამედ 10 წევრით. ამ ათიდან ცხრა არის მოსამართლე, ხოლო ერთი წევრი არის პრეზიდენტის მიერ დანიშნული. საბჭომ გადაწყვეტილება რომ მიიღოს მოსამართლეების დანიშვნაზე, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენაზე, აუცილებელია რომ საბჭოში 10 ხმა მაინც იყოს.
პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის გარეშე საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. შესაბამისად, ვერც პარლამენტი დაამტკიცებდა იმ მოსამართლეებს, რომელთა დამტკიცებაზეც დღეს პრეზიდენტს აქვს პრეტენზიები.
ამიტომ, პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის მონაწილეობის გარეშე, ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა. მეტიც, შეუძლებელი იქნებოდა უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა, რომ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის წვლილი ამ ყველაფერში. ის იყო ბოლო ხმა, რომელიც კლანს აკლდებოდა მოსამართლეების კანდიდატურაზე მხარდასაჭერად. ის ბოლო ხმა აღმოჩნდა სწორედ პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი.
სალომე ზურაბიშვილი: „უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით ოთხი მოსამართლის დანიშვნა და სექტემბერში როცა გვთხოვდნენ ამის შეჩერებას დროებით“.
ნიკა სიმონიშვილი: უშუალოდ პრეზიდენტს ამ პროცესის შეჩერება არ შეეძლო, ამის საკანონმდებლო ფუნქცია არ აქვს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. პრეზიდენტს შეეძლო ეს წევრი გამოეხმო და ამით შეეწყო პროცესებისთვის ხელი. არც ეს გააკეთა. პრეზიდენტს არც ადრე არ გამოუყენებია ეს მექანიზმი და არც ახლა გამოიყენა.
სალომე ზურაბიშვილი: „მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა“.
ნიკა სიმონიშვილი: აქაც იგივე ხდებოდა, რაც ინსპექტორის და საერთო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით. პრეზიდენტს შეეძლო ვეტოს დადება ამ კანონპროექტზე, მით უმეტეს, როდესაც ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით არაერთ ორგანიზაციას თუ მოქალაქეს აქვს სარჩელი შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და დავობს ამ ნორმების არაკონსტიტუციურობაზე.
პრეზიდენტს საიამ მიმართა საჯარო განცხადებით, რომ ვეტოს მექანიზმი გამოეყენებინა. სამწუხაროდ, მან აქაც გვაჩვენა, რომ პრინციპული არ იყო თავის გადაწყვეტილებებში.
ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ ამ ვეტოსაც გადალახავდა, თუმცა ზურაბიშვილს შეეძლო ამით ეჩვენებინა თავისი პოლიტიკური ნება და პრინციპულობა.
სალომე ზურაბიშვილი: „გვარამიას უდროო დაკავება და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმის, პატიმრობის გამოყენება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, თუმცა პოლიტიკას კი. და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ“.
ნიკა სიმონიშვილი: ამ საკითხს რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ. შეგვიძლია დავინახოთ პრეზიდენტის ლოგიკის დამადასტურებელი და ამის საწინააღმდეგო არგუმენტებიც.
როცა პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ დაკავების დრო არ იყო შესაფერისი და სასჯელიც არ იყო შესაბამისი, აქვე, პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კი საერთოდ დასაბუთებული და კანონიერი?
საიამ, სახალხო დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, მოვამზადეთ დასკვნა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმაც მოამზადა ამაზე დასკვნა და ყველა შევთანხმდით, რომ გვარამიას მიმართ განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, მოსამართლე კი მიკერძოებული.
თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და ნიკა გვარამიას, უდანაშაულო ადამიანის მიმართ ეს განაჩენი არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი, მაშინ საერთოდ როგორ ვსაუბრობთ იმაზე, დროული იყო მისთვის თავისუფლების აღკვეთა თუ არა?
როცა უდანაშაულო ადამიანზე ვსაუბრობთ, სასჯელის პროპორციულობა მეორეხარისხოვანი ხდება. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ნამდვილად უდროო იყო გვარამიას დაკავება და ხელისუფლებამ ეს სწორედაც შეგნებულად გააკეთა. რა თქმა უნდა, სასჯელიც არაპროპორციული იყო. თუმცა პრეზიდენტს ავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა ამ საქმესთან მიმართებით.
როცა განაჩენი არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა სწორადაც რომ უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება. რატომ არიდებს ამ საკითხს თავს და რატომ არ იწყალებს არ ვიცი. არ მოგვისმენია მისგან დასაბუთება, თუმცა, თუ შეიწყალებს გვარამიას, ამის სრული უფლება გააჩნია.
სალომე ზურაბიშვილი: „ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება? ეს ყველა ნაბიჯი ისეა გადადგმული, რომ იკითხება – ჩვენ დიდად არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს და არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით“.
ნიკა სიმონიშვილი: ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ მთავრობის ნაბიჯები არათუ არ ყოფილა მიმართული ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, არამედ პირდაპირ იყო მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო.
როცა კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აუცილებელია მთავრობამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ წავიდეთ ევროკავშირისკენ, მთავრობა არათუ არ აკეთებს არაფერს, არამედ სპეციალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.
კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია ამ მთავრობამ, თუნდაც 5 ივლისს, როცა მან თავისი პოზიტიური ვალდებულება არ შეასრულა და სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება არ გააჩნია ამ შემთხვევაში.
ერთადერთი, ვისაც მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება შეუძლია სამართლებრივად, პარლამენტია, მაგრამ თუ პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ და ხალხის დაკვეთას არ შეესაბამება მათი ქმედებები, აქ ერთადერთი მექანიზმია – საზოგადოებამ მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ იმის გამო, რომ ისინი რეალურად ასცდნენ ამ გზას.
სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ განცხადების გაკეთება და იმის თქმა, რომ მთავრობა დასათხოვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მარცვლეულის კრიზისის დასაძლევად კომუნიკაციის „წითელ ხაზს“ ქმნის.
მარცვლეულის კრიზისი უკავშირდება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მიმდინარე ომს, რის გამოც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიმდინარე ბრძოლები.
თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუს აკარის ინიციატივით ყალიბდება კომუნიკაციის „წითელი ხაზი“, რომელშიც შედიან სამი ქვეყნის – უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები გენერლების რანგით. უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ამ არხით შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთს კრიზისის მოსაგვარებლად.
ასევე, „ანადოლუს“ ცნობით, დღეს, 15 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მარცვლეულის გადაზიდვის დასაწყებად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე განაღმვის აუცილებლობა არ არის. გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტის გაყვანა შესაძლებელია იმ მიმართულებით, სადაც ნაღმების საფრთხე არ არსებობს.
„ცნობილია ის ადგილები, სადაც საზღვაო ნაღმებია. შესაძლებელია უსაფრთხო გასასვლელების შექმნა სამ პორტში. ეს საშუალებას მისცემს გემებს, ყოველგვარი საფრთხის გარეშე იმოძრაონ. გიდის ფუნქციას უკრაინული კატარღები შეასრულებენ. მას შემდეგ, რაც გემები უსაფრთხოების ზონაში შევლენ, მათ შეამოწმებენ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას, რაც ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით.
„ჩვენ ველოდებით რუსეთისგან პასუხს ამ საკითხზე. თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას. თუ მხარეები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრა სტამბოლში დეტალების განსახილველად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა.
„ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა.
ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ საეჭვო შემთხვევების შესწავლას.
ჯანმოს ევროპის ოფისმა ვირუსული დაავადების – „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების შესახებ განცხადება 19 მაისს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა.
დღეს, 15 ივნისს, აჭარაში ოფიციალურად იწყება 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი.
სეზონის პირველი ღონისძიება ზაფხულის ფესტივალია, სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“.
ზაფხული და ტურისტული სეზონი ოფიციალურად დაიწყო, თუმცა სეზონის პირველივე დღეს წვიმიანმა ამინდმა აიძულა ორგანიზატორები, მცირე ცვლილებები შეეტანათ დღევანდელი ფესტივალის პროგრამაში.
კერძოდ, ამინდის გამო დღეს ბათუმში აღარ გაიმართება ფრანების შოუ, ხოლო კოლონადებთან დაგეგმილი სპორტული და გასართობი ღონისძიებების ნაწილი გაიმართება იქვე მდებარე საზაფხულო თეატრის შენობაში.
რაც შეეხება საზაფხულო ფესტივალის საღამოს პროგრამის მუსიკალურ ნაწილს, ღონისძიებები 18 საათზე დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
პროგრამა ასე გამოიყურება:
17:00 -18:00 ჯაზ-ბიგბენდის კონცერტი საზაფხულო თეატრში
18:00 – 21:00 ბენდები ანბანის კოშკთან – TECHNO BAND OFFSIDE, ასეა სულ, See Side
„ზაფხულის ფესტივალი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
გენერალ-მაიორ დმიტრო მარჩენკოს აზრით, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი დრო დაკარგა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დაიბრუნონ ოკუპირებული ხერსონი.
„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა გაუჭირდებათ რუსი ოკუპანტების ხერსონიდან და მთლიანად ოლქიდან განდევნა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებს შორის ფრონტის ხაზზე ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ყველა მონაკვეთი დაცხრილულია და ყველაფერი დანაღმულია“, – უთხრა „კრიმ რეალიის“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, რომელიც არცთუ ცოტა ხნის წინ ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა.
მარჩენკოს აზრით, ასევე ნაკლებ სავარაუდოა რუსეთის არმიის ხელახალი შეტევა ნიკოლაევზე.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დრო დავკარგეთ და მივეცით მტერს საშუალება, იქ გამაგრებულიყო. იქ ახლა ძალიან „კარგად აქვთ აწყობილი“ ცალკეული დანაყოფების მუშაობა. ისინი მონოტონურად, ყოველდღიურად ურტყამენ მნიშვნელოვან წერტილებს და ამით ხალხის დემორალიზებასაც ახერხებენ.
ვიტყვი როგორცაა: ჩვენ რომ საკმარისი ძალები და საშუალებები გვქონოდა, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს (ტექნიკა, შეიარაღება, არტილერია, სისტემები, მხარდაჭერა ციდან), დამიჯერეთ, ისინი ქერჩის ხიდთან გაჩერდებოდნენ“.
გენერალ-მაიორმა ხერსონის მიმართულებაზე რუსული არმიის დაცვაც შეაფასა:
„ბეტონს ასხამენ, მაგრამ იცოდეთ, როდესაც კონტრშეტევა დაიწყება, ყველანი გაიქცევიან, რადგან არამოტივირებულები არიან. მათ არც სურვილი აქვთ და არც მოტივაცია. ისინი იქ იძულებით შეყარეს და იძულებით იბრძვიან. ჩვენ არავინ გვაიძულებს. ჩვენ საკუთარ სახლს ვიცავთ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს და მეორეს არავინ მოგვცემს“.
გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების შევიწროებას – მათი საბოლოო მიზანი კი ხერსონის გათავისუფლებაა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის არმიამ დასახლება ტავრიჩესკოე გაათავისუფლა.
____
ხერსონი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელიც რუსეთმა ომის პირველივე დღეებში დაიპყრო. ხერსონში მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ. რუსეთი გეგმავდა ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახეხა.
ქალაქი ხერსონი სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმის სიახლოვესაა.
მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი დმიტრო მარჩენკო/ფოტო: Unian
უკრაინელებმა ახალი სამხედრო მარკის დიზაინი შეარჩიეს გამოკითხვის შედეგად. ახალ საფოსტო მარკაზე გამოსახული იქნება ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც ტანკს მიათრევს.
უკრაინის ფოსტამ 5 გამოსახულება შესთავაზა უკრაინელებს ახალი მარკის დიზაინის შესარჩევად. ტრაქტორს უკრაინის დროშით ხმა მისცა გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა. უკრაინის ფოსტის ინფორმაციით, გამოკითხვაში ერთი კვირის განმავლობაში 834 000 ადამიანი მონაწილეობდა.
„ჩვენმა ხალხმა აირჩია ის, რაც ნაცნობია ყველასთვის. სინათლე ყოველთვის სძლევს წყვდიადს, პატიოსანი შრომა კი – ქურდობას. და ამისთვის არაა აუცილებელი ტანკები გქონდეს“ – წერს უკრაინის ფოსტა.
მცირე ზომის ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც ჩაბმულ ტანკს მიათრევს, უკრაინა-რუსეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე კარგად ნაცნობ გამოსახულებად იქცა.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მოკლე ხანში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მიათრევს ტრაქტორი ტანკს. მალევე გავრცელდა ცნობებიიმის შესახებ, რომ უკრაინელმა ბოშებმა და ფერმერებმა მინიმუმ 200 რუსული ტანკი ჩაიგდეს ხელში.
ეს ინფორმაცია ინტერნეტში არაერთი ხუმრობის თემა გახდა. ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც რუსულ ტექნიკას მიათრევს, გამოჩნდა ნახატებზეც და იქცა ამ ომში უკრაინელების შეუპოვრობის, შრომისა და მონდომების სიმბოლოდ.
10 წლის ბიჭმა შეპეტოვკიდან მთელი თავისი დანაზოგი იმაში დახარჯა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი შეეძინა.
ოსტაპისა და მისი საჩუქრის ფოტო თავის ფეისბუქგვერდზე უკრაინის გენშტაბმა გამოაქვეყნა.
ოსტაპმა საჩუქარში ის 300 დოლარი გადაიხადა, რომელიც ოჯახის წევრებმა და ნათესავები დაბადების დღეებსა და დღესასწაულებზე აჩუქეს.
„მოვიდა და მითხრა, რომ თავისი დანაზოგით ჯავშანჟილეტის ყიდვა უნდოდა. სამხედროებს სჭირდებათ, ისინი ხომ ჩვენ გვიცავენ და ვინმეს სიცოცხლეს მაინც გადაარჩენსო“, – ამბობს ოსტაპის დედა ნატალია.
თუმცა აღმოჩნდა, რომ დანაზოგი ჯავშანჟილეტის შეძენას არ ჰყოფნიდა, ამიტომ დედა-შვილმა გადაწყვიტა, სამხედროებისთვის პორტატული დამტენი ეყიდა.
10 წლის ოსტაპის საჩუქარი/ფოტო: უკრაინის გენშტაბის ფეისბუქგვერდიდან
„მას შეეძლო სათამაშო ან „როვერი“ ეყიდა, მაგრამ ჩვენთვის დახარჯა. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ნამდვილი პატრიოტები ეზრდებიან. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება სწორედ ისეთი ბავშვების გამო, როგორიც ოსტაპია“, – წერს უკრაინის გენშტაბი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინელი ბავშვები სამხედროების დახმარებას ცდილობენ: ლვოვში მოზარდებმა მცენარეების გაყიდვა დაიწყეს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფული შეეგროვებინათ; 9 წლის გოგონამ ჩერნიგოვიდან თავისი გრძელი თმა ჩააბარა; 11 წლის მაქსიმმა კი ჩერნოვცის ოლქში იმდენი გამოიმუშავა, რომ უკრაინელ სამხედროებს 22 ჯავშანჟილეტი უყიდა.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ეჭვქვეშ აყენებს, იარსებებს თუ არა უკრაინა უახლოეს მომავალში.
„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს თავისი ოკეანისგაღმელი ბატონებისგან, „ლენდ-ლიზით“ თხევადი ბუნებრივი აირი მიიღოს და გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყოს. სხვაგვარად, მომავალ ზამთარს, უბრალოდ გაიყინება.
ჩნდება კითხვა – ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიოს რუკაზე?
თუმცა ამერიკელებისთვის უკვე სულერთია – მათ უკვე იმდენი ჩადეს პროექტში „ანტირუსეთი“, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის წვრილმანია“, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამ არხზე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დიმიტრი მედვედევი სოციალურ მედიაში შესამჩნევად გააქტიურდა. ის მუდმივად აქვეყნებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განცხადებებს.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ მიუთითებს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის ეს უკანასკნელი განცხადება.
„დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის განადგურებაა, რომ ომის მიზეზი არც დონბასის მოსახლეობაშია, არც NATO-სგან მომავალ საფრთხეში და მით უმეტეს, არც „ბიოლაბორატორიებსა“ და „ბირთვულ სამუშაოებში“, – წერს გამოცემა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ბრძოლის ზოგიერთ მონაკვეთში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა. მისი თქმით, ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ბრძოლის ველიდან – უკრაინის დამცველები ეკითხებიან, როდისთვის ელოდონ დამატებით იარაღს.
მიხიალო პოდოლიაკი აღნიშნულ შეკითხვას ბრიუსელში გასამართ საგარეო საქმეთა მინისტრთა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ამისამართებს: „ბრიუსელი, ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით,“ – წერს იგი.
„ზოგიერთ არეალში რუსეთ-უკრაინის არტილერიის თანაფარდობა: 10/1. ფრონტის ხაზი – 1000-ზე მეტი კილომეტრი. ყოველდღიურად ვიღებ შეტყობინებებს დამცველებისგან: „ჩვენ ვუძლებთ, მხოლოდ გვითხარით: როდისთვის ველოდოთ იარაღს?“. ამ შეკითხვას რამშტაინის მონაწილეებთან ვამისამართებ. ბრიუსელი, ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
Ratio 🇷🇺/🇺🇦 artillery in some areas: 10 to 1. Front line — more than 1000 km. Daily, I receive a message from the defenders: “We are holding on, just say: when to expect the weapons?”. I address this question to the Rammstein participants. Brussels, we are waiting for a decision.
რამშტაინის ფორმატი არის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად. ეს ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა ინიცირებული და გერმანიაში არსებული ამერიკული საჰაერო-სამხედრო ბაზის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ აღნიშნულ ბაზაზე აპრილის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად 40 ქვეყანას უმასპინძლა.
ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იაპონია ან ავსტრალია, ასევე, ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინეთი და შვედეთიც, მათ შორის არ იყო საქართველო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.
შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში 15 ივნისსაა ჩანიშნული. მიხაილო პოდოლიაკმა 13 ივნისს უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების სიაც გამოაქვეყნა, კონკრეტული დასახელებებითა და რაოდენობით. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი წერდა, სწორედ ამ პაკეტს მოითხოვს უკრაინა ბრიუსელში.
აშშ-ისა და ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი უესლი კლარკი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეჩერება მხოლოდ NATO-ს ჩარევას შეუძლია.
გენერალმა, რომელმაც გადადგომამდე 38 წელი იმსახურა აშშ-ის არმიაში, ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ვაშინგტონში მოწყობილ დისკუსიაზე ისაუბრა. დისკუსიის თემა უკრაინაში რუსეთი სამხედრო აგრესია იყო.
გენერალი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ორი გზა აქვს: ის ან უნდა ჩაერიოს საომარ მოქმედებებში, ან საკუთარი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადოს.
„NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის იდეა, რომელმაც დღეს დიდი მხარდაჭერა ჰპოვა, რომ ნატოს არაფერი შეუძლია, თუ პირდაპირი თავდასხმა არ იქნება – ჯერ კიდევ 90-იანებში დადასტურდა, რომ ეს ასე არაა.
დროა, დავუბრუნდეთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც გავიარეთ. NATO უნდა ჩაერიოს. მოდით, ოფიციალურად გამოვაცხადოთ ამის შესახებ და ვუბრძანოთ რუსებს შეწყვიტონ ცეცხლი. ომის შეჩერება NATO-ს ჩარევის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა გენერალმა კლარკმა.
მისი თქმით, NATO-ს ჩარევა პოლიტიკურ ნებასა და „ნაციონალური ლიდერების გადაწყვეტილებაზეა“ დამოკიდებული. კლარკმა მაგალითად მოიყვანა იუგოსლავია, სადაც 1999 წელს, NATO-ს ძალებმა ოპერაცია დაიწყეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფორმალური თანხმობის გარეშე. ოპერაციას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ფორმირებები შეუერთდნენ.
ალიანსის ჩარევაზე ისაუბრა აშშ-ის არმიის კიდევ ერთმა გადამდგარმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელიც 2013-2016 წლებში, ევროპაში ნატოს შეიარაღებულ ძალების მეთაურობდა.
„რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ასეთი ოპტიმისტიც არ ვარ. შესაძლოა, სახელმწიფოთა კონკრეტული კოალიცია ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ახლა მთელი ალიანსი, ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ არ გადადგამს. თუმცა მე პირადად, ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერდი,“ – აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.
მისივე თქმით, აშშ-მ სულ მცირე ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ მეტი შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას, რადგან სამხედრო დახმარების უკანასკნელი ტრანში, არასაკმარისი იყო.
______________________
ფოტოზე: გენერალი უესლი კლარკი. ფოტო: EPA/Julie JACOBSON
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 ივნისს, ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“, – ამბობს 35 წლის დარინა ცეცხლაძე. მას დღეს სამი შვილი ჰყავს და ხულოს სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
დარინა სკოლის ასაკში მხოლოდ სწავლის გაგრძელებასა და ექიმობაზე ოცნებობდა. ცდილობდა კარგად ესწავლა, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდა.
ერთ დღესაც დარინას ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ მისი გათხოვების დრო იყო.
დარინასთან საუბარი სწორედ ამ ამბის შესახებ დავიწყეთ.
დარინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით? თუ გეგმავდით ქორწინებას?
17 წლის ვიყავი, როცა გარიგებით გავთხოვდი. მაშინ უფრო ოჯახებში მისვლის და გარიგების დრო იყო. უფროსების სიტყვა, რჩევა-დარიგებები წყვეტდა, ვინ ვის ოჯახში წავიდოდა და ვისი ოჯახი იყო კარგი.
ერთ დღესაც გადამიწყვიტეს, უნდა გაგათხოვოთო. იყო ნიშნობა, ქორწილი. გავხდი პატარძალი, რძალი.
არ ვიცნობდი ჩემ ქმარს. მხოლოდ ერთ-ორჯერ შევხვდით, თუ მოგვეწონებოდა ერთმანეთი.
მე სოფელ გელაძეებში ვცხოვრობდი. გელაძეებში საბაზისო სკოლა იყო და საშუალო სკოლის დასამთავრებლად სწავლა ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სემინარიაში გავაგრძელე. იქ საშუალო სკოლასთან ერთად რამდენიმე სპეციალობაზე შეგეძლო გესწავლა. ჩავაბარე გამოცდები და პარალელურად საექთნო, 3-წლიან კურსზე დავიწყე სწავლა.
ჩემმა მომავალმა ქმარმა იქ გამოიარა, სადაც ვსწავლობდი და შორიდან დამინახა. მეც მითხრეს, ის ბიჭია, ვისზეც თხოვდებიო. ასე იყო.
ჩემს მომავალ ქმარს ყველა დადებითად მიხასიათებდა და საბოლოოდ მეც დავთანხმდი ქორწინებას.
საქორწილო სამზადისში მე და ჩემი მომავალი ქმარი ერთად არ ვყოფილვართ ჩართულები. მამაჩემმა ქორწილი გადამიხადა, ჩემი მეუღლის მხარესაც ქორწილი იყო. მანამდე ნიშნობა მოეწყო. ნიშნობაზე არ ყოფილა ჩემი საქმრო, იყო სამამამთილო და მისი ახლობლები. ეს ერთგვარად ბეჭდების გაცვლა იყო.
ქორწილისთვის დიდი სეფა გაკეთდა. არ იყო მაშინ რესტორნები და დარბაზები. ძველებური ტრადიციები იყო… როგორც ახლაა სიმღერა, ცეკვები და ა.შ. არ იყო მაშინ.
მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. კარგად ვსწავლობდი და მინდოდა სამედიცინო ფაკულტეტზე გამეგრძელებინა სწავლა. მქონდა ამის შანსიც, მაგრამ ცხოვრებამ ისე წაიყვანა დრო, რომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე.
რომ მქონდეს საშუალება, ახლაც ვისწავლიდი.
როდის იგრძენით, რომ თქვენ უკვე დაქორწინებული ქალი იყავით და როგორი იყო ეს შეგრძნება?
სხვა გარემოში, სხვა ხალხთან რომ მიდიხარ, დაბნეულობას გრძნობ. ვერ მოდიხარ გონზე, თუ სად ხარ.
მეორე დღეს, დილიდანვე ჩავერთე ჩემი ქმრის ოჯახის საქმეებში. დილის 6 საათზე რომ გაღვიძებენ – „დღეს უკვე რძალი ხარ. ბოსელში უნდა წახვიდე, ბაღჩაში, ბოსტანში“. ცოტა ამ თემაზე საუბარი…
ახლა მეცინება, რომ მახსენდება. სახლის საქმეები, სტუმარს უნდა დახვდე, ყველა ვალდებულებას შენ თავზე აგაღებინებენ – ბოსტანი უნდა მორწყო, კარტოფილი გათოხნო, აქეთ – ის, იქეთ – ეს. ფიქრობ, რომ ქალი ხარ და ვალდებული ხარ.
მაშინდელ ჩვეულებრივ ერთ დღეზე რომ გითხრათ, დილით სემინარიაში წასასვლელად ვიყავი მზად, აქეთ სახლის, ბაღის საქმეები, თანაც შემოდგომა იყო, კარტოფილს ვიღებდით. მიუხედავად ამისა, გათხოვების შემდეგ, შევძელი ბოლო წელი სემინარიაში მევლო და წარმატებულადაც დავამთავრე სწავლა. ღამით ვმეცადინეობდი. ვამზადებდი ლექციებს და ვემზადებოდი გამოცდებისთვის. მეშინოდა, რომ სწავლის დასრულებას ვერ შევძლებდი, მაგრამ დავასრულე. ხელი ოჯახმაც შემიწყო.
სწავლის გაგრძელება მინდოდა – ექიმობა, მაგრამ მალევე დავფეხმძიმდი და ვეღარ გავაგრძელე. დედამთილს არ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა და მე რომ წავსულიყავი სასწავლებლად, არ გამოდიოდა. ამიტომაც ვერ გავაგრძელე სწავლა.
შვილის გაჩენა დაფეხმძიმებამდე გადაწყვეტილი გქონდათ?
არა. დაუგეგმავად დავრჩი პირველ შვილზე ფეხმძიმედ. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე ვაჟი გვეყოლა, ძალიან ბედნიერები ვიყავით.
პირველი შვილი 18 წლის ასაკში შემეძინა. დაფეხმძიმებიდან 2 თვის შემდეგ გავიგე ორსულობის შესახებ.
ჩემი პირველი ორსულობის დეტალებზე არ მინდა საუბარი. მთელი ორსულობის განმავლობაში სულ სამჯერ ვიყავი კონსულტაციაზე. ახლა რომ ყოველ თვეში იბარებენ, არ იყო ასე, სამ-სამ თვეში ერთხელ მიბარებდნენ მგონი.
პირველი ორსულობის დროს სულ მეძინებოდა. ისეთი გემრიელი ძილი მქონდა ორსულობისას, ისეთი, რომ რა ვიცი… მაგრამ დრო არ მქონდა დასაძინებლად. სულ საქმე მქონდა.
სამი შვილი მყავს და სამივე ორსულობა ისე გამოვიარე, რომ არ დამისვენია. დედამთილი ზაფხულობით მთაში მიდიოდა. მე სოფელში ვრჩებოდი და ზაფხულის ყველა საქმეს უმეტესად მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებდით. ჩამოჯდომისთვისაც კი ვერ ვიცლიდით.
ორსულობის დროს სულ ვაშლი მინდოდა მეჭამა. ისედაც გვქონდა ვაშლის ბაღი და ჩემი ქმარიც ყიდულობდა ხოლმე ჩემთვის.
მოგვიყევით თქვენს პირველ მშობიარობაზე.
მშობიარობის დღესაც ბაღში ვიყავი და ბოსტანს ვრწყავდი. ნათქვამი ჰქონდა ექიმს, რომ დღე-დღეზე ვიმშობიარებდი და თავისთვის მიმეხედა. დამარიგა, როგორი ტკივილებიც შეიძლება მქონოდა. მუცელი ძალიან მოულოდნელად ამტკივდა. ჯერ ვერ მივხვდი, მეგონა გადაღლილობის ბრალი იყო, მაგრამ როცა სახლში ავედი და არ გამიარა, გამიძლიერდა ტკივილები, ვუთხარი ჩემს ქმარს და ხულოს საავადმყოფოში გადამიყვანეს.
სამშობიაროსთან მამიდაჩემი, მეზობლები, ქმარი და მამამთილი მელოდებოდნენ.
სანამ ბავშვი შეგვეძინებოდა, იქამდე არცერთი ნივთი არ შეგვიძენია. არც ტანსაცმელი ან რაიმე სხვა. ყველაფერი იმ ერთი კვირის განმავლობაში ვიყიდეთ, როცა საავადმყოფოში ვიყავით.
მთელ დღეებს შვილთან ერთად ატარებდით?
სამივე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. სამი და ოთხი საათი სადმე წავსულიყავი სამუშაოდ და ბავშვები დამეტოვებინა, ასე არ ყოფილა, თუმცა არც მულტფილმების ყურების დრო არ გვრჩებოდა.
საღამოს სახლში დაღლილი რომ მიდიხარ, აჭმევ ბავშვს, გამოუცვლი, არაფრის თავი აღარ გაქვს. მასთან ერთად იძინებ შენც.
როცა ჩემი უფროსი შვილი 3 წლის გახდა, ჩვენს სოფელში ბაგა-ბაღი გაიხსნა, რაც ძალიან დამეხმარა. სამივე შვილი იქ გავზარდე.
ბევრი ისტორია ვიცი, რომ ჯერ კიდევ თოთო ბავშვებს დაატარებდნენ დედები ყანა-ყანა, აძინებდნენ და იქვე შრომობდნენ. ეშინოდათ სახლში დატოვება, რადგან ვერ გაიგებდნენ, როდის გაიღვიძებდა ბავშვი.
ბაგა-ბაღი რომ არ ყოფილიყო, მეც მომიწევდა ბავშვის წაყვანა იქ, სადაც საქმე მექნებოდა.
თქვენი მეუღლე გეხმარებოდათ შვილების გაზრდაში?
ჩემი მეუღლე მას შემდეგ ჩაერთო ბავშვის მოვლაში, რაც ბაღის ასაკის გახდა ჩვენი პირველი შვილი. იქამდე არაფერს ვტოვებდი მასზე.
ბავშვებისთვის საჭირო ნივთების შეძენას თუ ახერხებდით?
ხშირად ვერ ვყიდულობდი ბავშვებს ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს და ა.შ. არ გვქონდა ამის საშუალება.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე რთული დედობაში?
უარის თქმა ბევრ რამეზე მომიწია. პირველ რიგში, მაგალითად, ჩემი თავის მოვლაზე. საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვუთმობდი დროს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რომ სწორად გამიგოთ …
ჩემი ერთადერთი ოცნება სწავლის გაგრძელება იყო და ვერ მოვახერხე, მაგრამ არ ვნანობ. ეს არ არის ჩემი შვილების ბრალი, ეს ისევ ჩემი მოუხერხებლობის ბრალია, არც შესაძლებლობა გვქონდა, თორემ, ვიქირავებდით ყველასთვის ბინას და წავიდოდით.
ქმარი და ოჯახი გვერდში მედგა. ღმერთს მადლობა ისეთი გაჭირვება არ გამოვიარე, როგორც ჩემმა თანატოლებმა.
თქვენ ექთანი ხართ. შეძელით აქამდე თქვენი პროფესიით დასაქმება?
ვერა. იქნებ ახლა შევძლო.
ჩემი შვილები უკვე დაიზარდნენ. ჩემმა უფროსმა შვილმა წელს დაამთავრა სკოლა. ძალიან მინდა მათ ვასწავლო, ის შეძლონ, რაც მე ვერ შევძელი და ამისთვის ყველა ღონეს ვიხმარ. მათ არ უნდა დათმონ ის, რაც უნდათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
ტანკი – 1 440 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 3 528 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 722 ერთეული [+1]
MLRS – 230 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 179 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 485 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+3]
სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
203 თვითმფრინავი
131 ვერტმფრენი
1 211 უპილოტო საფრენი აპარატი
339 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 558 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
524 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 958 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 623 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დაახლოებით ერთთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმია სევეროდენცკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, ინდუსტრიული ზონის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე კი, ქიმიური ქარხანა „აზოტის“ მიწისქვეშა ბუნკერებს აფარებენ თავს.
ასეთ ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე 15 ივნისს გამოქვეყნებულ რელიზში.
უწყება ვარაუდობს, რომ რუსეთის ძალები „აზოტის“ გარშემო გამაგრდებიან, რაც დროებით ხელს შეუშლის არმიის ხელმძღვანელობას, ეს დანაყოფები სხვა ადგილებში, სხვა მისიებისთვის გამოიყენოს.
„ქალაქებში ბრძოლის რუსულმა საომარმა ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ინტენსიურ გამოყენებას ეფუძნება, უმნიშვნელოვანესი ზიანი და მსხვერპლი გამოიწვია“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ დიდი ალბათობით, არც აგრესიის დაგეგმვისას და არც მისი დაწყებისას, რუსეთი ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას და კონფლიქტის ასეთ ნელ განვითარებას არ ელოდა“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაზვერვის ცნობებს ყოველდღიურად აახლებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის, თუმცა დასავლეთის სანქციებისა და გამოუცდელობის გამო მას ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოება და უკრაინაში დაკარგული შეიარაღების ჩანაცვლება გაუჭირდება.
მთავარი ფოტო: “აზოტის” ქიმიური ქარხანა სევეროდენცკში
21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის.
ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში.
ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი ბევრი წინაღობის მიუხედავად, შეძლო, შემოსავლის წყაროდ მცენარეებზე ზრუნვა ექცია.
მისი დღე დილით ადრე მცენარეებზე ზრუნვით იწყება. გვიყვება, რომ საღამოს, სამეურნეო და სახლის საქმეების დასრულების შემდეგ ისევ მცენარეებს უბრუნდება და მხოლოდ მათი მოვლის შემდეგ იძინებს.
ზოიას პირველი გაყიდული მცენარე დეკორატიული წიწაკა იყო.
ზოია, როდის და როგორ გადაწყვიტეთ მცენარეების ნერგები გამოგეყვანათ, ეს საქმე თქვენი შემოსავლის წყარო გაგეხადათ?
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა დეკორატიული წიწაკის ნერგი მაჩუქეს.
ზამთარში ფანჯრის რაფაზე გავზარდე ეს ნერგი და შემდეგ ერთჯერად ჭიქებში გადავამრავლე. შვილივით ვუვლიდი.
მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში ვნახე, რომ ამ მცენარეს ძალიან ძვირად ჰყიდდნენ. გადავწყვიტე, მეც გამეყიდა. მე შედარებით იაფად დავიწყე დეკორატიული წიწაკის გაყიდვა ინტერნეტით. მალევე ძალიან კარგი შეფასებები დავიმსახურე ჩემი მომხმარებლებისგან.
მაშინვე არ გამჩენია მოტივაცია სხვადასხვა ჯიშის ყვავილის ნერგების გამოყვანა და მათი გაყიდვაც დამეწყო. დეკორატიულ წიწაკებს მივუბრუნდი და უფრო მეტი ნერგის გამოყვანას შევეცადე.
მოგვიანებით მეგობარმა მირჩია, რომ დრო იყო, სხვადასხვა ყვავილის ნერგებიც გამომეყვანა.
დასაწყისში 25-მდე განსხვავებული ჯიშის ქოთნის მცენარე შევიძინე გასამრავლებლად. მათი მოვლა არ ვიცოდი. ყველას ერთნაირად ვუვლიდი, რაც, ცხადია, არ იყო სწორი.
2019 წლამდე გქონდათ მცენარეებთან შეხება?
ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ბებო და დედა ყოველთვის ამრავლებდნენ ქოთნის თუ ეზოს მცენარეებს. ჩვენს ეზოში ყოველთვის იყო ვარდები, გეორგინები, გვირილები და სხვა, უამრავი ყვავილი.
როცა პატარა ვიყავი, ვუყურებდი როგორ უვლიდნენ დედა და ბებო ქოთნის მცენარეებს და მეც ვერთვებოდი ამ საქმეში, მცენარეების გადარგვაში, მორწყვაში და ა.შ. ამიტომ, მცენარეების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომდევს.
თუმცა მარტოს არასდროს გამჩენია სურვილი ყვავილების მოვლა აქტიურად დამეწყო. ამას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა კი უკვე მესამე წელია, რაც ქოთნის მცენარეები სეზონური შემოსავლის წყაროა ჩემთვის.
მხოლოდ ქოთნის მცენარეებს უვლით, თუ სხვა სახის გამოცდილებაც გაქვთ?
ძირითადად ყოველთვის ქოთნის ყვავილებს ვუვლიდი. თანაც სახლის გარემოს მიხალისებს. ჩემს სახლს დიდი კიბე აქვს, პატარა აივნები და იქ ვალაგებდი ხოლმე ქოთნებს ან ფანჯრის რაფებზე, რადგან სხვაგან მზე არ ჰყოფნიდათ.
ეზოს ყვავილებიც მაქვს. როცა სტუმრად მოდიან, ბევრ კომპლიმენტს მეუბნებიან ხოლმე.
სათბური არ გაქვთ?
სათბურის ქონას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. შარშან გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. წელსაც ძალიან მინდა, რომ გავაკეთო.
არ მიხაროდა ზამთრის დადგომა, უამრავი მცენარე მქონდა, ვამრავლებდი და უცებ, შემოდგომას მიწევდა ამ მცენარეების გაჩუქება, ან გაყიდვა იმაზე ბევრად იაფად, რაც ღირდა, რომ არ გაფუჭებულიყვნენ და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ თუნდაც სხვაგან.
ალბათ, წელსაც მომიწევს, რომ მხოლოდ 1-2 მცენარის ამარა დავრჩე, შემდეგ წელს ისევ გადავამრავლო მათგან ახალი ნერგები და ყველაფერი თავიდან დავიწყო.
მცენარეების შეძენა ჩემთვის რთულია, რადგან ხშირად ვერ ვახერხებ ბათუმში ჩასვლას.
სათბური რომ მქონდეს, შესაძლებლობა მექნება, ზამთარშიც გავახარო მცენარეები. სათბურის ქონა ხელს შემიწყობდა განვითარებაში, მაგრამ არ მაქვს. თანაც ახლა ყველაფრის ფასი გაიზარდა.
ქედის ზამთრის კლიმატს ვერც ერთი მცენარე ვერ უძლებს?
წლების განმავლობაში უამრავი ყვავილის გახარება და გამრავლება ვცადე. აქაური ზამთრის ძლიერი სიცივე ყველა მათგანს აფუჭებდა.
საბოლოოდ, სოციალურ ქსელში მცენარეების გვერდს მივაგენი და სუკულენტების შესახებ გავიგე.
ეს ყინვაგამძლე მცენარეებია. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან დეკორატიულია და არ ყვავის.
სუკულენტების რამდენიმე სახეობა შევიძინე გასულ წელს. ცოტა ხანში კიდევ ვიყიდე რამდენიმე ახალი სახეობა და სერიოზულად მივუდექი მათ მოვლასა და გამრავლებას. მალევე გამიტაცა მათზე ზრუნვამ, თანაც მარტივია მათი მოვლა და სხვა მცენარეებთან შედარებით მარტივად ხარობენ და მრავლდებიან.
დღეს უკვე ძირითადად სუკულენტებს ვუვლი. მათ ზამთარშიც შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა. ოთახის ტემპერატურაზე თუ იქნებიან, გაზაფხულამდე ძლებენ.
ზოია ფარტენაძის მცენარეები
მცენარეების ნერგებს მხოლოდ ინტერნეტით ყიდით?
ავტომანქანა არ გვაქვს, სახლიდან ხშირად ვერ გავდივარ საქმეების გამო, ამიტომ, ყვავილებს ძირითადად ინტერნეტით ვყიდი.
ჩემს მცენარეებს ვუღებ ფოტოებს, ვაქვეყნებ სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში და ასე მიკავშირდებიან მომხმარებლები.
უხეშად რომ ვთქვა, ვაგროვებ ადამიანებს, ვისაც მცენარეების ყიდვა უნდათ, შემდეგ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებ, როდის ჩავალ ქალაქში და მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმაქვს ნერგები, პატარა ყუთებში ჩაწყობილი, ერთდროულად.
როცა ყვავილები გასაყიდად მიმქონდა ქალაქში, უცხო ადამიანები მეუბნებოდნენ ყოჩაღო და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.
მცენარეებს ფოსტითაც ვაგზავნი ხოლმე, თუ მყიდველს უღირს დამატებით ფოსტის თანხის გადახდა.
მცენარეების გაყიდვაში ახლა ოჯახის წევრებიც მეხმარებიან.
ყვავილების მაღაზიებთან არ ვთანამშრომლობ. სუკულენტების გამრავლებას თვეები სჭირდება და იმდენი, რომ ყვავილების მაღაზიები მოვამარაგო, არ მაქვს.
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ყვავილების მაღაზიებისგან, რომ თუ სათბური მექნებოდა და ბევრი ნერგის გამოყვანას შევძლებდი, ისინი ყოველთვის ჩემგან შეიძენდნენ.
რა ღირს თქვენი გამოყვანილი მცენარეების ნერგები?
ჩემი მცენარეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 15 ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე.
ვინც ჩემსავით დამწყებია და უნდა, რომ შეიძინოს მცენარეები და გაამრავლოს, მათთვის ჩემი მცენარეების ფასი კიდევ უფრო დაბალია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ძალიან მნდომებია მცენარის შეძენა, მაგრამ ვერ შემიძენია ფინანსების არქონის გამო.
ასევე, ძალიან ბევრ მცენარეს ვჩუქნი ადამიანებს და მეც ვიღებ საჩუქრად სხვადასხვა სახეობის მცენარეს მათგან.
მცენარეების მოვლა რომ გესწავლათ, რა გზებს მიმართეთ?
თავიდან ინტერნეტით არ ვსარგებლობდი აქტიურად. ყველას იმას ვეკითხებოდი, თუ როგორ მომევლო მცენარეებისთვის. ხშირად არასწორ რჩევებს ვიღებდი. საბოლოოდ, ყველაფერი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ვისწავლე.
მცენარეების მოვლა მისი ადგილმდებარეობის, ჰავის, განათების და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება.
ახლა ინფორმაციას მცენარეების შესახებ ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ და საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციასაც ვიღებ. თუმცა ყველაზე კარგ ცოდნას მცენარეების მოვლაზე ჩემი პრაქტიკა მაძლევს.
აი, მაგალითად, სუკულენტები ძალიან მრავალფეროვანია და თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველაზე ერთნაირად უნდა მეზრუნა და ამიტომ, რამდენიმე სახეობის სუკულენტი გამიფუჭდა.
რა არის თქვენთვის მცენარეები?
ჩემთვის მცენარეები სიმშვიდის წყაროა. მათთან ურთიერთობა მამშვიდებს.
ყვავილები ადამიანის ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს. თუ რამე ნეგატიური გაგაჩნია, მათი მოვლის დროს გიქრება. საკუთარი მაგალითით ვამბობ, ყვავილებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ გადამატანინა.
თქვენს წამოწყებას როგორ შეხვდნენ გარშემომყოფები?
დასაწყისში ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მცენარეები გამემრავლებინა, რადგან მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიცოდი მათი მოვლა.
ჩემი და უფრო ოჯახის ფინანსები მიდიოდა ყვავილებში, რომელიც ზამთარში ხმებოდა, ფუჭდებოდა. მეკითხებოდნენ „რატომ იხდი ამდენ ფულს მცენარეებში, როცა ფუჭდება?“ მაინც არ დავნებდი. ყვავილების სიყვარულმა გამაძლებინა.
ბევრი ადამიანი, ახლობლები თუ ნაცნობები, მეუბნებოდა – „მაგით არაფერი არ გამოვა“, „უი, მერე რა, ყვავილები გაქვს, გგონია მაგით რამე გამოვა?“
რა თქმა უნდა, მწყინდა, მაგრამ ეს ჩემთვის მოტივაცია იყო. მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ შეგიძლია მიაღწიო რაღაცას.
ახლა ჩემი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ [მცენარეების მოვლაში], მათაც მოაქვთ ჩემთვის ყვავილები და აღარ უყურებენ სკეპტიკურად. უკვე ყველა შეეჩვია, რომ მცენარეები ჩემი შემოსავლის წყაროდ იქცა, მაგრამ ბევრი ისევ ალმაცერად უყურებს ჩემს საქმეს, ფიქრობენ – „ბავშვია, ეს რას მიაღწევს“.
ყველას არ შეუძლია კაბინეტში იჯდეს, განათლება მიიღოს.
ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის დამემტკიცებინა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, თუნდაც ის, რაზეც სხვები იძახდნენ, რომ არ გამოვა.
ეს იყო ჩემთვის გამარჯვება და მით უფრო, მათი აზრის შეცვალა, რომ შეუძლებელი არაფერია.
პროფესიის ქონაზე არ გიფიქრიათ?
კი. ვოცნებობდი მქონდა პროფესია. ძალიან მინდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. პირველივე კლასიდან მინდოდა ექიმობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე სწავლა. ადრე გავთხოვდი, რაც ახლა არასწორი მგონია და ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ.
ოჯახის შექმნას ხელი არ შეუშლია ვიკითხო წიგნები, მაგრამ ახლა შეუძლებლად მეჩვენება პროფესიის შეძენა. ის, რომ ექიმი გავხდე, ამას ბევრი ფინანსები, სხვა რაღაცები სჭირდება, რაც ფიზიკურად არ გამაჩნია. ამიტომ, ამ სფეროში [მცენარეებზე ზრუნვა] ვხედავ უფრო რეალურად ჩემს თავს.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
სამომავლოდ მინდა, რომ გავაფართოო ჩემი წამოწყება და მცენარეებისთვის სათბური გავაკეთო. მინდა, მქონდეს ეზოში პატარა დასასვენებელი კუთხეც, სადაც ადამიანებს ვუმასპინძლებ.
იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც უნდოდათ მოსულიყვნენ ჩემთან და ადგილზე ენახათ ჩემი მცენარეები. როცა სათბური გაქვს, შეგიძლია მიიღო ადამიანებიც, მაგრამ ახლა ეს შეუძლებლად მეჩვენება.
გარდა სუკულენტისა და სხვა მცენარეების ნერგების გამოყვანისა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
როცა დავქორწინდი, ჩემი ქმრის ოჯახს მარწყვი არ ჰქონდა. ვყიდულობდით ხოლმე.
მინდოდა, ჩვენი მარწყვის ნარგავი გვქონოდა.
მეზობელს ჰქონდა მარწყვის ნერგები, რომლებსაც ძალიან დიდი და ტკბილი ნაყოფი აქვს. ვთხოვე რამდენიმე ნერგი მოეცა და მეც დავრგე.
გასულ წელს ბევრი ნერგი მქონდა მარწყვის, მაშინ არ მინდოდა გამრავლება და ვიფიქრე გავყიდი ამ ნერგებს-მეთქი და ინტერნეტით მათი გაყიდვაც დავიწყე.
მარწყვის ერთ ნერგს 1 ლარად ვყიდი და ჩემს ყველა მყიდველს დამატებით 10 ნერგს ვჩუქნი.
მეორე წელია, რაც მარწყვის ჩემი ნარგავისგან ნაყოფსაც ვიღებ. წელს დაახლოებით 30 კილოგრამი მარწყვი გავყიდეთ კიდეც. მინდა, რომ მარწყვის ნარგავები კიდევ უფრო გავაფართოო. თანაც, მარწყვი არ არის პრეტენზიული მცენარე, მხოლოდ მორწყვა და გამარგვლა სჭირდება.
დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათმა მხარდაჭერებმა და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს.
„ერთად შევცვალოთ“ – ასე ერქვა აქციას, რომელიც დღის ოთხ საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყო და ბათუმის ცენტრალურ პარკში დასრულდა.
აქცია ორგანიზაციების – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ინიციატივით გაიმართა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 14 წლის ეტლით მოსარგებლე ანიტა ტაკიძის თქმით, მისი მთავარი გამოწვევა თავისუფლად გადაადგილებაა.
მან გვითხრა, რომ აქციას შეუერთდა, რადგან სურს ბათუმში ქუჩები ადაპტირებული იყოს და ეტლით მოსარგებლეებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
„ჩვენი უფლებები მინდა შევახსენო ხალხს. ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ და ადაპტირებული გარემო გვჭირდება საცხოვრებლად.
ავტობუსის მძღოლები ხშირად არ წევენ ავტობუსის პანდუსებს. ეზარებათ, ეტლით მოსარგებლეებს როცა ხედავენ, არ სიამოვნებთ და არ ჩამოდიან საჭიდან.
დამხმარის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ავტობუსში ასვლას. წესით, დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება ყველას აქვს, ჩვენ ამ უფლების გამოყენება გვინდა, რისთვისაც სხვების ხელშეწყობა გვჭირდება“.
ანიტა ფსიქოლოგობას აპირებს. ამბობს, რომ სკოლა, სადაც სწავლობს, ადაპტირებულია, მაგრამ საქართველოს ბევრ სკოლა დღემდე არაადაპტირებულია და აუცილებელია, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს, რათა ყველა შშმ პირს მიეცეს განათლების მიღების საშუალება.
ანიტა ტაკიძე, აქციის მონაწილე
„გარემო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ზღუდავს გადაადგილებაში, ინფორმაციის მიღებაში, განათლებაში, დასაქმებაში და მათ შორის, ამ გარემოებებში შედის საზოგადოების დამოკიდებულებები, რომელიც არ არის ჯანსაღი და სტერეოტიპებითაა გაჯერებული, უნდა შეცვალოს.
გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კამპანიაში. მთელი ივნისი ჩვენი უფლებების დაცვისაა“, – ამბობს თომა კაკაბაძე, ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე.
თომას თქმით, ორგანიზაცია ივლისის განმავლობაში 7 ვიდეოს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს, რომლებიც იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რასაც თავიანთ მუნიციპალიტეტებში ხვდებიან.
ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმთავრეს გამოწვევად თომა კაკაბაძე ინფრასტრუქტურულ მიუწვდომლობას ასახელებს. მისი თქმით, ეტაპობრივად გვარდება რაღაც საკითხები, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„ჩვენ არ უნდა გვიწევდეს კონკრეტული ლოკაციების არჩევა, რათა სერვისებით სარგებლობა შევძლოთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ნებისმიერ ადგილზე მისვლა და ის სიკეთეები, რაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი, ჩვენთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი“.
აქციის მსვლელობისას, როცა მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაწყვიტეს გადანაცვლება, თომა არაადაპტირებულ გადასასვლელთან გაჩერდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი სწორედ ამ სიტუაციის შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები არაადაპტირებულ გადასასვლელთან
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნატალი სხალთელმა გვითხრა, რომ ის სმენის არმქონე 18 წლის გოგოს დედაა.
მათ აქცია ნახევარი საათით ადრე საქართველოს ყრუთა კავშირის ფილიალის, აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის შენობიდან დაიწყეს ევროპის მოედნის მიმართულებით.
ნატალი ამბობს, რომ სურდათ გზად უფრო მეტ ადამიანს ენახა მათი ტრანსპარანტები და მოთხოვნები.
„მართალია, მსვლელობის მონაწილეები ჟესტურად აჟღერებდნენ მოთხოვნებს, თუმცა მე ვცდილობდი, მათი სათქმელი ხმამაღლაც გამეჟღერებინა.
ნატალია საქართველოს განათლების სამინისტროსგან ჟესტური ენის გაკვეთილების დაფინანსებას ითხოვს სმენის არმქონეების მშობლებისთვის და სხვა მსურველთათვის, რათა მშობლებს შვილებთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება მიეცეთ.
„ჩვენ არ გვაქვს შემდგარი დედაშვილური, მამაშვილური ურთიერთობები საკუთარ შვილებთან, რაც ყოვლად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა“ – ამბობს ნატალი.
მისი თქმით, მის შვილს განათლების მიღება საკუთარი ქალაქისგან შორს, ქუთაისის სპეცსკოლაში მოუწია, ახლა უკვე ზრდასრულია და სჭირდება მეტი კომუნიკაციის საშუალება ადამიანებთან.
ნატალი სხალთელიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმშიშშმ პირების აქცია ბათუმში
კომპანიას, რომელიც საქართველოში სატელევიზიო არხების სიგნალს ექსკლუზიურად ავრცელებს და, მათ შორის, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, კიდევ ერთი რუსი მესაკუთრე ეყოლება. კომპანია „სტერეო +“-ის წილის 15 პროცენტის მესაკუთრე ელენა ხახალევა ხდება, ის წინა წლებში რუსეთის ფედერაციაში მოსამართლე იყო.
ამ წილის შეძენაზე თანხმობის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 16 ივნისის სხდომაზე განიხილავს.
ელენა ხახალევა ბიზნესმენ რობერტ ხახალევის ცოლია, რომელიც დღეისთვის კომპანიაში „სტერეო +“ წილების 25 პროცენტს ფლობს. რობერტ ხახალევს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – რუსეთის და საქართველოს. ამ კომპანიაში წილების 50 პროცენტს კი, დავით ზილფიმიანი ფლობს – პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“.
„არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ ხდება, ოჯახის ფარგლებში რჩება ეს ყველაფერი,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. მან დაგვიდასტურა, რომ რობერტ ხახალევი მისი ძმაა და მას შემდეგ შეიცვალა გვარი, როცა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და გარკვეული წლების შემდეგ გვარის გამო დევნის ობიექტი გახდა.
„დევნა დაუწყეს ჩემს რძალსაც, ელენესაც… მას დიდი რუსეთი სდევნიდა და რუსეთზე დიდად შეყვარებული არ არის. მოსამართლე ადრე იყო,“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა. ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ელენას საქართველოს მოქალაქეობაც, პასუხობს, რომ ეს „ზუსტად არ იცის“.
„ქმარი და შვილი ქართველი ჰყავს, მას აქვს თუ ახლა იღებს, ზუსტად არ ვიცი… ჩემმა შვილმა, ლაშამ, დაუთმო თავისი 15 პროცენტი ელენას, ალალმა ბიძიამ და ძმისშვილმა ერთმანეთში რა მოილაპარაკეს, ეს მათი საქმეა,“ – გვითხრა დავით ზილფიმიანმა. კომპანიაში „სტერეო +“ წილის 25 პროცენტს ფლობს დავით ზილფიმიანის შვილი – ლაშა ზილფიმიანი.
კომპანიაში კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შემდეგ რამდენად იზრდება რისკი, რომ მან რუსული პროპაგანდისტული არხები არ შეზღუდოს? – 10 ივნისის მიმართვაშიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ ერთ-ერთ მოთხოვნად ეს დაასახელა: „ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი“.
„სანქცია რასაც შეეხო, ჩვენ ეს არხები ამოვიღეთ მაშინვე,“ – რუსული პროპაგანდისტული არსების ამოღებაზეც დავუსვით კითხვა პარლამენტის წევრ დავით ზილფიმიანს. „სანქცია შეეხო იმ რუსულ არხებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მესამე ქვეყნებში გავრცელებისთვის, მაგალითად, „რაშა თუდეი“ და სხვები. რაც შეეხება იმ არხებს, რომლებიც არ არის გათვლილი სხვა ქვეყნებში გავრცელებაზე, მათი შეზღუდვა არ იქნება სწორი ქმედება, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ არხებს უყურებენ. იმის გამო შეზღუდო არხი, რომ ის რუსულენოვანია, არ არის სწორი“, – გვითხრა პარლამენტის წევრმა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში კოალიციამ მიუთითა საკანონმდებლო ნორმაზეც, რომლის გამოყენებაც იქნება სამართლიანი რუსული, პროპაგანდისტული არხების დაბლოკვის შემთხვევაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.
კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტსერვის პროვაიდერებმა გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ 2022 წლის პირველ მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარი ფოტო: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევიდან „რუსეთის ინფორმაციული ომი“