მთავარი,სიახლეები

100 წლის სახლი ბათუმში, რომლის ფასადიდან ნაწილები ცვივა და სახურავიდან წყალი ჩადის  

16.06.2022 •
100 წლის სახლი ბათუმში, რომლის ფასადიდან ნაწილები ცვივა და სახურავიდან წყალი ჩადის  

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ძეგლის ფასადის ნანგრევები სადარბაზოს შესასვლელებშია დალაგებული. აქ მცხოვრებლებმა იციან, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ფასადის ჩამონგრეული ნაწილებიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომაც შენობის ფასადის ჩამოვარდნილ ნაწილებს საგულდაგულოდ ინახავენ.

სამსართულიანი სახლი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურით, მისი ფასადი შემკულია ძველი მასკარონებითა და ჩუქურთმებით. გარდა ამისა, ამ სახლს აქვს შენარჩუნებული ძველი, ნაძერწი ჩუქურთმებით შემკული სადარბაზო.

სპეციალისტების დახასიათებით:

„ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე მდგარი ორსართულიანი სახლის არქიტექტურა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილითაა გამორჩეული. სახლის გარე ფასადიცა და სადარბაზოც ნაძერწი დეტალებით უხვადაა დატვირთული. შენობა XX საუკუნის დასაწყისის ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.“

 

აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ძეგლის ფასადიდან ბეტონის ნაწილები ჩამოცვივდა. გარდა ამისა, სახურავიდან წყალი ჟონავს, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია სახლის მესამე სართული:

„ამ დრომდე ვფიქრობდით, რომ ძეგლია და აქ თუ რამე გავაკეთეთ, ყველაფერი სააგენტოსთან შეთანხმებით, კედლების ფერიც კი შევათანხმეთ. ახლა უსაფრთხოებაზეც ვფიქრობთ, ვინმე გამვლელს ან ეზოში ბავშვს რომ დაეცეს ეს ნაწილები, სერიოზულად შეიძლება დაშავდეს, ზოგი მათგანი მძიმეა. გარდა ამისა, სახურავიდან წყალი ჟონავს და კედლები სველდება. თანახმა ვართ ყველაფერი კანონის შესაბამისად გავაკეთოთ, როგორც სააგენტო განგვისაზღვრავს, მაგრამ სახურავის და ფასადის ხარჯებს ვერ გავწვდებით. დაგვპირდნენ, რომ სახურავს და ფასადს ბიუჯეტის ხარჯებით მოაწესრიგებდნენ, თუმცა, როგორც ვიცით, წელს არ ჩაგვსვეს ბიუჯეტში.“

აქ მცხოვრებლებმა სააგენტოს გასულ წელსაც მიმართეს. ოფიციალური პასუხის მიხედვით, ძეგლის ფასადის და სახურავის რესტავრაციის პროექტის შესყიდვა და შესაბამისი სამუშაოები 2022 წლის ბიუჯეტით უნდა ყოფილიყო დაფინანსებული. თუმცა გუშინ, 15 ივნისს, სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი მომავალ წელს დაფინანსდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: