მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო სხდომას იწვევს – ვირუსი 40 ქვეყანაში დადასტურდა

15.06.2022
ჯანმო მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო სხდომას იწვევს – ვირუსი 40 ქვეყანაში დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 23 ივნისს აპირებს მოიწვიოს საგანგებო კომიტეტის სხდომა, რათა შეაფასოს არის თუ არა მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მსოფლიო მასშტაბით მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი. გლობალური განგაშის უმაღლესი დონე მსოფლიოში ამჟამად ეხება მხოლოდ COVID-19 პანდემიასა და პოლიომიელიტს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ივნისს,  მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა საქართველოშიც დადასტურდა.

„მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქება აშკარად უჩვეულო და შემაშფოთებელია. მე გადავწყვიტე მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასოთ, წარმოადგენს თუ არა ეს აფეთქება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას საერთაშორისო მასშტაბით,” – წერს ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი ფეისბუქზე.

მიმდინარე წელს  მაიმუნის ყვავილის 1 600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და თითქმის 1 500 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა 39 ქვეყანაში – მათ შორის არის 7 ქვეყანა, სადაც მაიმუნის ყვავილი წლების განმავლობაში იყო გამოვლენილი, 32 ქვეყანაში კი მაიმუნის ყვავილი პირველად დაფიქსირდა.

წინა წლებში სულ მცირე 72 ადამიანი დაიღუპა დაზარალებული ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებში, სადაც წელს დადასტურდა მაიმუნის ყვავილი, დღემდე არ დაფიქსირებულა სიკვდილი, მაგრამ ჯანმო ცდილობს გადაამოწმოს ახალი ამბები ბრაზილიაში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული სიკვდილის შესახებ.

იბრაჰიმა სოსე ფოლმა, ჯანმოს დირექტორის მოადგილემ, გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების საკითხებში, განმარტა, რომ ევროპაში გავრცელების რისკი განიხილება როგორც „მაღალი“, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში როგორც „ზომიერი“.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ცოდნის ხარვეზები ვირუსის გადაცემის გზების შესახებ, მაგალითად, უცნობია, შეუძლიათ თუ არა დაავადების გავრცელება იმ ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ.

„ჩვენ არ გვინდა ლოდინი, სანამ სიტუაცია უკონტროლო იქნება“, – განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: