მთავარი,სიახლეები

მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

16.06.2022
მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინაში დღეს ერთდროულად ჩავიდა ევროპის სამი გავლენიანი პოლიტიკოსი  – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.

გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსები გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ.

მატარებლის ვაგონში გადაღებული ფოტო „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორმა, ალექსანდრ კამიშინმა, ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.

მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი მატარებელში/ფოტო: ალექსანდრ კამიშინი

სამი ლიდერის ერთობლივმა ვიზიტმა მსოფლიო პრესის ყურადღება ჯერ კიდევ უკრაინაში გამგზავრებამდე მიიპყრო. სამივე მათგანი პირველად ჩადის კიევში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

უკრაინული მედია იხსენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა დროს, ევროპის ამ სამმა ლიდერმა, საკუთარი განცხადებებით არაერთი კრიტიკული დისკუსია გამოიწვია: ოლაფ შოლცს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი განცხადებები და დაპირებები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, მისი მოქმედების რეალური ტემპისგან განსხვავდებოდა;

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა იმის შესახებ, თუ „რატომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი“, რაც ფართო განხილვის საგანი გახდა;

იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ კი ომის შეწყვეტის საკუთარი გეგმა წარუდგინა გაეროსა და G7-ის ქვეყნებს, თუმცა ეს გეგმა გააკრიტიკა როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა.

ვიზიტამდე იყო ცნობები, რომ შესაძლოა, ემანუელ მაკრონმა კიევში უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადოს. 15 ივნისს უკრაინისთვის სამი სარაკეტო-საარტილერიო სისტემის გადაცემა დააანონსა გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც.

ZDF-ის ცნობით, მოლაპარაკებები ევროპის ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, „სავარაუდოდ, ომს, უკრაინის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის დახმარებას შეეხება“.

უკრაინული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ვიზიტი სწორედ 16 ივნისს შედგება, ერთი დღით ადრე მანამდე, ვიდრე ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავის დასკვნას წარმოადგენს.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 23-24 ივნისს სამიტზე უნდა გადაწყდეს.

მთავარი ფოტო: მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი მატარებელში/ფოტო: La Republica

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: