მთავარი,სიახლეები

ზოგან რუსეთ-უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა – პოდოლიაკი

15.06.2022
ზოგან რუსეთ-უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ბრძოლის ზოგიერთ მონაკვეთში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა. მისი თქმით, ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ბრძოლის ველიდან – უკრაინის დამცველები ეკითხებიან, როდისთვის ელოდონ დამატებით იარაღს.

მიხიალო პოდოლიაკი აღნიშნულ შეკითხვას ბრიუსელში გასამართ საგარეო საქმეთა მინისტრთა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ამისამართებს: „ბრიუსელი, ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით,“ – წერს იგი.

„ზოგიერთ არეალში რუსეთ-უკრაინის არტილერიის თანაფარდობა: 10/1. ფრონტის ხაზი – 1000-ზე მეტი კილომეტრი. ყოველდღიურად ვიღებ შეტყობინებებს დამცველებისგან: „ჩვენ ვუძლებთ, მხოლოდ გვითხარით: როდისთვის ველოდოთ იარაღს?“. ამ შეკითხვას რამშტაინის მონაწილეებთან ვამისამართებ. ბრიუსელი, ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

რამშტაინის ფორმატი არის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად. ეს ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა ინიცირებული და გერმანიაში არსებული ამერიკული საჰაერო-სამხედრო ბაზის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ აღნიშნულ ბაზაზე აპრილის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად 40 ქვეყანას უმასპინძლა.

ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იაპონია ან ავსტრალია, ასევე, ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინეთი და შვედეთიც, მათ შორის არ იყო საქართველო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.

შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში 15 ივნისსაა ჩანიშნული. მიხაილო პოდოლიაკმა 13 ივნისს უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების სიაც გამოაქვეყნა, კონკრეტული დასახელებებითა და რაოდენობით. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი წერდა, სწორედ ამ პაკეტს მოითხოვს უკრაინა ბრიუსელში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: