მთავარი,სიახლეები

ბათუმში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართა – რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი

15.06.2022 •
ბათუმში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართა – რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შშმ სტატუსის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ სტენდებთან შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ აჭარაში მოქმედ 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.

ვაკანსიები წარმოდგენილი იყო სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.

„ინტერესის მიხედვით, შესაძლებელია მოვიდნენ და გაიგონ ვაკანსიის დეტალები, გაცვალონ კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის. გასაუბრების გავლა ძალიან კარგი შანსი და გამოცდილებაა შშმ პირებისთვის, ამის უნარ-ჩვევებსაც იძენენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად ამის შესაძლებლობა სხვა დროს ჩემი თემის წარმომადგენლებისთვის მწირია” – ამბობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი.

„ერთ თვეზე მეტია აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ყველა დეტალი გავიარეთ, როგორ უნდა ყოფილიყო უფრო კომფორტული გარემო შშმ პირებისთვის… ეს პირველი მცდელობა იყო, ერთიან სივრცეში მოგვეხდინა დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების მობილიზება. მომავალ წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბის იქნება,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

შშმ პირების დასაქმების ფორუმი

დეა ერემაშვილი, სხვადასხვა კითხვარის საშუალებით, სამუშაოს მაძიებელი შშმ პირებისა და შრომის ბაზრის მოკვლევას აწარმოებს. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა შშმ პირებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა, სკოლის შემდეგი განათლების კომპონენტია, რომელიც შშმ ადამიანების დიდ ნაწილს გამოტოვებული აქვს.

„მოკვლევიდან რეალურად გამოჩნდა, რომ 18 წლის ასაკის ზემოთ შშმ პირების უმრავლესობას სკოლის გარდა სხვა განათლება არ აქვს მიღებული. შესაბამისად, ეს პრობლემას ქმნის იმ მხრივ, რომ ვაკანსია არის, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი ცოდნის მქონე შშმ პირი, რომელიც შესაძლოა დასაქმდეს ამ პოზიციაზე.

განათლების გარეშე შანსი ძალიან დაბალია იმისა, რომ ნორმალური ანაზღაურებით სამსახური იშოვოს ადამიანმა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შშმ პირს მეტი ხარჯი აქვს, თუნდაც ასეთი უამინდობის დროს, რომ შეეძლოს ტაქსით გადაადგილება, მათთვის დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრია სამუშაო ოჯახებთან, რომ ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლის შემდეგ სწავლა, მით უმეტეს, როცა საქართველოში არის პროფესიულში უფასოდ სწავლის საშუალება. სამწუხაროა, მაგრამ ათიდან დაახლოებით ორი აგრძელებს სკოლის შემდეგ განათლებას, რაც რეალური პრობლემაა. ამას შეიძლება ახლა ვერ ვხედავთ, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდგებით, ისევე მწვავედ, როგორც ახლა დგას 2000 წლამდე დაბადებული შშმ პირების პრობლემა, რომელთაც არ აქვთ სკოლის ატესტატი. არიან ოჯახები, რომელთაც არ ასწავლეს შვილებს სკოლებში, მათ არ შეუძლიათ კოლეჯებში ჩაბარება, რადგან ატესტატია საჭირო და მხოლოდ მოკლევადიანი კურსებია მათთვის ხელმისაწვდომი.

დამეთანხმებით, ალბათ, როცა ადამიანი სახლიდან წლებია არ გამოსულა, სამთვიანი კურსით ისეთ უნარს ვერ შეიძენს, რომ რაღაც გარდატეხები მოახდინოს მის ცხოვრებაში,” – ამბობს დეა ერემაშვილი.

დასაქმების ფორუმის შედეგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, რის შესახებაც „ბათუმელები“ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: