მთავარი,სიახლეები

„საპატარძლო კაბა მეცვა და სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“ – ერთი ქალის ცხოვრება ხულოში

15.06.2022 • 2702
„საპატარძლო კაბა მეცვა და სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“ – ერთი ქალის ცხოვრება ხულოში

„მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი“, – ამბობს 35 წლის დარინა ცეცხლაძე. მას დღეს სამი შვილი ჰყავს და ხულოს სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

დარინა სკოლის ასაკში მხოლოდ სწავლის გაგრძელებასა და ექიმობაზე ოცნებობდა. ცდილობდა კარგად ესწავლა, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდა.

ერთ დღესაც დარინას ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ მისი გათხოვების დრო იყო.

დარინასთან საუბარი სწორედ ამ ამბის შესახებ დავიწყეთ.

  • დარინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით? თუ გეგმავდით ქორწინებას?

17 წლის ვიყავი, როცა გარიგებით გავთხოვდი. მაშინ უფრო ოჯახებში მისვლის და გარიგების დრო იყო. უფროსების სიტყვა, რჩევა-დარიგებები წყვეტდა, ვინ ვის ოჯახში წავიდოდა და ვისი ოჯახი იყო კარგი.

ერთ დღესაც გადამიწყვიტეს, უნდა გაგათხოვოთო. იყო ნიშნობა, ქორწილი. გავხდი პატარძალი, რძალი.

არ ვიცნობდი ჩემ ქმარს. მხოლოდ ერთ-ორჯერ შევხვდით, თუ მოგვეწონებოდა ერთმანეთი.

მე სოფელ გელაძეებში ვცხოვრობდი. გელაძეებში საბაზისო სკოლა იყო და საშუალო სკოლის დასამთავრებლად სწავლა ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სემინარიაში გავაგრძელე. იქ საშუალო სკოლასთან ერთად რამდენიმე სპეციალობაზე შეგეძლო გესწავლა. ჩავაბარე გამოცდები და პარალელურად საექთნო, 3-წლიან კურსზე დავიწყე სწავლა.

ჩემმა მომავალმა ქმარმა იქ გამოიარა, სადაც ვსწავლობდი და შორიდან დამინახა. მეც მითხრეს, ის ბიჭია, ვისზეც თხოვდებიო. ასე იყო. 

ჩემს მომავალ ქმარს ყველა დადებითად მიხასიათებდა და საბოლოოდ მეც დავთანხმდი ქორწინებას.

საქორწილო სამზადისში მე და ჩემი მომავალი ქმარი ერთად არ ვყოფილვართ ჩართულები. მამაჩემმა ქორწილი გადამიხადა, ჩემი მეუღლის მხარესაც ქორწილი იყო. მანამდე ნიშნობა მოეწყო. ნიშნობაზე არ ყოფილა ჩემი საქმრო, იყო  სამამამთილო და მისი ახლობლები. ეს ერთგვარად ბეჭდების გაცვლა იყო.

ქორწილისთვის დიდი სეფა გაკეთდა. არ იყო მაშინ რესტორნები და დარბაზები. ძველებური ტრადიციები იყო… როგორც ახლაა სიმღერა, ცეკვები და ა.შ. არ იყო მაშინ.

მაშინაც, როცა საპატარძლო კაბა მეცვა და ქორწილი მქონდა, სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. კარგად ვსწავლობდი და მინდოდა სამედიცინო ფაკულტეტზე  გამეგრძელებინა სწავლა. მქონდა ამის შანსიც, მაგრამ ცხოვრებამ ისე წაიყვანა დრო, რომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე.

რომ მქონდეს საშუალება, ახლაც ვისწავლიდი.

  • როდის იგრძენით, რომ თქვენ უკვე დაქორწინებული ქალი იყავით და როგორი იყო ეს შეგრძნება?

სხვა გარემოში, სხვა ხალხთან რომ მიდიხარ, დაბნეულობას გრძნობ. ვერ მოდიხარ გონზე, თუ სად ხარ.

მეორე დღეს, დილიდანვე ჩავერთე ჩემი ქმრის ოჯახის საქმეებში. დილის 6 საათზე რომ გაღვიძებენ  – „დღეს უკვე რძალი ხარ. ბოსელში უნდა წახვიდე, ბაღჩაში, ბოსტანში“. ცოტა ამ თემაზე საუბარი…

ახლა მეცინება, რომ მახსენდება. სახლის საქმეები, სტუმარს უნდა დახვდე, ყველა ვალდებულებას შენ თავზე აგაღებინებენ – ბოსტანი უნდა მორწყო, კარტოფილი გათოხნო, აქეთ – ის, იქეთ – ეს. ფიქრობ, რომ ქალი ხარ და ვალდებული ხარ.

მაშინდელ ჩვეულებრივ ერთ დღეზე რომ გითხრათ, დილით სემინარიაში წასასვლელად ვიყავი მზად, აქეთ სახლის, ბაღის საქმეები, თანაც შემოდგომა იყო, კარტოფილს ვიღებდით. მიუხედავად ამისა, გათხოვების შემდეგ, შევძელი ბოლო წელი სემინარიაში მევლო და წარმატებულადაც დავამთავრე სწავლა. ღამით ვმეცადინეობდი. ვამზადებდი ლექციებს და ვემზადებოდი გამოცდებისთვის. მეშინოდა, რომ სწავლის დასრულებას ვერ შევძლებდი, მაგრამ დავასრულე. ხელი ოჯახმაც შემიწყო.

სწავლის გაგრძელება მინდოდა – ექიმობა, მაგრამ მალევე დავფეხმძიმდი და ვეღარ გავაგრძელე. დედამთილს არ შეეძლო ფიზიკურად მუშაობა და მე რომ წავსულიყავი სასწავლებლად, არ გამოდიოდა. ამიტომაც ვერ გავაგრძელე სწავლა.

  • შვილის გაჩენა დაფეხმძიმებამდე გადაწყვეტილი გქონდათ?

არა. დაუგეგმავად დავრჩი პირველ შვილზე ფეხმძიმედ. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე ვაჟი გვეყოლა, ძალიან ბედნიერები ვიყავით.

პირველი შვილი 18 წლის ასაკში შემეძინა. დაფეხმძიმებიდან 2 თვის შემდეგ გავიგე ორსულობის შესახებ.

ჩემი პირველი ორსულობის დეტალებზე არ მინდა საუბარი. მთელი ორსულობის განმავლობაში სულ სამჯერ ვიყავი კონსულტაციაზე. ახლა რომ ყოველ თვეში იბარებენ, არ იყო ასე, სამ-სამ თვეში ერთხელ მიბარებდნენ მგონი.

პირველი ორსულობის დროს სულ მეძინებოდა. ისეთი გემრიელი ძილი მქონდა ორსულობისას, ისეთი, რომ რა ვიცი… მაგრამ დრო არ მქონდა დასაძინებლად. სულ საქმე მქონდა.

სამი შვილი მყავს და სამივე ორსულობა ისე გამოვიარე, რომ არ დამისვენია. დედამთილი ზაფხულობით მთაში მიდიოდა. მე სოფელში ვრჩებოდი და ზაფხულის ყველა საქმეს უმეტესად მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებდით. ჩამოჯდომისთვისაც კი ვერ ვიცლიდით.

ორსულობის დროს სულ ვაშლი მინდოდა მეჭამა. ისედაც გვქონდა ვაშლის ბაღი და ჩემი ქმარიც ყიდულობდა ხოლმე ჩემთვის.

  • მოგვიყევით თქვენს პირველ მშობიარობაზე. 

მშობიარობის დღესაც ბაღში ვიყავი და ბოსტანს ვრწყავდი. ნათქვამი ჰქონდა ექიმს, რომ დღე-დღეზე ვიმშობიარებდი და თავისთვის მიმეხედა. დამარიგა, როგორი ტკივილებიც შეიძლება მქონოდა. მუცელი ძალიან მოულოდნელად ამტკივდა. ჯერ ვერ მივხვდი, მეგონა გადაღლილობის ბრალი იყო, მაგრამ როცა სახლში ავედი და არ გამიარა, გამიძლიერდა ტკივილები, ვუთხარი ჩემს ქმარს და ხულოს საავადმყოფოში გადამიყვანეს.

სამშობიაროსთან მამიდაჩემი, მეზობლები, ქმარი და მამამთილი მელოდებოდნენ.

სანამ ბავშვი შეგვეძინებოდა, იქამდე არცერთი ნივთი არ შეგვიძენია. არც ტანსაცმელი ან რაიმე სხვა. ყველაფერი იმ ერთი კვირის განმავლობაში ვიყიდეთ, როცა საავადმყოფოში ვიყავით.

  • მთელ დღეებს შვილთან ერთად ატარებდით?

სამივე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. სამი და ოთხი საათი სადმე წავსულიყავი სამუშაოდ და ბავშვები დამეტოვებინა, ასე არ ყოფილა, თუმცა არც მულტფილმების ყურების დრო არ გვრჩებოდა.

საღამოს სახლში დაღლილი რომ მიდიხარ, აჭმევ ბავშვს, გამოუცვლი, არაფრის თავი აღარ გაქვს. მასთან ერთად იძინებ შენც.

როცა ჩემი უფროსი შვილი 3 წლის გახდა, ჩვენს სოფელში ბაგა-ბაღი გაიხსნა, რაც ძალიან დამეხმარა. სამივე შვილი იქ გავზარდე.

ბევრი ისტორია ვიცი, რომ ჯერ კიდევ თოთო ბავშვებს დაატარებდნენ დედები ყანა-ყანა, აძინებდნენ და იქვე შრომობდნენ. ეშინოდათ სახლში დატოვება, რადგან ვერ გაიგებდნენ, როდის გაიღვიძებდა ბავშვი. 

ბაგა-ბაღი რომ არ  ყოფილიყო, მეც მომიწევდა ბავშვის წაყვანა იქ, სადაც საქმე მექნებოდა.

  • თქვენი მეუღლე გეხმარებოდათ შვილების გაზრდაში?

ჩემი მეუღლე მას შემდეგ ჩაერთო ბავშვის მოვლაში, რაც ბაღის ასაკის გახდა ჩვენი პირველი შვილი. იქამდე არაფერს ვტოვებდი მასზე.

  • ბავშვებისთვის საჭირო ნივთების შეძენას თუ ახერხებდით? 

ხშირად ვერ ვყიდულობდი ბავშვებს ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს და ა.შ. არ გვქონდა ამის საშუალება.

  • თქვენი აზრით, რა არის ყველაზე რთული დედობაში? 

უარის თქმა ბევრ რამეზე მომიწია. პირველ რიგში, მაგალითად, ჩემი თავის მოვლაზე. საკუთარ თავს საერთოდ ვერ ვუთმობდი დროს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რომ სწორად გამიგოთ …

ჩემი ერთადერთი ოცნება სწავლის გაგრძელება იყო და ვერ მოვახერხე, მაგრამ არ ვნანობ. ეს არ არის ჩემი შვილების ბრალი, ეს ისევ ჩემი მოუხერხებლობის ბრალია, არც შესაძლებლობა გვქონდა, თორემ, ვიქირავებდით ყველასთვის ბინას და წავიდოდით.

ქმარი და ოჯახი გვერდში მედგა. ღმერთს მადლობა ისეთი გაჭირვება არ გამოვიარე, როგორც ჩემმა თანატოლებმა.

  • თქვენ ექთანი ხართ. შეძელით აქამდე თქვენი პროფესიით დასაქმება? 

ვერა. იქნებ ახლა შევძლო.

ჩემი შვილები უკვე დაიზარდნენ. ჩემმა უფროსმა შვილმა წელს დაამთავრა სკოლა. ძალიან მინდა მათ ვასწავლო, ის შეძლონ, რაც მე ვერ შევძელი და ამისთვის ყველა ღონეს ვიხმარ. მათ არ უნდა დათმონ ის, რაც უნდათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: