მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება

19.05.2022
ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება

ჯანმოს ევროპის ოფისი იშვიათი ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება. გაფრთხილება ჯანმოს ევროპის ოფისმა დღეს, 19 მაისს, გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა.

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს. ვირუსი სავარაუდოდ იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან. 2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი ​​შემთხვევა გამოვლინდა, ორივე პირი ცხოვრობდა ერთსა და იმავე ოჯახში, მაგრამ არ ჰქონიათ მოგზაურობის უახლესი ისტორია და არც კონტაქტი 7 მაისის შემთხვევასთან.

UKHSA-ს მიერ 16 მაისს კიდევ ოთხი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, 18 მაისს პორტუგალიამ დააფიქსირა მაიმუნის ჩუტყვავილას დადასტურებული ხუთი შემთხვევა და 20-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა. ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა ახალგაზრდა მამაკაცს.

ესპანეთმა ასევე დააფიქსირა რვა საეჭვო შემთხვევა.

მაიმუნის ჩუტყვავილა, რომელიც ადამიანის ჩუტყვავილას ჰგავს, ვირუსული დაავადებაა. ადამიანებზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან კონტაქტით, ან ვირუსის შემცველი ადამიანის სხეულის მასალებთან კონტაქტით.

„სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ზურგის ტკივილს, შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს, შემცივნებას და დაღლილობას. როგორც წესი, ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, სასქესო ორგანოებზე.

დაავადების კლინიკური გამოვლინება ჩვეულებრივ არ არის მწვავე. იმუნოდეფიციტის მქონე პირები განსაკუთრებით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან. ადამიანების უმეტესობა კვირებში გამოჯანმრთელდება,“ – წერს ჯანმო.

იშვიათი ვირუსული დაავადება პირველად დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970-იან წლებში. 2018 წლიდან დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა მაიმუნის ჩუტყვავილას 7 შემთხვევა (2021, 2019 და 2018 წლებში), ძირითადად ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიით. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში გადაცემის ჯაჭვები დაფიქსირდა დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკასთან ცნობილი ეპიდემიოლოგიური კავშირების გარეშე.

„ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, ინფექცია ადგილობრივად არის შეძენილი გაერთიანებულ სამეფოში. ადგილობრივი გადაცემის მასშტაბები ამ ეტაპზე გაურკვეველია და არსებობს შემდგომი შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: