მთავარი,სიახლეები

NATO უნდა ჩაერიოს, სხვაგვარად ომის შეჩერება შეუძლებელია – გენერალი უესლი კლარკი

15.06.2022 • 7554
NATO უნდა ჩაერიოს, სხვაგვარად ომის შეჩერება შეუძლებელია – გენერალი უესლი კლარკი

აშშ-ისა და ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი უესლი კლარკი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეჩერება მხოლოდ NATO-ს ჩარევას შეუძლია.

გენერალმა, რომელმაც გადადგომამდე 38 წელი იმსახურა აშშ-ის არმიაში, ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ვაშინგტონში მოწყობილ დისკუსიაზე ისაუბრა. დისკუსიის თემა უკრაინაში რუსეთი სამხედრო აგრესია იყო.

გენერალი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ორი გზა აქვს: ის ან უნდა ჩაერიოს საომარ მოქმედებებში, ან საკუთარი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადოს.

„NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის იდეა, რომელმაც დღეს დიდი მხარდაჭერა ჰპოვა, რომ ნატოს არაფერი შეუძლია, თუ პირდაპირი თავდასხმა არ იქნება – ჯერ კიდევ 90-იანებში დადასტურდა, რომ ეს ასე არაა.

დროა, დავუბრუნდეთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც გავიარეთ. NATO უნდა ჩაერიოს. მოდით, ოფიციალურად გამოვაცხადოთ ამის შესახებ და ვუბრძანოთ რუსებს შეწყვიტონ ცეცხლი. ომის შეჩერება NATO-ს ჩარევის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა გენერალმა კლარკმა.

მისი თქმით, NATO-ს ჩარევა პოლიტიკურ ნებასა და „ნაციონალური ლიდერების გადაწყვეტილებაზეა“ დამოკიდებული. კლარკმა მაგალითად მოიყვანა იუგოსლავია, სადაც 1999 წელს, NATO-ს ძალებმა ოპერაცია დაიწყეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფორმალური თანხმობის გარეშე. ოპერაციას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ფორმირებები შეუერთდნენ.

ალიანსის ჩარევაზე ისაუბრა აშშ-ის არმიის კიდევ ერთმა გადამდგარმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელიც 2013-2016 წლებში, ევროპაში ნატოს შეიარაღებულ ძალების მეთაურობდა.

„რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ასეთი ოპტიმისტიც არ ვარ. შესაძლოა, სახელმწიფოთა კონკრეტული კოალიცია ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ახლა მთელი ალიანსი, ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ არ გადადგამს. თუმცა მე პირადად, ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერდი,“ – აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.

მისივე თქმით, აშშ-მ სულ მცირე ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ მეტი შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას, რადგან სამხედრო დახმარების უკანასკნელი ტრანში, არასაკმარისი იყო.

______________________

ფოტოზე: გენერალი უესლი კლარკი. ფოტო: EPA/Julie JACOBSON

გადაბეჭდვის წესი


ასევე: