მთავარი,სიახლეები

უკრაინის გმირი, რომლის დედა სერჟანტია, მამა – პოდპოლკოვნიკი, ცოლი კი – ჯარისქალი

16.06.2022 • 4354
უკრაინის გმირი, რომლის დედა სერჟანტია, მამა – პოდპოლკოვნიკი, ცოლი კი – ჯარისქალი

პოლკოვნიკი დენის ჩაუკი უკრაინის 40 წლის ეროვნული გმირია არტილერისტთა ბატალიონიდან. მან და მისმა თანამებრძოლებმა მძიმე ბრძოლები გამოიარა ლუგანსკის აეროპორტთან და დებალცევოში.

დენის ჩაუკის მამაც ოფიცერი იყო, ვალენტინ ჩაუკი.  უკრაინის გმირს დენის ჩაუკს ოფიცერობის გარდა ცხოვრებაში არაფერი სურდა. მისი ოჯახის ყველა წევრი სამხედროა: თავად პოლკოვნიკია, მამამისი – პოდპოლკოვნიკი, უფროსი ძმა – მაიორი, დედა – სერჟანტი, ცოლი კი – ჯარისქალი.

ოფიცერ დენის ჩაუკს 23-წლიანი სამხედრო სამსახურის გამოცდილება აქვს. ის ბატალიონის შტაბის უფროსი იყო 2015 წლის 18 თებერვალს, როცა დებალცევოდან ანტიტერორისტული ძალების გამოყვანის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ეროვნული გმირის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო, armyinform-ი ავრცელებს მისსავე მონათხრობზე დაყრდნობით.

„25 გრადუსი ყინვა იყო, აღჭურვილობა გაიყინა და ჯარისკაცებისთვის მისი მიწოდება გართულდა, რამდენიმე საათიც და უკრაინელების ბატალიონს  სრულ ალყაში მოაქცევდნენ.

ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიეთ. ყველას გვიხაროდა, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიყავით, ცოცხლები და უვნებლები“ – იხსენებს პოლკოვნიკი ჩაუკი ფრონტის ხაზზე საბედისწერო ეპიზოდს.

თოვლში, ტანკებით, ფეხით, საბრძოლო მანქანებით, მტრის არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2015 წლის თებერვალში დებალცევოში ჩააკითხეს თავიან მცველებს, ეს ჯოჯოხეთური ბრძოლა იყო, რომელსაც ყველა ვერ გადაურჩა.

ოფიცერმა დენის ჩაუკმა მაშინ უკვე იცოდა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში ეს მისი პირველი ბრძოლა არ იქნებოდა, რადგან რუსეთის ხელისუფლება ცინიკურად აბნევდა მსოფლიო საზოგადოებას და მინსკის შეთანხმებას არ ასრულებდა. რუსეთი ემზადებოდა, რომ მის მიერვე შექმნილი დონეცკისა და ლუგანსკის ფსევდორესპუბლიკები საბაბად და პლაცდარმად გამოეყენებინა  უკრაინაში შემდგომი ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.

2014 წლიდან მოყოლებული, ოფიცერ დენის ჩაუკს მრავალჯერ მოუხდა გაერთიანებული ძალებისა და ანტიტერორისტული ძალების ოპერაციების ზონაში ყოფნა.

ყოველწლიურად 6-8 თვის განმავლობაში თავისი შემადგენლობით ეროვნული თავდაცვის წინა ხაზზე იყო. მიმდინარე წლის 24 თებერვალს კი, დილით, ოფიცერი დნეპროპეტროვსკის ოლქის საბრძოლო პოლიგონზე იმყოფებოდა, როცა ოკუპანტების პირველმა აფეთქებებმა კვამლის შავი ღრუბლებით დაფარა უკრაინის ცა.

„ორი ბომბი აფეთქდა ჩვენს ქვედანაყოფთან ახლოს. დღის მეორე ნახევარში კი, როგორც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მეთაურმა, უმაღლესი სარდლობისგან მელიტოპოლისკენ  წასვლის ბრძანება მივიღე. მთის ქვეითთა ჯარის კოლონამ ორას კილომეტრზე მეტი გაიარა და დილით დანიშნულების ადგილზე მივიდა, მელიტოპოლის ჩრდილოეთის მიდამოებში გავმაგრდით“ – იხსენებს პოლკოვნიკმა ჩაუკი.

მან და მისმა ბატალიონმა ორი დღე გაატარეს თავდაცვის ხაზზე, ზაპოროჟიისკენ მიმავალ მტრის კოლონებს აკავებდნენ, თან უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ.

პოლკოვნიკი დენის ჩაუკი ამბობს, რომ არასდროს სმენია და არ უნახავს მტრის ისეთი ძლიერი საარტილერიო ცეცხლი, როგორიც თითქმის განუწყვეტლივ გრძელდებოდა 25 თებერვლის საღამოს 4 საათიდან 26 თებერვლის დილის 5 საათამდე:

„რუსი დამპყრობლები ჩქარობდნენ საკუთარი გეგმა შეესრულებინათ, ისინი უკრაინის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას სამ-ოთხ დღეში გეგმავდნენ. გეგმის შეუსრულებლობის გამო ნერვიულობისგან სულ უფრო მეტ ძალას იყენებდნენ ბრძოლაში და რეგიონული ცენტრისკენ, ზაპოროჟიესკენ მიიჩქაროდნენ.

უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ კარგად გააცნობიერა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ ქალაქისა და სამრეწველო-მეტალურგიული ცენტრის ოკუპაცია დიდი დანაკარგი იქნებოდა და მიბრძანეს ბატალიონი ვასილევკა – ტოკმაკის  თავდაცვის ხაზისკენ გადამეყვანა“ – იხსენებს პოლკოვნიკი.

ვასილევკა – ტოკმაკის ტერიტორია 40 კმ-ს მოიცავს, იქ უკრაინის ჯარის ქვეითთა ბატალიონის დანაყოფი ორი ​​დღის განმავლობაში აკავებდა მტრის შემოტევას, ყოველ საათში ხვდებოდნენ და მეთოდურად ანადგურებდნენ ოკუპანტების კოლონებს.

უკვე ძალიან გადაღლილი უკრაინის ჯარი კამენსკოე-ორეხოვის საზღვარზე გადავიდა, სადაც სასტიკ  წინააღმდეგობას უწევდნენ ერთი კვირის განმავლობაში მტერს, რომელიც არტილერიას და ბომბდამშენ თვითმფრინავებს იყენებდა.

6 მარტს პოლკოვნიკ ჩაუკის დანაყოფი ურთულეს ბრძოლაში ჩაერთო ოკუპანტებთან, რომელთა რაოდენობაც გაცილებით დიდი იყო უკრაინელ ჯარისკაცებთან შედარებით. თუმცა უკრაინელთა დივიზიამ გაუძლო, თანამებრძოლები დაკარგეს, მაგრამ მტრის თავდასხმები მოიგერიეს.

დენის ჩაუკის თქმით, ამ ბრძოლებში მტრის ათამდე ტექნიკა განადგურდა, ბატალიონის შემადგენელი ცოცხალი ძალის ნახევარი დაიხოცა. ამავე ბრძოლებში დაიღუპა ბატალიონის მეთაური, ასევე უკრაინის გმირი ანდრეი ლიტუნი.

პოლკოვნიკმა ჩაუკმა თავად მოახერხა გაეყვანა ბრძოლის ველიდან ორი დაღუპული და ორიც დაჭრილი თანამებრძოლი.

„ათდღიანმა თითქმის უწყვეტმა და დამქანცველმა ბრძოლამ უკრაინელთა მთის ქვეითი ჯარი გამოფიტა. უწყვეტად თოვდა, ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იყო. საუკეთესო შემთხვევაში ჯარისკაცებს შეეძლოთ დღეში 2-დან 4 საათამდე დაეძინათ, მტერთან მორიგ შეტაკებამდე ჩამძვრალიყვნენ საძილე ტომრებში და ოდნავ გამთბარიყვნენ ძალების აღსადგენად.

ცეცხლის დანთება არ შეიძლებოდა, მტერი შეგვნიშნავდა. ჯარი დაიღალა, უამრავი თანამებრძოლი დავკარგეთ და ძალების აღდგენა სჭირდებოდათ“ – იხსენებს პოლკოვნიკი ჩაუკი.

6 მარტის მძიმე ბრძოლების შემდეგ პოლკოვნიკ ჩაუკის ბატალიონი ისევ ზაპოროჟიაში გადაიყვანეს.

ჯარისკაცებმა დაისვენეს და ძალები აღიდგინეს, პოლკოვნიკი და მისი ბატალიონი ათ დღეში ისევ ფრონტზე იყო.

ჩაუკის მოვალეობებს ახალი მისია დაემატა: სადესანტო-თავდამსხმელი ტანკების ასეულის მართვა, რომელსაც ზაპოროჟიასა და ვასილევის რაიონებში სამი ოკუპირებული, დასახლებული პუნქტი უნდა გაეთავისუფლებინათ რუსი დამპყრობლებისგან.

22 მარტს დიდი დიდი შეტაკება იყო სოფელ მალინოვკასთან, რომელიც რუსების ქვეითთა ასეულს ჰქონდა ოკუპირებული. რუსებმა ამ შეტაკების დროს 40 სამხედრო პირი, სამი ჯავშანტრანსპორტიორი და ტანკი დაკარგეს, თუმცა ისინი არ შეჩერებულან და რეზერვი ჩართეს ბრძოლაში.

ეს შეტევა უკრაინელთა ბატალიონმა წარმატებით მოიგერია.

მალინოვკას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა მტერს სამი ჯავშანტრანსპორტიორი წაართვეს და ოცი რუსი ოკუპანტი ჩაიგდეს ტყვედ.

პოლკოვნიკის სწორმა ქმედებებმა და დანაყოფებისთვის დროულად მიცემულმა დავალებებმა განაპირობა სოფლის სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მტრისგან.

ეს წარმატებული დეოკუპაცია შეფასდა უკრაინული ძალების სისხარტის, მანევრირების უნარის და თანმიმდევრულობის მაგალითად.

ერთ-ერთი კერძო სახლის წმენდისას, სადაც ოკუპანტები იმალებოდნენ, ყუმბარა აფეთქდა და დენის ჩაუკმა ქვედა კიდური დაიზიანა. სამხედრო ექიმებმა მას სამი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე. ერთი თვე საავადმყოფოს საწოლში გაატარა, ერთი თვე – რეაბილიტაციას გადიოდა.

ახლა კი პოლკოვნიკი ჩაუკი კვლავ ბრძოლის ველზეა. მართალია, ცოტას კოჭლობს, მაგრამ უკვე ხელჯოხის გარეშე ცდილობს სიარულს.

პოლკოვნიკ ჩაუკს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 24 აპრილს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა.

„ეს დიდი ჯილდო პირველად მამაჩემმა მომილოცა. ტელევიზორს უყურებდა და უცებ მოისმინა, რომ პრეზიდენტი მაჯილდოებდა. სასწრაფოდ დამირეკა საავადმყოფოში, ვიცოდი, მამაჩემი ტყუილს არ იტყოდა. მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ რამე შეეშალა მეთქი.

შემდეგ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შევედი და ვხედავ – მართლა გმირის წოდება მოუნიჭებიათ…

მერე მეგობრებმა დაიწყეს დარეკვა, ჯარისკაცებმა, მეთაურებმა. გმირის წოდება დიდი პატივია და სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს გმირად არ ვთვლი, ეს ჩემი ჯარისკაცების ჯილდოა, ყველასი, ვინც ბრძოლაში გამძლეობა და გამბედაობა გამოიჩინა. ეს ჩვენი საერთო ჯილდოა“ – ამბობს დენის ჩაუკი.

დენის ჩაუკი მესამე თაობის არტილერისტია. მის ოჯახში ყველა კაცმა სუმის სარაკეტო ჯარების და არტილერიის სამხედრო ინსტიტუტი დაამთავრა: მამამ, ძმამ და მან.

____________________________________________

ფოტოები: პოლკოვნიკ დენის ჩაუკის პირადი არქივიდან/armyinform. წყარო: Armyinform

გადაბეჭდვის წესი


ასევე: