გართობა,სიახლეები

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები კიევის მიერაა გაყინული – პატრუშევი

16.06.2022
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები კიევის მიერაა გაყინული – პატრუშევი

„რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევით, რაც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გახდიდა შესაძლებელს. თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს აქვს გაყინულია,“ – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, 15 ივნისს BRICS-ის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

როგორც TASS-ი ციტირებს პატრუშევს, იგი რუსეთ-უკრაინის დიალოგის შეწყვეტას „ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების დესტრუქციულ ქმედებებს“ აბრალებს.

პატრუშევმა, ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ რუსეთი წლების განმავლობაში მოუწოდებდა ამერიკას და ნატოს, „არ წაეხალისებინათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ამბიციები“. ამასთან, მან კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთის რიტორიკას იმის შესახებ, რომ „კიევის რეჟიმს საომარი, ნეონაცისტური და რუსოფობიური სენტიმენტები“ ჰქონდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინა ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასაც შეადარა და აღნიშნა, რომ „ვაშინგტონი და ლონდონი იმავენაირად მოიქცნენ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდეც. ამჯობინეს რა ჰიტლერის აგრესიული გეგმების იგნორირება ან ხელიც კი შეუწყეს მათ იმ იმედით, რომ ნაცისტურ რეჟიმს მოსკოვის წინააღმდეგ მიმართავდნენ“.

BRICS 5 განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნის ასოციაციაა. მასში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2009 წლიდან BRICS-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობები ყოველწლიურ ფორმალურ სამიტებზე იკრიბებიან. 2022 წელს მე-14 სამიტი მიმდინარეობს, ამჯერად ჩინეთის ხელმძღვანელობით.

 

____

მთავარი ფოტო: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან (სურათზე არ არის გამოსახული) შეხვედრისას იერუსალიმში, ისრაელი, 2019 წლის 24 ივნისი. EPA-EFE/RONEN ZVULUN / POOL

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: