მთავარი,სიახლეები

„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ

15.06.2022 • 1268
„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას?

ვიმუქრებით ფარდით ახდით, მაგრამ ფარდა უკვე ჩვენზეა ახდილი – ღარიბაშვილისგან დაანონსებულ ფარდის ახდას გუშინ, 14 ივნისს, ამ ფრაზით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • ბატონო იაგო, თქვენი დაკვირვებით, რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ მალავს ანტიდასავლურ დამოკიდებულებას მოსახლეობის წინაშე, რომლის 80-მდე პროცენტი [სხვადასხვა კვლევით] ირჩევს დასავლეთს?  

გამოიკვეთა უპირველესად ის, რომ ანტიდასავლური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან უკვე ცალკეულ ევროპარლამენტარებს კი არა, მიემართება მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, როცა მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუციები გამოდის მარგინალიზებული, რომლებიც, საქართველოს ხელისუფლების აზრით, საქართველოს მტრები არიან.

ეს აღარ არის მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც გადაიზრდება ანტიდასავლურ პოლიტიკაში და მოიტანს იზოლაციას დასავლურ სტრუქტურებთან. მათი ეს რიტორიკა შეიძლება გავრცელდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე, კონგრესზე და ასე შემდეგ.

ჯერ ასეთი მჭახე არ ყოფილა „ოცნება“ ამერიკის მიმართ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმავეს იტყოდნენ, კონგრესს რომ მიეღო იმ ტიპის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო.

  • ესეც ხომ მკაფიოდ ჩანს, სად აღმოჩნდება საქართველო დასავლეთისგან იზოლაციის შემთხვევაში? 

შესაძლოა, ეს რიტორიკა შეცვალონ კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შეარბილონ და ასე შემდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.

ცხადია, დასავლური სტრუქტურებისგან იზოლაცია ბუნებრივად წარმოშობს ორიენტაციას რუსეთზე.

შესაძლოა, ვინმე ფიქრობდეს – აი, რატომ რუსეთზე? საქართველოს შეუძლია იყოს თვითკმარი სახელმწიფო, რომელიც ნაციონალური ინტერესების განვითარებაზე იფიქრებს და არ იქნება არავის პროტექტორატის ქვეშ. მაგალითად, ამ იდეას აჟღერებს „პატრიოტთა ალიანსი,“ რომ ჩვენ პრორუსები კი არა, პროქართველები ვართ, მაგრამ ეს ხომ ილუზიაა? საქართველოს არ შეუძლია მსოფლიოსგან იზოლირებულად არსებობა, ის რომელიღაც გავლენის ორბიტაზე უნდა აღმოჩნდეს.

თუ ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ ევროკავშირის და, ზოგადად, დასავლური სტრუქტურების გავლენის ორბიტაზე, მაშინ იძულებული ვიქნებით, აღმოვჩნდეთ ალტერნატიულ ორბიტაზე. ყველაზე ძლიერი ალტერნატივა დასავლური სტრუქტურებისა კი რუსეთია. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი.

ჯერ კიდევ ასატანი იყო აქამდე, როცა „ქართული ოცნების“ კრიტიკა მიემართებოდა ინდივიდებს, ახლა კი ის მიემართება მთლიანად ინსტიტუციებს. ეს არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას.

შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ორ რამეს: ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და დასავლეთისგან იზოლაციას, რაც გულისხმობს თავისთავად რუსულ ორბიტაში მოქცევას.

  • ვიდრე კვლევები ჩატარდება, რა შეიძლება იყოს საზომი იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ აღიქვამს ხელისუფლებას ამგვარ პოზიციონირებას ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი, ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც აქამდე პოლიტიკური არჩევანის არქონის გამო პასიურ მდგომარეობაში რჩებოდა? 

არ შეიძლება ცალსახად იმის თქმა, რომ ორიენტაციის შეცვლა არის წინააღმდეგობაში საზოგადოების განწყობებთან. ერთი შეხედვით თითქოს ასე ჩანს, რომ აშკარად წინააღმდეგობაშია, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, რომ 80 პროცენტზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად მყიფე და სტაბილურია ასეთი საზოგადოებრივი აზრი.

საქმე რაშია: ევროკავშირში, დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა, ჩემი აზრით, შესაძლოა იყოს ზემოდან პოლიტიკური ელიტებისგან პროვოცირებული მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რამდენად არის ევროპა საქართველოს მოქალაქეების შინაგანი, ანუ ინტერნალური ორიენტაცია, ამას სჭირდება შემოწმება.

  • ეს გამოჩნდება ამ დღეებში? 

დიახ, გამოჩნდება ეს ერთი და მეორეც – ევროკავშირზე ორიენტაცია მხოლოდ ზოგადი განაცხადი ხომ არ არის? ეს გულისხმობს გარკვეული ღირებულებების პატივისცემას. ეს ორიენტაცია შეიძლება დავშალოთ გარკვეულ ინდიკატორებად, მაგალითად, უმცირესობის უფლებების დაცვა, რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები და სხვა. არის აქ ევროპული ორიენტაციის კონტექსტში საზოგადოება მზად დაიცვას ეს უფლებები? – მე არ ვარ დარწმუნებული ამაში.

ასევე, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების პატივისცემას, როგორიცაა შრომის ღირებულება. ადამიანებს აქვთ წარმოდგენა, რომ ევროკავშირში გაერთიანება ნიშნავს მიერთებას რაღაც მეწველ ძროხასთან, საიდანაც მოდის სიკეთე გარკვეული გარჯის გარეშე.

მე იმედს მაძლევს ის, რომ რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან მთლიანად იმდენად ტრავმულია, იმდენი უბედურება მოუტანა და მოაქვს რუსეთს საქართველოსთვის, რომ ეს შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის იდეის მხარდასაჭერად საკმარისი გახდეს. ეს ნეგატიური მობილიზაცია არის ახლა მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება შეიძლება არ არის მზად ევროპული ღირებულებებისთვის, მაგრამ ის არის მზად რუსული სივრცის უარსაყოფად, რაც არაა მცირე ფაქტორი.

ეს შესანიშნავად იცის ხელისუფლებამაც და ამიტომაცაა, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებენ, თუმცა, ამავე დროს, რუსეთზე დადებითად არ საუბრობენ.

  • ახლა, როცა ევროპაზე მმართველი პოლიტიკური პარტია პრაქტიკულად უარს ამბობს, რამდენად იმუშავებს, თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ მთავარი პოლიტიკური გზავნილი – „ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ბრალია“? 

ამ შემთხვევაში უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ აღარაა წინა პლანზე და „ოცნებისთვის“ გაფართოვდა  „საქართველოს მტრების“ ჰორიზონტი, უკვე გლობალური სია აქვს მმართველ ძალას და თუკი აქამდე გაიტანა ის გზავნილი, რომ აი, „ნაცები“ ცუდები არიან და ჩვენ – კარგები, ახლა მოუწევს დაამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები. ვფიქრობ, ეს გაუჭირდება.

  • დღეს ისმოდა შეფასებები, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული პარალელური აქცია დაქსაქსავს საზოგადოების განწყობას, რადგან გაურკვევლობა მუშაობს ცუდად. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

მესმის ერთგვარი წყენა „სირცხვილიას“ და სხვების, მაგრამ აქ მთავარია მიზანი: რისთვის იკრიბებიან ადამიანები? ეს ხომ „უცნობის“, ან „ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქცია არ არის? ამ აქციის მიზანია ევროპაში ინტეგრაციის მხარდაჭერა, აქაც უნდა მივიდეთ და იქაც.

მე ყველას დავუფასებდი აქტიურობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: