მთავარი,სიახლეები

უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა

15.06.2022
უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა

2021-ში, თვითმმართველობის არჩევნების წელს, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება მილიონი ლარით გაიზარდა. ამაზე სახელმწიფო აუდიტმა ბიუჯეტის შეფასების ანგარიშში გააკეთა აქცენტი. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ეს – დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებამ, თუ მათ ხელფასები გაუზარდეს.

დაზუსტებული პასუხი – ხელფასი გაიზარდა თუ დასაქმებულთა რაოდენობა, ვერც უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ეს მატებაც პანდემიით ახსნა.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასზე სულ 49 მილიონ 677 800 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, „შრომის ანაზღაურებაზე“ 37 მილიონ 164 500 ლარი. ეს მონაცემი მხოლოდ  157 100 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ“ კი 12 მილიონ 513 300 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიონ 054 800 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ დაგვიზუსტეს, რაში დაიხარჯა  ერთი მილიონი ნამატი ბიუჯეტიდან – ეს თანხა ხელშეკრულებით დასაქმებულ ახალ სპეციალისტებზე გადაანაწილეს ხელფასების სახით, თუ უკვე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ზრდას მოხმარდა: „ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომ აუცილებლად უნდა გამოითხოვოთ“.

არსებობს ვარაუდი, რომ საარჩევნო წელს ნამატი თანხა სწორედ ახალი სპეციალისტების დასაქმებას მოხმარდა და ეს მმართველი პარტიის მხრიდან მეტი ამომრჩევლის გულის მოგების კიდევ ერთი საშუალება იყო.

ამაში დარწმუნებულია უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გიორგი კირთაძე. ის ამბობს, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა ბიუჯეტში თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ციფრები აუდიტის ანგარიშში მოცემული არ არის.

2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა ოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯარო სტრუქტურებიდან „ბათუმელებმაც“ გამოითხოვა. უმეტესმა მათგანმა მოგვწერა ზოგადად რამდენი ჰყავთ დასაქმებული ხელშეკრულებით, მაგრამ კონკრეტულად 2021 წელს რამდენი დაასაქმეს, ამის დიფერენცირება არ მოახდინეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: