მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მოვლენების განვითარების 3 სცენარი – რას წერს CNN-ი დაზვერვის ჩინოსნებზე დაყრდნობით

15.06.2022
უკრაინაში მოვლენების განვითარების 3 სცენარი – რას წერს CNN-ი დაზვერვის ჩინოსნებზე დაყრდნობით

აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კრიტიკულ სტადიაშია. ამ მომენტს შეუძლია, ომის გრძელვადიანი შედეგები განსაზღვროს და ამავე დროს, აიძულოს დასავლეთის ქვეყნები, უფრო მკაცრად უპასუხონ რუსეთის ქმედებებს.

ტელეკომპანია CNN-ი, ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, აქვეყნებს პროგნოზებსა და მოსაზრებებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში.

სტატიის თანახმად, NATO-ს ერთ-ერთი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში დადგება მომენტი, როდესაც რომელიმე მხარე წარმატებას მიაღწევს: „ან რუსები ჩავლენ სლავიანსკსა და კრამატორსკამდე, ან უკრაინელები მათ შეაჩერებენ და თუ ამხელა ძალის წინააღმდეგ უკრაინელები იქ ხაზის შენარჩუნებას შეძლებენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, დასავლეთის ოფიციალური პირები უკრაინაში მოვლენების განვითარების სამ სცენარს ვარაუდობენ:

ერთ-ერთის თანახმად, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს უმნიშვნელო წარმატებების მიღწევას დონბასში. იქნება ლოკალური შეტევები და ნელი წინსვლა ტექნიკისა და ჯარისკაცების რაოდენობის უპირატესობის დამსახურებით.

მეორე სცენარით, ფრონტის ხაზი არ შეიცვლება თვეების ან წლების განმავლობაში. ორივე მხარე განიცდის უდიდეს მსხვერპლს, ხოლო დასავლეთი, გლობალური ეკონომიკის დასუსტების გამო, კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

უკანასკნელი და ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვარიანტია, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო გეგმები გადააფასოს, საბრძოლო მოქმედებები მინიმუმამდე დაიყვანოს და გამოაცხადოს, რომ უკვე მიაღწია „გამარჯვებას“.

დაზვერვის სამსახურების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით CNN-ი მიუთითებს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი სახმელეთო ჯარების თითქმის მესამედი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ეცდება ახალი წარმატებების მიღწევას ისე, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება არ დასჭირდეს.

დასავლეთი ასევე შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში გამაგრებას მოახერხებს, მან შეიძლება უკვე დაპყრობილი ტერიტორიები მომავალში პლაცდარმად გამოიყენოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: