მთავარი,სიახლეები

თურქეთი „წითელ ხაზს“ ქმნის უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად

15.06.2022 • 1121
თურქეთი „წითელ ხაზს“ ქმნის უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მარცვლეულის კრიზისის დასაძლევად კომუნიკაციის „წითელ ხაზს“ ქმნის.

მარცვლეულის კრიზისი უკავშირდება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მიმდინარე ომს, რის გამოც უკრაინის შავი ზღვის პორტებს ვერ ტოვებენ მარცვლეულით დატვირთული გემები, რამაც გამოიწვია კრიზისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიტუაციას ართულებს საზღვაო ნაღმების არსებობა და უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიმდინარე ბრძოლები.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუს აკარის ინიციატივით ყალიბდება კომუნიკაციის „წითელი ხაზი“, რომელშიც შედიან სამი ქვეყნის – უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები გენერლების რანგით. უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ამ არხით შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთს კრიზისის მოსაგვარებლად.

ასევე, „ანადოლუს“ ცნობით, დღეს, 15 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მარცვლეულის გადაზიდვის დასაწყებად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე განაღმვის აუცილებლობა არ არის. გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტის გაყვანა შესაძლებელია იმ მიმართულებით, სადაც ნაღმების საფრთხე არ არსებობს.

„ცნობილია ის ადგილები, სადაც საზღვაო ნაღმებია. შესაძლებელია უსაფრთხო გასასვლელების შექმნა სამ პორტში. ეს საშუალებას მისცემს გემებს, ყოველგვარი საფრთხის გარეშე იმოძრაონ. გიდის ფუნქციას უკრაინული კატარღები შეასრულებენ. მას შემდეგ, რაც გემები უსაფრთხოების ზონაში შევლენ, მათ შეამოწმებენ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

უკრაინიდან შავი ზღვით მარცვლეულის გატანაზე თურქეთი მხარს უჭერს გაეროს გეგმას, რაც ითვალისწინებს სპეციალური ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნას გაეროს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით.

„ჩვენ ველოდებით რუსეთისგან პასუხს ამ საკითხზე. თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას. თუ მხარეები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრა სტამბოლში დეტალების განსახილველად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: