მთავარი,სიახლეები

მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეები – რა შეეძლო პრეზიდენტს და არ გააკეთა

15.06.2022 • 1010
მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეები – რა შეეძლო პრეზიდენტს და არ გააკეთა

„ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე. ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯები, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული და რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რომლებიც, მისი აზრით, აზიანებს ქვეყნის მომავალს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად აფუჭებს.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნიკა სიმონიშვილს ჰკითხა, მთავრობის მიერ გაფუჭებული საქმეებიდან, როგორც პრეზიდენტი ამბობს, რომელ საქმეზე შეეძლო თავად პრეზიდენტს სამართლებრივი ან პოლიტიკური ზემოქმედება. რა არ ან ვერ გამოასწორა?

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა უარყოფითი დასკვნა დადო შემდეგი საქმეების გამო:

„5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი, არაქმედითი გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ“.

ნიკა სიმონიშვილი: პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ცოტა რთული წარმოსადგენია, რა შეეძლო მას გაეკეთებინა 5 ივლისის საქმესთან მიმართებით, რადგან მას არ აქვს სამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმი მთავრობაზე.

თუმცა მას შეეძლო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პრინციპში გვახსოვს კიდევაც მისი კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომ აუცილებელია დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობის უფლება და ასე შემდეგ. აქ პრეზიდენტის ბრალს ნაკლებად ვხედავთ, რადგან ის რეალურად არ არის აღჭურვილი რაიმე ქმედითი აღმასრულებელი ნაბიჯებით. შესაბამისად, ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებდა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან დარღვეული იყო კონსტიტუცია, არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები და სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური როლი ამ საქმეში. გამოძიების ნაწილში, არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა, სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად, გამოძიება არ ყოფილა წარმოებული. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალიან ცხადად ჩანს, პრეზიდენტს მეტი ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია.

სალომე ზურაბიშვილი: „უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს.“

ნიკა სიმონიშვილი: ამ ნაწილში აუცილებელი იყო საკანონმდებლო ცვლილება და რადგან ეს ცვლილება არ მოხდა, ეს არის პრობლემა, რადგან ეს ეფუძნება პოლიტიკური ნების არარსებობას ხელისუფლების მხრიდან და ამ შეთანხმების ანულირებას. პრეზიდენტს არც ამ შემთხვევაში აქვს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტი, რადგან ის ვერავის აიძულებს, მიიღოს რაღაც კანონი. პრეზიდენტს შეუძლია რაღაც კანონის პროცესი შეაჩეროს ვეტოთი, მაგრამ ის, რომ ვიღაც აიძულოს მიიღოს რაიმე კანონი, ამის უფლებამოსილება მას არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილი: „დეკემბერში კიდევ ერთი სასწაული გააკეთა მთავრობამ, გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით“.

ნიკა სიმონიშვილი: ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებინა თავისი დისკრეციული უფლება – ვეტო, ინსპექტორის სამსახურის კანონთან დაკავშირებით. ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით.

თავის დროზე მან ძალიან უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ბევრს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

ეს ახსნა იმით, რომ თითქოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი არგუმენტები არ აძლევდა ამის შესაძლებლობას. რეალურად კი, ვეტო მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი არ არის, არამედ პოლიტიკურიცაა და პოლიტიკური მიზანშეუწონლობითაც შეეძლო მას ვეტოს დადება კანონზე, არაფერი უკრძალავდა ამას.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ვსაუბრობდით არა მარტო პროცესის უსწორობაზე, არამედ ამ გადაწყვეტილების და კანონის არაკონსტიტუციურობაზე.

საია წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორს ამ დავაში, სახალხო დამცველიც დავობს ამ საქმეში არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით: ძალიან ცხადია ამ ნორმების არაკონსტიტუციურობა, ამიტომ პრეზიდენტს შეეძლო კონსულტაციები გაევლო თუნდაც სახალხო დამცველთან, ჩვენთან, მოესმინა მოსაზრებები და ამის შემდეგ ემსჯელა, არსებობდა თუ არა სამართლებრივი არგუმენტები.

მან არ დაადო ვეტო არც ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონს, არც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კლანს გაუმარტივდა მოსამართლეების დასჯის შესაძლებლობა. თუ არ უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტს ეს უფლება, აბა დღეს რატომ დგას და აკრიტიკებს მთავრობას, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი.

გასაგებია, რომ პრეზიდენტის ვეტო შედეგობრივად ვერაფერს შეცვლიდა, რადგან „ქართული ოცნება“ ვეტოს მარტივად გადალახავდა, თუმცა პრეზიდენტმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პრინციპული პოზიცია არ დაიცვა და არ დარჩა ბოლომდე იმ მხარეს, რომელიც თავიდან აირჩია. სამწუხაროდ, ვეტოზე უარის თქმით, ხაზი გადაუსვა თავის პირველ ნათქვამს.

სალომე ზურაბიშვილი: „ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა“.

ნიკა სიმონიშვილი: ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში როგორ დანიშნეს მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში ჰაერიდან არ მოდიან, მათ ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საბჭო წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს და პარლამენტი 76 ხმით ამტკიცებს ამ კანდიდატებს.

საბჭოში როგორ მიიღება გადაწყვეტილება? – რეალურად, საბჭოს გარეშე ეს კანდიდატები პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ. საბჭოში კი გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან დღეს 10 წევრია სახეზე: პარლამენტის მიერ 4 წლის წინ არჩეულ ყველა წევრს უფლებამოსილება გაუვიდა და იმის გამო, რომ 90 ხმა არც ერთ პარტიას არ აქვს, პარტიები კი ვერ აღწევენ კონსენსუსს, ეს 5 წევრი ჰაერშია დარჩენილი.

ამიტომ საბჭო მუშაობს არა 15, არამედ 10 წევრით. ამ ათიდან ცხრა არის მოსამართლე, ხოლო ერთი წევრი არის პრეზიდენტის მიერ დანიშნული. საბჭომ გადაწყვეტილება რომ მიიღოს მოსამართლეების დანიშვნაზე, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენაზე, აუცილებელია რომ საბჭოში 10 ხმა მაინც იყოს.

პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის გარეშე საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. შესაბამისად, ვერც პარლამენტი დაამტკიცებდა იმ მოსამართლეებს, რომელთა დამტკიცებაზეც დღეს პრეზიდენტს აქვს პრეტენზიები.

ამიტომ, პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის მონაწილეობის გარეშე, ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა. მეტიც, შეუძლებელი იქნებოდა უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა, რომ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის წვლილი ამ ყველაფერში. ის იყო ბოლო ხმა, რომელიც კლანს აკლდებოდა მოსამართლეების კანდიდატურაზე მხარდასაჭერად. ის ბოლო ხმა აღმოჩნდა სწორედ პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი.

სალომე ზურაბიშვილი: „უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით ოთხი მოსამართლის დანიშვნა და სექტემბერში როცა გვთხოვდნენ ამის შეჩერებას დროებით“.

ნიკა სიმონიშვილი: უშუალოდ პრეზიდენტს ამ პროცესის შეჩერება არ შეეძლო, ამის საკანონმდებლო ფუნქცია არ აქვს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. პრეზიდენტს შეეძლო ეს წევრი გამოეხმო და ამით შეეწყო პროცესებისთვის ხელი. არც ეს გააკეთა. პრეზიდენტს არც ადრე არ გამოუყენებია ეს მექანიზმი და არც ახლა გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი: „მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა“.

ნიკა სიმონიშვილი: აქაც იგივე ხდებოდა, რაც ინსპექტორის და საერთო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით. პრეზიდენტს შეეძლო ვეტოს დადება ამ კანონპროექტზე, მით უმეტეს, როდესაც ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით არაერთ ორგანიზაციას თუ მოქალაქეს აქვს სარჩელი შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და დავობს ამ ნორმების არაკონსტიტუციურობაზე.

პრეზიდენტს საიამ მიმართა საჯარო განცხადებით, რომ ვეტოს მექანიზმი გამოეყენებინა. სამწუხაროდ, მან აქაც გვაჩვენა, რომ პრინციპული არ იყო თავის გადაწყვეტილებებში.

ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ ამ ვეტოსაც გადალახავდა, თუმცა ზურაბიშვილს შეეძლო ამით ეჩვენებინა თავისი პოლიტიკური ნება და პრინციპულობა.

სალომე ზურაბიშვილი: „გვარამიას უდროო დაკავება და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმის, პატიმრობის გამოყენება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, თუმცა პოლიტიკას კი. და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ“.

ნიკა სიმონიშვილი: ამ საკითხს რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ. შეგვიძლია დავინახოთ პრეზიდენტის ლოგიკის დამადასტურებელი  და ამის საწინააღმდეგო არგუმენტებიც.

როცა პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ დაკავების დრო არ იყო შესაფერისი და სასჯელიც არ იყო შესაბამისი, აქვე, პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კი საერთოდ დასაბუთებული და კანონიერი?

საიამ, სახალხო დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, მოვამზადეთ დასკვნა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმაც მოამზადა ამაზე დასკვნა და ყველა შევთანხმდით, რომ გვარამიას მიმართ განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, მოსამართლე კი მიკერძოებული.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და ნიკა გვარამიას, უდანაშაულო ადამიანის მიმართ ეს განაჩენი არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი,  მაშინ საერთოდ როგორ ვსაუბრობთ იმაზე, დროული იყო მისთვის თავისუფლების აღკვეთა თუ არა?

როცა უდანაშაულო ადამიანზე ვსაუბრობთ, სასჯელის პროპორციულობა მეორეხარისხოვანი ხდება. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ნამდვილად უდროო იყო გვარამიას დაკავება და ხელისუფლებამ ეს სწორედაც შეგნებულად გააკეთა. რა თქმა უნდა, სასჯელიც არაპროპორციული იყო. თუმცა პრეზიდენტს ავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა ამ საქმესთან მიმართებით.

როცა განაჩენი არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა სწორადაც რომ უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება. რატომ არიდებს ამ საკითხს თავს და რატომ არ იწყალებს არ ვიცი. არ მოგვისმენია მისგან დასაბუთება, თუმცა, თუ შეიწყალებს გვარამიას, ამის სრული უფლება გააჩნია.

სალომე ზურაბიშვილი: „ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება? ეს ყველა ნაბიჯი ისეა გადადგმული, რომ იკითხება – ჩვენ დიდად არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს და არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით“.

ნიკა სიმონიშვილი: ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ მთავრობის ნაბიჯები არათუ არ ყოფილა მიმართული ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, არამედ პირდაპირ იყო მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო.

როცა კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აუცილებელია მთავრობამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ წავიდეთ ევროკავშირისკენ, მთავრობა არათუ არ აკეთებს არაფერს, არამედ სპეციალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.

კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია ამ მთავრობამ, თუნდაც 5 ივლისს, როცა მან თავისი პოზიტიური ვალდებულება არ შეასრულა და სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება არ გააჩნია ამ შემთხვევაში.

ერთადერთი, ვისაც მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება შეუძლია სამართლებრივად, პარლამენტია, მაგრამ თუ პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ და ხალხის დაკვეთას არ შეესაბამება მათი ქმედებები, აქ ერთადერთი მექანიზმია – საზოგადოებამ მოითხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ იმის გამო, რომ ისინი რეალურად ასცდნენ ამ გზას.

სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ განცხადების გაკეთება და იმის თქმა, რომ მთავრობა დასათხოვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: