მთავარი,სიახლეები

ერთი სამშობლო გვაქვს, მეორეს არავინ მოგვცემს – უკრაინელი გენერალი ხერსონის დაბრუნებაზე

15.06.2022
ერთი სამშობლო გვაქვს, მეორეს არავინ მოგვცემს – უკრაინელი გენერალი ხერსონის დაბრუნებაზე

გენერალ-მაიორ დმიტრო მარჩენკოს აზრით, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი დრო დაკარგა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დაიბრუნონ ოკუპირებული ხერსონი.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა გაუჭირდებათ რუსი ოკუპანტების ხერსონიდან და მთლიანად ოლქიდან განდევნა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებს შორის ფრონტის ხაზზე ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ყველა მონაკვეთი დაცხრილულია და ყველაფერი დანაღმულია“, – უთხრა „კრიმ რეალიის“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, რომელიც არცთუ ცოტა ხნის წინ ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა.

მარჩენკოს აზრით, ასევე ნაკლებ სავარაუდოა რუსეთის არმიის ხელახალი შეტევა ნიკოლაევზე.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დრო დავკარგეთ და მივეცით მტერს საშუალება, იქ გამაგრებულიყო. იქ ახლა ძალიან „კარგად აქვთ აწყობილი“ ცალკეული დანაყოფების მუშაობა. ისინი მონოტონურად, ყოველდღიურად ურტყამენ მნიშვნელოვან წერტილებს და ამით ხალხის დემორალიზებასაც ახერხებენ.

ვიტყვი როგორცაა: ჩვენ რომ საკმარისი ძალები და საშუალებები გვქონოდა, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს (ტექნიკა, შეიარაღება, არტილერია, სისტემები, მხარდაჭერა ციდან), დამიჯერეთ, ისინი ქერჩის ხიდთან გაჩერდებოდნენ“.

გენერალ-მაიორმა ხერსონის მიმართულებაზე რუსული არმიის დაცვაც შეაფასა:

„ბეტონს ასხამენ, მაგრამ იცოდეთ, როდესაც კონტრშეტევა დაიწყება, ყველანი გაიქცევიან, რადგან არამოტივირებულები არიან. მათ არც სურვილი აქვთ და არც მოტივაცია. ისინი იქ იძულებით შეყარეს და იძულებით იბრძვიან. ჩვენ არავინ გვაიძულებს. ჩვენ საკუთარ სახლს ვიცავთ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს და მეორეს არავინ მოგვცემს“.

გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების შევიწროებას – მათი საბოლოო მიზანი კი ხერსონის გათავისუფლებაა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის არმიამ დასახლება ტავრიჩესკოე გაათავისუფლა.

____

ხერსონი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელიც რუსეთმა ომის პირველივე დღეებში დაიპყრო. ხერსონში მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ. რუსეთი გეგმავდა ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახეხა.

ქალაქი ხერსონი სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმის სიახლოვესაა.

მთავარი ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი დმიტრო მარჩენკო/ფოტო: Unian

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: