რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას

თიაქარი, იგივე გრიჟა, საკმაოდ ხშირი დაავადებაა, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით ხდება და შეფასებულია, რომ ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუცლის კედლის თიაქრის დაახლოებით 20 მილიონი ოპერაცია ტარდება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, გოჩა მარკოიძე ამბობს, რომ პაციენტები სხვადასხვა სახის ბანდაჟისა და ქამრის დახმარებით ცდილობენ თვითმკურნალობას, რაც არაეფექტურია და მეტიც, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა თიაქარს ძალიან სერიოზული გართულება მოჰყვეს.

  • ბატონო გოჩა, რა არის თიაქარი, იგივე გრიჟა?

თიაქარი, იგივე გრიჟა, არის მუცლის კედელზე გამობერილი ადგილის არსებობა ანატომიურად სუსტ მიდამოებში. არსებობს გარეგანი და მუცლის ღრუს შიდა თიაქარი. 

კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს: მუცლის გარეთა – საზარდულის, ბარძაყის, თეთრი ხაზის, ჭიპის მიდამოს და მუცლის შიდა – დიაფრაგმისა და შორისის მიდამოს თიაქარი. გარეთა იმიტომ ჰქვია, რომ ის მუცლის ღრუს გარეთ გამოდის და გამობერილი ადგილი თვალითაც შესამჩნევია მუცლის წინა კედელზე; მუცლის შიგნითა თიაქრების თვალით და ხელით გასინჯვა კი შეუძლებელია.

  • როგორ ვლინდება, როგორ უნდა ამოვიცნოთ თიაქარი?

როგორც გითხარით, მუცლის გარეთა თიაქარი პაციენტისთვის ძალიან მარტივი ამოსაცნობია. ასეთი ჩივილია – პაციენტი თითქოს გრძნობს გამობერილი ადგილის არსებობას, რაღაც ორგანო გამოდის მუცლის წინა კედელზე და ისევ ბრუნდება მუცლის ღრუში. ეს თიაქრის პირველი, კლასიკური დამახასიათებელი ნიშანია.

მეორე ნიშანია უკვე ტკივილი მუცლის წინა კედელზე გამობერილ მიდამოში.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს თიაქარი? 

თიაქრის განვითარება დამოკიდებულია მუცლის შიდა წნევის მომატებაზე. მუცლის შიდა წნევა იმატებს ფიზიკური დატვირთვის, სიმძიმის აწევის, ქრონიკული ხველების, ხშირი ყაბზობის, ორსულობის შედეგად. მუცლის შიდა წნევამ რომ არ მოიმატოს, საჭიროა ისეთი რისკფაქტორების არიდება, როგორიცაა ჭარბი წონა და ადინამიურობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მძიმე ფიზიკური აქტიურობის გამორიცხვაა.

როგორც წესი, თიაქარი ჩნდება მუცლის წინა კედელზე ფიზიოლოგიურად არსებულ სუსტ მიდამოებში. საზარდულის თიაქარი უფრო ხშირია კაცებში, ბარძაყის თიაქარი კი – ქალებში.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი შენიშნავს ასეთი გამობერილობის არსებობას მუცლის წინა კედელზე,  საზარდულის თუ ბარძაყის მიდამოში, პაციენტის დათვალიერება და ხელით გასინჯვა საკმარისია დიაგნოზის დაზუსტებისთვის. დიაგნოზის დასმისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ანამნეზის შეკრება, გასინჯვა ხელით და ვიზუალურად.

რაც შეეხება მუცლის შიდა თიაქრების დათვალიერებას, ეს ხელით ვერ ხერხდება, ამისთვის გამოიყენება ისეთი დამატებითი რადიოლოგიური კვლევები, როგორიც არის მუცლის ღრუს ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

  •  როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

როგორც წესი, თუ ისეთ სიმპტომს შეამჩნევთ, როგორიცაა: ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა, ყაბზობისადმი მიდრეკილება და ა.შ. საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რაიმე სახის გამობერილობისა და ტკივილის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოთ ქირურგს.

  • როგორ მკურნალობენ თიაქარს?

ნებისმიერი სახის თიაქრის მკურნალობა ხდება  მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გზით. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც ლაპარასკოპიული, ისე კლასიკური წესით. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და ხასიათზე.

თიაქრის ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს სპეციალური ბადეების იმპლანტირებას მუცლის წინა კედელზე. საქმე ის არის, რომ  თიაქარი, ეს არის მუცლის წინა კედელზე დეფექტის არსებობა, იგივე კუნთებისა და აპონევროზის სისუსტე, სადაც ჩნდება არხები, ამ არხებში კი ფორმირდება თიაქარი.

თიაქრის მკურნალობის პრინციპი არხის ლიკვიდაციაა, რაც ხერხდება სპეციალური სინთეზირებული ბადეების იმპლანტირებით, ანუ ჩაკერებით ამ მიდამოში. ეს უზრუნველყოფს თიაქრის კერის დახურვას. ამ ადგილზე შემდგომში თიაქარი აღარ ჩნდება.

ოპერაციამდეც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება.

თუ პაციენტს აქვს ყაბზობისკენ მიდრეკილება, საჭიროა დაირეგულიროს კუჭის მოქმედება ყოველდღიურად, რომ თავიდან აირიდოს შებერილობა.

  • როგორია ოპერაციის შემდგომი რეკომენდაციები?

ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე (მაგრამ არა მსუბუქი) ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში.

თუ პაციენტი სპორტსმენია, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რათა მოხდეს ბადის სრული ფიქსაცია ქსოვილებში. თუ ოპერაციის შემდეგ პაციენტი გააგრძელებს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შესაძლოა ბადე მოიგლიჯოს ქსოვილებისგან და გამეორდეს თიაქარი.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

ძალიან ხშირად თიაქრის დროს პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას სპეციალური ბანდაჟებისა და ქამრების ტარების სახით, რაც არასწორია.

პირიქით, როგორც კი პაციენტი შენიშნავს თიაქრის გამობერილობას, დროულად უნდა მიმართოს ქირურგს,  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საქმე ის არის, რომ შეიძლება განვითარდეს თიაქრის ჩაჭედვა, რაც უკვე გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებაა. ჩაჭედვა ნიშნავს მუცლის რომელიმე ორგანოს ამ კუნთოვან დეფექტში გარეთ გამოსვლას და დარჩენას უკან დაბრუნების გარეშე, ორგანოს კვება ანუ სისხლმომარაგება ჩერდება, რის შედეგადაც 6 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს ამ ორგანოს სრული ნეკროზი.

ასეთ დროს თიაქრის ოპერაციის გარდა შესაძლოა ორგანოს ამოკვეთაც გახდეს საჭირო.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თიაქარი, ეწყებათ ტკივილი და გამობერილობა ხელით არ სწორდება მუცლის ღრუში, აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართონ ქირურგს.

არ უნდა შეგვრცხვეს, უკრაინაში ხიდები გავანადგუროთ – რუსეთის თავდაცვის ექსპერტი

რუსი პროპაგანდისტები ღიად მოუწოდებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტების საწყობებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის საპასუხოდ უკრაინაში ხიდების განადგურებისკენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული არხის, „რასია 1“-ის ეთერში, გადაცემა “60 წუთში” ისაუბრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა, სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროჩენკომ განაცხადა, რომ “ჩადენილია დანაშაული და მას უნდა მოჰყვეს  სამართლიანი შურისძიება”, ამიტომ, მისივე თქმით, “დნეპრში ხიდების განადგურების დრო დადგა”.

კოროჩენკოს თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს არა რუსების პოზიციები ოკუპირებულ ხერსონში, არამედ „პირდაპირ რუსეთი“, რადგან „ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთია. ზაპოროჟიეს ოლქი არის რუსეთი. ხარკოვის ოლქი არის რუსეთი. ოდესა, ნიკოლაევი არის რუსეთი. ისინი გვესვრიან ჩვენ”.

„არსებობს უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების პრობლემის გადაჭრის ყველაზე რადიკალური და მარტივი გზა, გავანადგუროთ ყველა ძირითადი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტი დასავლეთში, საიდანაც მოდის ტრანსფერი პოლონეთიდან და სამხრეთში, სადაც რუმინეთიდან მოდის ტრანსფერი“, – განაცხადა რუსმა ექსპერტმა გადაცემაში. 

კოროჩენკო ამბობს, რომ რახან გარკვეული პოლიტიკური ვითარება ამ ეტაპზე არ იძლევა საშუალებას, რუსეთმა პირდაპირი დარტყმები განახორციელოს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე კიევში, დრო დადგა დაანგრიონ ხიდები დნეპრში.

„ხერსონზე, ნოვაია კახოვკაზე უკრაინის ყოველი თავდასხმისთვის, დნეპრის ხიდებიდან თითო უნდა ჩამოინგრეს. არ უნდა შეგვრცხვეს ამის გაკეთება. ეს ლეგიტიმური სამხედრო მიზნებია“, – თქვა მან.

მისივე თქმით, დასავლელი ვიზიტორების უწყვეტი ნაკადი უკრაინაში უნდა შეწყდეს, „პირველ რიგში მათ უნდა ეშინოდეთ კიევში ჩასვლა და შემდეგ – მათ ფიზიკურად უნდა შეეზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ საჰაერო თუ სარკინიგზო გზით იქ ჩავიდნენ”.

მისი აზრით, „მაღალი სიზუსტის სარაკეტო თავდასხმების გაფართოება“ სავარაუდოდ შეძლებდა უკრაინის ხელისუფლების „კაპიტულაციის“ იძულებას.

დონეცკში დაიღუპა ტყვეობაში მყოფი ბრიტანეთის მოქალაქე

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლების მტკიცებით, ბრიტანელი პოლ ურის სიკვდილის მიზეზი „ავადმყოფობა და სტრესი“ გახდა.

რუსული მედია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლ ურის „შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს“, თუმცა ის 10 ივლისს გარდაიცვალა.

მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა გაავრცელა. დარია მოროზოვამ პოლ ური დაქირავებულ მებრძოლად მოიხსენია და მისი სიკვდილის მიზეზად ქრონიკული დაავადებები დაასახელა.

45 წლის ბრიტანელი მოხალისე არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდან იყო. ის 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, დილან ჰილისთან ერთად დააკავეს. სწორედ ამ დღეს ელაპარაკა პოლ ური უკანასკნელად შვილებს ბრიტანეთში.

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, დონეცკში აპირებენ, იმავე ბრალდებით კიდევ ორ დაკავებულ ბრიტანელს გამოუტანონ სასიკვდილო განაჩენი – 22 წლის დილან ჰილს, რომელიც უკრაინაში პოლ ურისთან ერთად მუშაობდა და 35 წლის ენდრიუ ჰილს.

აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ხალხმრავალ ღონისძიებებს თავი აარიდონ

ამერიკის საელჩო უკრაინაში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებსა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ისინი „შესაძლოა რუსეთის სამხედრო სამიზნეებად იქცნენ უკრაინის ნებისმიერი წერტილში, მათ შორის, დასავლეთის ოლქებში“.

აშშ ასევე ურჩევს მოქალაქეებს, საჰაერო განგაშის დროს მიაშურონ თავშესაფრებს და შესაბამის ინსტრუქციასაც აქვეყნებს:

  • თუ აფეთქების ან განგაშის ხმას გაიგონებთ, დაუყოვნებლივ ეძებეთ თავშესაფარი. თუ სახლში ან შენობაში ხართ, ჩადით ყველაზე დაბალ სართულზე, სადაც ნაკლები გარე კედელი, ფანჯარა და გასასვლელია; დახურეთ კარები და დაჯექით ფანჯრებისა და გასასვლელებისგან მოშორებით.
  • თუ ქუჩაში ხართ, დაუყოვნებლივ ეძებეთ თავშესაფარი. თუ ეს შეუძლებელია, დაწექით ძირს და ხელები თავზე დაიფარეთ.
  • გახსოვდეთ, რომ ჭურვის ნამსხვრევები ძალიან საშიშია. თავდასხმის შემდეგ მოერიდეთ ნამსხვრევებს და თვალი ადევნეთ ახალ ამბებს ოფიციალური ინსტრუქციის მისაღებად.

დიპლომატიური უწყება ასევე მიმართავს შეერთებული შტატების მოქალაქეებს, არ შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო მათ, ვინც უკვე იქ იმყოფება, ურჩევს დატოვონ ქვეყანა.

საელჩო აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ქვეყანაში ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილური და არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, მოულოდნელად კიდევ უფრო გართულდეს.

რატომ ვერ ურტყამს უკრაინა რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში – ზალუჟნის განმარტება

შავი ზღიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ისევ მაღალია, თუმცა უკრაინა რუსეთის ფლოტს ვერ ურტყამს – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი განმარტავს, რა უშლის ხელს უკრაინას, რომ რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენოს.

ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსები უკრაინის პოტენციალს სწორად აფასებენ, ამიტომ წინ არ მიდიან და საკუთარ ხომალდებს იმ დისტანციაზე აჩერებენ, სადაც იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ ვერ მისწვდებიან.

„თუმცა, თუ მტერი შეტევას დაიწყებს, ჩვენს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გამოვიყენებთ,“ – დასძენს ზალუჟნი.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მუდმივად აკონტროლებენ შავ ზღვაში მტრის აქტივობას, რათა არსებული საფრთხეები სწორად შეაფასონ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც და თავდაცვის მინისტრიც ხაზს უსვამენ, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული ტექნიკის დახმარებით, უკრაინის დამცველებს უკვე შეუძლიათ თვალი ადევნონ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ამზადებს მტერი რაკეტებს გასაშვებად, არამედ თვითონ რაკეტის გაშვების მომენტსაც.

თუმცა მაღალჩინოსნები დასძენენ, რომ რუსეთი ძველი და პროგნოზირებადი ჭურვების გარდა, თანამედროვეებსაც იყენებს, ამიტომ ზოგჯერ არათუ მათი განადგურება, არამედ ტრაექტორიის განსაზღვრაც კი შეუძლებელია.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრატჩუკი აცხადებდა, რომ შავ ზღვაში რუსეთის ხუთი ხომალდი დგას, რომლებსაც ბორტზე 30-ზე მეტი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა აქვთ გამზადებული.

„ბათუმის ჩაბეტონება გაგრძელდება“ – რა სქემის დაკანონებას აპროტესტებს ენმ საკრებულოში

„ბათუმის საკრებულო აკანონებს კორუფციულ სქემას, რითაც ბათუმის ჩაბეტონება და ქაოსი გაგრძელდება,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 15 ივლისს, ბრიფინგი მოაწყო და იმ დადგენილებების პროექტები გააპროტესტა, რომლის მიღებასაც ბათუმის საკრებულო 19 ივლისის სხდომაზე აპირებს.

საუბარია ავარიული სახლების პროგრამის მიზეზით შეცვლილ სამშენებლო კოდექსზე – ბათუმის მერს k 2-ის, ანუ სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა შეეძლება, რაშიც პირდაპირ კორუფციის რისკები დაინახეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, ასევე სპეციალისტებმა.

ამჯერად, ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერი სიმაღლის გაზრდის კოეფიციენტს ბათუმში ამა თუ სამშენებლო ობიექტზე მხოლოდ თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს. რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ საკრებულომ ასეთი საბჭოს შექმნას მხარი არ უნდა დაუჭიროს, სადაც საბჭოს წევრებს თავად ბათუმის მერი შეარჩევს.

საკრებულო მხოლოდ სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს განსაზღვრავს.

„საკრებულო ვეღარ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას ამ პროცესში, ინფორმაციის მოწოდების ვალდებულებაც არ ექნება მერს, რომელიც მისი მხარდამჭერებისგან დააკომპლექტებს ამ საბჭოს… საკრებულომ არ უნდა დაუჭიროს მხარი დადგენილების მიღებას, რომელიც ასევე ითვალისწინებს არამხოლოდ ავარიულ სახლებზე k 2-ის გაზრდას, არამედ  ვითომდა, ამ არგუმენტით დაუსრულებელ კორპუსებს და კოოპერატიული ბინათმესაკუთრეებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობას ჯერ არ განუმარტავს: რატომ შეიძლება იყოს ეფექტური ისეთი სათათბირო საბჭოს ფუნქციონირება, რომლის შემადგენლობასაც ისევ გადაწყვეტილების მიმღები – ბათუმის მერი განსაზღვრავს და საკრებულო ამ დონეზეც კი, არ აიღებს პასუხისმგებლობას?

ვინ არის 12 წლის ვუნდერკინდი მაგისტრის ხარისხით

ბელგიელი ლორან სიმონსი 12 წლისაა, თუმცა უკვე დაასრულა ანტვერპენის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც, სადაც ფიზიკას სწავლობდა. 12 წლის ვუნდერკინდის შესახებ „დოიჩე ველე“ აქვეყნებს სტატიას.

12 წლის ბიჭის ცხოვრება დიდი ხანია მედიის ყურადღების ქვეშაა. ლორანი 4 წლის ასაკში სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო 8 წლის ასაკში უკვე სკოლაში სწავლა დაასრულა და ნიდერლანდებში, ეიდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრონული ინჟინერიის შესაწავლა დაიწყო.

იგი ოცნებობდა უნივერსიტეტის დასრულებაზე მანამ, სანამ 10 წლის გახდებოდა. ამ შემთხვევაში ლორანი იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, უნივერსიტეტის განათლებით, მაგრამ ეიდჰოვენის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების ვადები არარეალურად მიიჩნიეს, ლორანის მშობლები ამას არ დაეთანხმნენ და შედეგად, ბიჭმა სწავლა დატოვა.

ამის შემდეგ ლორანმა ფიზიკის შესწავლა დაიწყო ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტში და 11 წლის ასაკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მას მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა სამწლიანი პროგრამის შესასწავლად. ბიჭმა აქვე დაასრულა მაგისტრატურა, ასევე, მოკლე დროში.

2022 წლიდან ლორანი სტაჟირებას გადის გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე და მაქს პლანკის კვანტური ოპტიკის ინსტიტუტში. მკვლევართა გუნდთან ერთად ლორანი მუშაობდა მსოფლიოში უძლიერეს ლაზერზე, რომელიც უნდა დაეხმაროს ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას სისხლის ნიმუშების ანალიზისას.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ 2022 წლის ზაფხულის არდადეგების შემდეგ ლორანი სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რას შეისწავლის, თუმცა მედიცინა ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა. ლორანი ამბობს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა სურს. 12 წლის ვუნდერკინდისთვის საინტერესო თემებს შორისაა ხელოვნური ორგანოების შექმნა.

უკრაინაში 352 ბავშვი დაიღუპა რუსეთის ქვეყანაზე თავდასხმის შედეგად

უკრაინის პროკურატურის ცნობით, 15 ივლისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 352 ბავშვი დაიღუპა და 1900-ზე მეტი დაშავდა.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინაში დაზიანდა 2126 სასწავლო დაწესებულება. მათგან 216 მთლიანად განადგურდა.

_______________

ფოტოზე: ვინიცა, აფეთქების ადგილი, სადაც 14 ივლისს 3 ბავშვი დაიღუპა რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტებით მშვიდობიან ქალაქზე თავდასხმის შედეგად. ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური

ამავე თემაზე: 

4 წლის ლიზა დაიღუპა, დედა დაიჭრა – სარაკეტო თავდასხმა ვინიცაზე

სივერსკის შემდეგ რუსების სამიზნე ბახმუტი გახდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმია ლისიჩანსკიდან სივერსკისკენ მიიწევს.

„რუსები და ლუგანსკის პრორუსული სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქ სივერსკის გარეუბნებში შევიდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. რუსული ძალები ნელი ტემპით განაგრძობდნენ წინსვლას ლისიჩანსკიდან სივერსკისკენ,“ – წერს უწყება 15 ივლისის რელიზში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სივერსკის შემდეგ, რუსების სამიზნე ბახმუტი გახდება. სივერსკის აღებით კი რუსეთის არმიას სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ გაეხსნება გზა.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კუნძული ზმეინი დატოვეს, რუსები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ის უკრაინელთა კონტროლქვეშაა.

„2022 წლის 13 ივლისს ორმა რუსულმა გამანადგურებელმა, სუ 27-მა, ვერ შეძლო წარმატებული თავდასხმა განეხორციელებინა კუნძულ ზმეინიზე, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის არმიას არ შესწევს ძალა, ეფექტიანად აწარმოონ ტაქტიკური ბრძოლები,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა დღევანდელ რელიზში რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებზეც ამახვილებს ყურადღებას. დაზვერვის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკვე 2.5 მილიონზე მეტი ადამიანია უკრაინიდან რუსეთში ევაკუირებული.

„რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ უკრაინის მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიებზე იძულებით გადაჰყავს, არის ინფორმაცია რუსულ ფილტრაციის ბანაკებში უკრაინელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებაც“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთმა შეიძლება დაკარგოს საბრძოლო უპირატესობა, რომელიც ლისიჩანსკის დაკავებით მოიპოვა.

მთავარი ფოტო: საარტილერიო თავდასხმა ქალაქ სივერსკში/ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV

კოლეჯი „ახალი ტალღა” შშმ პირებს ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს სთავაზობს

კოლეჯი „ახალი ტალღა“, საქართველოს სხვა პროფესიული სასწავლებლების მსგავსად, სტუდენტების მიღებას აცხადებს, რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება.

„ახალი ტალღა“ შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) პირებს ადაპტირებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაზე დასარეგისტრირებლად.

კოლეჯი ქობულეთისა და ხულოს ფილიალები შშმ და სსმ პირებს სთავაზობს სწავლების მიმდინარეობისას საერთო საცხოვრებელში განთავსებას, საჭიროების შემთხვევაში კი – ყოველდღიურ ტრანსპორტირებას.

„კოლეჯი ადაპტირებულია. პანდუსი, ლიფტი, სველი წერტილები – ყველაფერია იმისთვის, რომ შშმ პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ ავიდნენ ლიფტით, არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს მათთვის, რომელ სართულზე იქნება ლექცია.

ყველა მატერიალური და ადამიანური რესურსი იქნება ჩვენთან მობილიზებული იმისთვის, რომ მოვერგოთ ყველანაირად ამ სტუდენტებს.

„ახალი ტალღის“ ქობულეთის კოლეჯში გაცილებით მეტი სასწავლო პროგრამა გვაქვს ბათუმის „ახალ ტალღასთან“ შედარებით და აქ მომართვიანობაც ყოველთვის მაღალი იყო. მოქმედებდა ის ფაქტორიც, რომ კოლეჯს ქობულეთსა და ხულოში საერთო საცხოვრებლებიც აქვს“, – ამბობს ეთერ ვერულიძე. ის „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის ასისტენტია ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

ეთერ ვერულიძის თქმით, კოლეჯ „ახალ ტალღაში“ შშმ და სსმ პირებს, ტრანსპორტირების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო გამოუყოფს პირად ასისტენტს გადაადგილებისთვის, ჟესტური ენის თარჯიმანს, დამხმარე ასისტენტს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

ქობულეთში მდებარე კოლეჯი „ახალი ტალღა“ 29 სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს.

რეგისტრაციის პერიოდში, 20 აგვისტომდე, ნებისმიერ დროს აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე შეუძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, კოლეჯში.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აპლიკანტებს თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ინკლუზიური განათლების მიმართულებით სასწავლო პროცესის ასისტენტი გვიხსნის, როგორ განისაზღვრება კოლეჯში შშმ და სსმ პირთა სპეციალური საჭიროებები:

რეგისტრაციისას აპლიკანტი სპეციალურ ველს ავსებს, სადაც საკუთარ საჭიროებებს აღწერს. 20 დღის განმავლობაში მას დაუკავშირდებიან და შეხვედრისას განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე რა აკადემიური საჭიროებები აქვს აპლიკანტს, რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და ზუსტად რა უნდა დაევალოს მის დამხმარე ასისტენტს.

„შშმ და სსმ პირები არ აბარებენ გამოცდას პროფესიულ კოლეჯებში, ისინი მიღებისას მხოლოდ „პროფესიულ მოსინჯვას“ გაივლიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მისთვის საინტერესო პროფესიის სხვადასხვა მხარეს გავაცნობთ წინასწარ და თუ სურვილი ექნებათ, მივცემთ შესაძლებლობას, პრაქტიკულად სცადონ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიული სწავლების პროცესი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ, თუ რა მიმართულებაზე სურთ სწავლის გაგრძელება.

მაგალითად, შესაძლოა ადამიანს ძალიან უნდოდეს ცხელი კერძების მზარეულის მიმართულებაზე ისწავლოს, მაგრამ მისთვის შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ იყოს უსაფრთხო ცხელ ღუმელთან, ცხელ კერძებთან და ტაფებთან სიახლოვეს მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას შევთავაზებთ იმავე პროფესიის უსაფრთხო მიმართულებას – მაგალითად, ცივი კერძების სამზარეულოს. ასეთ პროცესებს ვუწოდებთ „პროფესიულ მოსინჯვას“, – ამბობს ეთერ ვერულიძე.

მისივე თქმით, შშმ და სსმ პირებს კოლეჯში ინფოტურებიც ჩაუტარდებათ სურვილის შემთხვევაში, რა დროსაც ისინი გაეცნობიან სასწავლო პროცესს და დაათვალიერებენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას და მიიღებენ ინფორმაციას კოლეჯში წარმოდგენილი პროფესიული სასწავლო პროგრამების შესახებ.


კოლეჯ „ახალი ტალღის” სასწავლო პროგრამების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

577 71 14 21 – ეთერ ვერულიძე, სასწავლო პროცესის ასისტენტი ინკლუზიური განათლების მიმართულებით

577 17 79 59 – ლია დოლიძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

591 81 11 76 – თეონა მენაფირე, კოლეჯის რეესტრის ხელმძღვანელი

ციხე ყველაზე მსუბუქი რამაა, რაც თქვენ გელით – ზელენსკი ვინიცის სარაკეტო თავდასხმაზე

„იმ ხომალდის ეკიპაჟმა, რომელმაც ვინიცისკენ „კალიბრები“ გაუშვა, მინდა ზუსტად იცოდეს, რომ ციხე – ეს არის ყველაზე მსუბუქი რამ, რაც მათ ელოდებათ,“ – ასე დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ვიდეომიმართვა, რომელიც მთლიანად ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას ეხებოდა.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროთ ტერორისტ სახელმწიფოდ. მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ ქმნის ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურად, ფრთოსანი რაკეტებითა და რეაქტიული არტილერიით ანადგურებდეს მშვიდობიან ქალაქებსა და ადამიანების სიცოცხლეს“, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს და გუშინდელი ტრაგედიის შედეგები გაახსენა.

ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. დაშავდა ათობით ადამიანი, კიდევ ათობით დაკარგულია, თუმცა ზელენსკის თქმით, ნანგრევებს ჯერ ისევ წმენდენ და მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება, რუსეთის ენერგოსექტორის შეზღუდვა და მთელ მსოფლიოში რუსეთის აქტივების კონფისკაცია.

„ტერორი – ვირუსია და თუკი ტერორისტებიდან ვინმე დაუსჯელი დარჩება, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს სხვებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ვინიცაზე თავდასხმა ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ნიდერლანდებში, ჰააგაში, რუსეთის ომის დანაშაულებზე კონფერენცია მიმდინარეობდა. მისი აზრით, რუსეთმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ.

„ერთი რაკეტა სამედიცინო ცენტრ „ნეირომედს“ დაეცა. რა მოხდებოდა ვიღაცას რომ რაკეტებით დაერტყა სამედიცინო ცენტრისთვის დალასში ან დრეზდენში, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რა სახელი დაერქმეოდა ამას თუ არა ტერორიზმი? დაღუპულთა შორის 4 წლის გოგონაა, მას ლიზა ერქვა. 4 წლის ბავშვი!“ – უკრაინის პრეზიდენტმა ვინიცის ტრაგედიის დროს დაღუპულ და დაკარგულ უკრაინის სხვა მოქალაქეებზეც ისაუბრა.

ლიზას ამბავს საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც გამოეხმაურა.

„დღეს ვნახეთ გადაბრუნებული საბავშვო ეტლის თავზარდამცემი ფოტო ვინიციდან და როდესაც ახალ ამბავს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ვიცნობ ამ გოგონას. პატარა ლიზას, რომელიც რუსულმა რაკეტამ მოკლა. მაგრამ ახლა არ დავწერ ყველაფერს, რისი თქმაც მინდა მათთვის, ვინც ის მოკლა, ახლა მინდა მასზე დავწერო.

ამ საყვარელ გოგონას მაშინ შევხვდი, როდესაც საშობაო ვიდეოს ვიღებდით. ნათელი, გულწრფელი, მხიარული ბავშვი, რომელიც სიყვარულში იზრდებოდა. ამ პატარა ონავარმა მაშინ, ნახევარ საათში, მხოლოდ თავისთვის კი არ მოასწრო დახატვა, არამედ ყველა ბავშვისთვის, ჩემთვის, ოპერატორისა და რეჟისორისთვის…“

4 წლის ლიზა, გოგონა დაუნის სინდრომით, მაშინ დაიღუპა, როდესაც დედასთან ერთად მეტყველების თერაპიის კურსიდან შინ ბრუნდებოდა. დაღუპვამდე ირინამ, ლიზას დედამ, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ მოაგორებს ლიზა საბავშვო ეტლს და დედა ეკითხება: „სად მივდივართ ბაჭია, ალასთან?“

ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ ლიზა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტის აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა, ლიზას დედა, ირინა კი მძიმედ დაიჭრა, მედიის ცნობით მას ფეხი მოკვეთეს.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს/ფოტო: president.gov.ua

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივლისის 21 საათიდან 16 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 ივლისს, საღამოს და ღამით ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სილქფესტმა ცხელი შეთავაზებები დააბრუნა

15 ივლისს, ერთი დღით, სილქფესტის აქციით რამდენიმე პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული მომხმარებლები:

  • 150 ადგილობრივი წუთი + 5 000 MB ინტერნეტი  – 10₾
  • 1 000 ადგილობრივი წუთი  – 12₾
  • 15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾

სასურველი პირობის ჩართვა უკვე შესაძლებელია სილქნეტის ვებ გვერდიდან. 

მომხმარებელს   (ფიზიკური/იურიდიული) შეეძლება ერთი ან რამდენიმე პაკეტით ერთდროულად ისარგებლოს 30 დღით. ასევე  სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროს საკუთარი ბალანსიდან,  იგივე კომბინაციის *202# ან  MySilknet აპლიკაციის გამოყენებით.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

4 წლის ლიზა დაიღუპა, დედა დაიჭრა – სარაკეტო თავდასხმა ვინიცაზე

უკრაინულ მედიაში ვრცელდება 14 ივლისს, ქალაქ ვინიცაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპული ბავშვისა და დედამისის ფოტო, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.

მედიის ცნობით, დაიღუპა 4 წლის ლიზა, გოგონა დაუნის სინდრომით, რომელიც დედასთან ერთად ბრუნდებოდა მეტყველების თერაპიის კურსიდან სახლში. დაღუპვამდე ირინამ, ლიზას დედამ, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ მოაგორებს ლიზა საბავშვო ეტლს და დედა ეკითხება: „სად მივდივართ ბაჭია, ალასთან?“

ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ ლიზა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტის აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა, ლიზას დედა, ირინა კი მძიმედ დაიჭრა.

14 ივლისს, ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების აფეთქების შედეგად, ბოლო ცნობებით, 23 ადამიანი დაიღუპა, მშვიდობიანი მოსახლეობა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

შესწორება: უკრაინულ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზას დედას, ირინას, ფეხი მოკვეთეს. 15 ივლისს, საღამოს კი უკრაინული „24 კანალის“ ცნობით, ირინას დედამ განაცხადა, რომ მართალია, ირინა მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ ხელ-ფეხი არ დაზიანებია. 

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

შსს0-ს ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 9 პირი დააკავეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრია დაკავებული.

1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული“-ამბობს შსს.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო

კიევის საქალაქო საბჭომ იზიუმთან დაღუპული სამოქალაქო აქტივისტის, რომან რატუშნის ხსოვნის პატივსაცემად მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას კიევის ცენტრში, „პროტასოვ იარის“ ლანდშაფტური პარკის შექმნის შესახებ.

რომან რატუშნი, რომელიც ივნისში იზიუმთან დაიღუპა, წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას, საცხოვრებელი თუ სასტუმრო კომპლექსების ნაცვლად პარკი გაშენებულიყო.

„ეს არის რომანის ხსოვნის პატივისცემა და დასტური იმისა, რომ მისი და ბევრი სხვა კიეველის ბრძოლა ამ მწვანე ზონისთვის ამაო არ ყოფილა“, – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ტელეგრამ არხზე.

მერიისა და საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რომანის მშობლები და ორგანიზაცია „დავიცვათ პროტასოვ იარი“, რომელიც რომან რატუშნიმ 2018 წელს შექმნა.

„რომანისა და კიეველთა ოცნების ასასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა მხოლოდ გადაწყვეტილება არ კმარა“, – ამბობენ რომანის მეგობრები და კოლეგები და პირობას დებენ, რომ გადაწყვეტილების აღრულებისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ.

„პროტასოვ იარი“ – კიევში, სოლომიანსკის რაიონში, ისტორიული ადგილია. მას ეს სახელი მე-19 საუკუნეში ეწოდა, მისი მფლობელის, გენერალ პროტასოვის გამო.

პროტასოვ იარის ხედი ზაფხულში/ფოტო: kiev.informator.ua

ეს მწვანე ზონა მუდმივად იპყრობდა ბიზნესმენთა ყურადღებას. იქ მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ რამდენჯერმე მიიღო. ბოლოს, 2019 წელს, ტერიტორია შეღობეს და საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ იქ სამი 40-სართულიანი კორპუსი აშენდებოდა.

მშენებლობის უკან პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის გენადი კორბანის კომპანია იდგა.

2019 წლის ოქტომბერში რომან რატუშნიმ განაცხადა, რომ მისი აქტიური სამოქალაქო საქმიანობის გამო ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

2019 წლის 8 მაისს არქიტექტურისა და მშენებლობის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, 2020 წელს კი კიევის საქალაქო საბჭომ „პროტასოვ იარს“ მწვანე სტატუსი დაუბრუნა.

რომან რატუშნის კიევში ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი იცნობდა, რადგან „ღირსების რევოლუციიდან“ მოყოლებული დედაქალაქში თითქმის არ ყოფილა აქცია, რომელზეც ის არ მდგარა.

17 წლის რომან რატუშნი, კიევის კოლეჯის პირველკურსელი, იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც მაშინ, 2013 წელს, მაიდანზე „ბერკუტმა“ დაარბია. „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ რომანმა იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ცოტა ხანს ჟურნალისტადაც მუშაობდა, პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ძირითადად სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა.

რომან რატუშნი საპროტესტო აქციაზე/ფოტო: რომან რატუშნის ფეისბუქიდან

რომან რატუშნი ომის დაწყებისთანავე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩაეწერა, მოგვიანებით კი 93-ე მექანიზებულ ბრიგადას, „ცივ იარს“, შეუერთდა. იბრძოდა კიევთან, სუმის ოლქში, ხარკოვის მიმართულებაზე.

ის იზიუმთან ბრძოლაში 8 ივნისს დაიღუპა. მისი ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს.

რომან რატუშნის დაკრძალვა კიევში/ფოტო: unian.net

უკრაინის აღდგენისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე, ლუგანოში, რომან რატუშნი რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა.

„ის იბრძოდა უკრაინისთვის, თავისუფალი უკრაინისთვის, როგორც აქტივისტი და როგორც ჟურნალისტი. ის იბრძოდა უფრო მწვანე უკრაინისთვის და კიევის ბუნებრივ პარკს ოლიგარქების მიერ დაფინანსებული უკანონო მშენებლობებისგან იცავდა. ის იბრძოდა დამოუკიდებელი უკრაინისთვის და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ფასიც გადაიხადა“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. – „რომანის სიცოცხლე ძალიან ადრე შეწყდა, მაგრამ მისი ოცნებები ცოცხლობენ. ოცნება ახალ უკრაინაზე, არამხოლოდ თავისუფალზე, დემოკრატიულსა და ევროპულზე, არამედ, მწვანე და აყვავებულ უკრაინაზე“.

უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულ აქტივისტს კიევი 18 ივნისს გამოემშვიდობა. 5 ივლისს რომან რატუშნი 25 წლის გახდებოდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 15 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +130]
  • ტანკი – 1 672 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 866 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 842 ერთეული [+2]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 220 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 681 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 731 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 253 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 543 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 355 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 060 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 746 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 147 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 341 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არა შეცდომა, არამედ რუსეთის სამხედრო სტრატეგიაა – პოდოლიაკი

„ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა“ – ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

„ლოზუნგებით ნუ იაზროვნებ, იაზროვნე ღრმად, დასვი კითხვები“ – ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილისთვის ესაა ვაჟა-ფშაველას მთავარი სათქმელი დღეს არსებული გამოწვევების დროს.

161 წლის წინ ვაჟა-ფშაველა დაიბადა.

„ბათუმელები“ ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა ვაჟა-ფშაველას იმ ხედვებზე, რის გამოც მას ევროპელ ქართველ მწერლად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, მაგალითად, როგორ წარმოედგინა ვაჟა-ფშაველას აქტიური მოქალაქე?

  • ბატონო ლევან, დღევანდელი გამოწვევების დროს, ევროინტეგრაციის გზაზე ვაჟა-ფშაველას გზავნილებიდან რომელია ყველაზე საყურადღებო? 

ვაჟა-ფშაველა უპირველესად ზოგადსაკაცობრიო პოეტია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ადამიანის სიღრმეზე, მის დანიშნულებაზე, შინაგანი სილამაზის მარადიულობაზე, სიკეთეზე.

ევროპულ ცივილიზაციასთან ბევრი რამ აკავშირებს ვაჟას და მის შემოქმედებას, რომელიც გაჯერებულია ქრისტიანული იდეებით, რაც ევროპულ ცივილიზაციაშიც გამოიკვეთა. ვგულისხმობ ზოგადსაკაცობრიო იდეებს, მაგალითად, პიროვნების, სინდისის თავისუფლებას. ეს, ცხადია, მხოლოდ ევროპული არ არის.

  • მაგალითად, თანასწორობის იდეა როგორ ესმოდა ვაჟა-ფშაველას, რაც ფუნდამენტური ღირებულებაა დემოკრატიისთვის? 

ვაჟას მიაჩნდა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი და კრიჭაში ჩაუდგეს სხვა ადამიანებს, რომლებიც არ გაიღრმავებენ თავს. ვაჟა სოციალური გათანაბრების მომხრე არ არის და დემოკრატიული გათანაბრების მომხრე არ არის. ის უფრო მომხრეა თავისუფალი განვითარების, თავისუფალი პიროვნების, თავისუფალი მსჯელობის ჩამოყალიბების.

ვაჟა არის ჭეშმარიტების მომხრე და როგორ შეიძლება ადამიანები თანასწორები იყვნენ, როცა ისინი უსასრულობას ეწაფებიან. მთანი მაღალნი მეტია, ვიდრე სხვა არსებები, მათ უსასრულო მოლოდინი შეუძლიათ, ღვთიურის დანახვა.

ერთ ლექსში ვაჟა ამბობს, თქვენთან ძაღლურად ცხოვრებას, სიკვდილი მიჯობს ცდაშიაო, რადგან ხედავს, სხვა როგორ ფლანგავს სიცოცხლეს. მას მიაჩნია, რომ ასე არ უნდა იყოს და შესაძლოა, გაემიჯნო საზოგადოებასაც იმიტომ, რომ არ დაკარგო შენ მიერ აღმოჩენილი ჭეშმარიტება, სიღრმე.

მოკლედ, კონფორმისტი არ უნდა იყო ვაჟასთან.

ვაჟას არ უყვარდა ზოგადი აზრის მიდევნება. მას უყვარდა ჭეშმარიტების მიმართულებით პირადი დამოკიდებულების განვითარება, ყველაფერთან მიმართებით თავისი ხედვა ჰქონდა. ვაჟა მიიჩნევდა, რომ ძალიან ინტიმურია ჭეშმარიტებასთან, ღმერთთან ურთიერთობა, მას მიაჩნდა, რომ ადამიანმა ჯერ განმარტოება უნდა ისწავლოს. ვაჟა ამბობდა, რომ მარტოობაში მოდის ღვთიური შთაგონება, ნამდვილი „მე“ მაშინ ვხდებიო, ამბობს ერთ ლექსში, რომელსაც „მარტოობა“ ჰქვია. ის თავის ხმას ეძებს მუდმივად. ნიცშეს ჰგავს ამით, მაგრამ თან განსხვავდება მისგან იმით, რომ მორწმუნეა.

ლევან გიგინეიშვილი
  • თუმცა ხშირად აკრიტიკებს რელიგიას, როცა ხედავს, რომ რელიგიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს თავისუფლების წინააღმდეგ. 

ის ხედავდა, რომ რელიგიამ შესაძლოა მიიღოს ფორმალური სახე, თუ არსს არ ჩასწვდნენ ადამიანები. ვაჟას აზრით, ნამდვილი ქრისტიანობა სინდისის გაღვიძების რელიგიაა და იმავდროულად ხედავს, რომ ქრისტიანობის სახელით შესაძლოა არაქრისტიანულ საქმეებს აკეთებდნენ. ქრისტიანობა კაცობრიობის სიკეთეს ქადაგებს, მათ შორის, მტრის სიყვარულს, ამ დროს კი, ბერდია „ალუდა ქეთელაურში“ გვავალდებულებს, მტერი უნდა გძულდეს, მის ცხედარსაც შეურაცხყოფა უნდა მიაყენოო. მიუხედავად იმისა, რომ ბერდია რელიგიური ავტორიტეტია, ალუდა სინდისის ხმის მიმდევარია და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანში შესაძლოა დაინახო ღირსება.

ვაჟა მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა არ უნდა იქცეს იდეოლოგიად, კონკრეტული პოლიტიკური გეგმის შესაბამისად.

  • საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ხედვა ქალთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობის საჭიროებაზე. ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ის წერს, რომ „რეფორმებს უფრო მალე ვეღირსებოდითო“.

დიახ, ვაჟა იყო მომხრე ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის. მას ჰქონდა ბლოგები ქალების როლზე და მხოლოდ ბლოგებსა და სტატიებში კი არა, პოემებშიც ააქტიურებდა ამას. ქალები ვაჟას პოემებშიც ძალიან აქტიურები არიან: სანათა, ლელა, აღაზა, სინდისის გმირები არიან.

  • თუმცა, მაგალითად, აღაზას უჭირს სიმართლე უთხრას ქმარს, როცა მან უცხო კაცი დაიტირა.

აქ ჩანს, რომ აღაზას ზვიადაური მხოლოდ კი არ ებრალება, არამედ მოსწონს კიდეც. „ვინც შენს გულ-მკერდზე წვებოდაო“ – გარკვეული ეროტიზმია და ნებისმიერ ქალს შესაძლოა ბუნებრივად მოერიდოს ამის თქმის. მან სრული სიმართლე არა, მაგრამ თქვა, შემებრალა და დავიტირეო. ჯოყოლაც ღირსეულად პასუხობს აღაზას.

არც სანათას აქვს დაბრკოლება, შეასრულოს რიტუალი, რასაც კაცები ასრულებენ და მოიხსენიოს გარდაცვლილები. ვაჟაც გაკვირვებულია: რატომ არ შეიძლება ქალმა შეასრულოს რიტუალი, როცა კაცები არ არიან? მერე რა, რომ ამ საქმეს კაცები ასრულებენ? ეს სითამამე გამოხატულია სანათას პერსონაჟში.

ლელაც ხმალს იღებს ხელში და სამშობლოს იცავს.

  • წეღან ახსენეთ ვაჟა ბლოგერი იყოო, რას გულისხმობდით? 

კი, რასაც დღეს აკეთებენ ბლოგერები – სხარტი გამოხმაურება კონკრეტულ მოვლენებზე – ეს ჰქონდა ვაჟასაც. ბუნებაზე წერაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი ამ კუთხით, ასევე პედაგოგიური იყო. ვაჟას ბუნებაზე წერა სჭირდება გარკვეული სიღრმეების საჩვენებლად, გვაჩვენოს ადამიანის დაფარული სიღრმე, სილამაზე გარშემო არსებული სამყაროს და ძალადობაც, რაც სამყაროში ხდება და ამას არ უნდა შეეგუო. ამიტომაც, გარდაისახავს ის თავს ხან ხმელ წიფლად, ხან შვლის ნუკრად, რომ გასცდეს ადამიანობის ჩვეულ სტრუქტურებს და გარედან დაგვანახოს საკუთარი თავი მცენარის თუ კლდის გადასახედიდან. ის აქტიურად ცდილობს, არ გავხდეთ ისეთი, როგორი უსამართლოც არის ჩვენ ირგვლივ სამყარო.

  •  ვაჟა-ფშაველას ხედვით, როგორ უნდა გავხდეთ აქტიური მოქალაქე? 

ვაჟასთვის ამოსავალია პიროვნების, აზროვნების, სინდისის თავისუფლება, ასევე, ეროვნული თავისუფლება, რაც დაკავშირებულია პირდაპირ პიროვნულ თავისუფლებასთან, ქვეყნის სიყვარულთან. წერილში „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ის წერს, ისეთი კოსმოპოლიტები ვითომ სიყვარულს რომ ეფიცებიან მთელს დედამიწას, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ, მატყუარები არიან, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი ერი არ გიყვარდეს და კაცობრიობა შეიყვაროო. კაცობრიობის სიყვარული გონების საქმეა და კარგია, არ იძალადებ სხვა ერზე, შოვინისტი არ გახდები, მაგრამ შენი ერის სიყვარული გულის საქმეა. ჯერ ბუნებრივად უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, მერე – სხვა.

ის მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ენა, თვითმყოფადობა არ დავკარგოთ, ასევე, თვითმმართველობის გაძლიერებას. ვაჟა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ეკონომიკურ თავისუფლებას და, მაგალითად, უსამართლო გადასახადების დაწესების წინააღმდეგ ის შეიარაღებულ წინააღმდეგობაზეც ფიქრობდა – თუ ასე სულს შეგვიხუთავენ, იარაღითაც წინ აღვუდგეთო. ის ხედავდა, რომ შესაძლოა, მოგსპოს სახელმწიფომ, რომელიც არ ითვალისწინებს შენს უფლებებს და გასაჭირს.

ვაჟასთვის აქტიური მოქალაქე, პირველ რიგში, მართლის მთქმელი ადამიანია. წინააღმდეგობის გაწევამდე ის საჭიროდ მიიჩნევდა ლაპარაკს, წერა არ უნდა დაიზარო და ილაპარაკო აქტიურად სიმართლე. რაც მთავარია – არ უნდა შეგეშინდეს სიმართლის ლაპარაკი. ვაჟა ამიტომაც იყო პუბლიცისტი და ინტენსიურად აქვეყნებდა თავის აზრებს. სადაც სინდისს სძინავს, იქ დრაკონები იღვიძებენო. ამიტომაც, მისთვის მთავარი იყო, რომ სინდისს არ ჩაეძინა ადამიანებში.

  • თქვენ რა განცდა გრჩებათ ვაჟას შემოქმედებიდან, როგორ ხედავდა ის სიმართლისთვის ბრძოლას, როგორ უნდა იგრძნოს მოქალაქემ, რის გაკეთებაა სწორი და დროული? 

ამისთვის ვაჟა უპირველეს მნიშვნელობას ფიქრს ანიჭებდა, მარტოობას, ნისლი ფიქრია მთებისაო. რეცეპტი არ არის, მაგრამ უნივერსალური ამოცანაა ადამიანის, რომ საკუთარ თავში სინდისმა არ დაიძინოს, თორემ ამ ყველაფერს ჩაყლაპავს სიმახინჯე, უსამართლობა, რომელიც ძლიერია. ვაჟა ადამიანს ხედავს უფსკრულის პირას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიჩეხოს: შესაძლოა, გამდიდრდეს, გახდეს ასეთი-ისეთი, მაგრამ მასში ადამიანი ჩაიწიხლოს.

ვაჟას აწუხებდა შინაგანი სილამაზის გადარჩენა, რაც მარადიულია, მაგრამ ადამიანმა შესაძლოა ის დაკარგოს, თუ მან გაცვალა მარადიული რამ დროებითზე. ასე მოხდა გველისმჭამელი მინდიას შემთხვევაშიც – მინდიას ღვთიური ნიჭი აქვს, მაგრამ ცოლი ეუბნება, რომ ხეებს არ ჭრი, სარჩო არ მოგაქვს და სხვები გამდიდრდნენო, მინდიაც იწყებს ხეების ჭრას და კარგავს დიდ ნიჭს.

  • რა არის ის „მარადიული“, რაც ყველაზე პრინციპულია ვაჟასთვის და ახლა, თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად გვჭირდება? 

ვაჟა ხალხოსნურ მოძრაობაშიც იყო ჩართული, მაგრამ იქ არ მოეწონა ცალმხრივი, იდეოლოგიური პლატფორმა, არ მოეწონა ზედაპირულობა და უთხრა კიდეც, მე ჩემს ღერძზე ტრიალი მირჩევნია, ჩემი ფიქრებიო. მან იქ სიღრმე ვერ დაინახა… ვაჟა ამბობს: ლოზუნგებით ნუ იაზროვნებ, იაზროვნე ღრმად, დასვი კითხვები, ნუ შეგეშინდება კითხვების დასმის და თუნდაც უარყოფითი შეფასებების. შესაძლოა, არაპროგრესულად ჩამთვალონ, მაგრამ მერე რა, მიდი, მელაპარაკე, ამიხსენი. იფიქრე ადამიანის მარადიულ სილამაზეზე, გამბედაობაზე, სიკეთეზე, შენი ქვეყნის წარმატებაზე, ეს არის ამაღლებული და ღვთიური.

იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაასუსტო ბოროტება. ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა, უნდა მოერიო ბოროტებას და შეალეწო კბილები. ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ვაჟა დიდ მარხვაზე წერს, იმისთვის ვმარხულობთ, რომ გავაძლიეროთ სიკეთე ჩვენში, შინაგანი ბრძოლა გავაძლიეროთ ჩვენში, რომ გავზარდოთ სიკეთე ჩვენშიო.

ასეთი თუ გახდები, მერე აუცილებლად გარეთაც იბრძოლებ, რადგან უკვე ხედავ შინაგანი სილამაზის მარადიულობას შენში, სინათლეს, გრძნობ, რომ ეს სინათლე უკვე შენშია, შენია და რაღაცნაირად ვაჟკაცი ხდები, რადგან გინდა ეს ღვთიური სილამაზე დაიცვა და გადაარჩინო.

იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობა დატოვა, მმართველი კოალიცია კი დაიშალა.

მარიო დრაგიმ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიამ – „ხუთი ვარსკვლავი“ – ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ბოლო დღეებში ჩემი მხრიდან იყო მაქსიმალური მცდელობა გამეგრძელებინა საერთო გზა, ასევე ვცდილობდი დამეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც ჩემ მიმართ ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებს.

პარლამენტში ჩემი ინაუგურაციის დღიდან ყოველთვის ვამბობდი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ წავიდოდა წინ, თუ იარსებებდა მკაფიო პერსპექტივა, რომ  შესაძლებელი იქნებოდა სამთავრობო პროგრამის განხორციელება, რომელსაც ნდობა გამოუცხადეს პოლიტიკურმა ძალებმა. ახლა ეს პირობები აღარ არსებობს,“ – თქვა მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შემდეგ.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი, იტალიის მთავრობას 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.

ხერსონის თეატრი რუსეთმა საბრძოლო მასალების საწყობად აქცია – დაზვერვა

სამხედრო დაზვერვის ცნობით, ხერსონის დრამატულ თეატრში რუსებმა საარტილერიო მასალების საწყობი მოაწყეს, ტვირთი 12 ივლისის ღამით, მანქანებით მიიტანეს. უწყება აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა შენობის დაცვაც გააძლიერეს და მიმდებარე სკვერსა და ქუჩებში პატრულირებენ.

დაზვერვის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაცია რუსეთიდან ელოდება პოლიტტექნოლოგების ჯგუფს, რომელმაც რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება. კრემლი ხერსონში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნით დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას სექტემბერში აპირებს.

რეფერენდუმისთვის მზადების პარალელურად, ქალაქში რუსული პროპაგანდისტული გაზეთის „ნადდნეპრიანსკაია პრავდას“ მეორე ნომერი ჩაიტანეს – 40 ათასი ეგზემპლარი.

უკრაინული მედია ხერსონის თეატრში საბრძოლო მასალების შეტანას, ბოლო კვირებში, რუსული არმიის საწყობებსა და სხვა ობიექტებზე უკრაინელთა თავდასხმებს უკავშირებს.

6 ივლისს, ოკუპირებულ დონეცკში ძლიერი ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზაზე – რუსები აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი უკრაინელთა თავდასხმა იყო.

7 ივლისს „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რამდენიმე რაიონში რუსულ ტექნიკას დაარტყა.

8 და 11 ივლისს ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საწყობებზე.

როგორც BBC-ის რუსულმა ბიურომ დათვალა, 24 ივნისიდან 8 ივლისამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსების საბრძოლო მასალების 14 საწყობი გაანადგურეს.

მთავარი ფოტო: მიკოლა კულიშის სახელობის დრამატული თეატრი ხერსონში

რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამები 2015 წლიდან მოქმედებს. უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს 2020 წლიდან დაემატა პუნქტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პრაქტიკის მიღებასაც სთავაზობს.

გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ნანა ყურშუბაძეს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეუძლიათ.

„ერაზმუს +“ გაცვლით პროგრამებზე კონკურსი უნივერსიტეტში ჩვეულებრივ წელიწადში 2-ჯერ ცხადდება, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისას და მისი ხანგრძლივობა  1 სემესტრია  – 4-დან 6 თვემდე  (სემესტრის მიხედვით). იშვიათ შემთხვევაში გაცვლითი პროგრამა, შესაძლოა, მომდევნო სემესტრითაც გაგრძელდეს. გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს, ძირითად შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ენიშნებათ სტიპენდია და უფინანსდებათ მგზავრობის ხარჯიც.

ნანა ყურშუბაძის თქმით, გაცვლითი პროგრამის მონაწილეს არ შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს სწავლისა და პრაქტიკის გაცვლითი პროგრამებით.

2015 წლიდან დღემდე ბსუ-ს 115-მა სტუდენტმა ისარგებლა „ერაზმუს +“-ის გაცვლითი პროგრამებით.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ბსუ-ს გაცვლით პროგრამით რომ ისარგებლოს სტუდენტმა, აუცილებელია, მინიმუმ 15 კრედიტის საგნების თანხვედრა. სტუდენტებს აქტიურობა გაცვლითი პროგრამების კონკურსში ყოველთვის მაღალია.

„ბიზნესადმინისტრირებისა და ტურიზმის სტუდენტები ძალიან აქტიურები იყვნენ, შემდეგ უკვე ფილოლოგები და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები გააქტიურდნენ.

ყველა სტუდენტს აქვს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, თუ დაემთხვევა კრედიტები, საგნები და თუ თანახმაა ფაკულტეტი. საერთოდ, ერთ-ერთი პრიორიტეტია საგნების დამთხვევა.

მთავარი მოთხოვნებია – სტუდენტი ძალიან კარგად უნდა ფლობდეს უცხო ენას, ძირითადი უცხო ენაა ინგლისური, იმიტომ, რომ პროგრამები ძირითადად არის ინგლისურენოვანი და GPA [სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი] რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი.

გარდა ამისა, სტუდენტს უნდა ჰქონდეს სამოტივაციო წერილი. რატომ სურს წასვლა, რას შეიძენს ახალს და ა.შ. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა ძალიან კარგი CV-ის ქონა და 1-2 დამატებითი დოკუმენტი, თუ უნივერსიტეტი ითხოვს“ – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

როგორც ნანა ყურშუბაძემ გვითხრა, გაცვლით პროგრამებზე კონკურსის გამოცხადებისას კონკრეტულად ადგილების რაოდენობა არ ცხადდება.

„დაახლოებით ვიცით, მაგრამ ჩვენ არ ვაცხადებთ ასე კონკრეტულად ადგილებს, იმიტომ, რომ შეიძლება დაგვიმატონ ან პირიქით, შესაძლოა რაღაც მოხდეს. ჩვენ ვეუბნებით სტუდენტებს, რომ 1 ან 2 ადგილი შეიძლება იყოს კონკრეტული მიმართულებით.

კონკურსის გამარჯვებულებს მიმღები უნივერსიტეტი არჩევს. ჩვენ ვაგზავნით CV-ებს და მათ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთო საცხოვრებელს, ზოგ შემთხვევაში კი, სტუდენტებს თავად უწევთ საცხოვრებლის მოძებნა.

ბსუ-ში ახალი კონკურსი „ერაზმუს +“ გაცვლით პროგრამებზე სექტემბერში გამოცხადდება.

ნანა ყურშუბაძის თქმით, კონკურსის გამოცხადების წინ ყოველთვის ატარებენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებზე. ინფორმაცია ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზეც.

ბსუ-დან ბოლო სემესტრში„ ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამით 11-მა სტუდენტმა ისარგებლა.

სტუდენტები უნივერსიტეტიდან ძირითადად ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მიდიან გაცვლითი პროგრამებით.

ვაჟა ანანიძეს აკადემიამ 76 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სააპელაციოს გადაწყვეტილება

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის თითქმის ყველა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ საზღვაო აკადემიას ანანიძის სასარგებლოდ 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით, თუმცა სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, გამოცხადდა.

როგორც ვაჟა ანანიძის ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

„კანონის ჩარჩოში სასამართლომ მაქსიმუმი გააკეთა ანანიძის საქმეზე. ამის იქეთ მას კანონი არ აძლევდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რადგან სასამართლომ თქვა, რომ იმ პირობებში, როცა საზღვაო აკადემიამ გააუქმა ანანიძის თანამდებობა – კოორდინატორის პოზიცია, ტოლფას თანამდებობაზე კი სხვა პირია დასაქმებული, ვერ მოხდება მისი სამსახურში აღდგენაო.

ვფიქრობ, ამ ნაწილში სასამართლოს ხელს უშლის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს გააუქმოს შტატი, ან შეცვალოს ის პოზიცია, საიდანაც დასაქმებული გაათავისუფლა. ფაქტობრივად, დღევანდელი კანონი უკანონოდ გათავისუფლებულ პირს მხოლოდ კომპენსაციის ამარა ტოვებს და არ აძლევს შესაძლებლობას ძველ პოზიციაზე დაბრუნდეს“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რადგან ტოლფას პოზიციაზე ვაჟა ანანიძის აღდგენა ვერ ხერხდება, ძველი შტატი კი გაუქმებულია, ამ ნაწილში სასამართლომ საზღვაო აკადემიას კომპენსაციის სახით ანანიძის სასარგებლოდ 51 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ასევე, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 25 ათასი ლარის გადახდაზე. მთლიანობაში კი საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძეს 76 ათას 200 ლარი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით.

ანა ბერძენიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ისევ გაასაჩივროს აკადემიამ. „მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება და ვნახავთ როგორ იმსჯელა სასამართლომ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებთ თუ არა დავას შემდგომ ინსტანციაში“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მან საზღვაო აკადემიის მაშინდელი რექტორი და რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ დაატოვებინეს ანანიძეს თანამდებობა.

მას შემდეგ ვაჟა ანანიძე ყოველ დღე საზღვაო აკადემიის შესასვლელთან ტრანსპარანტით დგას ხელში და აკადემიას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს.

რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

არაკომერციულმა ორგანიზაცია Pure Earth-მა, იუნისეფის დაფინანსებით, ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა დაიწყო.

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ტყვიით დაბინძურების რამდენიმე კერაა, მათ შორის:

  • სუნელები
  • სხვადასხვა სახის ჭურჭელი (საბავშვო ფერადი ჭურჭლის ჩათვლით)
  • სათამაშოები
  • საღებავები
  • აკუმულატორებიდან ჯართში ჩასაბარებლად ამოღებული ტყვიის ფირფიტები

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვების პოპულაციაში ტყვიის დონის მატების მიზეზი ჩამოთვლილთაგან უფრო სავარაუდოა, რომ სათამაშოებია.

Pure Earth-Georgia საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლევებს ახლაც აწარმოებს. მათი ერთ-ერთი ბოლო ანგარიშით გამოიკვეთა, რომ სუნელ-სანელებლებში ტყვიით დაბინძურება წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, თუმცა რეკომენდებულია მონიტორინგის გაგრძელება.

სუნელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ორი წელია ამოწმებენ.

„არის ნამდვილად დარღვევა, მაგრამ მცირედით და ლოკალურად, მაგალითად, როცა ფერის გასაუმჯობესებლად სუნელში ურევენ სწორედ იმ პიგმენტს, ანუ საღებავს, რომელიც ტექნიკური დანიშნულებით უნდა გამოიყენებოდეს, მაგალითად, წიწაკაში ან ხარჩოს სუნელში ძირითადად ხდება ყვითელი და წითელი პიგმენტის გარევა,“ – განმარტავენ ორგანიზაციაში.

ჩატარდა სუნელის და ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში განთავსებული საღებავი-პიგმენტების ლაბორატორიული ანალიზი, რამაც დაადასტურა მოლეკულური შესაბამისობა, ანუ სუნელებში არსებული ტყვია იყო იმ ტყვიის ქრომატის მსგავსი, რომელიც არის პიგმენტში.
საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული კვლევა/ანალიზი ჩატარდა სათამაშოებში, სამზარეულო ჭურჭელში, სამშენებლო მასალებსა და საღებავებში.  ტყვიის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:
  • კერამიკის ჭურჭელი – 165 ერთეული, მაქსიმალური კონცენტრაცია – 29700 ppm
  • ალუმინის სამზარეულო ინვენტარი – 135 ერთეული, მაქსიმალური კონცენტრაცია – 398200 ppm
  • სათამაშოები – 80, მაქსიმალური კონცენტრაცია – 1555 ppm
  • საღებავები – 89, მაქსიმალური კონცენტრაცია – 86900 ppm
  • არასაკვები დანიშნულების ნივთები –  70, მაქსიმალური კონცენტრაცია –  7014 ppm
  • ანგარიშში წერია, რომ შემუშავდა დაბინძურებული ტერიტორიების წინასწარი სია, განხორციელდა 39-მდე ობიექტის კვლევა. დადგინდა ტერიტორიები, სადაც ნიადაგის ტყვიით დაბინძურება 900 000 ppm-ზე მაღალია.

    „საგანგაშოა ის ვითარება, რომ ამ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მსხვილფეხა პირუტყვი შეუზღუდავად ხვდება, რაც რძისა და ხორცის პროდუქტების დაბინძურებასაც იწვევს,“ – წერია ანგარიშში.

    წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნები, ჭიათურის მადანმომპოვებელი კომპანია, ასევე, სხვა ინდუსტრიული ობიექტების, საწარმოების, ფერადი და შავი ლითონის ჩამბარებელი პუნქტების, აკუმულატორების კუსტარული დამშლელი ობიექტების ტერიტორიები და ჯართის ჩამბარებელი რამდენიმე პუნქტი. ასეთი პუნქტების შეფასებისას დადგინდა, რომ ტერიტორიის ტყვიით დაბინძურების წყაროა აკუმულატორებში არსებული ტყვიის ფირფიტების ამოღება მისი შემდგომი ჩაბარების მიზნით.

    პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამზარეულოს ჭურჭლის კვლევა. დაახლოებით 15 000-18 000 ppm აღმოჩნდა ტყვიის დონე ისეთ საბავშვო ფერად ჭურჭელში, რომლებსაც ხშირად სასაჩუქრედ იყენებენ ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირების გამოსახულებით. ანალოგიური ვითარებაა საახალწლო გაფორმებების მქონე ჭურჭელში, რომელიც, ასევე, აქტიურად გამოიყენება სასაჩუქრედ.

    კვლევის ფარგლებში შემოწმებულია ქვაბები, რომლებშიც, მართალია, არ აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა, თუმცა ვერცხლისწყალი და დარიშხანი აჭარბებს დასაშვებ ნორმას, რაც არანაკლებ სახიფათოა.

    სამშენებლო მასალების ინდიკატორული კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა წარმოების (ძირითადად ირანიდან იმპორტირებულ) მეტლახში მაღალია ტყვიის შემცველობა. აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობით ყვითელი ფერის ცეცხლგამძლე აგური, რომელიც ბუხრების დასამზადებლად გამოიყენება.

    შემუშავებულია სამშენებლო მასალების ჩამონათვალი, სადაც პრიორიტეტულია მეტლახისა და ფერადი შპალერის კვლევა მათში აღმოჩენილი ტყვიის მაღალი შემცველობის გამო.

    შპალერების შესაღებად ინდური წარმოების საღებავებია გამოყენებული, რომლებიც დიდი ოდენობით ტყვიას შეიცავს. მათ ასევე იყენებენ სხვადასხვა, ე.წ. „პრინტ ჰაუსებში“, რომლებიც ბეჭდური თუ სარეკლამო მასალების დამზადებით არიან დაკავებული.

    Pure EARTH-Georgia აჭარისა და გურიის მოსახლეობას სთავაზობს ტყვიის შემცველობის კვლევას საცხოვრებელ გარემოში. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 0-7 წლამდე ასაკის ბავშვს ჩატარებული ჰქონდეს სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ტყვიის მომატებული ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში საცხოვრებელი გარემოს კვლევა ჩატარდება უფასოდ.

    ამავე თემაზე:

    ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა

    ექსპერტმა რომ ნახოს ეს წიგნები, გაოცდება, ბავშვებს არაფერს აძლევს – განათლების სპეციალისტი

    25 წლის მარიანა კარაპეტიანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ქართული ენის სწავლა 18 წლიდან დაიწყო, უნივერსიტეტში ჩააბარა 1+4 პროგრამით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნდა. მარიანა ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორია განათლების სამინისტროდან.

    ინტეგრაციის პროცესი მარიანასთვის ძალიან რთული იყო. მისი თქმით, სკოლის პერიოდში ქართული ენა მან კარგად ვერ ისწავლა, იცოდა მხოლოდ წერა-კითხვა და ესმოდა სიტყვები, თუმცა საკომუნიკაციო უნარები არ ჰქონდა. ენის სწავლა ინტენსიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 1+4 პროგრამით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    „ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების პროგრამაზე ჩავაბარე უნივერსიტეტში. პირველივე 20-გვერდიანი სასწავლო მასალის წაკითხვისას მივხვდი, რომ არაფერი მესმოდა სპეციალური ლიტერატურიდან. ტერმინები და წაკითხულის შინაარსი რომ გამეგო, ლექსიკონებში დავიწყე ქექვა და სიტყვების დამახსოვრება.

    იყო დიდი შანსი, ჩემი ნაცნობების უმრავლესობის მსგავსად ერევანში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოსთან დამეკავშირებინა ჩემი მომავალი ცხოვრება და აქვე მეკეთებინა ჩემთვის საინტერესო საქმე“, – ამბობს მარიანა.

    თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების პროგრამის პარალელურად მარიანამ პედაგოგიკის მიმართულებაზეც ისწავლა. პროგრამამ მას ამის საშუალება მისცა და უნივერსიტეტი ორი სპეციალობით დაამთავრა,
    წელს სამაგისტრო ნაშრომიც დაიცვა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბაღებში სწავლების ეროვნული სტანდარტების დანერგვის კოორდინატორია.

    მარიანა ქართული ენის სკოლამდელი ასაკიდანვე შესწავლის დანერგვაზე მუშაობს სომხურ სკოლებში.

    მიაჩნია, რომ იმ ბარიერების გადალახვა, რისი დაძლევაც მას მოუხდა სტუდენტობის დროს ქართული ენის არცოდნის გამო, არ უნდა დასჭირდეთ მის შემდგომ თაობებს. ამის უზრუნველყოფა კი, მარიანას დაკვირვებით, სკოლამდელი ასაკიდანვე სახელმწიფო ენის შესწავლითაა შესაძლებელი.

    „სამაგისტრო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გავიარე, განათლების კვლევების და ადმინისტრირების მიმართულებით. ათასგვარი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვისთვის 3, 5 წლამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უნარის, მათ შორის, ენობრივი, სოციალური, ემოციური, გონებრივი უნარების განვითარებისთვის.

    სწორი მიდგომების შემუშავება სწორედ ამ პერიოდიდანაა აუცილებელი, რომ შემდგომში ბევრი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, – ამბობს მარიანა და საუბარს სომხურენოვანი სახელმძღვანელოების საკითხზე აგრძელებს, რითაც სომხურ სკოლებში სწავლობენ ბავშვები.

    MARIANA
    მარიანა კარაპეტიანი

    „სომხურენოვანი სახელმძღვანელოები, იქნება ეს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა თუ მათემატიკის სახელმძღვანელო, თარგმნილია ქართულიდან სომხურ ენაზე, სიტყვასიტყვით, რაც ძალიან გაუმართლებელია. ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაიგონ რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი.

    ჩემი აზრით, ამ წიგნების ბეჭდვა უბრალოდ ფულის უაზრო ხარჯვაა სახელმწიფოს მხრიდან, ბავშვებისთვის კი არაფრის მიმცემია.

    ძალიან კარგია ქართული ენის პროგრამების დანერგვა სკოლებში, მაგრამ ამ პერიოდიდან სომხურენოვან სკოლებში შეწყვიტეს სომხური გამომცემლობების მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების გამოყენება სკოლებში და დაიწყეს ქართულიდან თარგმნა. შეიძლება ეს პრაქტიკა დაინერგოს, თუ ხარისხიანი იქნება თარგმანი.

    სტანდარტის სპეციალისტმა, ექსპერტმა რომ ნახოს ეს წიგნები, გაოცებული დარჩება“, – ამბობს მარიანა.

    რახან  განათლების სპეციალისტია და საბავშვო ბაღების სპეციფიკა კარგად ესმის, მარიანა გეგმავს მომავალი რამდენიმე წელი ნინოწმინდაში იმუშაოს და უკეთესობისკენ შეცვალოს სკოლამდელი განათლების მდგომარეობა მის თემში.

    რუსებს მოღალატე უკრაინელები აღარ სჭირდებათ და თავიდან იშორებენ – ანა მალიარი

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსულ ადმინისტრაციებში კადრების ნაკლებობაა. ხერსონსა და მელიტოპოლში რუსები უკვე თავიდან იშორებენ კოლაბორაციონისტებს – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

    ომის დაწყებისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, არაერთი უკრაინელი დასთანხმდა საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას. მათ სამსახურები და თანამდებობები ადგილობრივ ადმინისტრაციებში გამოუძებნეს.

    „თუმცა ოკუპანტები ამ ადგილების რუსეთის მოქალაქეებით შევსებას ცდილობენ, ამიტომ მოღალატეები აღარ სჭირდებათ. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე დაიწყეს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება,“ – ამბობს მალიარი.

    მისი თქმით, ეს პროცესი ყველაზე შესამჩნევია ოკუპირებულ ხერსონსა და მელიტოპოლში.

    24-ე არხის ცნობით, საოკუპაციო ადმინისტრაციებს მასობრივად წმენდენ კოლაბორაციონისტებისგან ხარკოვის ოლქშიც, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რუსები მათ ბოლომდე არ ენდობიან.

    მოხალისეთა საერთაშორისო გაერთიანება InformNapalm-ის წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, მიხაილ მაკარუკი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორაციონისტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა დაიწყეს. ისინი რუსების პოზიციებზე ინფორმაციას იმ იმედით გასცემენ, რომ სანაცვლოდ „ინდულგენციას“ მიიღებენ.

    ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ქალაქებსა და ოლქებში კოლაბორაციონისტებზე თავდასხმები გახშირდა, ქუჩებში კი მუდმივად ჩნდება მათ მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები.

    22 ივნისს ხერსონში დეპუტატ ალექსეი კოვალევის ავტომანქანა ააფეთქეს. კოვალევი რუსებთან თანამშრომლობდა. 24 ივნისს ააფეთქეს დმიტრო სავლუჩენკოს ავტომანქანა – სავლუჩენკო ე.წ. ადმინისტრაციის „ოჯახების, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების“ უფროსი იყო.

    მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი/ფოტო: pravda.com.ua

    ღამით ოკუპანტებს ვინიცას, ნიკოლაევსა და ხარკოვს მოჰკითხავენ – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ტელეგრამზე წერს, რომ დღეს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს „მოჰკითხავენ“ ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვის შესახებ.

    არესტოვიჩმა პოსტი ტელეგრამზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ვინიცაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

    ოთხი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს დღეს რუსმა სამხედროებმა ვინიცას, ბოლო ცნობებით 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 3 ბავშვია. დაჭრილია ათობით ადამიანი. მედიის ცნობით, მათგან დაახლოებით 30-ის მდგომარეობა მძიმეა.

    „ჩვენ მათ ვურტყამთ და ისინი – ჩვენ. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ ჩვენ ვურტყამთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს, ყოველ ჯერზე საფუძვლიანად ვთვლით ზარალს.

    უკვე 300 წელია ცივილიზებულ სამყაროში ომის წესები გულისხმობს ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას მოქმედების მეთოდებისა და განადგურების საშუალებების არჩევისას.

    თუ ომისას პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მტრის დაჭრა და არა მოკვლა, წესები გულისხმობს, რომ მტერი მხოლოდ უნდა დაიჭრას.

    ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა.

    ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა.

    და ცივილიზაცია იძლევა პასუხს.

    ეს პასუხი არ იქნება სწრაფი, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.

    მაგრამ ყოველი ასეთი დარტყმა აჩქარებს ცივილიზაციის მიერ ზომების მიღებას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ: სანქციებს, იარაღის გადაცემას.

    იქნება კიდევ ბევრი ჩვენი დარტყმა, მათი საპასუხო დარტყმა, ისევ ჩვენების, ისევ მათი.

    პუტინის რეჟიმი დამარცხდება ბრძოლის ველზე, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.

    და მას მოკლავს როლი, რომელიც მათ თავად აირჩიეს – ანტიცივილიზაცია“, – წერს არესტოვიჩი.

    Twitter-ის მუშაობა შეფერხდა

    სოციალურ ქსელ Twitter-ს პრობლემები აქვს. Down Detector-ის მიხედვით, რომელიც ონლაინტექნოლოგიების პრობლემებზე ლაივრეჟიმში აგროვებს ინფორმაციას, 14 ივლისს Twitter-ის მომხმარებლები პრობლემების შესახებ იტყობინებიან. ამ დროისთვის Twitter-ზე წვდომის პრობლემა აქვს 54 ათასზე მეტ მომხმარებელს.

    დაფიქსირებული შეტყობინებების 60% აპლიკაციას ეხება, 31% – ვებსაიტს, ხოლო 8% – სერვერებთან წვდომას.

    კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ვებგამოცემები წერენ, პრობლემები დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით დღის 4 საათსა და 30 წუთიდან დაიწყო.

    კოლაბორაციონისტებმა უკრაინის არმიასთან თანამშრომლობა დაიწყეს – უკრაინელი მებრძოლი

    დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორაციონისტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა დაიწყეს. ისინი რუსების პოზიციებზე ინფორმაციას იმ იმედით გასცემენ, რომ სანაცვლოდ „ინდულგენციას“ მიღებენ –  ამის შესახებ ინტერვიუში მოხალისეთა საერთაშორისო გაერთიანება InformNapalm-ის წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, მიხაილ მაკარუკი საუბრობს.

    მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გახშირდა – „მოღალატეები ამ გზით ცდილობენ, პატიება დაიმსახურონ და სასჯელი აირიდონ“.

    „ისინი ხვდებიან, რომ მათი საქმე წასულია, ამიტომ ცნობები ისეთი ტემპებით მოდის, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. თვითონ გვაძლევენ ინფორმაციას – აიღეთ და ჩაგვითვალეთო. ინფორმაციის ასეთი ნაკადი ომის 8 წლის განმავლობაში არ მახსოვს“, – ამბობს მაკარუკი.

    ის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდებს, ყველა საშუალებით დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

    „უნიანი“ ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს დივერსანტთა ჯგუფი, რომლის წევრებმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რუსების გეგმებსა და პოზიციებზე.

    საფრანგეთი უკრაინას 36 ასაწყობ ხიდს აძლევს – დმიტრო კულება

    ფრანგული კომპანია Matiere უკრაინას გადასცემს 36 ასაწყობ ხიდს, რომლებსაც რუსების მიერ განადგურებული ხიდების ადგილას დაამონტაჟებენ.

    „საფრანგეთის ხელისუფლებასთან და მეწარმეთა ფედერაციასთან შევთანხმდით, რომ ისინი უკრაინას მისცემენ 36 ადვილად ასაწყობ ხიდს, რომელთა სიგრძე 23-46 მეტრი იქნება. ეს კონსტრუქციები სწრაფად შეცვლის დანგრეულ უკრაინულ ხიდებს,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ონლაინბრიფინგზე.

    დმიტრო კულებას თქმით, ფრანგულ კომპანია Matiere-ს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ხიდების აგების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ინფრასტრუქტურა ომმა დაანგრია.

    კომპანიის ინჟინრები 25 ივლისს ჩავლენ უკრაინაში და პირველ შეფასებით სამუშაოს ჩაატარებენ.

    ივნისში უკრაინაში ჩეხეთიდან ჩაიტანეს ორი პონტონის ხიდი, რომლებსაც ასევე ომის დროს განადგურებული ხიდების ადგილას დადგამენ.

    4 ივლისს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად 100 მილიარდზე მეტი დოლარის  ღირებულების ინფრასტრუქტურა განადგურდა.

    მთავარი ფოტო: matiere-tp.com

    მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არა შეცდომა, არამედ რუსეთის სამხედრო სტრატეგიაა – პოდოლიაკი

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმები უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე არა შეცდომა, არამედ სამხედრო სტრატეგიაა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლაში დამარცხება, რის გამოც მიმართავს ბარბაროსობას.

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოსახლეობაზე თავდასხმითა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტით რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხი გატყდება და დასთანხმდება მოწოდებას „მშვიდობა ნებისმიერ ფასად“.

    „ვინიცა, კრემენჩუკი, ჩასივ იარი, ხარკოვი. რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმა – არა შეცდომა, არამედ დამტკიცებული სამხედრო სტრატეგია. რუსეთს არ შეუძლია დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლაში, ამიტომ იგი ბარბაროსობას მიმართავს: ტერორისტული თავდასხმები, ინფრასტრუქტურის განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა.

    კრემლი ცხოვრობს შუა საუკუნეების ომის წარმართვის წესებით: სჯერა, რომ დაუნდობელ დანაშაულს შეუძლია უკრაინელების გატეხა და მათი იძულება დასთანხმდნენ „მშვიდობას ნებისმიერ ფასად“. მაგრამ ეს არ მუშაობს: თითოეული ტერორისტული თავდასხმა აერთიანებს საზოგადოებას და აახლოებს რუსეთის ფედერაციის დამარცხებას. ანგარიშსწორების დრო მოვა.

    29 ივნისს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სარაკეტო დარტყმა, რომელიც 27 ივნისს კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, არა ამ ცენტრის, არამედ მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყო მიმართული.

    ვინიცაში დაღუპულების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია – ქალაქი შავი ზღვიდან დაბომბეს

    უკრაინის ქალაქ ვინიცაში დღეს, 14 ივლისს მომხდარი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის – 3 ბავშვი. მსხვერპლის რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.

    აფეთქების შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

    აფეთქება ვინიცაში 14 ივლისს, დილის 10:45 საათზე მოხდა, ქალაქის ცენტრში.

    უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქს შავი ზღვიდან, წყალქვეშა ნავიდან, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტა გაანადგურეს, 4 კი ქალაქში დაეცა.

    ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

    დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

    კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.

    „პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 სხდომა ჩატარდა. აქედან პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ გაცდენილი იქნა 26 მორიგი სხდომა.

    პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, მოამზადებს შესაბამის დასკვნას.

    დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა არასაპატიო მიზეზით იქნა გაცდენილი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს, ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზი წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე საბუთი ან ცნობა, რაც დეპუტატის მიერ გაცდენილ სხდომებს საპატიოდ ჩათვლიდა.

    კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პირველივე პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.

    იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

    ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია

    სარაკეტო თავდასხმა ვინიცაში – დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

    დღეს, 14 ივლისს, დილით, უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

    უკრაინის სამაშველო სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი კი დაშავდა.

    წინასწარი მონაცემებით, სამი რუსული რაკეტა ვინიცაში  შენობას მოხვდა, სადაც ოფისი იყო განთავსებული. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც.

    ბოლო ცნობებით, აფეთქების ადგილზე 50-მდე ავტომანქანა იწვის და მაშველები ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ.

    რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

    „ბათუმის მერიამ სკვერებსა და პარკებს არაკომერციული დატვირთვა უნდა დაუბრუნოს“, – აცხადებს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 14 ივლისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან არსებულ სკვერში ბრიფინგი გამართა.

    „ამ ფონზე, როცა ათასობით სოციალური დაუცველია ქალაქში, მრავალშვილიანი ოჯახი, მერია ცდილობს შემოსავლები გაზარდოს სკვერებისა და პარკების კომერციალიზაციის გზით და არ ფიქრობს იმ პატარა ბათუმელებზე, რომლებსაც ამ ატრაქციონების სარგებლობისთვის თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

    არ ვსაუბრობთ იმ ფასებზე, რომელიც აქვს დელფინარიუმს ან საბაგიროს, ადგილობრივი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი არც არის ნამყოფი ამ ობიექტებზე,“ – თქვა ქეთი ლასტაკანიძემ.

    ბათუმის საკრებულოს წევრი არ მიიჩნევს, რომ ყველა საბავშვო ატრაქციონი უფასო უნდა გახდეს, მაგალითად, ბათუმის ბულვარში ან ცენტრალურ პარკში, მაგრამ ქალაქის სკვერების კომერციალიზაციით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საზოგადოებრივი სივრცე მცირდება, რაც დაუშვებელია.

    როდის მოეწყო ფასიანი ატრაქციონი ეკლესიასთან არსებულ სკვერში და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტმა? – ბათუმის მერიაში ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    განახლება: ბათუმის მერიის პრესცენტრის განმარტებით, 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე როგორც კომერციული, ასევე უფასო ატრაქციონების მოწყობა-რეაბილიტაციას. გამარჯვებული ფიზიკური პირი ლაშა ჩხაიძეა.

    ამ თემაზე:

    ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

    უკრაინა იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი იქნება შავი ზღვით

    კიევი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ რუსეთთან მიიღწევა შეთანხმება შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ –  წერს „ბიბისი“.

    მილიონობით ტონა ხორბალი, ქერი, ზეთი და სხვა პროდუქტები უკრაინაში საწყობებში რჩება, მათი ექსპორტზე გატანა შეუძლებელია, რადგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბლოკავს ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანას.

    გუშინ, 13 ივლისს, სტამბულში გაიმართა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეები უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის  მარშრუტის განბლოკვას განიხილავდნენ.

    შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორბლით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფენ. შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას უნდა მოეწეროს, მას შემდეგ, რაც თურქეთში დამატებით გაიმართება მოლაპარაკებები.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, გუშინ, 13 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ახლოსაა შეთანხმებასთან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით.

    უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით [თავის მხრივ, გამოცემა wall street journal-ის წყაროებს ეყრდნობა], მხარეები შეთანხმდნენ სამი უკრაინული პორტის განბლოკვაზე და ერთ-ერთი მათ შორის ოდესის პორტია. წინასწარი ინფორმაციით, ყველა ხომალდი შემოწმდება თურქეთის საზღვაო ძალების მიერ.

    აქამდე უკრაინა ახერხებდა თავისი მარცვლეულის ნაწილი სახმელეთო და სარკინიგზო გზით გაეგზავნა დანიშნულების ქვეყნებამდე.

    ომის პირობებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბლის რაოდენობა. მაგალითად, გასულ თვეში უკრაინიდან 2,5 ტონა ხორბალი გაიტანეს.

    „ბიბისის“ ცნობით, რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსოფლიო მარაგების 30%-ს ფლობენ. ომამდე უკრაინა განიხილებოდა როგორც მსოფლიო პურის კალათა. უკრაინის პორტებიდან თვეში 4,5 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა.

    ომბუდსმენმა 2 კომპანიაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

    სახალხო დამცველის ინფორმაციით, დადგინდა შპს „ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები.

    ომბუდსმენმა 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა ამ კომპანიების დირექტორებს და მოუწოდა მათ მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

    სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.

    „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო.

    მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

    საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე – „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.

    მსგავსი პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა.

    ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას.

    დამსაქმებელი, ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია  სამსახურის დატოვება“, – წერს სახალხო დამცველი.

    ომბუდსმენმა თავის რეკომენდაციებში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.

    Exit mobile version