განათლება,მთავარი,სიახლეები

რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს

14.07.2022 • 1706
რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამები 2015 წლიდან მოქმედებს. უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს 2020 წლიდან დაემატა პუნქტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პრაქტიკის მიღებასაც სთავაზობს.

გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ნანა ყურშუბაძეს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეუძლიათ.

„ერაზმუს +“ გაცვლით პროგრამებზე კონკურსი უნივერსიტეტში ჩვეულებრივ წელიწადში 2-ჯერ ცხადდება, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისას და მისი ხანგრძლივობა  1 სემესტრია  – 4-დან 6 თვემდე  (სემესტრის მიხედვით). იშვიათ შემთხვევაში გაცვლითი პროგრამა, შესაძლოა, მომდევნო სემესტრითაც გაგრძელდეს. გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს, ძირითად შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ენიშნებათ სტიპენდია და უფინანსდებათ მგზავრობის ხარჯიც.

ნანა ყურშუბაძის თქმით, გაცვლითი პროგრამის მონაწილეს არ შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს სწავლისა და პრაქტიკის გაცვლითი პროგრამებით.

2015 წლიდან დღემდე ბსუ-ს 115-მა სტუდენტმა ისარგებლა „ერაზმუს +“-ის გაცვლითი პროგრამებით.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ბსუ-ს გაცვლით პროგრამით რომ ისარგებლოს სტუდენტმა, აუცილებელია, მინიმუმ 15 კრედიტის საგნების თანხვედრა. სტუდენტებს აქტიურობა გაცვლითი პროგრამების კონკურსში ყოველთვის მაღალია.

„ბიზნესადმინისტრირებისა და ტურიზმის სტუდენტები ძალიან აქტიურები იყვნენ, შემდეგ უკვე ფილოლოგები და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები გააქტიურდნენ.

ყველა სტუდენტს აქვს კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, თუ დაემთხვევა კრედიტები, საგნები და თუ თანახმაა ფაკულტეტი. საერთოდ, ერთ-ერთი პრიორიტეტია საგნების დამთხვევა.

მთავარი მოთხოვნებია – სტუდენტი ძალიან კარგად უნდა ფლობდეს უცხო ენას, ძირითადი უცხო ენაა ინგლისური, იმიტომ, რომ პროგრამები ძირითადად არის ინგლისურენოვანი და GPA [სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი] რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი.

გარდა ამისა, სტუდენტს უნდა ჰქონდეს სამოტივაციო წერილი. რატომ სურს წასვლა, რას შეიძენს ახალს და ა.შ. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა ძალიან კარგი CV-ის ქონა და 1-2 დამატებითი დოკუმენტი, თუ უნივერსიტეტი ითხოვს“ – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

როგორც ნანა ყურშუბაძემ გვითხრა, გაცვლით პროგრამებზე კონკურსის გამოცხადებისას კონკრეტულად ადგილების რაოდენობა არ ცხადდება.

„დაახლოებით ვიცით, მაგრამ ჩვენ არ ვაცხადებთ ასე კონკრეტულად ადგილებს, იმიტომ, რომ შეიძლება დაგვიმატონ ან პირიქით, შესაძლოა რაღაც მოხდეს. ჩვენ ვეუბნებით სტუდენტებს, რომ 1 ან 2 ადგილი შეიძლება იყოს კონკრეტული მიმართულებით.

კონკურსის გამარჯვებულებს მიმღები უნივერსიტეტი არჩევს. ჩვენ ვაგზავნით CV-ებს და მათ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთო საცხოვრებელს, ზოგ შემთხვევაში კი, სტუდენტებს თავად უწევთ საცხოვრებლის მოძებნა.

ბსუ-ში ახალი კონკურსი „ერაზმუს +“ გაცვლით პროგრამებზე სექტემბერში გამოცხადდება.

ნანა ყურშუბაძის თქმით, კონკურსის გამოცხადების წინ ყოველთვის ატარებენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებზე. ინფორმაცია ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზეც.

ბსუ-დან ბოლო სემესტრში„ ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამით 11-მა სტუდენტმა ისარგებლა.

სტუდენტები უნივერსიტეტიდან ძირითადად ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მიდიან გაცვლითი პროგრამებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: