მთავარი,სიახლეები

უკრაინა იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი იქნება შავი ზღვით

14.07.2022 • 953
უკრაინა იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი იქნება შავი ზღვით

კიევი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ რუსეთთან მიიღწევა შეთანხმება შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ –  წერს „ბიბისი“.

მილიონობით ტონა ხორბალი, ქერი, ზეთი და სხვა პროდუქტები უკრაინაში საწყობებში რჩება, მათი ექსპორტზე გატანა შეუძლებელია, რადგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბლოკავს ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის გატანას.

გუშინ, 13 ივლისს, სტამბულში გაიმართა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეები უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის  მარშრუტის განბლოკვას განიხილავდნენ.

შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორბლით დატვირთული გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფენ. შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას უნდა მოეწეროს, მას შემდეგ, რაც თურქეთში დამატებით გაიმართება მოლაპარაკებები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, გუშინ, 13 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ახლოსაა შეთანხმებასთან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით.

უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით [თავის მხრივ, გამოცემა wall street journal-ის წყაროებს ეყრდნობა], მხარეები შეთანხმდნენ სამი უკრაინული პორტის განბლოკვაზე და ერთ-ერთი მათ შორის ოდესის პორტია. წინასწარი ინფორმაციით, ყველა ხომალდი შემოწმდება თურქეთის საზღვაო ძალების მიერ.

აქამდე უკრაინა ახერხებდა თავისი მარცვლეულის ნაწილი სახმელეთო და სარკინიგზო გზით გაეგზავნა დანიშნულების ქვეყნებამდე.

ომის პირობებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბლის რაოდენობა. მაგალითად, გასულ თვეში უკრაინიდან 2,5 ტონა ხორბალი გაიტანეს.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსოფლიო მარაგების 30%-ს ფლობენ. ომამდე უკრაინა განიხილებოდა როგორც მსოფლიო პურის კალათა. უკრაინის პორტებიდან თვეში 4,5 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: