მთავარი,სიახლეები

ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

14.07.2022
ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.

„პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 სხდომა ჩატარდა. აქედან პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ გაცდენილი იქნა 26 მორიგი სხდომა.

პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, მოამზადებს შესაბამის დასკვნას.

დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა არასაპატიო მიზეზით იქნა გაცდენილი. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს, ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზი წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე საბუთი ან ცნობა, რაც დეპუტატის მიერ გაცდენილ სხდომებს საპატიოდ ჩათვლიდა.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პირველივე პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.

იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: