სამხედრო დაზვერვის ცნობით, ხერსონის დრამატულ თეატრში რუსებმა საარტილერიო მასალების საწყობი მოაწყეს, ტვირთი 12 ივლისის ღამით, მანქანებით მიიტანეს. უწყება აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა შენობის დაცვაც გააძლიერეს და მიმდებარე სკვერსა და ქუჩებში პატრულირებენ.
დაზვერვის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაცია რუსეთიდან ელოდება პოლიტტექნოლოგების ჯგუფს, რომელმაც რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება. კრემლი ხერსონში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნით დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას სექტემბერში აპირებს.
რეფერენდუმისთვის მზადების პარალელურად, ქალაქში რუსული პროპაგანდისტული გაზეთის „ნადდნეპრიანსკაია პრავდას“ მეორე ნომერი ჩაიტანეს – 40 ათასი ეგზემპლარი.
უკრაინული მედია ხერსონის თეატრში საბრძოლო მასალების შეტანას, ბოლო კვირებში, რუსული არმიის საწყობებსა და სხვა ობიექტებზე უკრაინელთა თავდასხმებს უკავშირებს.
6 ივლისს, ოკუპირებულ დონეცკში ძლიერი ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზაზე – რუსები აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი უკრაინელთა თავდასხმა იყო.
7 ივლისს „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რამდენიმე რაიონში რუსულ ტექნიკას დაარტყა.
8 და 11 ივლისს ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საწყობებზე.
როგორც BBC-ის რუსულმა ბიურომ დათვალა, 24 ივნისიდან 8 ივლისამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსების საბრძოლო მასალების 14 საწყობი გაანადგურეს.
მთავარი ფოტო: მიკოლა კულიშის სახელობის დრამატული თეატრი ხერსონში