მთავარი,სიახლეები

რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

14.07.2022
რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

„ბათუმის მერიამ სკვერებსა და პარკებს არაკომერციული დატვირთვა უნდა დაუბრუნოს“, – აცხადებს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 14 ივლისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან არსებულ სკვერში ბრიფინგი გამართა.

„ამ ფონზე, როცა ათასობით სოციალური დაუცველია ქალაქში, მრავალშვილიანი ოჯახი, მერია ცდილობს შემოსავლები გაზარდოს სკვერებისა და პარკების კომერციალიზაციის გზით და არ ფიქრობს იმ პატარა ბათუმელებზე, რომლებსაც ამ ატრაქციონების სარგებლობისთვის თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

არ ვსაუბრობთ იმ ფასებზე, რომელიც აქვს დელფინარიუმს ან საბაგიროს, ადგილობრივი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი არც არის ნამყოფი ამ ობიექტებზე,“ – თქვა ქეთი ლასტაკანიძემ.

ბათუმის საკრებულოს წევრი არ მიიჩნევს, რომ ყველა საბავშვო ატრაქციონი უფასო უნდა გახდეს, მაგალითად, ბათუმის ბულვარში ან ცენტრალურ პარკში, მაგრამ ქალაქის სკვერების კომერციალიზაციით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საზოგადოებრივი სივრცე მცირდება, რაც დაუშვებელია.

როდის მოეწყო ფასიანი ატრაქციონი ეკლესიასთან არსებულ სკვერში და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტმა? – ბათუმის მერიაში ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

განახლება: ბათუმის მერიის პრესცენტრის განმარტებით, 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე როგორც კომერციული, ასევე უფასო ატრაქციონების მოწყობა-რეაბილიტაციას. გამარჯვებული ფიზიკური პირი ლაშა ჩხაიძეა.

ამ თემაზე:

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: