მთავარი,სიახლეები

კოლეჯი „ახალი ტალღა” შშმ პირებს ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს სთავაზობს

15.07.2022 • 1291
კოლეჯი „ახალი ტალღა” შშმ პირებს ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს სთავაზობს

კოლეჯი „ახალი ტალღა“, საქართველოს სხვა პროფესიული სასწავლებლების მსგავსად, სტუდენტების მიღებას აცხადებს, რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება.

„ახალი ტალღა“ შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) პირებს ადაპტირებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაზე დასარეგისტრირებლად.

კოლეჯი ქობულეთისა და ხულოს ფილიალები შშმ და სსმ პირებს სთავაზობს სწავლების მიმდინარეობისას საერთო საცხოვრებელში განთავსებას, საჭიროების შემთხვევაში კი – ყოველდღიურ ტრანსპორტირებას.

„კოლეჯი ადაპტირებულია. პანდუსი, ლიფტი, სველი წერტილები – ყველაფერია იმისთვის, რომ შშმ პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

ნებისმიერ სართულზე შეუძლიათ ავიდნენ ლიფტით, არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს მათთვის, რომელ სართულზე იქნება ლექცია.

ყველა მატერიალური და ადამიანური რესურსი იქნება ჩვენთან მობილიზებული იმისთვის, რომ მოვერგოთ ყველანაირად ამ სტუდენტებს.

„ახალი ტალღის“ ქობულეთის კოლეჯში გაცილებით მეტი სასწავლო პროგრამა გვაქვს ბათუმის „ახალ ტალღასთან“ შედარებით და აქ მომართვიანობაც ყოველთვის მაღალი იყო. მოქმედებდა ის ფაქტორიც, რომ კოლეჯს ქობულეთსა და ხულოში საერთო საცხოვრებლებიც აქვს“, – ამბობს ეთერ ვერულიძე. ის „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის ასისტენტია ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

ეთერ ვერულიძის თქმით, კოლეჯ „ახალ ტალღაში“ შშმ და სსმ პირებს, ტრანსპორტირების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო გამოუყოფს პირად ასისტენტს გადაადგილებისთვის, ჟესტური ენის თარჯიმანს, დამხმარე ასისტენტს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

ქობულეთში მდებარე კოლეჯი „ახალი ტალღა“ 29 სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს.

რეგისტრაციის პერიოდში, 20 აგვისტომდე, ნებისმიერ დროს აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე შეუძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, კოლეჯში.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აპლიკანტებს თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ინკლუზიური განათლების მიმართულებით სასწავლო პროცესის ასისტენტი გვიხსნის, როგორ განისაზღვრება კოლეჯში შშმ და სსმ პირთა სპეციალური საჭიროებები:

რეგისტრაციისას აპლიკანტი სპეციალურ ველს ავსებს, სადაც საკუთარ საჭიროებებს აღწერს. 20 დღის განმავლობაში მას დაუკავშირდებიან და შეხვედრისას განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე რა აკადემიური საჭიროებები აქვს აპლიკანტს, რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და ზუსტად რა უნდა დაევალოს მის დამხმარე ასისტენტს.

„შშმ და სსმ პირები არ აბარებენ გამოცდას პროფესიულ კოლეჯებში, ისინი მიღებისას მხოლოდ „პროფესიულ მოსინჯვას“ გაივლიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მისთვის საინტერესო პროფესიის სხვადასხვა მხარეს გავაცნობთ წინასწარ და თუ სურვილი ექნებათ, მივცემთ შესაძლებლობას, პრაქტიკულად სცადონ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიული სწავლების პროცესი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ, თუ რა მიმართულებაზე სურთ სწავლის გაგრძელება.

მაგალითად, შესაძლოა ადამიანს ძალიან უნდოდეს ცხელი კერძების მზარეულის მიმართულებაზე ისწავლოს, მაგრამ მისთვის შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ იყოს უსაფრთხო ცხელ ღუმელთან, ცხელ კერძებთან და ტაფებთან სიახლოვეს მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას შევთავაზებთ იმავე პროფესიის უსაფრთხო მიმართულებას – მაგალითად, ცივი კერძების სამზარეულოს. ასეთ პროცესებს ვუწოდებთ „პროფესიულ მოსინჯვას“, – ამბობს ეთერ ვერულიძე.

მისივე თქმით, შშმ და სსმ პირებს კოლეჯში ინფოტურებიც ჩაუტარდებათ სურვილის შემთხვევაში, რა დროსაც ისინი გაეცნობიან სასწავლო პროცესს და დაათვალიერებენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას და მიიღებენ ინფორმაციას კოლეჯში წარმოდგენილი პროფესიული სასწავლო პროგრამების შესახებ.


კოლეჯ „ახალი ტალღის” სასწავლო პროგრამების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

577 71 14 21 – ეთერ ვერულიძე, სასწავლო პროცესის ასისტენტი ინკლუზიური განათლების მიმართულებით

577 17 79 59 – ლია დოლიძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

591 81 11 76 – თეონა მენაფირე, კოლეჯის რეესტრის ხელმძღვანელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: