ნეტგაზეთი • RU

ღამით ოკუპანტებს ვინიცას, ნიკოლაევსა და ხარკოვს მოჰკითხავენ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ტელეგრამზე წერს, რომ დღეს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს „მოჰკითხავენ“ ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვის შესახებ.

არესტოვიჩმა პოსტი ტელეგრამზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ვინიცაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

ოთხი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს დღეს რუსმა სამხედროებმა ვინიცას, ბოლო ცნობებით 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 3 ბავშვია. დაჭრილია ათობით ადამიანი. მედიის ცნობით, მათგან დაახლოებით 30-ის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენ მათ ვურტყამთ და ისინი – ჩვენ. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ ჩვენ ვურტყამთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს, ყოველ ჯერზე საფუძვლიანად ვთვლით ზარალს.

უკვე 300 წელია ცივილიზებულ სამყაროში ომის წესები გულისხმობს ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას მოქმედების მეთოდებისა და განადგურების საშუალებების არჩევისას.

თუ ომისას პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მტრის დაჭრა და არა მოკვლა, წესები გულისხმობს, რომ მტერი მხოლოდ უნდა დაიჭრას.

ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა.

ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა.

და ცივილიზაცია იძლევა პასუხს.

ეს პასუხი არ იქნება სწრაფი, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.

მაგრამ ყოველი ასეთი დარტყმა აჩქარებს ცივილიზაციის მიერ ზომების მიღებას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ: სანქციებს, იარაღის გადაცემას.

იქნება კიდევ ბევრი ჩვენი დარტყმა, მათი საპასუხო დარტყმა, ისევ ჩვენების, ისევ მათი.

პუტინის რეჟიმი დამარცხდება ბრძოლის ველზე, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს.

და მას მოკლავს როლი, რომელიც მათ თავად აირჩიეს – ანტიცივილიზაცია“, – წერს არესტოვიჩი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.