მთავარი,სიახლეები

„ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა“ – ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

14.07.2022 • 2136
„ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა“ – ინტერვიუ ლევან გიგინეიშვილთან

„ლოზუნგებით ნუ იაზროვნებ, იაზროვნე ღრმად, დასვი კითხვები“ – ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილისთვის ესაა ვაჟა-ფშაველას მთავარი სათქმელი დღეს არსებული გამოწვევების დროს.

161 წლის წინ ვაჟა-ფშაველა დაიბადა.

„ბათუმელები“ ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა ვაჟა-ფშაველას იმ ხედვებზე, რის გამოც მას ევროპელ ქართველ მწერლად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, მაგალითად, როგორ წარმოედგინა ვაჟა-ფშაველას აქტიური მოქალაქე?

  • ბატონო ლევან, დღევანდელი გამოწვევების დროს, ევროინტეგრაციის გზაზე ვაჟა-ფშაველას გზავნილებიდან რომელია ყველაზე საყურადღებო? 

ვაჟა-ფშაველა უპირველესად ზოგადსაკაცობრიო პოეტია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ადამიანის სიღრმეზე, მის დანიშნულებაზე, შინაგანი სილამაზის მარადიულობაზე, სიკეთეზე.

ევროპულ ცივილიზაციასთან ბევრი რამ აკავშირებს ვაჟას და მის შემოქმედებას, რომელიც გაჯერებულია ქრისტიანული იდეებით, რაც ევროპულ ცივილიზაციაშიც გამოიკვეთა. ვგულისხმობ ზოგადსაკაცობრიო იდეებს, მაგალითად, პიროვნების, სინდისის თავისუფლებას. ეს, ცხადია, მხოლოდ ევროპული არ არის.

  • მაგალითად, თანასწორობის იდეა როგორ ესმოდა ვაჟა-ფშაველას, რაც ფუნდამენტური ღირებულებაა დემოკრატიისთვის? 

ვაჟას მიაჩნდა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი და კრიჭაში ჩაუდგეს სხვა ადამიანებს, რომლებიც არ გაიღრმავებენ თავს. ვაჟა სოციალური გათანაბრების მომხრე არ არის და დემოკრატიული გათანაბრების მომხრე არ არის. ის უფრო მომხრეა თავისუფალი განვითარების, თავისუფალი პიროვნების, თავისუფალი მსჯელობის ჩამოყალიბების.

ვაჟა არის ჭეშმარიტების მომხრე და როგორ შეიძლება ადამიანები თანასწორები იყვნენ, როცა ისინი უსასრულობას ეწაფებიან. მთანი მაღალნი მეტია, ვიდრე სხვა არსებები, მათ უსასრულო მოლოდინი შეუძლიათ, ღვთიურის დანახვა.

ერთ ლექსში ვაჟა ამბობს, თქვენთან ძაღლურად ცხოვრებას, სიკვდილი მიჯობს ცდაშიაო, რადგან ხედავს, სხვა როგორ ფლანგავს სიცოცხლეს. მას მიაჩნია, რომ ასე არ უნდა იყოს და შესაძლოა, გაემიჯნო საზოგადოებასაც იმიტომ, რომ არ დაკარგო შენ მიერ აღმოჩენილი ჭეშმარიტება, სიღრმე.

მოკლედ, კონფორმისტი არ უნდა იყო ვაჟასთან.

ვაჟას არ უყვარდა ზოგადი აზრის მიდევნება. მას უყვარდა ჭეშმარიტების მიმართულებით პირადი დამოკიდებულების განვითარება, ყველაფერთან მიმართებით თავისი ხედვა ჰქონდა. ვაჟა მიიჩნევდა, რომ ძალიან ინტიმურია ჭეშმარიტებასთან, ღმერთთან ურთიერთობა, მას მიაჩნდა, რომ ადამიანმა ჯერ განმარტოება უნდა ისწავლოს. ვაჟა ამბობდა, რომ მარტოობაში მოდის ღვთიური შთაგონება, ნამდვილი „მე“ მაშინ ვხდებიო, ამბობს ერთ ლექსში, რომელსაც „მარტოობა“ ჰქვია. ის თავის ხმას ეძებს მუდმივად. ნიცშეს ჰგავს ამით, მაგრამ თან განსხვავდება მისგან იმით, რომ მორწმუნეა.

ლევან გიგინეიშვილი

  • თუმცა ხშირად აკრიტიკებს რელიგიას, როცა ხედავს, რომ რელიგიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს თავისუფლების წინააღმდეგ. 

ის ხედავდა, რომ რელიგიამ შესაძლოა მიიღოს ფორმალური სახე, თუ არსს არ ჩასწვდნენ ადამიანები. ვაჟას აზრით, ნამდვილი ქრისტიანობა სინდისის გაღვიძების რელიგიაა და იმავდროულად ხედავს, რომ ქრისტიანობის სახელით შესაძლოა არაქრისტიანულ საქმეებს აკეთებდნენ. ქრისტიანობა კაცობრიობის სიკეთეს ქადაგებს, მათ შორის, მტრის სიყვარულს, ამ დროს კი, ბერდია „ალუდა ქეთელაურში“ გვავალდებულებს, მტერი უნდა გძულდეს, მის ცხედარსაც შეურაცხყოფა უნდა მიაყენოო. მიუხედავად იმისა, რომ ბერდია რელიგიური ავტორიტეტია, ალუდა სინდისის ხმის მიმდევარია და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანში შესაძლოა დაინახო ღირსება.

ვაჟა მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა არ უნდა იქცეს იდეოლოგიად, კონკრეტული პოლიტიკური გეგმის შესაბამისად.

  • საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ხედვა ქალთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობის საჭიროებაზე. ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ის წერს, რომ „რეფორმებს უფრო მალე ვეღირსებოდითო“.

დიახ, ვაჟა იყო მომხრე ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის. მას ჰქონდა ბლოგები ქალების როლზე და მხოლოდ ბლოგებსა და სტატიებში კი არა, პოემებშიც ააქტიურებდა ამას. ქალები ვაჟას პოემებშიც ძალიან აქტიურები არიან: სანათა, ლელა, აღაზა, სინდისის გმირები არიან.

  • თუმცა, მაგალითად, აღაზას უჭირს სიმართლე უთხრას ქმარს, როცა მან უცხო კაცი დაიტირა.

აქ ჩანს, რომ აღაზას ზვიადაური მხოლოდ კი არ ებრალება, არამედ მოსწონს კიდეც. „ვინც შენს გულ-მკერდზე წვებოდაო“ – გარკვეული ეროტიზმია და ნებისმიერ ქალს შესაძლოა ბუნებრივად მოერიდოს ამის თქმის. მან სრული სიმართლე არა, მაგრამ თქვა, შემებრალა და დავიტირეო. ჯოყოლაც ღირსეულად პასუხობს აღაზას.

არც სანათას აქვს დაბრკოლება, შეასრულოს რიტუალი, რასაც კაცები ასრულებენ და მოიხსენიოს გარდაცვლილები. ვაჟაც გაკვირვებულია: რატომ არ შეიძლება ქალმა შეასრულოს რიტუალი, როცა კაცები არ არიან? მერე რა, რომ ამ საქმეს კაცები ასრულებენ? ეს სითამამე გამოხატულია სანათას პერსონაჟში.

ლელაც ხმალს იღებს ხელში და სამშობლოს იცავს.

  • წეღან ახსენეთ ვაჟა ბლოგერი იყოო, რას გულისხმობდით? 

კი, რასაც დღეს აკეთებენ ბლოგერები – სხარტი გამოხმაურება კონკრეტულ მოვლენებზე – ეს ჰქონდა ვაჟასაც. ბუნებაზე წერაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი ამ კუთხით, ასევე პედაგოგიური იყო. ვაჟას ბუნებაზე წერა სჭირდება გარკვეული სიღრმეების საჩვენებლად, გვაჩვენოს ადამიანის დაფარული სიღრმე, სილამაზე გარშემო არსებული სამყაროს და ძალადობაც, რაც სამყაროში ხდება და ამას არ უნდა შეეგუო. ამიტომაც, გარდაისახავს ის თავს ხან ხმელ წიფლად, ხან შვლის ნუკრად, რომ გასცდეს ადამიანობის ჩვეულ სტრუქტურებს და გარედან დაგვანახოს საკუთარი თავი მცენარის თუ კლდის გადასახედიდან. ის აქტიურად ცდილობს, არ გავხდეთ ისეთი, როგორი უსამართლოც არის ჩვენ ირგვლივ სამყარო.

  •  ვაჟა-ფშაველას ხედვით, როგორ უნდა გავხდეთ აქტიური მოქალაქე? 

ვაჟასთვის ამოსავალია პიროვნების, აზროვნების, სინდისის თავისუფლება, ასევე, ეროვნული თავისუფლება, რაც დაკავშირებულია პირდაპირ პიროვნულ თავისუფლებასთან, ქვეყნის სიყვარულთან. წერილში „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ის წერს, ისეთი კოსმოპოლიტები ვითომ სიყვარულს რომ ეფიცებიან მთელს დედამიწას, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ, მატყუარები არიან, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი ერი არ გიყვარდეს და კაცობრიობა შეიყვაროო. კაცობრიობის სიყვარული გონების საქმეა და კარგია, არ იძალადებ სხვა ერზე, შოვინისტი არ გახდები, მაგრამ შენი ერის სიყვარული გულის საქმეა. ჯერ ბუნებრივად უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, მერე – სხვა.

ის მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ენა, თვითმყოფადობა არ დავკარგოთ, ასევე, თვითმმართველობის გაძლიერებას. ვაჟა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ეკონომიკურ თავისუფლებას და, მაგალითად, უსამართლო გადასახადების დაწესების წინააღმდეგ ის შეიარაღებულ წინააღმდეგობაზეც ფიქრობდა – თუ ასე სულს შეგვიხუთავენ, იარაღითაც წინ აღვუდგეთო. ის ხედავდა, რომ შესაძლოა, მოგსპოს სახელმწიფომ, რომელიც არ ითვალისწინებს შენს უფლებებს და გასაჭირს.

ვაჟასთვის აქტიური მოქალაქე, პირველ რიგში, მართლის მთქმელი ადამიანია. წინააღმდეგობის გაწევამდე ის საჭიროდ მიიჩნევდა ლაპარაკს, წერა არ უნდა დაიზარო და ილაპარაკო აქტიურად სიმართლე. რაც მთავარია – არ უნდა შეგეშინდეს სიმართლის ლაპარაკი. ვაჟა ამიტომაც იყო პუბლიცისტი და ინტენსიურად აქვეყნებდა თავის აზრებს. სადაც სინდისს სძინავს, იქ დრაკონები იღვიძებენო. ამიტომაც, მისთვის მთავარი იყო, რომ სინდისს არ ჩაეძინა ადამიანებში.

  • თქვენ რა განცდა გრჩებათ ვაჟას შემოქმედებიდან, როგორ ხედავდა ის სიმართლისთვის ბრძოლას, როგორ უნდა იგრძნოს მოქალაქემ, რის გაკეთებაა სწორი და დროული? 

ამისთვის ვაჟა უპირველეს მნიშვნელობას ფიქრს ანიჭებდა, მარტოობას, ნისლი ფიქრია მთებისაო. რეცეპტი არ არის, მაგრამ უნივერსალური ამოცანაა ადამიანის, რომ საკუთარ თავში სინდისმა არ დაიძინოს, თორემ ამ ყველაფერს ჩაყლაპავს სიმახინჯე, უსამართლობა, რომელიც ძლიერია. ვაჟა ადამიანს ხედავს უფსკრულის პირას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიჩეხოს: შესაძლოა, გამდიდრდეს, გახდეს ასეთი-ისეთი, მაგრამ მასში ადამიანი ჩაიწიხლოს.

ვაჟას აწუხებდა შინაგანი სილამაზის გადარჩენა, რაც მარადიულია, მაგრამ ადამიანმა შესაძლოა ის დაკარგოს, თუ მან გაცვალა მარადიული რამ დროებითზე. ასე მოხდა გველისმჭამელი მინდიას შემთხვევაშიც – მინდიას ღვთიური ნიჭი აქვს, მაგრამ ცოლი ეუბნება, რომ ხეებს არ ჭრი, სარჩო არ მოგაქვს და სხვები გამდიდრდნენო, მინდიაც იწყებს ხეების ჭრას და კარგავს დიდ ნიჭს.

  • რა არის ის „მარადიული“, რაც ყველაზე პრინციპულია ვაჟასთვის და ახლა, თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად გვჭირდება? 

ვაჟა ხალხოსნურ მოძრაობაშიც იყო ჩართული, მაგრამ იქ არ მოეწონა ცალმხრივი, იდეოლოგიური პლატფორმა, არ მოეწონა ზედაპირულობა და უთხრა კიდეც, მე ჩემს ღერძზე ტრიალი მირჩევნია, ჩემი ფიქრებიო. მან იქ სიღრმე ვერ დაინახა… ვაჟა ამბობს: ლოზუნგებით ნუ იაზროვნებ, იაზროვნე ღრმად, დასვი კითხვები, ნუ შეგეშინდება კითხვების დასმის და თუნდაც უარყოფითი შეფასებების. შესაძლოა, არაპროგრესულად ჩამთვალონ, მაგრამ მერე რა, მიდი, მელაპარაკე, ამიხსენი. იფიქრე ადამიანის მარადიულ სილამაზეზე, გამბედაობაზე, სიკეთეზე, შენი ქვეყნის წარმატებაზე, ეს არის ამაღლებული და ღვთიური.

იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაასუსტო ბოროტება. ვაჟა გეუბნება, რომ ბოროტება თავისით არ წავა, უნდა მოერიო ბოროტებას და შეალეწო კბილები. ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ვაჟა დიდ მარხვაზე წერს, იმისთვის ვმარხულობთ, რომ გავაძლიეროთ სიკეთე ჩვენში, შინაგანი ბრძოლა გავაძლიეროთ ჩვენში, რომ გავზარდოთ სიკეთე ჩვენშიო.

ასეთი თუ გახდები, მერე აუცილებლად გარეთაც იბრძოლებ, რადგან უკვე ხედავ შინაგანი სილამაზის მარადიულობას შენში, სინათლეს, გრძნობ, რომ ეს სინათლე უკვე შენშია, შენია და რაღაცნაირად ვაჟკაცი ხდები, რადგან გინდა ეს ღვთიური სილამაზე დაიცვა და გადაარჩინო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: