მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას

15.07.2022 • 6813
რა იწვევს მუცლის თიაქარს, იგივე გრიჟას და როგორ მკურნალობენ მას

თიაქარი, იგივე გრიჟა, საკმაოდ ხშირი დაავადებაა, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული გზით ხდება და შეფასებულია, რომ ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუცლის კედლის თიაქრის დაახლოებით 20 მილიონი ოპერაცია ტარდება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, გოჩა მარკოიძე ამბობს, რომ პაციენტები სხვადასხვა სახის ბანდაჟისა და ქამრის დახმარებით ცდილობენ თვითმკურნალობას, რაც არაეფექტურია და მეტიც, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა თიაქარს ძალიან სერიოზული გართულება მოჰყვეს.

  • ბატონო გოჩა, რა არის თიაქარი, იგივე გრიჟა?

თიაქარი, იგივე გრიჟა, არის მუცლის კედელზე გამობერილი ადგილის არსებობა ანატომიურად სუსტ მიდამოებში. არსებობს გარეგანი და მუცლის ღრუს შიდა თიაქარი. 

კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს: მუცლის გარეთა – საზარდულის, ბარძაყის, თეთრი ხაზის, ჭიპის მიდამოს და მუცლის შიდა – დიაფრაგმისა და შორისის მიდამოს თიაქარი. გარეთა იმიტომ ჰქვია, რომ ის მუცლის ღრუს გარეთ გამოდის და გამობერილი ადგილი თვალითაც შესამჩნევია მუცლის წინა კედელზე; მუცლის შიგნითა თიაქრების თვალით და ხელით გასინჯვა კი შეუძლებელია.

  • როგორ ვლინდება, როგორ უნდა ამოვიცნოთ თიაქარი?

როგორც გითხარით, მუცლის გარეთა თიაქარი პაციენტისთვის ძალიან მარტივი ამოსაცნობია. ასეთი ჩივილია – პაციენტი თითქოს გრძნობს გამობერილი ადგილის არსებობას, რაღაც ორგანო გამოდის მუცლის წინა კედელზე და ისევ ბრუნდება მუცლის ღრუში. ეს თიაქრის პირველი, კლასიკური დამახასიათებელი ნიშანია.

მეორე ნიშანია უკვე ტკივილი მუცლის წინა კედელზე გამობერილ მიდამოში.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს თიაქარი? 

თიაქრის განვითარება დამოკიდებულია მუცლის შიდა წნევის მომატებაზე. მუცლის შიდა წნევა იმატებს ფიზიკური დატვირთვის, სიმძიმის აწევის, ქრონიკული ხველების, ხშირი ყაბზობის, ორსულობის შედეგად. მუცლის შიდა წნევამ რომ არ მოიმატოს, საჭიროა ისეთი რისკფაქტორების არიდება, როგორიცაა ჭარბი წონა და ადინამიურობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მძიმე ფიზიკური აქტიურობის გამორიცხვაა.

როგორც წესი, თიაქარი ჩნდება მუცლის წინა კედელზე ფიზიოლოგიურად არსებულ სუსტ მიდამოებში. საზარდულის თიაქარი უფრო ხშირია კაცებში, ბარძაყის თიაქარი კი – ქალებში.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი შენიშნავს ასეთი გამობერილობის არსებობას მუცლის წინა კედელზე,  საზარდულის თუ ბარძაყის მიდამოში, პაციენტის დათვალიერება და ხელით გასინჯვა საკმარისია დიაგნოზის დაზუსტებისთვის. დიაგნოზის დასმისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ანამნეზის შეკრება, გასინჯვა ხელით და ვიზუალურად.

რაც შეეხება მუცლის შიდა თიაქრების დათვალიერებას, ეს ხელით ვერ ხერხდება, ამისთვის გამოიყენება ისეთი დამატებითი რადიოლოგიური კვლევები, როგორიც არის მუცლის ღრუს ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

  •  როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

როგორც წესი, თუ ისეთ სიმპტომს შეამჩნევთ, როგორიცაა: ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა, ყაბზობისადმი მიდრეკილება და ა.შ. საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რაიმე სახის გამობერილობისა და ტკივილის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოთ ქირურგს.

  • როგორ მკურნალობენ თიაქარს?

ნებისმიერი სახის თიაქრის მკურნალობა ხდება  მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გზით. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც ლაპარასკოპიული, ისე კლასიკური წესით. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და ხასიათზე.

თიაქრის ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს სპეციალური ბადეების იმპლანტირებას მუცლის წინა კედელზე. საქმე ის არის, რომ  თიაქარი, ეს არის მუცლის წინა კედელზე დეფექტის არსებობა, იგივე კუნთებისა და აპონევროზის სისუსტე, სადაც ჩნდება არხები, ამ არხებში კი ფორმირდება თიაქარი.

თიაქრის მკურნალობის პრინციპი არხის ლიკვიდაციაა, რაც ხერხდება სპეციალური სინთეზირებული ბადეების იმპლანტირებით, ანუ ჩაკერებით ამ მიდამოში. ეს უზრუნველყოფს თიაქრის კერის დახურვას. ამ ადგილზე შემდგომში თიაქარი აღარ ჩნდება.

ოპერაციამდეც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება.

თუ პაციენტს აქვს ყაბზობისკენ მიდრეკილება, საჭიროა დაირეგულიროს კუჭის მოქმედება ყოველდღიურად, რომ თავიდან აირიდოს შებერილობა.

  • როგორია ოპერაციის შემდგომი რეკომენდაციები?

ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე (მაგრამ არა მსუბუქი) ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში.

თუ პაციენტი სპორტსმენია, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რათა მოხდეს ბადის სრული ფიქსაცია ქსოვილებში. თუ ოპერაციის შემდეგ პაციენტი გააგრძელებს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შესაძლოა ბადე მოიგლიჯოს ქსოვილებისგან და გამეორდეს თიაქარი.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

ძალიან ხშირად თიაქრის დროს პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას სპეციალური ბანდაჟებისა და ქამრების ტარების სახით, რაც არასწორია.

პირიქით, როგორც კი პაციენტი შენიშნავს თიაქრის გამობერილობას, დროულად უნდა მიმართოს ქირურგს,  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საქმე ის არის, რომ შეიძლება განვითარდეს თიაქრის ჩაჭედვა, რაც უკვე გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებაა. ჩაჭედვა ნიშნავს მუცლის რომელიმე ორგანოს ამ კუნთოვან დეფექტში გარეთ გამოსვლას და დარჩენას უკან დაბრუნების გარეშე, ორგანოს კვება ანუ სისხლმომარაგება ჩერდება, რის შედეგადაც 6 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს ამ ორგანოს სრული ნეკროზი.

ასეთ დროს თიაქრის ოპერაციის გარდა შესაძლოა ორგანოს ამოკვეთაც გახდეს საჭირო.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თიაქარი, ეწყებათ ტკივილი და გამობერილობა ხელით არ სწორდება მუცლის ღრუში, აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართონ ქირურგს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: