მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენმა 2 კომპანიაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

14.07.2022
ომბუდსმენმა 2 კომპანიაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დადგინდა შპს „ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები.

ომბუდსმენმა 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა ამ კომპანიების დირექტორებს და მოუწოდა მათ მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო.

მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე – „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.

მსგავსი პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა.

ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას.

დამსაქმებელი, ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია  სამსახურის დატოვება“, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენმა თავის რეკომენდაციებში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: