მთავარი,სიახლეები

რუსებს მოღალატე უკრაინელები აღარ სჭირდებათ და თავიდან იშორებენ – ანა მალიარი

14.07.2022
რუსებს მოღალატე უკრაინელები აღარ სჭირდებათ და თავიდან იშორებენ – ანა მალიარი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსულ ადმინისტრაციებში კადრების ნაკლებობაა. ხერსონსა და მელიტოპოლში რუსები უკვე თავიდან იშორებენ კოლაბორაციონისტებს – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

ომის დაწყებისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, არაერთი უკრაინელი დასთანხმდა საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას. მათ სამსახურები და თანამდებობები ადგილობრივ ადმინისტრაციებში გამოუძებნეს.

„თუმცა ოკუპანტები ამ ადგილების რუსეთის მოქალაქეებით შევსებას ცდილობენ, ამიტომ მოღალატეები აღარ სჭირდებათ. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე დაიწყეს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება,“ – ამბობს მალიარი.

მისი თქმით, ეს პროცესი ყველაზე შესამჩნევია ოკუპირებულ ხერსონსა და მელიტოპოლში.

24-ე არხის ცნობით, საოკუპაციო ადმინისტრაციებს მასობრივად წმენდენ კოლაბორაციონისტებისგან ხარკოვის ოლქშიც, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რუსები მათ ბოლომდე არ ენდობიან.

მოხალისეთა საერთაშორისო გაერთიანება InformNapalm-ის წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, მიხაილ მაკარუკი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორაციონისტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა დაიწყეს. ისინი რუსების პოზიციებზე ინფორმაციას იმ იმედით გასცემენ, რომ სანაცვლოდ „ინდულგენციას“ მიიღებენ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ქალაქებსა და ოლქებში კოლაბორაციონისტებზე თავდასხმები გახშირდა, ქუჩებში კი მუდმივად ჩნდება მათ მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები.

22 ივნისს ხერსონში დეპუტატ ალექსეი კოვალევის ავტომანქანა ააფეთქეს. კოვალევი რუსებთან თანამშრომლობდა. 24 ივნისს ააფეთქეს დმიტრო სავლუჩენკოს ავტომანქანა – სავლუჩენკო ე.წ. ადმინისტრაციის „ოჯახების, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების“ უფროსი იყო.

მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი/ფოტო: pravda.com.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: