წყარო: Hromadske.ua
რუსებმა ხერსონი პირველ მარტს დაიკავეს. უკვე ოთხი თვეა, რუსეთი ხერსონელების გადაბირებას ცდილობს: დასდევენ, იტაცებენ, კლავენ. თუმცა ხერსონი პირველი დღიდანვე იბრძვის: თავიდან მიტინგებს აწყობდნენ, ახლა კი ბრძოლა იატაკქვეშეთში გადავიდა – ქალაქში კოლაბორაციონისტების მანქანებს აფეთქებენ.
რამდენიმე ხერსონელი ჰყვება, როგორია ცხოვრება ოკუპირებულ ქალაქში.
ოთხი თვე ოკუპაციაში
ოქსანას, სახელი შეცვლილია, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ესმოდა, რომ სახლებს ჩხრეკდნენ და ადამიანებს იტაცებდნენ, – „მანქანა რომ ხმაურით ჩაივლის, ან სადარბაზოს კარი მიჯახუნდება, ადამიანებს ამ ხმებისაც კი ეშინიათ.“
ოქსანა ჰყვება, რომ რუსი სამხედროები ხერსონის ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს, ადგილობრივები კი ცდილობენ, ნაკლებად იურთიერთონ მათთან, ქუჩაში გამოსვლასაც კი ერიდებიან.
„ჩემი ნაცნობი მუშაობდა მიტანის სერვისში, მაგრამ ვერ გაუძლო, დღეში უამრავი საგუშაგოს გავლა უწევდა. ზოგიერთზე უბრალოდ დოკუმენტებს გიმოწმებენ და მეტი არაფერი, ზოგიერთზე კი შეიძლება ძალიან უხეშად მოგექცნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ სამხედროს არ მოეწონა, როგორ ელაპარაკებოდა ეს გოგო და ყვირილი დაუწყო, თუ ბევრს ილაპარაკებ, აგერ ბუჩქებში შეგათრევ და გაგაუპატიურებო,“ – ოქსანა ამბობს, რომ მისმა ნაცნობმა ხერსონი უკვე დატოვა.
ოთხი თვე ოკუპაციაში ცხოვრების შემდეგ, ქალაქიდან თვითონ ოქსანაც წავიდა. ბავშვთან ერთად. გზა ზაპოროჟიემდე გრძელი და რთული აღმოჩნდა, თუმცა ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
პარტიზანები კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ
როდესაც ქალაქი დაიპყრეს, რუსებმა საოკუპაციო ხელისუფლება დანიშნეს და მის სათავეში ვლადიმირ სალდო ჩააყენეს – ხერსონის მერი 2022-2012 წლებში. პრორუსი ბლოგერი, კირილ სტრემოუსოვი კი ე.წ. „სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე გახდა.
თუმცა კოლაბორაციონისტების მუშაობას მუდმივად უშლიან ხელს ხერსონელი პარტიზანები, ისინი ქალაქში მუქარის განცხადებებს აკრავენ და თავდასხმებს აწყობენ.
ასე ააფეთქეს 22 ივნისს დეპუტატ ალექსეი კოვალევის მანქანა. კოვალევი რუსებთან თანაშრომლობდა.
24 ივნისს ააფეთქეს დმიტრო სავლუჩენკოს მანქანა – „ოჯახების, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების“ უფროსის.
სავლუჩენკო დაიღუპა.
„ასეთი მოვლენები სხვა კოლაბორაციონისტებზეც მოქმედებს,“ – ამბობს ოკუპირებული ტერიტორიიდან წამოსული პაველ კობერნიკი, ხერსონელი ჟურნალისტი. – „სალდო და სტრემოუსოვი ქუჩაში ჯავშანჟილეტებითა და დაცვით დადიან“.
ჟურნალისტი დასძენს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის გამო, რუსებმა უკვე აღარ იციან, როგორ მოიქცნენ ხერსონში, ამიტომაც მუდმივად იდება რუსეთთან შეერთების მოთხოვნით დაგეგმილი რეფერენდუმი.
„ახლაც კი, როდესაც ხერსონის ბევრი პატრიოტი ქალაქიდან წავიდა, ხერსონშიც და მთელ ოლქშიც რჩება პროუკრაინული მოსახლეობა, რომლებიც ოკუპანტების ყველა გეგმას შლიან. ბოლო ინფორმაციით, რეფერენდუმს 11 სექტემბერს გეგმავენ. იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის, ოლქის ის ნაწილი, რომელშიც ქალაქი ხერსონია, უკვე დეოკუპირებული იქნება. მეორეც – როგორი იქნება აქტივობა ამ რეფერენდუმზე? შეიძლება მათ მოახერხონ ხალხის ყირიმიდან და დონეცკიდან გადმოყვანა, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ, რადგან ხერსონელთა უმრავლესობა წინააღმდეგია ნებისმიერი რეფერენდუმის, ეს იქნება რუსეთთან შეერთების თუ დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსი კვაზირესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა,“ – ამბობს კობერნიკი.
„მათი ძალაუფლება შიშზე დგას“
ხერსონი, ოკუპაციიდან მალე, 1990-იანების ქალაქს დაემსგავსა: ქუჩებში გაშლილი ქაოსური ბაზრებით, სადაც ყველაფერი იყიდებოდა, წამლებით დაწყებული და სპირტით დამთავრებული. ალკოჰოლური სასმელები ყირიმიდან შეჰქონდათ და პირდაპირ ბიდონებიდან ყიდდნენ.
„იყო პერიოდი, როდესაც სუპერმარკეტებში საერთოდ აღარაფერი იყო. შედიხარ მაღაზიაში და იქ მხოლოდ კონსერვირებული ზეთისხილი და ანანასი და ძვირიანი სასმელებია. სხვა დახლები დაცარიელებულია. ზოგი დილის 5 საათზე მიდიოდა მაღაზიაში, ყიდულობდა პროდუქტებს და მერე დღისით ბევრად ძვირად ყიდდა იმავე მაღაზიის წინ,“ – იხსენებს ოქსანა.
„საოკუპაციო ხელისუფლებამ ჰუმანიტარული ვითარება დღემდე ვერ მოაგვარა,“ – ამბობს ქალაქიდან წამოსული კიდევ ერთი ჟურნალისტი, საიტ „მოსტის“ რედაქტორი სერგეი ნიკიტენკო. – „საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნა, ესაა მცდელობა, ხალხს დაანახონ, რომ ძალაუფლება მათ ხელშია, მაგრამ ეს ძალიან უსუსური მცდელობაა. ადამიანები ხედავენ, ვის ნიშნავენ ხელისუფლებაში – პოლიტიკურ აუტსაიდერებს ან უბრალოდ გაუგებარ ადამიანებს, რომლებიც არაფრის მაქნისები არიან. ქალაქშიცა და ოლქშიც განუკითხაობაა, რეპრესიების მანქანა მუშაობს. მთელი მათი ძალაუფლება შიშზე დგას.“
ახლა რუსებს საკვები ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციიდან შეაქვთ, თუმცა ხერსონელები ხარისხსა და ფასებზე წუწუნებენ – „ვიღაც წერდა, რომ რუსული კონსერვი შეჭამა და საავადმყოფოში მოხვდა“.
ვინ არის კოლაბორაციონისტი
იმის გამო, რომ მათთვის დანარჩენი უკრაინის ბაზარი ჩაიკეტა, ხერსონელი ფერმერები იძულებულნი არიან საკუთარი პროდუქტი ან ძალიან იაფად გაყიდონ, ან გადაყარონ, ან რუსებთან ითანამშრომლონ.
„მიდიან ფერმერთან, სთავაზობენ თანამშრომლობას, ის უარს ამბობს. ორი კვირით სარდაფში აგდებენ, ამ დროში კი მის მეურნეობას ძარცვავენ. რამდენიმე მსხვილი ფერმერი დათანხმდა თანამშრომლობას, თუმცა უმრავლესობამ უარი თქვა. ასე ვიცით, რომ ფერმერებს უთხრეს „თქვენი მოსავლის 30 % თქვენ, 70 % მიდის რუსეთში და ყირიმში“, – ჰყვება პაველ კობერნიკი.
უკრაინის კანონით, კოლაბორაციონისტია პირი, რომელიც „სამეურნეო საქმიანობას აწარმოებს ოკუპანტთან თანამშრომლობით“.
თუმცა კოლაბორაციონიზმის ყველა ფორმას კანონი აr განმარტავს.
„ამ მხრივ ხერსონელები უკეთეს კომუნიკაციას ელოდნენ ხელისუფლებისგან“ – ამბობს „მოსტის“ რედაქტორი სერგეი ნიკიტენკო. – „პირველი 50 დღე არავის უნახავს ჩვენი მაშინდელი გუბერნატორი გენადი ლაგუტა. ხერსონელები ძალიან შეუარცყოფილად გრძნობდნენ თავს. ფიქრობენ, რომ მან უღალატა. გაქრა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ არც კომუნიკაცია ჰქონია ხალხთან. ხალხს არავინ აუხსნა, როგორ მოქცეულიყვნენ, რა ხდება და დღემდე არავინ არაფერს უხსნის.
„ადამიანებმა არ იციან, ვინ მიიჩნევა კოლაბორაციონისტად და ვინ – არა. ხალხი ძალიან განიცდის. ეს განსაკუთრებით ეხებათ კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ ან სამსახურები დატოვონ ან რუბლებში აიღონ ხელფასი. ყველა ხომ ვერ დატოვებს მაგალითად „წყალკანალს“, ასე ასობით ათასი ადამიანი დარჩება წყლის გარეშე და ეს კატასტროფა იქნება“.
ვიცე-პრემიერმა ირინა ვერესჩუკმა ხერსონელებს მოუწოდა, ქალაქი დატოვონ, რადგან უკრაინელი სამხედროები ქალაქის დეოკუპაციას გეგმავენ.
ხერსონიდან უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ ორი გზაა – ყირიმის ან ზაპოროჟიეს გავლით, თუმცა უსაფრთხო არცერთია. ოქსანამ ზაპოროჟიე აირჩია.
„ვიცი ერთი ამბავი, როდესაც ვიღაც ყირიმის გავლით გასვლას ცდილობდა. რუს სამხედროებს მის პასპორტში ციფრების კომბინაცია არ მოეწონათ და სასტიკად სცემეს. მერე მზეზე დააგდეს, მერე ისევ სცემეს, მერე დაკითხეს. სცემდნენ და კითხავდნენ. მეორე დღეს ისევ ქალაქში დააბრუნეს.“
როგორც ოქსანა ჰყვება, რუსებს აქვთ იმ ადამიანების სია, ვისაც ეძებენ, ამიტომაც ყველა ხერსონელს არ შეუძლია საგუშაგოს გავლა. გზაც სახიფათოა. ზოგს საკმარისი ფული არ აქვს, ავადმყოფები და მოხუცები კი ამხელა გზას ვერ გაუძლებენ.
მთავარი ფოტო: Lb.ua