მთავარი,სიახლეები

ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო

15.07.2022 •
ბრძოლა, რომელიც 24 წლის აქტივისტმა სიკვდილის შემდეგ მოიგო

კიევის საქალაქო საბჭომ იზიუმთან დაღუპული სამოქალაქო აქტივისტის, რომან რატუშნის ხსოვნის პატივსაცემად მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას კიევის ცენტრში, „პროტასოვ იარის“ ლანდშაფტური პარკის შექმნის შესახებ.

რომან რატუშნი, რომელიც ივნისში იზიუმთან დაიღუპა, წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრში, იმ ადგილას, საცხოვრებელი თუ სასტუმრო კომპლექსების ნაცვლად პარკი გაშენებულიყო.

„ეს არის რომანის ხსოვნის პატივისცემა და დასტური იმისა, რომ მისი და ბევრი სხვა კიეველის ბრძოლა ამ მწვანე ზონისთვის ამაო არ ყოფილა“, – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ტელეგრამ არხზე.

მერიისა და საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რომანის მშობლები და ორგანიზაცია „დავიცვათ პროტასოვ იარი“, რომელიც რომან რატუშნიმ 2018 წელს შექმნა.

„რომანისა და კიეველთა ოცნების ასასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა მხოლოდ გადაწყვეტილება არ კმარა“, – ამბობენ რომანის მეგობრები და კოლეგები და პირობას დებენ, რომ გადაწყვეტილების აღრულებისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ.

„პროტასოვ იარი“ – კიევში, სოლომიანსკის რაიონში, ისტორიული ადგილია. მას ეს სახელი მე-19 საუკუნეში ეწოდა, მისი მფლობელის, გენერალ პროტასოვის გამო.

პროტასოვ იარის ხედი ზაფხულში/ფოტო: kiev.informator.ua

ეს მწვანე ზონა მუდმივად იპყრობდა ბიზნესმენთა ყურადღებას. იქ მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ რამდენჯერმე მიიღო. ბოლოს, 2019 წელს, ტერიტორია შეღობეს და საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ იქ სამი 40-სართულიანი კორპუსი აშენდებოდა.

მშენებლობის უკან პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის გენადი კორბანის კომპანია იდგა.

2019 წლის ოქტომბერში რომან რატუშნიმ განაცხადა, რომ მისი აქტიური სამოქალაქო საქმიანობის გამო ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

2019 წლის 8 მაისს არქიტექტურისა და მშენებლობის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, 2020 წელს კი კიევის საქალაქო საბჭომ „პროტასოვ იარს“ მწვანე სტატუსი დაუბრუნა.

რომან რატუშნის კიევში ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი იცნობდა, რადგან „ღირსების რევოლუციიდან“ მოყოლებული დედაქალაქში თითქმის არ ყოფილა აქცია, რომელზეც ის არ მდგარა.

17 წლის რომან რატუშნი, კიევის კოლეჯის პირველკურსელი, იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც მაშინ, 2013 წელს, მაიდანზე „ბერკუტმა“ დაარბია. „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ რომანმა იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ცოტა ხანს ჟურნალისტადაც მუშაობდა, პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ძირითადად სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა.

რომან რატუშნი საპროტესტო აქციაზე/ფოტო: რომან რატუშნის ფეისბუქიდან

რომან რატუშნი ომის დაწყებისთანავე კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩაეწერა, მოგვიანებით კი 93-ე მექანიზებულ ბრიგადას, „ცივ იარს“, შეუერთდა. იბრძოდა კიევთან, სუმის ოლქში, ხარკოვის მიმართულებაზე.

ის იზიუმთან ბრძოლაში 8 ივნისს დაიღუპა. მისი ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს.

რომან რატუშნის დაკრძალვა კიევში/ფოტო: unian.net

უკრაინის აღდგენისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე, ლუგანოში, რომან რატუშნი რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა.

„ის იბრძოდა უკრაინისთვის, თავისუფალი უკრაინისთვის, როგორც აქტივისტი და როგორც ჟურნალისტი. ის იბრძოდა უფრო მწვანე უკრაინისთვის და კიევის ბუნებრივ პარკს ოლიგარქების მიერ დაფინანსებული უკანონო მშენებლობებისგან იცავდა. ის იბრძოდა დამოუკიდებელი უკრაინისთვის და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ფასიც გადაიხადა“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. – „რომანის სიცოცხლე ძალიან ადრე შეწყდა, მაგრამ მისი ოცნებები ცოცხლობენ. ოცნება ახალ უკრაინაზე, არამხოლოდ თავისუფალზე, დემოკრატიულსა და ევროპულზე, არამედ, მწვანე და აყვავებულ უკრაინაზე“.

უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულ აქტივისტს კიევი 18 ივნისს გამოემშვიდობა. 5 ივლისს რომან რატუშნი 25 წლის გახდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: