მთავარი,სიახლეები

ციხე ყველაზე მსუბუქი რამაა, რაც თქვენ გელით – ზელენსკი ვინიცის სარაკეტო თავდასხმაზე

15.07.2022 • 2971
ციხე ყველაზე მსუბუქი რამაა, რაც თქვენ გელით – ზელენსკი ვინიცის სარაკეტო თავდასხმაზე

„იმ ხომალდის ეკიპაჟმა, რომელმაც ვინიცისკენ „კალიბრები“ გაუშვა, მინდა ზუსტად იცოდეს, რომ ციხე – ეს არის ყველაზე მსუბუქი რამ, რაც მათ ელოდებათ,“ – ასე დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ვიდეომიმართვა, რომელიც მთლიანად ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას ეხებოდა.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროთ ტერორისტ სახელმწიფოდ. მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ ქმნის ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურად, ფრთოსანი რაკეტებითა და რეაქტიული არტილერიით ანადგურებდეს მშვიდობიან ქალაქებსა და ადამიანების სიცოცხლეს“, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს და გუშინდელი ტრაგედიის შედეგები გაახსენა.

ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. დაშავდა ათობით ადამიანი, კიდევ ათობით დაკარგულია, თუმცა ზელენსკის თქმით, ნანგრევებს ჯერ ისევ წმენდენ და მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება, რუსეთის ენერგოსექტორის შეზღუდვა და მთელ მსოფლიოში რუსეთის აქტივების კონფისკაცია.

„ტერორი – ვირუსია და თუკი ტერორისტებიდან ვინმე დაუსჯელი დარჩება, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს სხვებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ვინიცაზე თავდასხმა ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ნიდერლანდებში, ჰააგაში, რუსეთის ომის დანაშაულებზე კონფერენცია მიმდინარეობდა. მისი აზრით, რუსეთმა ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ.

„ერთი რაკეტა სამედიცინო ცენტრ „ნეირომედს“ დაეცა. რა მოხდებოდა ვიღაცას რომ რაკეტებით დაერტყა სამედიცინო ცენტრისთვის დალასში ან დრეზდენში, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რა სახელი დაერქმეოდა ამას თუ არა ტერორიზმი? დაღუპულთა შორის 4 წლის გოგონაა, მას ლიზა ერქვა. 4 წლის ბავშვი!“ – უკრაინის პრეზიდენტმა ვინიცის ტრაგედიის დროს დაღუპულ და დაკარგულ უკრაინის სხვა მოქალაქეებზეც ისაუბრა.

ლიზას ამბავს საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც გამოეხმაურა.

„დღეს ვნახეთ გადაბრუნებული საბავშვო ეტლის თავზარდამცემი ფოტო ვინიციდან და როდესაც ახალ ამბავს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ვიცნობ ამ გოგონას. პატარა ლიზას, რომელიც რუსულმა რაკეტამ მოკლა. მაგრამ ახლა არ დავწერ ყველაფერს, რისი თქმაც მინდა მათთვის, ვინც ის მოკლა, ახლა მინდა მასზე დავწერო.

ამ საყვარელ გოგონას მაშინ შევხვდი, როდესაც საშობაო ვიდეოს ვიღებდით. ნათელი, გულწრფელი, მხიარული ბავშვი, რომელიც სიყვარულში იზრდებოდა. ამ პატარა ონავარმა მაშინ, ნახევარ საათში, მხოლოდ თავისთვის კი არ მოასწრო დახატვა, არამედ ყველა ბავშვისთვის, ჩემთვის, ოპერატორისა და რეჟისორისთვის…“

4 წლის ლიზა, გოგონა დაუნის სინდრომით, მაშინ დაიღუპა, როდესაც დედასთან ერთად მეტყველების თერაპიის კურსიდან შინ ბრუნდებოდა. დაღუპვამდე ირინამ, ლიზას დედამ, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ მოაგორებს ლიზა საბავშვო ეტლს და დედა ეკითხება: „სად მივდივართ ბაჭია, ალასთან?“

ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ ლიზა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ნასროლი ფრთოსანი რაკეტის აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა, ლიზას დედა, ირინა კი მძიმედ დაიჭრა, მედიის ცნობით მას ფეხი მოკვეთეს.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს/ფოტო: president.gov.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: