ნეტგაზეთი • RU

ვაჟა ანანიძეს აკადემიამ 76 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სააპელაციოს გადაწყვეტილება

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის თითქმის ყველა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ საზღვაო აკადემიას ანანიძის სასარგებლოდ 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით, თუმცა სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, გამოცხადდა.

როგორც ვაჟა ანანიძის ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

„კანონის ჩარჩოში სასამართლომ მაქსიმუმი გააკეთა ანანიძის საქმეზე. ამის იქეთ მას კანონი არ აძლევდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რადგან სასამართლომ თქვა, რომ იმ პირობებში, როცა საზღვაო აკადემიამ გააუქმა ანანიძის თანამდებობა – კოორდინატორის პოზიცია, ტოლფას თანამდებობაზე კი სხვა პირია დასაქმებული, ვერ მოხდება მისი სამსახურში აღდგენაო.

ვფიქრობ, ამ ნაწილში სასამართლოს ხელს უშლის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს გააუქმოს შტატი, ან შეცვალოს ის პოზიცია, საიდანაც დასაქმებული გაათავისუფლა. ფაქტობრივად, დღევანდელი კანონი უკანონოდ გათავისუფლებულ პირს მხოლოდ კომპენსაციის ამარა ტოვებს და არ აძლევს შესაძლებლობას ძველ პოზიციაზე დაბრუნდეს“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რადგან ტოლფას პოზიციაზე ვაჟა ანანიძის აღდგენა ვერ ხერხდება, ძველი შტატი კი გაუქმებულია, ამ ნაწილში სასამართლომ საზღვაო აკადემიას კომპენსაციის სახით ანანიძის სასარგებლოდ 51 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ასევე, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 25 ათასი ლარის გადახდაზე. მთლიანობაში კი საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძეს 76 ათას 200 ლარი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით.

ანა ბერძენიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ისევ გაასაჩივროს აკადემიამ. „მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება და ვნახავთ როგორ იმსჯელა სასამართლომ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებთ თუ არა დავას შემდგომ ინსტანციაში“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მან საზღვაო აკადემიის მაშინდელი რექტორი და რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ დაატოვებინეს ანანიძეს თანამდებობა.

მას შემდეგ ვაჟა ანანიძე ყოველ დღე საზღვაო აკადემიის შესასვლელთან ტრანსპარანტით დგას ხელში და აკადემიას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com