მთავარი,სიახლეები

ვინ არის 12 წლის ვუნდერკინდი მაგისტრის ხარისხით

15.07.2022 • 1743
ვინ არის 12 წლის ვუნდერკინდი მაგისტრის ხარისხით

ბელგიელი ლორან სიმონსი 12 წლისაა, თუმცა უკვე დაასრულა ანტვერპენის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც, სადაც ფიზიკას სწავლობდა. 12 წლის ვუნდერკინდის შესახებ „დოიჩე ველე“ აქვეყნებს სტატიას.

12 წლის ბიჭის ცხოვრება დიდი ხანია მედიის ყურადღების ქვეშაა. ლორანი 4 წლის ასაკში სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო 8 წლის ასაკში უკვე სკოლაში სწავლა დაასრულა და ნიდერლანდებში, ეიდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრონული ინჟინერიის შესაწავლა დაიწყო.

იგი ოცნებობდა უნივერსიტეტის დასრულებაზე მანამ, სანამ 10 წლის გახდებოდა. ამ შემთხვევაში ლორანი იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, უნივერსიტეტის განათლებით, მაგრამ ეიდჰოვენის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების ვადები არარეალურად მიიჩნიეს, ლორანის მშობლები ამას არ დაეთანხმნენ და შედეგად, ბიჭმა სწავლა დატოვა.

ამის შემდეგ ლორანმა ფიზიკის შესწავლა დაიწყო ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტში და 11 წლის ასაკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მას მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა სამწლიანი პროგრამის შესასწავლად. ბიჭმა აქვე დაასრულა მაგისტრატურა, ასევე, მოკლე დროში.

2022 წლიდან ლორანი სტაჟირებას გადის გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე და მაქს პლანკის კვანტური ოპტიკის ინსტიტუტში. მკვლევართა გუნდთან ერთად ლორანი მუშაობდა მსოფლიოში უძლიერეს ლაზერზე, რომელიც უნდა დაეხმაროს ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას სისხლის ნიმუშების ანალიზისას.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ 2022 წლის ზაფხულის არდადეგების შემდეგ ლორანი სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რას შეისწავლის, თუმცა მედიცინა ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა. ლორანი ამბობს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა სურს. 12 წლის ვუნდერკინდისთვის საინტერესო თემებს შორისაა ხელოვნური ორგანოების შექმნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: