ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

ბათუმის დელფინარიუმმა ბოლო ტენდერი დელფინებისთვის ანტიოქსიდანტური ვიტამინის შეძენაზე 18 აგვისტოს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19.200 ლარია. ამ ტენდერით დელფინებისთვის ვიტამინებს ყიდულობენ.

სულ ახლახან კი, ბათუმის დელფინარიუმის სამ ბინადარ დელფინს კუჭის ეროზია და წყლულები აღმოაჩნდა, რამაც უკვე გამოიწვია მათი ორგანიზმების დასუსტება. ამან შეიძლება შემდგომი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა სპექტრები გააუარესოს. ამის შესახებ იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც 18 აგვისტოს, დელფინარიუმის ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს მისწერა, დელფინების კუჭის წყლულისთვის სამკურნალო სამი მედიკამენტის [ნექსიუმი 40მგ – 10 კოლოფი; ჰელისტოპი 120 მგ – 1 კოლოფი; 3. პილობალანსი N20 – 3 კოლოფი] შესყიდვის თხოვნით.

„აღნიშნული დაავადებების გამო, ჩვენი ორგანიზაციის სამ ბინადარს დაერღვა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, რაც გამოიწვევს ორგანიზაციის ბინადართა შემდგომ დასუსტებასა და მათი ჯანმრთელობის გაუარესებას“, – ვკითხულობთ დელფინარიუმის ვეტექიმის მოხსენებით ბარათში, რომელიც დელფინარიუმის ადმინისტრაციას 16 აგვისტოს მიწერა. „აუცილებელია ორგანიზაციის ბინადართა მკურნალობა დაიწყოს დაუყოვნებლივ“.

რამ გამოიწვია დელფინარიუმის სამ ბინადარს შორის კუჭის წყლულების გაჩენა მოხსენებით ბარათში დაზუსტებული არ არის. სხვადასხვა კვლევისა და წყლის ცხოველთა მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის [IAAAM] ცნობით, ველური და დაჭერილი დელფინები ავადდებიან რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, დერმატოლოგიური და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებით, მათ შორის კუჭის წყლულით, რომლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ჰელიკობაქტერია, პარაზიტული ინფექციები, დიეტური ჰისტამინის მაღალი შემცველობა, უცხო სხეულის გადაყლაპვა, ისე სტრესი.

„იყო შემთხვევები, როდესაც კუჭის წყლული, ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე გაჩნდა ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჩვეულებრივი ბოთლისცხვირა დელფინები და ამ შემთხვევების მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი“, – წერია წყლის ცხოველთა მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის კვლევაში, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა (ნაკვლევია uShkas აკვარიუმის დელფინები). – „კუჭის წყლული შეიძლება პოტენციურად იყოს გამოყენებული, როგორც სოციალური სტრესის ინდიკატორი დატყვევებულ დელფინებში“.

ამავე კვლევის თანახმად, გამომწყვდეულ ბოთლისცხვირა დელფინებში კუჭის წყლულსა და ეროზიებზე პასუხისმგებელ მრავალ ფაქტორს შორის, „წყლულის დასაწყისის სტიმულატორი აღმოჩნდა ჰისტამინი, რომელიც გვხვდება არასათანადოდ შენახულ საკვებ თევზებში“.

კიდევ ერთი მედიკამენტი, რასაც დელფინარიუმის ბინადრებისთვის პერიოდულად ყიდულობენ, კონტრაცეპტიული მედიკამენტია [კონტრსექს-ნეოა]. სატენდერო დოკუმენტაციაზე დართული ვეტერინარის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დელფინარიუმი კონტრაცეპტივს იმიტომ ყიდულობს, რომ ზოგიერთი დელფინი სექსუალური ჰიპერაქტიურობის გამო აგრესიულად იქცევა და სხვა დელფინებს აზიანებს/კბენს.

 

2020 წლის აპრილში დელფინარიუმმა  დაკბენილი სამი დელფინისთვის ანტისეპტიკური საშუალებების შეძენის თხოვნით მიმართა შესყიდვების სააგენტოს. შესყიდვის დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ დელფინები, ზოგადად, აგრესიული ქცევით არ ხასიათდებიან, „ვინაიდან საქმე გვაქვს ცოცხალ ორგანიზმებთან, რომლებიც არ ხასიათდებიან აგრესიული ქცევით, აღნიშნული კონკრეტული ქმედება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული“. დოკუმენტაციიდან არ ჩანს, რას უკავშირდება დელფინებს შორის აგრესიის გამოხატვის ეს კონკრეტული შემთხვევა.

ზღვის ძუძუმწოვრების კვლევის ასოციაციის [DMAD] ცნობით, დელფინარიუმებში დელფინებს სხვადასხვა ჯგუფში, სხვადასხვა ოჯახის დელფინებთან ერთად ათავსებენ, რაც შეუძლებელს ხდის მათ შორის კომუნიკაციას. კომუნიკაციის შეუძლებლობისა და შეზღუდული სივრცის კომბინაცია იწვევს დელფინებში დათრგუნვას და აგრესიულობას. „ველურ ბუნებაში თუ კონფლიქტი მოხდება, მათ შეუძლიათ აგრესორებს გაერიდონ, გაცურონ, ეს შეუძლებელია რეზერვუარში და შედეგად დელფინები მძიმედ იჭრებიან“, – ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

2020 წლის აპრილი, ტექსტი ვეტერინარის მოხსენებითი ბარათიდან

2022 წლის ივნისში დელფინარიუმმა ასევე გადაუდებელი აუცილებლობით მოითხოვა დელფინებისთვის მინერალური დანამატის – ცინკიტის შეძენა, რადგანაც „ზღვის ძუძუმწოვრებს აღენიშნებათ იმუნიტეტის ვარდნა და უმადობა, რამაც უკვე გამოიწვია კანის ეროზია და შეიძლება გახდეს შემდგომ დაავადებათა გამომწვევი მიზეზი.“ – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
 
დელფინარიუმის ვეტექიმების მოხსენებით ბარათში წერია, რომ „გაზაფხულის პერიოდში ზღვის ძუძუმწოვრების იმუნური სტატუსი დაქვეითებულია, განსაკუთრებით აღენიშნებათ სისხლში ცინკის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი, რაც გამოიხატება კანის ეროზიული დაზიანებით.ამ პერიოდში აუცილებლად უნდა მიეწოდოთ დამატებით ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობა“. ანტიოქსიდანტური ანუ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინები (მაგ. SEA TAB) დელფინებისთვის გასულ წლებშიც შეიძინეს. სხვადასხვა წლებში დელფინარიუმის მიერ შეძენილი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამონათვალში არის ანტიბიოტიკები, ანტისეპტიკური საშუალებები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, მათ შორის:  ბრონქომუნალი [აძლიერებს ბუნებრივი დაცვის მექანიზმების სტიმულირებას სასუნთქი გზების ინფექციებისგან]; ანტიბაქტერიული მალამო მეტროჟილ დენტა; ანტისეპტიკური კრემი – სუდოკრემი [2019]; ანტიბიოტიკი – აზიმაკი, ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება – ავილაკი, ვალერიანის ნაყენი [2018] ტობრექსი თვალის მალამო, ანალგინი [2017] და სხვ.ცხოველთადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA [ადამიანები ცხოველების ეთიკური მოპყრობისთვის] წერს, რომ ზოგადად დელფინები ცხოვრობენ დიდ, რთულ სოციალურ ჯგუფებში და ყოველდღე ცურავენ უზარმაზარ დისტანციებზე [100-200 კმ] ღია ზღვებსა და ოკეანეში. „ტყვეობაში მათ შეუძლიათ მხოლოდ გაუთავებელ წრეებზე ცურვა აუზებში, რომლებიც მათთვის აბაზანების ტოლფასია. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ რამე სახის ბუნებრივ ქცევაში. ისინი იძულებული არიან შეასრულონ უაზრო ხრიკები… ბევრი მათგანი იღუპება, თავისი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გაცილებით ადრე“.2015 წელს ბათუმის დელფინარიუმთან ცხოველთადამცველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ისინი გართობის მიზნით დელფინების ექსპლუატაციას აპროტესტებდნენ. აქციაში აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაც.

„არანაირი სამეცნიერო დანიშნულება დელფინარიუმების არსებობას არ გააჩნია. ხშირად ამბობენ, რომ ეს კონსერვაციის, ანუ სახეობის გადარჩენის მიზნით ხდება, რაც არ შეესაბამება რეალობას. არ გააჩნია არც შემეცნებითი დანიშნულება, რადგან მოქალაქე, რომელმაც არ იცის დელფინების ცხოვრების ყოფა, იქ ვერ ნახავს დელფინის ბუნებრივ ქცევას. ამ პირობებში იქ შესაძლებელია მხოლოდ დელფინების სასტიკი მოპყრობის ნახვა და იძულებით გაკეთებული ტრიუკების ყურება“, – ამბობს საქართველოს ცხოველთა ფედერაციის დამფუძნებელი თემურ ლაჭყეპიანი.

2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბათუმის დელფინარიუმში 20 დელფინი ბინადრობს. მათ გამოსაკვებად დღეში 238 კილოგრამი თევზია საჭირო.

რუსეთს უკრაინასთან ომში დამხმარე ძალების მობილიზება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს, მოტივაცია გაუჩინოს დამხმარე ძალებს, რომლებსაც დონბასში საკუთარი არმიის გასაძლიერებლად იყენებს.

უწყება ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო ნაწილებს გულისხმობს და მაგალითად მოჰყავს 15 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობს.

სამხედროების მტკიცებით, მათ „ლუგანსკის ოლქის დაცვაში“ თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს, „2022 წლის 3 ივლისს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ“ და ახლა ზეწოლის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელება აღარ სურთ.

„რუსეთს ძალიან უჭირს, მოტივაცია გაუჩინოს დამხმარე ძალებს, რომლებსაც დონბასში თავისი ძირითადი არმიის გასაძლიერებლად იყენებს. ზოგ შემთხვევაში, მეთაურები ჯარისკაცების წახალისებას პირდაპირ მატერიალური დაპირებებით ცდილობენ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი სამხედრო ნაწილი შეტევით ოპერაციებში გამოსაყენებლად უკვე არასასურველად და არასანდოდ მიიჩნევა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 22 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ ამ პრობლემას აძლიერებს ომის კრემლისეული კლასიფიკაციაც  – „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ზღუდავს სახელმწიფოს, კანონიერად მოახერხოს პირადი შემადგენლობის მობილიზება.

უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე წერდა გასულ კვირაში აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც. ISW-ი მიუთითებდა, რომ ვიდეოს ავთენტურობის დადასტურება მის ანალიტიკოსებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, თუმცა მისი შინაარსი ნამდვილად ასახავს ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას და დამხმარე ძალების დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას.

ISW-ი აღნიშნავდა, რომ ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში მყოფმა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის დანაყოფებმაც გამოთქვეს მსგავსი უკმაყოფილება, რაც შესაძლოა, მართლაც ადასტურებდეს, რომ პროქსიჯარები (არარეგულარული სამხედრო ფორმირებები) სრულად არ უჭერენ მხარს კრემლის მასშტაბურ გეგმებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 919 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 230 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1032 ერთეული [+4]
  • MLRS – 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 145 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 198 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 815 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 194 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 149 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 790 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 368 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 372 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 814 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 329 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 016 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე.

აპრილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

[yellow_box]რუსეთთან ომში დაახლოებით 9 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ზალუჟნი[/yellow_box]


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთში „რეკრუტერების“ ახალ სისტემის სამიზნეა ღარიბები და პატარა ერები – უკრაინის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთმა შავ ზღვაში ძალები გააძლიერა: რა შეიძლება მოხდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

სპორტული მანქანებით გზებზე მოძრაობა იკრძალება – ახალი წესი

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, „სპორტული დანიშნულების ავტომობილს საგზაო მოძრაობაში ჩაბმის უფლება აქვს მხოლოდ შეჯიბრებაზე მონაწილეობის, ვარჯიშის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით“.

სხვა შემთხვევაში „ამ ავტომობილით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობა იწვევს მძღოლის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

დადგენილება მთავრობამ 2022 წლის 15 აგვისტოს მიიღო და ის სრულად 2022 წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი წესის მიხედვით:

  • „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ვალდებულია სულ მცირე 3 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია მისი ეგიდით დაგეგმილი სპორტული შეჯიბრის ჩატარების თარიღის, ზუსტი ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.
  • ფედერაციამ შსს-სთან უნდა შეათანხმოს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალიც. ამასთან, ვარჯიშის მიზნით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შსს-სთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
  • ავტომობილის გადაადგილების სპეციალურ ნებართვას გასცემს ფედერაცია.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია „112“-ს აცნობოს ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემები, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიზანი/დანიშნულება, გადაადგილების მარშრუტი და გადაადგილების დრო.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების/მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ფედერაციის წევრს, რომელიც ფლობს ფედერაციის მიერ გაცემულ მრბოლელის მოქმედ ლიცენზიას. სხვა პირის მიერ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილება ან მგზავრობა დაუშვებელია.
  • აკრძალულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში დასაშვებია შეჯიბრის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით, ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრის დაწყებამდე 3 დღით ადრე, შეჯიბრის დასრულებამდე.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“

ზემოთ აღნიშნული დადგენილებით მთავრობამ „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი“ და „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმები“ დაამტკიცა.

„სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურები, აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც გამოიყენება საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებულ პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“

ახალი წესის მიხედვით, „სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული ყველა ავტომობილი ექვემდებარება ფედერაციის მხრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას, ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის“.

ამასთან, „წლის განმავლობაში სპორტული დანიშნულების ავტომობილად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი არაუმეტეს 150 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“ [ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე].

ავტომობილი სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიიჩნევა ფედერაციის ტექნიკური კომისიის მიერ განხორციელებული სპეციალური შემოწმების შედეგად ფედერაციის მიერ გაცემული დოკუმენტის – ტექნიკური პასპორტის საფუძველზე.

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევა ასევე შესაძლებელია ავტომობილის შესაბამისი მოდიფიკაციის შემდეგ, კომისიის მიერ წინასწარ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება შსს-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები [ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი – სახელმწიფო სანომრე ნიშანი].

ფედერაციამ, 2022 წლის 16 სექტემბრამდე, შსს-სთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალი; ხოლო 16 ნოემბრამდე სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა დაამტკიცოს ტექნიკური პასპორტის კატეგორია, ნიმუში და მისი გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და შენახვის წესი; ასევე სპეციალური ნებართვის ნიმუში, მისი გაცემის, შენახვის, შეჩერებისა და გაუქმების წესი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან  / აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო

პლაჟზე ჩასასვლელები – ახალი ბულვარი [ფოტოამბავი]

ახალ ბულვარში, დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე, სასეირნო ბილიკი სანაპიროს გასწვრივ გადაღობილია. უსაფრთხოების მიზნით ბილიკის ამ ნაწილზე გავლა არარეკომენდებულია, თუმცა ხის კიბეებით თუ კუსტარულად, აქ არაერთი ზღვაზე ჩასასვლელია მოწყობილი.

ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის და სასეირნო ბილიკის ეს ნაწილი [პირსიდან ჟილინის არხის შესართავის ჩათვლით მონაკვეთში] შტორმმა 2022 წლის 5 თებერვალს დაანგრია.

ზღვის სეზონის დაწყებამდე „ბათუმელები“ არაერთხელ შეეცადა გაერკვია, მოწესრიგდებოდა თუ არა დანგრეული სანაპირო ზოლი, თუმცა ის ამ დრომდე მოუწესრიგებელია. დღემდე უცნობია, რა ტიპის სამუშაოებს გეგმავს აქ ბათუმის მერია.

პლაჟზე ჩასასვლელები ახალი ბულვარის დანგრეულ პრომინადთან:
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
ბათუმის პლაჟი ახალ ბულვართან / 21.08.2022
პლაჟზე ჩასასვლელი ნაპირდამცავ ნაგებობასთან / ბათუმი / 21.08.2022
დანგრეული სანაპიროს გასწვრივ უამრავი ადამიანი ბანაობს / 21.08.2022

ამავე თემაზე:

ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

 

 

რუსეთში „რეკრუტერების“ ახალ სისტემის სამიზნეა ღარიბები და პატარა ერები – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთმა მობილიზაციის ახალი სისტემა შექმნა, სადაც აქცენტი გადატანილია პატარა ერებზე და ღარიბ მოსახლეობაზე, რომელთაც დიდ თანხის სანაცვლოდ კონტრაქტის გაფორმებას და უკრაინაში, ომში წასვლას სთავაზობენ.

ახალი წესის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, „რეკრუტერების“ დროს განსაკუთრებული სამიზნეა ეგრეთ წოდებული „პატარა ერები“ და ყველაზე ღარიბი მოსახლეობა.

სოციალური კვლევების მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ ყველაზე დიდი „საპროტესტო პოტენციალი“ – წერს უკრაინის დაზვერვა თავის ტელეგრამის არხზე.

უწყების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შეიქმნა ახალი სამობილიზაციო სისტემა. იგი აწესებს სამობილიზაციო პროცედურას ტერიტორიული პრინციპით: თითოეულ რაიონულ ერთეულში იქმნება ქვედანაყოფები, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის  ოლქში ამ მეთოდით აპირებდნენ სატანკო ბატალიონის ფორმირებას. ამ ბატალიონის ფორმირება ფაქტობრივად ჩაიშალა: საჭირო 160 ადამიანიდან მხოლოდ 30-მა გააფორმა ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე.

დაზვერვის ცნობით, უფრო მეტი მოტივაციისთვის რეგიონის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს, რომელთა შვილებიც სწავლობენ X-XI კლასებში, „კონტრაქტზე“ ხელმოწერის შემთხვევაში, პირველი სექტემბრიდან, ყოველთვიურ, 10 000 რუბლს ჰპირდება.

ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს.

ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე, ჯამში, 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

შტორმის შედეგად დანგრეული პრომინადი ბათუმის ახალ ბულვარში / 21.08.2022

სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, „ბონდი-2009“-ის მიერ გარკვეული დოკუმენტების დამატებით წარმოდგენის შემთხვევაში, მასთან ხელშეკრულება დაიდება.

სატენდერო კომისიის ოქმიდან:

  • „განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შპს – „ბონდი 2009“-ის მიერ არ არის წარმოდგენილი და საჭიროებს დაზუსტებას ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. დაზუსტებას საჭიროებს, ასევე განფასებული ხარჯთაღრიცხვა სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის – 5 610 610 ლარის შესაბამისად.
  • კომპანიის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე. შესაბამისად, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
  • კომპანიამ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა.“

„ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვადებში წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე თუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც სამმართველომ კომპანიას გაუგზავნა.

ტენდერის პირობის მიხედვით, ხელოვნური პლაჟების შესაქმნელად ხრეშს სამ უბანზე [გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე] შეიტანენ:

  • პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, მისი სიმაღლე +3 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 95 მეტრამდე. ამ უბანზე შეტანილი იქნება 120 000 კუბ. მ პლაჟწარმომქნელი მასალა;
  • მეორე და მესამე უბნები თითქმის ემიჯნება ერთმანეთს. აქ რეაცხვადი ბერმის სიგანე შედაგენს 86 მეტრს. ჯამურად ორივე უბანზე შეტანილი უნდა იქნას 292 960 კუბ. მ მასალა.
შტორმის შედეგად დანგრეული პრომინადი ბათუმის ახალ ბულვარში / 21.08.2022

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები, სამმართველოს მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 150 დღეში უნდა დაასრულოს.

ტენდერი სამმართველოს 7 192 585 ლარით აქვს გამოცხადებული. მონაწილეობენ თუ არა ტენდერში „ბონდი-2009“-ის გარდა სხვა პრეტენდენტები, ამ ეტაპისთვის უცნობია.

ამავე თემაზე:

ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია

რუსეთმა შავ ზღვაში ძალები გააძლიერა: რა შეიძლება მოხდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

რუსი სამხედროები 24 აგვისტოს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, პროვოკაციას ამზადებიან. ოკუპანტებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა 5-მდე გაზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 21 აგვისტოს, ავრცელებს უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 აგვისტოს აცხადებდა, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი 3 რუსული ხომალდი.

დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დააფიქსირეს, რომ რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტის მზიდების რაოდენობა გაზარდა – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესმდივანმა ნატალია გუმენიუკმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

კონკრეტულად კი, საუბარია ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ შეიარაღებულ გემებსა და წყალქვეშა ნავებზე. ნატალია გუმენიუკის თქმით, შავ ზღვაში ამ დროისთვის 5 ასეთი მზიდია.

„ისინი მზად არიან გამოიყენონ ეს რაკეტები იმის მიუხედავად, რომ „კალიბრი“ ძალიან ძვირი ღირს და არც თუ ისე ბევრი აქვთ, რაც ჯერ კიდევ შემორჩათ“, – თქვა გუმენიუკმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსებს ძალები გადაჰყავთ ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით. გუმენიუკი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიკოლაევი მტერს სამხრეთში წინსვლის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ოკუპანტები, სავარაუდოდ, სწორედ იქ დაიწყებენ ფრთოსანი რაკეტების სროლას.

გარდა ამისა, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კალიბრის“ რაკეტები არის მაღალი სიზუსტის და ძვირადღირებული იარაღი, რომელსაც ინახავენ, იყენებენ ფრთხილად და ეკონომიურად.

ამავე დროს, გუმენიუკმა თქვა, რომ შესაძლოა მტერმა ერთდროულად „კალიბრის“ რამდენიმე რაკეტა ისროლოს ერთ ქალაქში, მაგალითად ასე მოიქცნენ რუსები ოდესის ოლქში, კონკრეტულაკ კი დაჩნოეში, როდესაც ერთდროულად 7 რაკეტა ისროლეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს შესაძლოა კიდევ ერთი დანაშაული მოამზადოს. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია „ამაზრზენი რამ“ ჩაიდინოს.

პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, არსებობს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ რუს სამხედროებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა დამოუკიდებლობის დღეს ტერაქტი მოამზადონ: ოკუპირებულ მარიუპოლში რუსები „აზოვსტალის“ დამცველების საჩვენებელი „პროცესის“ გამართვას გეგმავენ.

რუსების ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, მათ შეუძლიათ მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ იმ ობიექტზე, სადაც გაიმართება „სასამართლო პროცესი“ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.

საიტ Military Russia-ს მიხედვით, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ 6.5 მილიონი დოლარი ღირს (ინდოეთთან 2006 წლის საექსპორტო ხელშეკრულების შესაბამისად).

ჟურნალ Forbes-ის უკრაინული რედაქციის თანახმადაც კალიბრის ღირებულება 6.5 მილიონი დოლარია.

აჭარას 7 თვეში ნახევარი მილიონი ტურისტი ეწვია – ტურიზმის დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში [იანვარი-ივლისი] აჭარაში 539 038-მა საერთაშორისო ვიზიტორმა იმოგზაურა.

დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში, სამივე საზღვრის კვეთის მონაცმებით [სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო] საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ისრაელი +15%
  • ლატვია +148%
  • ყაზახეთი +107%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები +907%
  • საუდის არაბეთი +107%

ივლისში, ბათუმის აეროპორტში 370 საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან განხორციელდა. აგვისტოს განმავლობაში კი ბათუმის მიმართულებით 400 ფრენაა დაგეგმილი.

2022 წელს, აჭარაში 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა: Airbaltic (რიგა-ბათუმი (ლატვია)), Flydeal (რიადი, ჯედა – ბათუმი  (საუდის არაბეთი)),  Jordan Aviation (ამანი – ბათუმი (იოარდანია)), Aseman (თეირანი – ბათუმი (ირანი)) და Uzbekistan Airways ( ტაშკენტი – ბათუმი (უზბეკეთი)).

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდა ბათუმისა გაზრდილია მოთხოვნა ქობულეთი, გონიო, სარფი, კვარიათის მიმართულებითაც.  ვარაუდობენ, რომ  საკურორტო ზონებში მდებარე  სასტუმროების დატვირთვა აგვისტოში არანაკლებ 90% იქნება.

აკრძალვები, ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობისას – სეზონი 27 აგვისტოს იხსნება

საქართველოში ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს, ანუ, 27 აგვისტოს, იხსნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია:

  • ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
  • გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
  • ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (კანონის მოთხოვნათა დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.“

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.“

ნადირობა დაშვებულია – მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე [გარდა გადამფრენი ფრინველებისა] – კანონით დადგენილ შემთხვევებში [სამონადირეო მეურნეობებში]. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.

ნადირობა აკრძალულია – საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე;

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:

  • მცენარეული საფარის დაწვა;
  • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
  • ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
  • სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

 

[toggle title=”გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალის, ნადირობის ვადებისა და დღიური ლიმიტების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით 
 

№ ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 
 
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
 
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა

1. Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი

4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი

6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირამ (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

7. Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი

8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი

12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1. Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი

4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი

5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი

6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

7. Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი

8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი

10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი

12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი

სხვა ფრინველები

1. Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი

2. Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

3. Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

4. Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

5. Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

6. Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

7. Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

9. Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 22 აგვისტოდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი, 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი, 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში, 23 და 24 აგვისტოს, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +28 გრადუსია.


ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

საოკუპაციო ხაზთან აღმოჩენილი ხელყუმბარები ადგილზე გავანადგურეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ე.წ. „საოკუპაციო ხაზთან“, სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდო საბრძოლო მასალა „F-1“ ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა.

„პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, “F-1” ტიპის მსგავსი, ე.წ. “სტრაიგ ბოლის” სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.“ – აცხადებს შსს

საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება.

 

ომში რუსეთის არმიის 45 200 სამხედროა ლიკვიდირებული – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 912 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 224 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 1028 ერთეული [+10]
  • MLRS – 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 197 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 806 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 143 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 785 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 367 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 359 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 810 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 323 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 984 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]როგორ ჩამოაგდო დმიტრი შუმაკოვმა 3 წუთში 6 რუსული რაკეტა – უკრაინის გმირი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

ბათუმის მერია ზღვის პირას, მახინჯაურში, ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის პირას მდებარე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას გეგმავს. მიწის ნაკვეთის, რომელიც რკინიგზასა და ზღვას შორის [სარკინიგზო ხიდის მიმდებარედაა] ფართობი 1 266 კვადრატული მეტრია.

ნაკვეთი, რომლის სარგებლობაში გაცემას ბათუმის მერია აუქციონით გეგმავს / ფოტო საკრებულოს დოკუმენტებიდან

მერიას 1 კვადრატული მეტრი მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურად 30 ლარი [ანუ, მთლიანი ფართობის 1 წლით სარგებლობის საწყის ფასად 37 980 ლარი] აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს ფასი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას მერია აუქციონის წესით გეგმავს.

აუქციონზე გატანამდე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 2022 წლის 22 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.

დოკუმენტაციას, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ახლავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. ამ დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება [მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით] 633 301 ლარი იყო.

ნაკვეთი, რომელსაც ბათუმის მერია აუქციონზე გასატანად ამზადებს

22 აგვისტოს საკრებულო კიდევ ერთ ანალოგიურ საკითხს განიხილავს – ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებასაც გეგმავს.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში

როგორ ჩამოაგდო დმიტრი შუმაკოვმა 3 წუთში 6 რუსული რაკეტა – უკრაინის გმირი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დივიზიას პოლკოვნიკი დმიტრი შუმაკოვი ხელმძღვანელობს. ის უკრაინის ცოცხალი გმირია.

ამ დივიზიამ უკვე მტრის 30 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ცოტა ხნის წინ კი დანაყოფმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა: დმიტრიმ და მისმა დივიზიამ რუსების 6 საბრძოლო ფრთოსანი რაკეტა ერთდროულად ჩამოაგდო სამ წუთში.

შუმაკოვს უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი პირადი სიმამაცის გამოვლენისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მიენიჭა.

ამ დივიზიის საშუალებით უკრაინის საჰაერო თავდაცვა არამხოლოდ იგერიებს რუსული აგრესიის შეტევებს, არამედ ანადგურებს მტრის ფრთოსანი საბრძოლო რაკეტების მნიშვნელოვან ნაწილს.Preview (opens in a new tab)

უკრაინულ გამოცემა „Armyinform”- ს დივიზიის პოლკოვნიკი უყვება, რომ რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა საზენიტო-სარაკეტო დივიზიის წარმატებაზე გავლენა:

„ერთი მიზეზი იყო ის, რომ ოკუპანტები დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ ძლიერებაში და მთელი ძალით არ გვიტევდნენ, რადგან უკრაინისგან წინააღმდეგობის მძლავრ ტალღას არ ელოდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

მეორე დიდი პლუსი იყო ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საზენიტო მსროლელებს გვქონდა საკუთარი პოლიგონი და საცდელი სროლების შესაძლებლობა, ასევე საზენიტო რაკეტების გაშვებაც შეგვეძლო საცდელად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დივიზიას პოლკოვნიკი დმიტრი შუმაკოვი/ფოტო: გამოცემა: Armyinform

ამ წვრთნებით დივიზიის შემადგენლობამ უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა. ეს იყო არამხოლოდ საბრძოლო გამოცდილება, არამედ აპარატურასთან მუშაობის პრაქტიკული გაკვეთილებიც.

„რაკეტების წარმატებით გასაშვებად აუცილებელია ფსიქოლოგიური მზაობაც. პოლიგონზე პრაქტიკულმა წვრთნებმა ჯარისკაცები მორალურად და ფსიქოლოგიურად გააძლიერა.

ძლიერი სურვილი, გავიმარჯვოთ მტერზე, ჩვენ ყოველდღიურად გვაახლოებს ომის დასასრულსა და ნანატრ მშვიდობას“, – ამბობს უკრაინულ გამოცემასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დივიზიას პოლკოვნიკი.

დმიტრი შუმაკოვის მონათხრობი:

  • ვეტერანი ჯარისკაცები პენსიიდან ბრუნდებოდნენ ჯარში

24 თებერვალს ორჯერ დაარტყეს ჩვენს დივიზიას და დაგვიზიანდა საბრძოლო აღჭურვილობა. დავიწყეთ დაზიანებული ტექნიკის აღდგენა, პარალელურად თავდაცვისთვის მზადება. პირველივე დღეს დივიზიაში დაბრუნდნენ ვეტერანი ჯარისკაცები, ისინი პენსიიდან ბრუნდებოდნენ უკან, ჯარში.

დივიზიის ოფიცრები მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, ამიტომ საკუთარი ძალებით მცირე დროში შეძლეს საბრძოლო უნარების აღდგენა და თვითმობილიზება.

12 მარტიდან დანაყოფმა საბრძოლო მორიგეობა დაიწყო და იმ დღესვე შევძელით 3 რუსული რაკეტის ჩამოგდება.

ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მტერმა ავიაციისა და სარაკეტო იარაღის ფართო სპექტრის გამოყენება დაიწყო. მუშაობის უკეთ დასაგეგმად, საჭიროა მიიღო გამოცდილება. ვაანალიზებდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, ვკითხულობდით, ვუზიარებდით ერთმანეთს პრაქტიკულ გამოცდილებას ყოველი მარცხის შემდეგ.

ახლა გაცილებით რთული მიზნები გვაქვს. მტერი ცვლის ტაქტიკას – ცვლის რაკეტების სიმაღლეს, მარშრუტებს, აქტიურად მანევრირებს. ჩვენ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ მათი სუსტი მხარეები. ომში ყველა ძალიან სწრაფად სწავლობს და შეცდომა, სამწუხაროდ, შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს.

  • მტრისგან ჩვენკენ მომართული 6 რაკეტა ისე გავანადგურეთ, რომ სრულად ავირიდეთ მსხვერპლი

ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მომენტი, როცა ერთდროულად 6 რაკეტას ვესროლე, მტრის 6 „კალიბრი“ სწრაფად იცვლიდა მიმართულებას.

ამ შედეგს არ ველოდით, მაგრამ ყველა იყო ჩართული საქმეში და თანმიმდევრულად, პროფესიონალურად ვმუშაობდით. ყველაფერი ზუსტად 2, 3 წუთში მოხდა. მერე გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო მასობრივი დარტყმა, თან ისე, რომ ჩვენს მხარეს სრულად ავაშორეთ მსხვერპლი.

დმიტრი შუმაკოვის მიერ განადგურებული რუსული რაკეტები

როცა დავრწმუნდით, რომ მტრის მიერ ჩვენკენ მომართული ექვსი რაკეტიდან ექვსივე გავანადგურეთ ერთდროულად, საოცარი ემოციები გვქონდა. ეს ემოციები სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში.

მერე უკვე ჩვენმა დივიზიამ 30 რაკეტაც გაანადგურა ჰაერში.

  • რუსული სამხედრო კომპლექსი საპნის ბუშტია

უახლესი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაჭარბებულადაა რეკლამირებული. აგრესორი ცუდად მუშაობს. მათ საჰაერო თავდაცვის სისტემებს თავდაცვა ხშირად არ შეუძლია.

რუსული სამხედრო კომპლექსი საპნის ბუშტია, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ რუსეთში. რუსები ბევრს საუბრობენ თავიანთი იარაღის უნიკალურ შესაძლებლობებსა და  სამხედრო აღჭურვილობაზე, თუმცა საბჭოთა ეპოქის შემდეგ ცოტა რამაა შეცვლილი მსგავსად რუსეთის გზებისა – საზეიმოდ ხსნიან კილომეტრობით გარემონტებულ გზას, შემდეგ კი იქაურობა მალევე ივსება ორმოებით. ასეა იარაღის შემთხვევაშიც – ყველა წარმოდგენა რუსულ იარაღზე საპნის ბუშტია.

ჯარის შემადგენლობის კვალიფიკაციაც დაბალია. ცხადია ჰყავთ გაწვრთნილი პერსონალიც, მაგრამ უმეტესწილად ესეც სპეციალურად შექმნილი სურათია.

როგორ აპრიალებენ მემთეურები ალუმინის ჭურჭელს – ნაილე და მაგული იალაღიდან

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ აჭარულ დაწნულ ყველს მთებში გახიზნული მემთეურები. არანაკლებ გასაოცარი სანახავია, ხის პატარა, ბნელ ოთახებში შეშის ღუმელზე შემოდგმული ალუმინის მაღალი და ფართო ქვაბები. ამ ქვაბებს დღეში რამდენჯერმე დგამენ ცეცხლზე მემთეურები რძის ნაწარმის დასამზადებლად, მაგრამ ჭურჭელზე ჭვარტლის კვალსაც კი ვერ იპოვი – პირიქით, ისინი საკვირველად პრიალებენ.

არ არის მარტივი ყოველდღიური მოხმარების პირობებში, მუდმივად ბზინავდეს ეს უზარმაზარი ჭურჭელი: ყველის ამოსაყვანი დიდი და პატარა ქვაბები, წყლის ჩაიდნები. საჭმლის მოსამზადებელი შედარებით პატარა ალუმინის ტაფები, ჯამები…

არც მემთეურობაა მარტივი. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტი გოგონები და ქალები, ყველა, ვინც მემთეურის ტვირთს იკიდებს, დილაუთენია იღვიძებს ძროხები რომ მოწველოს. არ შეიძლება დააგვიანო პირუტყვის საბალახოდ გარეკვა და იმიტომ.

ერთ-ერთმა მემთეურმა, რომელიც პატარა მინებიანი ფანჯრის წინ, შეშის ღუმელთან იდგა და ყველის ამოსაყვანად ღუმელზე შემოდგმულ რძეს კისრის წაგრძელებით დაჰყურებდა, თქვა: „აქ ისედაც ცივა და როცა გაავდრება, ძვლებში ატანს სიცივე. სიცივე არ მიყვარს, მაგრამ ნეტა სულ წვიმდეს, ნისლი იყოს. ავდრიან დღეებში ძროხების საძოვარზე გარეკვას არავინ ჩქარობსო“.

დიდი ხის კოვზით ურევდა რძეს. გახუნებული, შინდისფერი პერანგი ეცვა, რომლის სახელოებიც კოხტად ჰქონდა აკაპიწებული იდაყვებამდე.

როცა ქალმა  რძის მორევა დაასრულა და ხის კოვზი ჩამოდო ალუმინის ქვაბის კიდეზე, რომელიც მკერდამდე სწვდებოდა, ვკითხე – კიდევ რისი გაკეთება უჭირთ მემთეურებს-მეთქი.

მემთეურმა მუხლებისკენ დაშვებული ხელები სინათლისკენ, წინ გასწია, შემომხედა და ჭრელი თავსაფრით თვალებდაჩრდილულმა მკითხა – „ნეტა რამდენ წელს მომცემდი?“.

პასუხისთვის არ დაუცდია, ხელები ისევ მუხლებისკენ დაუშვა, ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულოში და უკან დიდ ალუმინის ქვაბთან დაბრუნება. აკონტროლებდა რძეს საჭიროზე მეტად რომ არ გაცხელებულიყო. საუბარიც არ შეუწყვეტია – ხის იატაკის ჭრაჭუნის ფონზე თქვა – ამ ქვაბების ხეხვაა რთულიო: „ბევრი ძროხა თუ გყავს, ბევრი რძეც გექნება. ყველი დილა-საღამოს უნდა ამოიყვანო და ეს ქვაბებიც წამდაუწუმ სახეხია. ერთხელაც რომ არ გახეხო გულიანად, მაშინვე დაეტყობა. კარგად უნდა გამოხეხო შიგნიდანაც. ყველის ქვაბებს ძირი რძის წამოდუღებაზეც უშავდებაო“.

მემთეურები დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ალუმინის ჭურჭლის გაპრიალებაზე. ქვაბებს ყოველდღე, ხშირად კი დღეში რამდენჯერმეც ხეხავენ და აპრიალებენ.

მემთეური ქალი ხეხავს ალუმინის ქვაბს.

57 წლის მაგული გელაძემ მითხრა, რომ  მემთეურობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს. 63 წლის  ნაილე დიასამიძე კი 6-7 წელია, რაც მემთეურია. ისინი მთა ლოდიძირში მეზობლად ცხოვრობენ.

მაგულიმ მითხრა, რომ მას არ შეუძლია რძის ნაწარმი დააგემოვნოს იმ მემთეურთან, ვისი ალუმინის ქვაბებიც შავია.

ქალები ფიქრობენ, რომ კარგი მემთეური ვერ იქნები, თუ ალუმინის ჭურჭელი არ ბზინავს.

ალუმინის ქვაბი

„არ შეიძლება ჭვარტლმოდებულ ქვაბში ჩაასხა რძე, ამოიყვანო ყველი. აბა, მემთეური რას ჰქვია? მემთეურმა უნდა იმემთეუროს. ქვაბი თუ არ გახეხე, ვერც რძეს ჩაასხამ და ვერც ყველს ამოიღებ“, – ამბობს ნაილე დიასამიძე.

„ცოტა ცხელი წყალი უნდა დაასხა, ცივი წყლით არ გაიხეხება კარგად“, – ამბობს ნაილე. – „ზოგი თითებით აწვება „სახეხ თელს“ და ასე რეცხავს. [ჭურჭლის გახეხვას] ძალა უნდა. „სახეხი თელს“ ხელის გული უნდა დააჭირო და ძალა დაატანო. ძალამ უნდა გახეხოს თავქვე. იქეთ-აქეთ არა, რადგან იხაზება ჭურჭელი. პირდაპირ გახეხვა უფრო მოსახერხებელია და ქვაბიც უფრო ლამაზდება ასე“, – მითხრა ნაილემ.

ნაილეს თქმით, რძიდან ყველის ამოღების შემდეგ ნადუღის გასაკეთებლად დიდხანს არ უნდა იდუღოს შრატმა, თორემ ასე ნადუღიც შავდება და ქვაბიც.

„ჭურჭელს რომ ვხეხავ კი მიუხეშდება ხელები, მაგრამ ხელთათმანებს არ ვიკეთებ. ხელები არ მისკდება“, – ამბობს ნაილე.

როგორც ნაილემ გვითხრა, ყველაზე ჭუჭყიანი ჭურჭელი რაც გაუხეხავს, პირუტყვის თეფშებია.

„როგორი სუფთა ჭურჭლიდანაც შენ ჭამ, ისეთი ჭურჭლიდან უნდა აჭამო ძროხასაც. ძროხების ჭურჭელს დილის საკვების შემდეგ ვრეცხავთ და საღამოს გამოკვების მერეც“, – გვითხრა ნაილემ.

ალუმინის ჩაიდანი

მაგული ამბობს, რომ ბავშვობიდან დადიოდა მთაში. მაშინ ბებიას დაჰყვებოდა, რომელსაც ასაკის გამო ბევრი რამის გაკეთება აღარ შეეძლო და ამიტომ მაგული ეხმარებოდა. 12 წლისამ ისწავლა აჭარული, დაწნული ყველის ამოყვანა: „12 წლიდან მქონდა ალუმინის ქვაბებთან შეხება, რადგან ჩვენთან ყველი ძირითადად, დიდ, ალუმინის ქვაბებში ამოგვყავსო“.

გააჩნია ქვაბს კიდეებზე რამდენი ყველი მიეკვრება. ერთი ქვაბის გასახეხად 15-20 წუთი გჭირდება, ხანდახან კი – 10 წუთიც საკმარიაო – გვიხსნის მაგული.

მაგულიმ გვითხრა, რომ ბევრი რძე აქვს და ამიტომ ყველსაც დილა-საღამოს აკეთებს.

მაგული ხელთათმანებს მაშინ იყენებს, როცა ხელზე ნაკაწრი ან სხვა დაზიანება აქვს: – „კი, სახეხი თელი აუხეშებს კანს, მაგრამ რა უნდა ვქნათ? გაუხეხავ ქვაბში არ გაკეთდება არაფერი.

მემთეური ქალის ხელები

მე არ მიყვარს, როცა ჭურჭელი კარგად გახეხილი არ არის და სხვისი შექებაც არ მჭირდება იმისთვის, რომ [ჭურჭელი] გავხეხო. მსიამოვნებს, როცა ძალიან პრიალა ჭურჭელი მაქვს: ქვაბი, ჩაიდანი, ყველაფერი“.

ნაილესკენ მიტრიალდა და თქვა: – „ვინ უნდა შეგაქოს, რა ვიცი. მეზობელი, აგერ ნაილე ბებო თუ მოვიდა გეტყვის, ეს რა ლამაზად გაგიხეხავსო. ეგაო. მეტყვის, დაჯექი, დაისვენე, კოფე დავლიოთ, ვისაუბროთო“.

ნაილეც ჩაერთო: „მშვენივრად ხეხავ. მემთეური უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა.“ – და საუბარი განაგრძო. – „თვალდახუჭული უნდა შეეძლოს სტუმარს ჩვენი გაკეთებული პროდუქტის ჭამა. ზოგი მემთეურის ეზოშიც ვერ გაივლი. უკულტუროდაა“.

დამშვიდობებისას ნაილე წელში გაიმართა და ხმამაღლა თქვა: – „მე და მაგულის ყველაფერი წესრიგში გვაქვს და ვამაყობთ“.

„ასეაო“, – დაემოწმა მაგულიც.

„ასეთია ჩვენი, მთის ცხოვრება“ – გაამხნევეს ქალებმა ერთმანეთი.

ალუმინის ქვაბის სახურავი
ალუმინის ქვაბს რეცხავს მემთეური
მემთეური ქალი რეცხავს ალუმინის ქვაბს
მემთეური რეცხავს ალუმინის ქვაბს.

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა.

არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საკრებულოში გენგეგმის პროექტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ცვლიან და მას მხარს არ დაუჭერენ.

გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“ ამოღების შესახებ საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, საკრებულოს კომისიებში გადაწყვიტეს, რომ საკითხი სამსჯელოდ გავიდეს საკრებულოს სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებაც საკრებულომ მიიღოს.

საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა დღეს განაცხადა, რომ გენგეგმის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ, უკვე შეცვლილია.

„გენგეგმის პროექტი მერიამ „ქართული ოცნების“ და უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის დავალებით შეცვალა და „ამბასადორის“ შენობა, როგორც ბულვარისთვის შეუსაბამო, გენგეგმიდან ამოიღეს. ახლა, როგორც კი „ამბასადორს“ ამოიღებენ, შემდეგ შეეძლებათ სხვა ცვლილებებიც შეიტანონ ნებისმიერ ობიექტთან მიმართებაში. წესით, გენგეგმიდან ამას ვერ ამოიღებენ, იურიდიულად ვერ გამართავენ, ამიტომ, სახელს უცვლიან, რაღაც დოკუმენტს ქმნიან, რომლის მიხედვითაც „ამბასადორი“ დარჩება ისეთივე ფორმით, როგორიც არის. რეალურად, არ ამტკიცებენ იმ გენგეგმას, რომლისთვისაც ჩვენ მხარი უნდა დაგვეჭირა. აქ „ამბასადორი“ კი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ პრაქტიკულად თვითმმართველობა ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა რეზო ხარაზმა „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს გააკეთებენ.

ბათუმის ბულვარი/„ამბასადორის“ მშენებარე ობიექტი / 20.08.2022

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა 2022 წლის აპრილში ჩაიბარა, მოგვიანებით კი, დოკუმენტი ქალაქის მერიას გადაუგზავნა. მერიამ გენგეგმა დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოს წარუდგინა.

„ბათუმის ბულვარზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პარკის ტერიტორიაზე და მისი საზღვრების მიღმა მიმდინარე მასშტაბურმა მშენებლობებმა… ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აღჭურვილობის მქონე რეკრეაციული სივრცეები მუდმივად იცვლება და ხშირად დესტრუქციულ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ პარკზე“, – აღნიშნულია გენგეგმის დოკუმენტში.

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში, ნახეთ ამ ბმულზე:

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა თურქეთში მომხდარი ავარიისას

თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა ტარსუსი-ადანა-გაზიანთეპის გზატკეცილზე მოხდა.

როგორც თურქული სააგენტო „დეილი საბაჰი“ წერს, თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.

იმ დროს როცა  მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის  შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, შემდეგ სახანძროსას, ბოლოს საინფორმაციო სააგენტო Ihlas News Agency (IHA)-ის მანქანას და ამობრუნდა.

ავტოავარიის დროს დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თათანმშრომელი, ორი ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი.

როგორც „დეილი საბაჰი“ წერს დაღუპული ჟურნალისტები Ihlas News Agency (IHA) -ში მუშაობდნენ. ისინი სხვა დავალებაზე მიდიოდნენ, როდესაც უბედურ შემთხვევას შეესწრნენ და დაშავებულების დასახმარებლად  გაჩერდნენ.

არსებული ინფორმაციით ავტოავარიისას დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკებში გადაჰყავთ პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

რუსეთის არმია ახლა მხოლოდ შეზღუდული შეტევებისთვისაა მზად – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, გასულ კვირა ფრონტის ხაზზე მხოლოდ მინიმალური ცვლილებებით გამოირჩეოდა. დონბაში, აგვისტოს დასაწყისში მიღწეული მცირე წინსვლის შემდეგ, რუსეთის ძალები ბახმუტის გარეუბნებს მიადგნენ, თუმცა დასახლებულ პუნტში არ შესულან.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთს ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით წინსვლისთვის რუსეთს დიდი ძალისხმევა არ გაუწევია.

„სამხრეთ-დასავლეთით, ხერსონის ფრონტზე, არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ მიუღწევია რაიმე ტერიტორიული წარმატებისთვის, თუმცა გახშირებული აფეთქებები რუსეთის არმიის ზურგში, სავარაუდოდ, აძლიერებს ზეწოლას რუსული ძალების ლოგისტიკაზე და სამხრეთში არსებულ ავიაბაზებზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ ვითარება მნიშნელოვნად არც მომავალ კვირაში შეიცვლება.

„რუსეთის ძალები ახლა მზად არიან მხოლოდ შეზღუდული ლოკალური შეტევებისთვის, რომლებშიც ასეულის მასშტაბის დანაყოფები არიან ჩართული,“ – მიუთითებს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, უახლოეს თვეებში ბრძოლაში ინიციატივა იმ მხარეს ექნება, რომელიც შეტევითი ოპერაციებისთვის უფრო ძლიერი და მოტივირებული ძალების მობილიზებას შეძლებს.

გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო ცნობარის ყურადღების ცენტრში გუშინ ხარკოვი იყო. უწყება წერდა, რომ 17 აგვისტოს, ხარკოვზე რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. გოგირდს პორტიდან გზშ-ს დოკუმენტის მომზადების გარეშე გაიტანენ. ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [N7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების – გრანულირებული გოგირდის – დახურული ციკლით გადატვირთვა] არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.

თუმცა, სააგენტოს უფროსის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ვალდებულია:

  • „საქმიანობა განახორციელოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე საქმიანობაზე 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაცვით, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს ცვლილებების გათვალისწინებით განახლებული ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის“ სააგენტოსთან შეთანხმება.
  • უზრუნველყოს აღნიშნული პროექტით სააგენტოსთან შეთანხმებული გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების, ასევე, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების პარამეტრების დაცვა და შესაბამისად დადგენილი ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შესრულება;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს განახლებული მონიტორინგის გეგმის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს განახლებული ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით“.

ბათუმის ნავსადგურის ინფორმაციით, „დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, გადატვირთული კარბამიდის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 600 000 ტონას და უახლოესი პერიოდისათვის გადატვირთული პროდუქციის რაოდენობის გაზრდა დაგეგმილია 1.2 მილიონ ტონამდე“.

ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით [რომელიც „ბათუმელებმა“ ახალი ტერმინალის მშენებლობის პერიოდში  მოიპოვა], ტერმინალიდან სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების გადატანაა შესაძლებელი. მათ შორის:

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

ამავე თემაზე:

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 907 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 4 212 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 1018 ერთეული [+2]
  • MLRS – 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 197 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 803 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 137 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 97 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 776 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 367 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 354 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 809 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 320 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 969 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

„ეს ომი გაგრძელდება დიდხანს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რაზე მიანიშნებს აფეთქებების სერია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • დავიწყოთ 18 აგვისტოს ღამით, რომელიც აფეთქებებით იყო დატვირთული. სევასტოპოლში, ბელბეკის სამხედრო ავიაბაზაზე ოთხი აფეთქება მოხდა, ასევე ბელგოროდის რაიონში იყო აფეთქება, ქერჩში, ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს. თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

პირველ რიგში მართლდება ჩემი პროგნოზი – როგორც ვივარაუდე, აგვისტოს შუა რიცხვებში და აგვისტოს ბოლოსკენ გამოჩნდებოდა რაღაც ნიშნები, არ ვამბობ, რომ გარდატეხა, მაგრამ ნიშნები იმისა, რომ ომი შეიძენდა განსხვავებულ სახეს. უკრაინელების ძალა გამოჩნდებოდა.

არ მაქვს წინასწარმეტყველობაზე პრეტენზია, მაგრამ ომის ლოგიკა ისე ვითარდებოდა, ამ შედეგამდე მიგვიყვანდა. რაც შეეხება აფეთქებებს, უპირველეს ყოვლისა ეს არის ნიშანი – უკრაინა ეუბნება რუსეთს: „ჩვენ მოგწვდებით ყველგან, სადაც კი საჭიროა, სადაც კი უკრაინული მიწაა“. აფეთქებები უმეტეს შემთხვევაში მაინც არის სპეცოპერაციის ნაწილი. დივერსიული მოქმედება.

რუსებმა შეძლეს და აიყვანეს ექვსი წევრი ყირიმელი თათრების მოძრაობიდან, ისინი ყოველთვის აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინას. ახლაც ეტყობა, რომ აქტიურად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად.

ეს დივერსიები მტრის ზურგში მოქმედების კარგი მაგალითია. ამ დარტყმებით საკმაო ზარალი მიიღო რუსეთმა. ეს კი მის მორალურ და საბრძოლო სულისკვეთებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება.

  • ბოლო კვირაა ყოველდღე რაღაც ფეთქდება და იწვის ოკუპირებულ ყირიმში. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს პარტიზანული ჯგუფების ნამოქმედარი. გამოდის, თქვენიც ამ მოსაზრებას იზიარებთ?

მოწინააღმდეგის ზურგში მსგავსი აფეთქებები, მსგავსი დივერსიული ქმედებები ნამდვილადაა ორგანიზებული უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. ნებისმიერი პარტიზანული მოქმედება იმართება სპეცსამსახურებისგან. ოპერატიული ძალები ეტყობა აქტიურად მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისინი გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც გარკვეული ინიციატივა აიღეს სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელებმა.

ამ მხრივ ვეთანხმები ვარაუდს. ამას გარდა, უკვე თვითონ რუსებიც აღიარებენ, რომ ეს არის დივერსიული მოქმედებები.

გრძელვადიან ფაზას თუ ავიღებთ, ეს დივერსიები რუსებს დაასუსტებს, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. მუდმივი შიში ზურგში, რომ რაღაც ხდება, ნამდვილად იწვევს რუსების დასუსტებას. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების საწინააღმდეგოდ საკმაო ძალის კონტინგენტია საჭირო, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული კონტრპარტიზანული მოქმედებებით. შესაბამისად, ეს ძალა აკლდება რუსებს ფრონტის ხაზზე.

ამავდროულად, რუსებს აკლდებათ მატერიალური საბრძოლო მარაგები და საბრძოლო საშუალებები, რაც აუცილებლად სჭირდებათ ბრძოლის წინა ხაზზე. მათ უწევთ უფრო სიღრმიდან, თვითონ რუსეთის ტერიტორიიდანაც კი ლოჯისტიკური ხაზების ორგანიზება. თანდათან კარგავენ იმ უპირატესობა, რაც მათ ჰქონდათ, რომ ახლოს იყვნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებთან.

გარდა მატერიალურისა, მორალურ დარტყმებსაც აყენებს ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. იმის შიში, რომ ზურგში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მძლავრ ზემოქმედებას ახდენს მებრძოლებზე.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა დრო, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმის ხიდს დაარტყამენ?

ყირიმის ხიდს რომ დაარტყან, საჭიროა ორი ფაქტორი – მათ უნდა მიიღონ ამერიკული რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს. ისინი ჯერ არ მიუღიათ. თუმცა თითქოსდა გადაწყვეტილება ამერიკაში ამის თაობაზე მიღებულია. თუკი უკრაინელები  შეძლებენ ზაპოროჟიეში გარკვეული წარმატების მიღწევას და აზოვის ზღვასთან მიახლოებას, მიწვდომად მანძილზე იქნებიან ყირიმის ხიდთან. მაშინ ნამდვილად მოექცევა ეს ხიდი დარტყმის საფრთხის ქვეშ.

სხვა არ ვიცი, საჰაერო იერიშს თუ მიიტანენ, რაც ცოტა ეჭვს იწვევს – ძალიან გაზრდილია ამ ხიდის დაცვის შესაძლებლობები რუსეთის მხრიდან.

  • ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა რუსული სამეთაურო პოსტებისა და ლოჯისტიკური ბაზების ახლოს არ გაიარონ. რას უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება?

ყირიმის ხიდის გარდა უამრავი ლოჯისტიკური ბაზა და საწყობია რუსების ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მსგავსი ხმამაღალი განცხადება უფრო მიმართულია ფსიქოლოგიური ეფექტისკენ, ვიდრე ნამდვილად ქმედებისკენ. ვინაიდან თუ აკეთებ, ამას არ უნდა ამდენი გახმოვანება. ეს უფრო ფსიქოლოგიური ეფექტია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, იგივე რუსებს, რომ ჩვენ თქვენ ყველგან მოგწვდებით, სადაც საჭიროა.

  • 9 აგვისტოს აფეთქების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა ყირიმის მიმართულებით გადაიწია. ისე ჩანს, რომ ბრძოლის წარმოება უკრაინელების ხელშია და რუსეთი პასუხობს. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ და როგორია თქვენი მოლოდინები?

აქ არის ორი საოპერაციო თეატრი. ერთი არის დონბასი, მეორე – ხერსონი და ზაპოროჟიეს რაიონი. დონბასის მიმართულებაზე ჯერ კიდევ რუსებს აქვთ ინიციატივა. ცდილობენ შეტევები განახორციელონ, მაგრამ წარუმატებლად. ყველა მათი შეტევა უკუგდებულია. თუ არ ჩავთვლით მცირე ტერიტორიულ წინსვლას გარკვეული სოფლების თუ დასახლებული პუნქტებისკენ, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვთ.

დონბასში უკრაინელები არიან ყრუ თავდაცვაში. რუსები ჯერ კიდევ ცდილობენ ინერციით შეტევების განხორციელებას.

ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებით, ჯერ არასრულად, მაგრამ თანდათან თითქოსდა ინიციატივა გადადის უკრაინელების ხელში. ისინი ახორციელებენ კონტრდარტყმებს, მოქმედებენ ზურგში, დივერსიულ საქმიანობას ეწევიან, რითაც ქმნიან წინაპირობას ფართო მასშტაბის კონტრშეტევის განსახორციელებლად სამხრეთ მიმართულებაზე.

  • თქვენ გვითხარით, რომ ხერსონში რუსული არმია კარგადაა გამაგრებული და თავდაცვით პოზიციებიდან აპირებს ბრძოლას. აქამდე რუსეთის არმია მიიწევდა წინ და ეს ჯარისკაცებისთვის მომგებიანი იყო, რადგან ძარცვავდნენ დაპყრობილ ტერიტორიებს. ახლა როცა მათ მოწევთ უკრაინელების იერიშების მიღება, ასე მოტივირებულები ვერ იქნებიან ხერსონის ან სხვა ქალაქის დასაცავად, რადგან ეს არ არის მათი ქალაქები. აქედან გამომდინარე საინტერესოა, იბრძოლებს რუსული არმია ამ ქალაქებისთვის?

ხერსონი არის დაკავებული ტერიტორია. ეს არ არის არც ლუგანსკი, არც დონეცკი. დონბასის ადგილობრივი მაცხოვრებლები თავს თვლიან დონბასელებად, მაგრამ რუსეთის შემადგენელ ნაწილად. ხერსონი არის ახლადაღებული ოკუპირებული ტერიტორია და, შესაბამისად, რუსების საბრძოლო სულისკვეთება და  საბრძოლო მორალი მაღალი არ უნდა იყოს.

თუმცა თვითონ ხერსონი შეტევისთვის, უკრაინელებისთვის არ არის იოლი ქალაქი. ის საკმაოდ დაღარულია წყლის წინაღობებით, ფაქტობრივად მდინარე დნეპრის დელტაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის ხაზები, ხიდები და ა.შ. უკრაინელებმა გამოიყვანეს მწყობრიდან, ის ადვილად ასაღები ქალაქი არ არის. ამასთან, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა შეზიდეს და  წინასწარ დაასაწყობეს რუსებმა.

ამიტომ ალბათ ხერსონში რუსები შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. რაც შეეხება უკრაინელებს, უკრაინა ჯერ ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს. მას დამატებით სჭირდება აღჭურვილობა, შესაბამისი საბრძოლო სისტემები, რაც მისცემთ საშუალებას შემდგომ მოახდინონ კონცენტრირება აი, ამ ძალის გარკვეულ მიმართულებაზე.

ფაქტი ერთია, ვთქვი, რომ ამ ომში ნიშნები გამოჩნდებოდა აგვისტოს ბოლოსკენ. სექტემბერში უკვე გამოჩნდება გარკვეული გარდატეხის მომენტებიც.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ომი იქნება ხანგრძლივი და გადავა სტაციონარულ დაპირისპირებაში.

რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო. დრო მას სჭირდება იმისთვის, რომ მოვიდეს ზამთარი, გაურთულდეს ცხოვრება ევროპას, გაურთულდეს ცხოვრება უკრაინას ენერგომიწოდების თვალსაზრისით და ევროპა შეეცადოს აიძულოს უკრაინა გარკვეულ შეთანხმებას დასთანხმდეს.

ერდოღანის ვიზიტი იმით იყო განპირობებული, რომ გარკვეული მოლაპარაკებებზე დაეყოლიებინათ ზელენსკი, მაგრამ არ გამოვიდა. ამ ეტაპზე უკრაინა უარზეა ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს.

რუსეთს სჭირდება დრო მოიგოს. სჭირდება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მაინც შეთანხმდნენ. ეს რუსეთს საშუალებას მისცეს, გააძლიეროს თავისი სამხედრო პოტენციალი, გადააჯგუფოს თავისი დანაყოფები, შეადგინოს ახალი ოპერატიული გეგმები. მერე, როგორც სჩვევია, დაარღვიოს ეს ხელშეკრულება და ისევ გააგრძელოს აგრესია უკრაინის  წინააღმდეგ. ამისთვის მას სჭირდება დრო, გარკვეული შეთანხმება. აი, ამიტომ იყო, რომ პუტინი თითქოს თანახმაა  შეთანხმებებზე.

სწორადაც იქცევა უკრაინა, რომ არ მიდის მსგავს დათმობებზე რუსეთთან.

  • რუსები ისევ იბრძვიან ხარკოვის, სლავიანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, ფოკუსირებულები არიან ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ამ მიმართულებით გაიუმჯობესეს რუსეთის ჯარების ტაქტიკური პოზიცია თუ პირიქით?

ხარკოვის მიმართულებაზე ცვლილება არ არის. პოზიციები იგივეა. იგივე პოზიციებია ფაქტობრივად ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე. დონბასში, კრამატორსკსა და სლავიანსკიში არის მთავარი თავდაცვითი რაიონი.

კრამატორსკს და სლავიანსკს რომ მიუახლოვდნენ, რუსებმა უნდა გადაკვეთონ ბახმუტი, სოლედარი, სევერსკის ზღუდე, რომელსაც ვერ კვეთენ და ჯერჯერობით გაჩერებულები არიან ამ ზღუდეზე. უტევენ ბახმუტს, უტევენ სოლედარს, მაგრამ ვერ გადიან წინ. რუსებს ძალიან მცირედით აქვთ წინსვლა, დიდი დანაკარგის ფასად.

ამიტომ ვამბობ, რომ აი, ამ მიმართულებაზე გარკვეული ინიციატივა ჯერ კიდევ რჩება რუსების ხელში, რუსები ახორციელებენ მასიურ შეტევებს.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსები ცდილობენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ვარაუდობს, რომ რუსეთი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ძლიერი შეტევისთვის ემზადება. ამაზე მიანიშნებს ის, რომ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა შეიარაღების განსაკუთრებული რაოდენობა განალაგა. თქვენი მოლოდინი როგორია, აქვს ახლა რუსეთს ძლიერი შეტევისთვის საჭირო ძალები?  

რუსეთი დღეს ძლიერი შეტევისთვის მზად არ არის. მისი ამოცანაა, რამენაირად გავიდეს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამის შემდეგ გადავა ყრუ თავდაცვაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

რუსეთმა ახლა რაც არ უნდა ძალები მოაგროვოს, ამ ძალების მოგროვება მას დასჭირდება მხოლოდ თავდაცვის გასაძლიერებლად და გარკვეული შეტევის განსახორციელებლად ლოკალურ მიმართულებაზე დონეცკის ოპერატიულ რაიონში. ასე რომ, მე არ ველოდები რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან შეტევას.

  • ბრიტანეთის დაზვერვის 18 აგვისტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ თავისი საბრძოლო კულტურა ვერ გააუმჯობესა 1994 წლის ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როდესაც ჩეჩენმა მებრძოლებმა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარებით ათობით რუსული ტანკი ააფეთქეს და დააზიანეს იმის გამო, რომ რუსულ ტანკებს ან არ ჰქონდათ დინამიკური დაცვის კონტეინერები, ან სხვადასხვა მიზეზით ვერ იყენებდნენ მათ. რუსეთის ბრძოლის კულტურაზე რა შეგიძლიათ თქვათ?  

რუსეთის სამხედრო ხელოვნება ზოგადად ეფუძნებოდა რაოდენობრივ უპირატესობას. ის, რომ მათ ვერ შეძლეს თანამედროვე ომის წარმოება, ეს გამოჩნდა ამ ომის პირველ ეტაპებზე. ჩეჩნეთთან კი შეიძლება შედარება მხოლოდ იმ კუთხით, რომ საქართველოში ომის შემდეგ რუსებმა განახორციელეს შეიარაღებული ძალების ორი რეფორმა. ერთი რეფორმა და მეორე თითქოსდა კონტრრეფორმა. დახარჯეს უამრავი თანხა, გააძლიერეს შეიარაღება, განიცადეს მოდერნიზება… ასე რომ ჩეჩნეთის ომთან შედარებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი რუსული შეიარაღებული ძალები ტექნიკურად უკეთესადაა აღჭურვილი, მაგრამ სამხედრო ხელოვნება რასაც ჰქვია, ეს არის თანამედროვე ომის წარმოების ერთადერთი მანევრი, ზუსტი დარტყმები, ტექსტოლოგიები, საინფორმაციო სივრცეში უპირატესობა – ეს ვერ მოახერხეს რუსებმა.

რუსული ძალის აპოლოგეტები საქართველოში ძალიან ბევრია და რუსების უძლეველობის მითების გამზიარებლებიც, ამის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე არასდროს ვყოფილვარ დიდი აზრის.

რუსეთს შეუძლია იომოს საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთს შეუძლია გარკვეული ოპერაციები ატაროს სირიის წინააღმდეგ, მაგრამ როცა ის აპირებს საომარ მოქმედებებს ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანასთან, მაშინ მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაბერილია. საჩვენებელი ძალის დემონსტრირება, რომელსაც ის ახდენდა ამდენი ხნის განმავლობაში, აღმოჩნდა გაბერილი ბუშტი, რომელიც ერთ წუთში საპნის ბუშტივით გასკდა.

ნატოში ახლა ის უკვირთ, როგორ გვეშინოდა ამ სამხედრო ძალის ამდენი ხანიო.

ქვეყანა, რომელიც თავის თავს თვლიდა მეორე ძალად მსოფლიოში, როდესაც ირანს სთხოვს უპილოტო საფრენ აპარატებს და ირანის სადაზვერვო თანამგზავრს ორბიტაზე გაიყვანს, იმ ქვეყანას თავის შესაძლებლობები, თავის პოტენციალი საკმაოდ დაბალ დონეზე აქვს. ვგულისხმობ ტექნოლოგიური თვალსაზრისით და არა რაოდენობრივად.

  • 18 აგვისტოს მედიაში გამოჩნდა სტატიები, რომ შეიძლება ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში მნიშვნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს. იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიმართლეა, როგორ აისახება ომის მიმდინარეობაზე, შეასუსტებს ეს კიევს?

ზუსტად ამას ცდილობს რუსეთი, რომ ევროპიდან მაქსიმალურად შეამციროს შეიარაღების ნაკადები, რომელსაც უკრაინა იღებს და ამიტომ სჭირდება მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინას გარანტირებულად აღარ მიაწვდიან იარაღს და ამას გამოიყენებს რუსეთი გასაძლიერებლად. ის ხვდება, რომ დრო მუშაობს უკრაინაზე, შეიარაღება მიდის უკრაინაში, უკრაინა ძლიერდება, მაშინ, როდესაც საპასუხო, ტექნოლოგიურად და ხარისხობრივად ადეკვატურ სისტემებს ვერ იღებს თავად. ამდენად ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ევროპიდან და უფრო სწორად მსოფლიოდან თუკი შემცირდა შეიარაღება, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი და, რა თქმა უნდა, დაასუსტებს უკრაინას, მაგრამ არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცემს რუსეთს. მე ვთვლი, რომ თუკი შემცირდება იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს უკრაინას წაართმევს საშუალებას, განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, მაგრამ რუსებს ვერ მისცემს იმის საშუალებას, რომ განახორციელოს თავისი მთავარი გეგმები – დააქუცმაცოს უკრაინა და აიღოს კიევი.

  • ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე, როგორ შეაფასებთ რუსეთის და უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს?

ვიტყოდი, რომ ახლა თითქოს გათანაბრებულები არიან შესაძლებლობებით. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმეს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. გარკვეული რაოდენობრივი უპირატესობა აქვს რუსეთს. გარკვეული ტექნიკური, ხარისხობრივი უპირატესობა – უკრაინას, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აქვს.

ფაქტია, გავიდა 6 თვე, რუსეთმა მიღო ძალიან დიდი ზარალი. ბოლო ერთი თვეა ბახმუტს და სოლედარს ვერ გასცდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შეტევა შეტევაზე განახორციელონ. რუსეთის დანაკარგი ძალიან დიდია, მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ის მცდელობები, რომ ციხეებიდან წაიყვანონ პატიმრები, მოიზიდონ არარუსეთის მოქალაქეები, დიდი ფულის და იმის დაპირებით, რომ რუსეთის მოქალაქეობას მისცემენ 3 თვის შემდეგ, ასე შეგროვებული ხალხი იმ ეფექტს ვერ მისცემს რუსეთს, რაც მას სჭირდება ამ ომში გარდატეხის შესატანად.

თუ უკრაინა მიიღებს იარაღს, რომელიც მისცემს საშუალებას 260 კილომეტრზე მეტ სიღრმეში მიაყენონ დარტყმა რუსეთს ზურგში, რუსეთის კომუნიკაციის ხაზებზე, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას და გაზრდის მის შანსებს ამ ომში წარმატებისთვის.

ეს ომი გაგრძელდება დიდხანს.

წარმატება შეიძლება იყოს უკრაინისთვის ახალ წლამდე, თუკი შეძლებს ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლებას. მეტს უკრაინა ნამდვილად ვერ შეძლებს ამ ეტაპზე, თუმცა ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება შემდგომი ეტაპისთვის.

რატომ ასაჩივრებს ომბუდსმენი ავარიული სახლების პროგრამისთვის დამტკიცებულ ცვლილებებს – ინტერვიუ

„ყველაფერი კანონის შესაბამისად გადაწყდება“ – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, როცა ქალაქში მიმდინარე საკითხებზე მეტ განმარტებას ვითხოვთ. „სწორედ კანონის უზენაესობის საფუძველზე, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები შეცვალოს“, – ასე გვიხსნის გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო კოდექსში“  შესული ცვლილების გასაჩივრების გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველმა ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცვლილება კოდექსში ივლისის ბოლოს არჩილ ჩიქოვანის მოთხოვნით შევიდა. საქართველოს პარლამენტმა ამ ინიციატივის მხარდაჭერით ბათუმის მერის „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში კოდექსით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნების უგულებელყოფის უფლება მისცა. საკონსტიტუციო საჩივარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. თავად მერმა კი განაცხადა, რომ რეგულაციებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას, შენობის მდგრადობას და სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნებს აწესებს, გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებს. მან ირიბად თქვა – სიტყვაზე მენდეთო.

მოქალაქეებს კანონი უნდა აძლევდეს მეტ გარანტიას თუ მერის დაპირება? – სახალხო დამცველის მოადგილემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო გიორგი, სახალხო დამცველი საუბრობს სიცოცხლის უფლებაზე, როცა კოდექსში ცვლილებას ასაჩივრებს. იგივე არგუმენტები აქვს მთავრობასაც. პირველ რიგში ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას რომ განუმარტოთ რისკების შესახებ, რის გამოც კანონის ცვლილება გაასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში? 

არავინ უარყოფს, რომ ავარიული სახლები უნდა ჩანაცვლდეს, ძალიან კარგი საქმეა და ჩვენი რეკომენდაციაც იყო ეს, მაგრამ როცა მთელი ქვეყანა ევროკავშირის პროცესზე ვიყავით გადართული და კანდიდატის სტატუსი გვეკერა პირზე, დაჩქარებული წესით, ივლისის  ბოლოს ერთ კვირაში დაამტკიცეს ეს ცვლილება. არც რაიმე განმარტება ყოფილა ამაზე, არც საზოგადოებას ჰქონდა მსჯელობის საშუალება. პროცედურული დემოკრატიის მოთხოვნები აშკარად ბოლომდე დაცული არ იყო ამ საკითხში, რაც მე, თქვენ, საზოგადოებას დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ეს გადაწყვეტა სწორია.

მარტო ბათუმში ხომ არ არის ავარიული სახლები? – თბილისშიც არის, სხვაგანაც და ბათუმზე რომ ამ გამონაკლისს ვაკეთებთ, რა არის განსაკუთრებული. მოქმედი კანონმდებლობა, თუ არ ვცდები 57-ე მუხლი, ისედაც ითვალისწინებს ავარიული სახლების ჩანაცვლების შესაძლებლობას. ეს მექანიზმი, როგორც ასეთი, კანონმდებლობაში არსებობს. მაგრამ  გაჩნდა ორი ახალი რეგულირება, ორივე ეხება ბათუმს და ვრცელდება 2027 წლის დასაწყისამდე: პირველი მუხლი არ საუბრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ავარიულ სახლების ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

  • დაუსრულებელ მშენებლობებს და განსაკუთრებული ობიექტის შესახებ ჩანაწერს გულისხმობთ?

დიახ, ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ ეს მექანიზმები, რაც მიიღეს, მერს აძლევს უფლებამოსილებსა, ყველა წესის დაუცველად ააშენებინოს, გასცეს ნებართვა. ასე შეიძლება მოხდეს არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა ავარიული შენობის ჩანაცვლება ხდება, არამედ მაშინაც, როცა განსაკუთრებული, სახელმწიფოებრივი ან და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.

ეს პროექტი მხოლოდ ავარიული სახლების ჩანაცვლება კი არ არის, მას სამი საფუძველი აქვს: კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილება, ავარიული სახლები და მესამე განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც ძალიან ფართოა და ალბათ არაერთი შემთხვევა გინახავთ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით, ასეთი ზოგადი ჩანაწერი ბოროტად რომ გამოუყენებიათ. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ვიწრო, კეთილშობილური მიზანი იმისა, რომ ავარიული სახლები ჩაანაცვლოს. ეს მექანიზმი უფრო ფართო საკითხებს ითვალისწინებს, უფრო ბევრ შემთხვევაზე ვრცელდება და არ ეხება მარტო ავარიულ სახლებში მცხოვრებთ.

ეს რეგულირება ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი მოთხოვნისგან შეიძლება მერმა გაათავისუფლოს მშენებლობა.

ბუნებრივია, ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ კოდექსი – ამაში შედის მდგრადობა, სახანძრო უსაფრთხოება… ანუ, ჩვენ თეორიულად ვაძლევთ მერს იმის შესაძლებლობას, რომ ააშენონ კოდექსში გათვალისწინებული გარანტიების დაუცველად. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საკითხები. არა მგონია ვიღაცამ ასე მარტივად გასცეს ნებართვა და ასე შემდეგ, მაგრამ კანონის დანიშნულება და არსი სწორედ ის არის, რომ კანონი უნდა კანონობდეს და კანონის უზენაესობის საფუძველზე არავის უნდა ჰქონდეს საშუალება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები შეცვალოს.

ეს იყო ჩვენთვის მთავარი მოტივატორი იმ თვალსაზრისით, რომ მშენებლობისას მეტად დაცული იყოს მესაკუთრე, მისი ინტერესები, დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს და მათ უნდათ სახლების განახლება, მეორე მხრივ ინვესტორი. შეიძლება ავარიული ნაგებობიდან ხალხი გამოიყვანონ და ისე ააშენონ რისკის შემცველი [შენობები].

  • კონკრეტულ ჩანაწერზე მინდა გკითხოთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების ინტერესს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გადაწყვეტილება, ასევე არ უნდა აუარესებდეს საცხოვრებელ გარემოს, საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურაზეც არის საუბარი. ეს ჩანაწერი არ აზღვევს პროცესს? გარდა ამისა, 41-ე დადგენილება გვაქვს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესებს ადგენს, მასაც უგულებელყოფს ეს ცვლილება? 

აქ არის კიდევ ერთი მუხლი, რომელიც უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს მერს და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის გარდა, შესაძლებელია, მათ შორის, კ2 და კ1 კოეფიციენტების სრულიად დარღვევა. კულტურული მემკვიდრეობის მიღმა, დამეთანხმებით, არსებობს უამრავი რეგულაცია, ხანძარსაწინააღმდეგოთი დაწყებული და უამრავი სხვა, რომლის დაცვაც აუცილებელია… ჩვენ სამი მუხლი ავარჩიეთ, რომელზეც ვდავობთ და მიგვაჩნია, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – სიცოცხლის უფლება და მისგან მომდინარე ვალდებულება, მეორე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ვალდებულება და მესამეა შშმ პირთა დამატებითი გარანტიები [კონსტიტუციის მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი]. მიგვაჩნია, რომ დარღვეულია ეს მუხლები.

  •  ცვლილება მერს აძლევს საშუალებას, რომ მაგალითად 41-ე დადგენილება არ გაითვალისწინოს?

41-ე დადგენილებაზე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ცვლილება მერს აძლევს უფლებას უარი თქვას ნებისმიერ მოთხოვნაზე, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული.

  • გუშინ მერმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. მან ფაქტობრივად გვითხრა, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ.

კანონის უზენაესობა ქვეყანაში ზუსტად ის არის, რომ ვიღაცის სიტყვას კი არ უნდა ვენდოთ, არამედ გარანტიები უნდა არსებობდეს და მისი დაცვა და ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს. კანონები არ იქნებოდა საჭირო, თუ ვიღაცებს უნდა ვენდოთ. მიუხედავად პატივისცემისა ყველა ადამიანის მიმართ, კანონი იმიტომ არსებობს, რომ მასში ვიყოთ მოქცეულები. ადამიანები ვართ და ჩვენ ადამიანურ სისუსტეებზე არ უნდა იყოს მინდობილი კანონის და წესის აღსრულება. ამისთვის არსებობს სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა იყოს დაცული.

  • ეს გადაწყვიტა პარლამენტმა, მანამდე კი იგივე მიზეზით, რომ რისკები დასაზღვევი იყო და ქაოსური მშენებლობა უამრავ პრობლემას ქმნიდა, მიიღო კოდექსი. ეს საკანონმდებლო ორგანომ რატომ დაუშვა? 

ადამიანური სისუსტეები, რაზეც ვთქვი… პარლამენტს აქვს წესები, რომლებიც კანონის მიღებას ეხება, ეს წესები არსებობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ თვითნებობა და ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

პარლამენტმა ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობა, დემოკრატიის პრინციპები არ იყო დაცული – ეს არის პრობლემური, ამის გამო წარმოიშვა დიდი გაუგებრობა. კანონმა დაუშვა შესაძლებლობები, რომ კანონს გვერდი აუარონ და ეს გამოსასწორებელია. ამისთვის გვაქვს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს – წესით მათთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ საკითხის დროული გადაწყვეტა. ჩვენ ასევე ვიშუამდგომლეთ ოქმის შეჩერებაზე. იმედია, მალე იქნება ეს ყველაფერი.

სკოლებში კლასის გაყოფის წესში ცვლილებებია – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, მომავალი სასწავლო წლიდან, კლასის გაყოფა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დასაშვები იქნება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამ დრომდე კლასის გაყოფა „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით იყო დასაშვები. ამასთან, ზოგადად, კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები [იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე] და ბ) ჭადრაკი [ისწავლება I კლასში].

მინისტრის ახალი ბრძანებით ასევე დაზუსტდა, რომ კლასის „გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში [არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში – 20-ს“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად.“

არის კიდევ ერთი სიახლე: „თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლასკომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.“.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები 2022 წლის 19 აგვისტოს შევიდა.

ახალი ცვლილებით, სასწავლო გეგმას დაემატა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის:

საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის / წყარო: მინისტრის ბრძანება

მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, ხოლო XII კლასისთვის – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

კანონში შენიშვნის სახით ასევე აღნიშნულია, რომ „მოსწავლემ მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში [მომდევნო სასწავლო წლიდან] აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით“.

ახალი ბრძანებით გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე საათობრივ ბადეში არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის. ამასთან, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.

მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს

კრემლში აცხადებენ, რომ ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ეს ორთვე-ნახევრის შუალედის შემდეგ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საუბარია. ბოლოს მათ მაისის ბოლოს ისაუბრეს.

საუბარი ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის საკითხს.

„პრეზიდენტებმა ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც შეძლებს ადგილზე ვითარების რეალურად შეფასებას. რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მზადაა სააგენტოს ინსპექტორები საჭირო დახმარებით უზრუნველყოს“, – წერია კრემლის განცხადებაში.

მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შემაშფოთებელია საფრთხე, რასაც ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.

ელისეს სასახლის ცნობით, საუბრისას პრეზიდენტმა მაკრონმა დააყენა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეში რაც შეიძლება სწრაფად ჩასვლის საკითხი, რასაც პუტინიც დაეთანხმა.

„ორი პრეზიდენტი ამ თემაზე კვლავ ისაუბრებს უახლოეს დღეებში, მისიის ზაპოროჟიეში წარგზავნამდე მას შემდეგ, რაც ტექნიკურ ჯგუფები საკითხზე იმსჯელებენ“, – წერია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ კიევი ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნება.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით კი, რუსეთი სავარაუდოდ ქმნის საინფორმაციო საფუძველს ე.წ. False-flag ოპერაციისთვის, რათა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაცია უკრაინულ მხარეს დააბრალოს.

დასავლეთმა შეიძლება „უღალატოს“ უკრაინას და ომში რუსეთს გაამარჯვებინოს – ბრიტანელი პოლკოვნიკი

დასავლეთის ქვეყნებმა შეიძლება „უღალატონ“ უკრაინას და რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა მისცენ; სრულმასშტაბიანი ომის ბედს გადაწყვეტს ზამთარი და ის, თუ როგორ მოახერხებს პუტინი ბუნებრივი აირის თემით მანიპულირებას – სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ასეთ მოსაზრებას The Telegraph-თან დიდი ბრიტანეთის არმიის ქვეითთა ბატალიონის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი გამოთქვამს.

კემპის აზრით, უკრაინას მხოლოდ სამი თვე აქვს დარჩენილი, რათა „ზამთრის ღალატი“ შეაჩეროს, რადგან სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა „ღრმა გაყინვის“ ფაზაში გადავიდეს, მოკავშირე ქვეყნებმა კი პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლა გააძლიერონ.

„სადაცაა დადგება პერიოდი, როდესაც უკრაინა მაქსიმალურად დაუცველი გახდება, რადგან სცენაზე შემოვა რუსეთის ტრადიციული მოკავშირე – „გენერალი ზამთარი“ და კრემლი კიევის ევროპელი მომხრეების წინააღმდეგ თავისი ენერგეტიკული ჭანჭიკების ტრიალს დაიწყებს.

ზამთარი, როგორც წესი, იმას სწყალობს, ვინც თავს იცავს, რადგან მას უკეთ შეუძლია თავშესაფრისა და სითბოს პოვნა მაშინ, როდესაც ფეხითა თუ მანქანით გადაადგილება, რაც მოწინააღმდეგისთვის უფრო აუცილებელია, გართულებულია ტალახისა და თოვლის გამო. ეს შეიძლება დაეხმაროს უკრაინის არმიას, შეინარჩუნოს ის, რაც ახლა აქვს, მაგრამ ხელს შეუშლის, დაიბრუნოს იმ დიდი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, რომლებიც ახლა რუსეთს უკავია,“ – მიიჩნევს ბრიტანელი პოლკოვნიკი.

მისი მოსაზრებით, სიცივე სტრატეგიულ გავლენას მოახდენს ევროპულ ქვეყნებზეც – მოკავშირეებს დაღლის „ზამთრის პეიზაჟი“ და ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც შესაძლოა მოსთხოვონ ზელენსკის, პუტინისთვის ხელსაყრელ დათმობებზე წავიდეს.

„წლების განმავლობაში, ვიდრე ევროპელები იაფი რუსული ენერგიით ბრმად იკმაყოფილებდნენ შიმშილს, პუტინი მათ ხაფანგს უმზადებდა. ფულის, დეზინფორმაციისა და აგენტურის დახმარებით, მან ძალიან გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ევროპას შელფის გაზის მოპოვება შეეწყვიტა, გერმანიას კი – ბირთვულ ენერგიაზე მუშაობა. პოლიტიკური და ეკონომიკური ომის, ასევე პროპაგანდის დიდოსტატ პუტინს მიზნად ჰქონდა, როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღება, ისე პოლიტიკური გავლენების მოპოვება,“ – ამბობს კემპი.

პოლკოვნიკი არ გამორიცხავს, რომ ევროპაში გაზის შემცირება ფასების ზრდას და  ამომრჩევლების დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც პოლიტიკოსებს აიძულებს, უკრაინისადმი საკუთარ ერთგულებას და რაც მთავარია, რუსეთისთვის დაწესებულ მკაცრ სანქციებს გადახედონ:

„პუტინმა იცის, როგორ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მანამ, ვიდრე ევროპული ქვეყნები არ დანებდებიან, მათ შორის ენერგომომარაგების სრული გათიშვით. ნოემბერში, G20-ის სამიტზე, პუტინი ეცდება ამ მუქარით იმანიპულიროს და განაცხადოს, რომ მშვიდობა დადგება, თუ ის დონბასს, ყირიმს და უკრაინის სამხრეთში დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს“.

კემპის აზრით, თავის არგუმენტებს პუტინი ფსევდორეფერენდუმებით გააძლიერებს. მისი გზავნილები მიმართული იქნება არა უკრაინელებისადმი, არამედ სხვა ევროპელებისადმი – პუტინი ეცდება, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბევრი ეკონომიკური პრობლემა მოგვარდება, თუკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შერბილდება.

„ლიდერებს უჩნდებათ ცდუნება, ჩაეჭიდონ პუტინის სამშვიდობო შეთავაზებებს და უარი თქვან ზელენსკის მხარდაჭერაზე. დღემდე ხშირად ამბობდნენ, რომ ომი ბოლომდე უკრაინის სასარგებლოდ მიდის. აი, სადაცაა სერიოზული გამოცდა დადგება.

თავისი ისტორიის განმავლობაში, რუსეთი, როგორც წესი, ძალიან ცუდად იწყებდა ხოლმე ომებს, თუმცა მერე ახერხებდა, ამ ომებში თავისი უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსები ჩაერთო. უკრაინელები კი მთლიანად უცხოურ შეიარაღებაზე, ტექნიკაზე და დაზვერვაზე არიან დამოკიდებულები,“ – ციტირებს უკრაინული მედია ბრიტანელ პოლკოვნიკს.

მთავარი ფოტო: რიჩარდ კემპი/ფოტო: BBC.co.uk

ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – Politico

G20-ის მაგიდასთან პუტინის ადგილი არ არის – ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი

G 20-ის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან პუტინი საკუთარ შეხვედრებზე. ვიდრე უკრაინაში ომია, მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი არ არის – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი რიში სუნაკი და მოკავშირეებს მოუწოდებს, არ აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.

„ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს აქვთ კოლექტიური პასუხისმგებლობა, შეაფასონ პუტინის ამაზრზენი საქციელი. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბავშვებს საკუთარ საწოლებში კლავენ, ვიდრე მათ სძინავთ. ჩვენ პუტინს უნდა გავუგზავნოთ გადამწყვეტი სიგნალი, რომ ვიდრე უკრაინაში უკანონო ომს არ შეწყვეტს, მისი ადგილი ამ მაგიდასთან არ იქნება“, – ამბობს სუნაკი.

მანამდე, პრემიერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეული“ ვერ იქნება ეფექტიანი ორგანო, ვიდრე მის შემადგენლობაში რუსეთია.

აგვისტოს დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განმარტა, რომ ნოემბერში, ბალიზე დაგეგმილ სამიტზე შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გაემგზავროს, თუ დადასტურდება, რომ G20-ის შეხვედრას ვლადიმერ პუტინიც ესწრება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს. მანაც, ზელენსკის მსგავსად, მიწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან, ჯოკო ვიდოდოსგან მიიღო.

12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე] „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ეს გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

სამუშაოებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჩაატარებს, რომელიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გეგმავს. „ნაპირდამცავი ჯებირის“ აშენება, დაახლოებით 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვის ლოდებითა და ინერტული მასალით ამოვსებას გულისხმობს. ამ ლოდების შემოტანა კი სხვადასხვა კარიერებიდანაა დაგეგმილი.

ფაქტობრივად, გზშ-ს გარეშე, 12,5 ჰექტარ ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ამ ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი [ნაპირსამაგრი] სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას,“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა“.

პროექტის მიხედვით, ნაპირდამცავი ჯებირის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 14 თვეს გასტანს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „ნაპირდამცავი სამუშაოები საინვესტიციო პროექტის [ხელოვნური კუნძულის“] დაწყების დაანონსება“ იყო.

„მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაშინ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა გოჩა კამკიამ.

ამ თემაზე ვრცლად:

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

 

ფეესბე უკრაინის რადაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა – უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის პარლამენტის დერეფნებსა და დარბაზებში მოსასმენი აპარატურის დაყენებას აპირებდნენ და თავის აგენტს შესაბამისი დავალებაც მისცეს.

უშიშროების სპიკერის, არტემ დიხტიარენკოს თქმით, კონტრდაზვერვამ გამოარკვია, რომ რუსეთის ფეესბეს წარმომადგენელმა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ყირიმში ყოფნისას გადაიბირა უკრაინის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც პარლამენტში ღონისძიებების ორგანიზებაზე მუშაობდა.

„თავისი რუსი კურატორის მითითებით, აგენტს უნდა მოეპოვებინა ინფორმაცია უცხოური დელეგაციების ვიზიტებზე, ოფიციალური და არაოფიციალური საუბრების დეტალები. გარდა ამისა, მას დაავალეს, შეესწავლა ვითარება, რათა სპეციალური მოსასმენი აპარატურა დაეყენებინა უკრაინის პარლამენტის დარბაზებსა და დერეფნებში,“ – ნათქვამია უკრაინის უშიშროების განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა ფეესბეს აგენტი, რომელიც ზაპოროჟიეში მყოფ რუსეთი ჯარებს ცეცხლის კორექტირებაში ეხმარებოდა, სანაცვლოდ მას ქალაქის ოკუპაციის შემდეგ „ხელმძღვანელ თანამდებობას“ ჰპირდებოდნენ.

რუსეთის დაზვერვა რეზნიკოვისა და ბუდანოვის მოკვლას გეგმავდა – უკრაინის უშიშროება

ФСБ ისე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ ომამდე რამდენიმე დღე კიევში ბინებს აწყობდა – WP

The Washington Post-ი წერს, რომ მისი ჟურნალისტების რამდენიმეთვიანმა გამოძიებამ, რომელიც უამრავ კონფიდენციალურ მასალას, მათ შორის, რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელთა საუბრებს და უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მაღალჩინოსნებთან ინტერვიუებს ეყრდნობა, უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა: 

  1. რუსეთის უშიშროების სამსახურის იატაკქვეშა განყოფილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კრემლის საომარი გეგმები უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ფეესბე კიევში მარიონეტული რეჟიმის „დასასმელად“ ოპერატიულ მუშაკებს გზავნიდა და არწმუნებდა რუსეთის უმაღლეს პირებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან სწრაფად დანებდებოდა.

ფეესბეს დანაყოფი, ცნობილი, როგორც ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, წლების განმავლობაში აწარმოებდა საიდუმლო ოპერაციებს, რათა უკრაინის უწყებებში შეეღწია და არ დაეშვა ქვეყნის რუსული ორბიტიდან გასვლა. დასავლური დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, უკრაინისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიუხედავად, ფეესბემ ან არ იცოდა, რომ უკრაინა მტკიცე წინააღმდეგობას გასწევდა, ან იცოდა, მაგრამ ასეთი არასასურველი ინფორმაციის ვლადიმერ პუტინისთვის მიწოდება ვერ გაბედა. 

  1. ფეესბეს ოფიცრები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინაში ძალაუფლების ხელში სწრაფად ჩაგდების შესაძლებლობაში, რომ რამდენიმე დღე ომის დაწყებამდე კიევში ბინების მოწყობაზე დახარჯეს.

საუბრები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა, ადასტურებს, რომ ფეესბეს ოფიცრები კოლეგებისგან არკვევდნენ ინფორმაციას ისეთი ბინების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა საცხოვრებლად, უსაფრთხო სახლებად, ან ოპერაციისთვის ბაზებად გამოეყენებინათ.

ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრამდე, ფეესბეს ინფორმატორებს უბრძანეს, კიევიდან წასულიყვნენ და ბინების გასაღებები რუსეთის ოპერატიული მუშაკებისთვის დაეტოვებინათ.

  1. უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, ფეესბს უკრაინული ფილიალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

თუ 2019 წელს განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა 30 იყო, ომის დაწყებამდე 160 გახდა. ფეესბეს ჯგუფები მიმაგრებულნი იყვნენ უკრაინის რეგიონებზე და „მიძინებული აგენტების“ ქსელზე მთელ ქვეყანაში. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თანამშრომელთა რაოდენობის რადიკალური გაზრდა, სავარაუდოდ, მიანიშნებდა, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებდა.

  1. ფეესბე აქტიურად მუშაობდა ცნობილ კოლაბორანტებთან და სულ მცირე ორი პრორუსული ხელისუფლების შემადგენლობა ჰყავდა მომზადებული.

ფეესბეს მთავარ მოკავშირეებს შორის იყვნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც 2014 წელს რუსეთში გაიქცა და ვიქტორ მედვედჩუკი, ოლიგარქი, რომელიც პუტინთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ უკრაინის მთავარი პრორუსული პარტიის ლიდერი გახდა.

გუნდის ცენტრში იყო ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც უკვე მარტის დასაწყისში აპირებდა უკრაინაში ბელარუსიდან გადასულიყო და ძალაუფლება დაებრუნებინა. ამ ჯგუფის მეორე ნაწილი, რომელშიც ძირითადად იანუკოვიჩის პარტიის ყოფილი წევრები შედიოდნენ, კიევში დასაბრუნებლად უკრაინის სამხრეთიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ემზადებოდა.

  1. არაერთი მარცხის მიუხედავად, ფეესბეს მეთაურები პოსტებზე რჩებიან. უწყებამ გადაჯგუფება ჩაატარა და ოფიცრები სამთვიან როტაციაზე გაუშვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნების თქმით, მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პუტინმა რაიმე სახის წმენდა ჩაატარა რუსეთის ჯაშუშურ უწყებებში ან რომელიმე ჩინოვნიკს რაიმე პასუხისმგებლობა დააკისრა მცდარ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ფეესბეს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და უკრაინის სამმართველოს უფროსი სერგეი ბესედა პოსტებზე რჩებიან და სამხედრო მოქმედებებს კურირებენ.

რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გვპირდება, რომ ძველ ბათუმში მშენებლობაზე „შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი“ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი დაიწყება.

„საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.“

თორნიკე რიჟვაძე გულისხმობს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რაც ბათუმის მერს „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, გარკვეული რეგულაციების უგულებელყოფის საშუალებას აძლევს.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად საჭირო ღონისძიებები პირველი სექტემბრიდან დაიწყონ.

„მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტალების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერ-სახე, რაც გვაქვს. 12-მეტრიანი შეზღუდვა რჩება ძალაში და ძველ ბათუმში კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თუმცა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძალაში ვერ დარჩება, რადგან ბათუმის საკრებულოს დადგენილებამ, რომელიც 12-მეტრიან შეზღუდვას აწესებდა, ძველ ბათუმში ავტომატურად დაკარგა ძალა ახალი სივრცითი და სამშენებლო კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 12-მეტრიანი შეზღუდვის შემოღებაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან. ამ დროისთვის კი ძველ ბათუმში კანონით გათვალისწინებულია სამშენებლო ქვეზონის შეზღუდვა – 15 მეტრი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმს ჯერ კიდევ არა აქვს დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევა ბათუმის მერიამ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაატარა.

კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, სახდეპი შეშფოთებულია – Politico

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია, რომ კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს – წერს Politico. გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსეთის შეყვანა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას და გლობალურ სასურსათო ბაზარს.

როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფიციალურად რაიმე უკმაყოფილება ან მხარდაჭერა ამ პროცესისადმი არ გამოუთქვამთ, თუმცა კონგრესმენებს საკუთარი არგუმენტები მიაწოდეს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი არგუმენტი ის სანქციებიცაა, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოქმედდება – გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს კერძო სექტორზე და იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რასაც ახლანდელი სანქციების მიუხედავად, აშშ რუსეთთან ინარჩუნებს.

3 მაისს უკრაინის რადამ აშშ-ის კონგრესს მიმართა და რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა სთხოვა. ამგვარ მოწოდებებს მუდმივად აკეთებენ უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

21 ივლისს კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ თუკი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად სახელმწიფო დეპარტამენტი არ აღიარებს, ამას კონგრესი გააკეთებს.

27 ივლისს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება შეუძლია, თუკი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფო ტერორისტულ აქტებს უჭერს მხარს. სანქციები, რომლებიც ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოქმედდება, გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს აშშ-ის დახმარებაზე, თავდაცვითი თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტსა და გაყიდვაზე და სხვ.

ამჟამად ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი აქვს ოთხ ქვეყანას: სირიას, ირანს, კუბასა და ჩრდილოეთ კორეას.

დოღი ბახმაროში [ფოტო]

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, ყოველწლიურად იმართება დოღი. დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ.

დოღი, ტრადიციულად, რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. თამაშდება „ბახმაროს თასი“.

ნახეთ დოღი 2022-ის ფოტოები
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022
ბახმარო 2022 / სალომე ვარაბიოვსკის ფოტოები

დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც.

ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე.

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]

ბაიდენი უკრაინისთვის კიდევ 800 მლნ-ის სამხედრო დახმარებას გეგმავს – Reuters

პრეზიდენტ ჯო ბაიდანის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს დღეებში გაფორმდეს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დახმარების გასაცემად გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, რომელიც მას უფლებას აძლევს გასცეს ჭარბი იარაღი შეერთებული შტატების მარაგებიდან.

თეთრ სახლს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ესტონეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარების ფარგლებში, ესტონეთი უკრაინაში ტყვიამფრქვევებსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს გაგზავნის.

როგორც გამოცემა Politico გუშინდელ სტატიაში აღნიშნავდა, აპრილის შემდეგ ევროპიდან სამხედრო დახმარების კლება შეინიშნება.

„ივლისის განმავლობაში ევროპის ექვს უდიდეს ქვეყანას უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები არ აუღია – მსგავსი რამ თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს მიუთითებს, რომ ევროპის სამხედრო დახმარება შესაძლოა მნიშნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს – წერს გამოცემა Politico კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით.

უკრაინაში დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი – რუსეთის თავდასხმების შედეგი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დოკუმენტურად დადასტურდა და აღირიცხა ომის 29 184 დანაშაული, ასევე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 13 593 დანაშაული.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაზარალდა 1078 ბავშვი, მათ შორის დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი.
ეს რიცხვი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს, რადგან ყოველდღიურად დგინდება ომის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ცხელ წერტილებსა და ოკუპირებულ, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი, 376 ბავშვი, დონეცკის რეგიონში დაზარალდა, 202 – ხარკოვში, კიევში – 116, ჩერნიგოვში, – 68, ლუგანსკში – 61, ნიკოლაევში – 60, ხერსონში – 55, ზაპოროჟიეში კი – 40.

როგორც ცნობილია, 17 აგვისტოს ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის  აფეთქების შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, დაშავდა 12 და 13 წლის კიდევ ორი ბავშვი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაზიანდა 2328 სასწავლო დაწესებულება, მათგან 289 სრულადაა განადგურებული.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 21 საათიდან 20 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღამით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; დღისით კი, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +28 გრადუსია.

 

Exit mobile version