მთავარი,სიახლეები

რატომ ასაჩივრებს ომბუდსმენი ავარიული სახლების პროგრამისთვის დამტკიცებულ ცვლილებებს – ინტერვიუ

19.08.2022 • 1539
რატომ ასაჩივრებს ომბუდსმენი ავარიული სახლების პროგრამისთვის დამტკიცებულ ცვლილებებს – ინტერვიუ

„ყველაფერი კანონის შესაბამისად გადაწყდება“ – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, როცა ქალაქში მიმდინარე საკითხებზე მეტ განმარტებას ვითხოვთ. „სწორედ კანონის უზენაესობის საფუძველზე, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები შეცვალოს“, – ასე გვიხსნის გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო კოდექსში“  შესული ცვლილების გასაჩივრების გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველმა ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცვლილება კოდექსში ივლისის ბოლოს არჩილ ჩიქოვანის მოთხოვნით შევიდა. საქართველოს პარლამენტმა ამ ინიციატივის მხარდაჭერით ბათუმის მერის „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში კოდექსით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნების უგულებელყოფის უფლება მისცა. საკონსტიტუციო საჩივარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. თავად მერმა კი განაცხადა, რომ რეგულაციებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას, შენობის მდგრადობას და სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნებს აწესებს, გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებს. მან ირიბად თქვა – სიტყვაზე მენდეთო.

მოქალაქეებს კანონი უნდა აძლევდეს მეტ გარანტიას თუ მერის დაპირება? – სახალხო დამცველის მოადგილემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო გიორგი, სახალხო დამცველი საუბრობს სიცოცხლის უფლებაზე, როცა კოდექსში ცვლილებას ასაჩივრებს. იგივე არგუმენტები აქვს მთავრობასაც. პირველ რიგში ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას რომ განუმარტოთ რისკების შესახებ, რის გამოც კანონის ცვლილება გაასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში? 

არავინ უარყოფს, რომ ავარიული სახლები უნდა ჩანაცვლდეს, ძალიან კარგი საქმეა და ჩვენი რეკომენდაციაც იყო ეს, მაგრამ როცა მთელი ქვეყანა ევროკავშირის პროცესზე ვიყავით გადართული და კანდიდატის სტატუსი გვეკერა პირზე, დაჩქარებული წესით, ივლისის  ბოლოს ერთ კვირაში დაამტკიცეს ეს ცვლილება. არც რაიმე განმარტება ყოფილა ამაზე, არც საზოგადოებას ჰქონდა მსჯელობის საშუალება. პროცედურული დემოკრატიის მოთხოვნები აშკარად ბოლომდე დაცული არ იყო ამ საკითხში, რაც მე, თქვენ, საზოგადოებას დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ეს გადაწყვეტა სწორია.

მარტო ბათუმში ხომ არ არის ავარიული სახლები? – თბილისშიც არის, სხვაგანაც და ბათუმზე რომ ამ გამონაკლისს ვაკეთებთ, რა არის განსაკუთრებული. მოქმედი კანონმდებლობა, თუ არ ვცდები 57-ე მუხლი, ისედაც ითვალისწინებს ავარიული სახლების ჩანაცვლების შესაძლებლობას. ეს მექანიზმი, როგორც ასეთი, კანონმდებლობაში არსებობს. მაგრამ  გაჩნდა ორი ახალი რეგულირება, ორივე ეხება ბათუმს და ვრცელდება 2027 წლის დასაწყისამდე: პირველი მუხლი არ საუბრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ავარიულ სახლების ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

  • დაუსრულებელ მშენებლობებს და განსაკუთრებული ობიექტის შესახებ ჩანაწერს გულისხმობთ?

დიახ, ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ ეს მექანიზმები, რაც მიიღეს, მერს აძლევს უფლებამოსილებსა, ყველა წესის დაუცველად ააშენებინოს, გასცეს ნებართვა. ასე შეიძლება მოხდეს არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა ავარიული შენობის ჩანაცვლება ხდება, არამედ მაშინაც, როცა განსაკუთრებული, სახელმწიფოებრივი ან და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.

ეს პროექტი მხოლოდ ავარიული სახლების ჩანაცვლება კი არ არის, მას სამი საფუძველი აქვს: კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილება, ავარიული სახლები და მესამე განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც ძალიან ფართოა და ალბათ არაერთი შემთხვევა გინახავთ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით, ასეთი ზოგადი ჩანაწერი ბოროტად რომ გამოუყენებიათ. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ვიწრო, კეთილშობილური მიზანი იმისა, რომ ავარიული სახლები ჩაანაცვლოს. ეს მექანიზმი უფრო ფართო საკითხებს ითვალისწინებს, უფრო ბევრ შემთხვევაზე ვრცელდება და არ ეხება მარტო ავარიულ სახლებში მცხოვრებთ.

ეს რეგულირება ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი მოთხოვნისგან შეიძლება მერმა გაათავისუფლოს მშენებლობა.

ბუნებრივია, ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ კოდექსი – ამაში შედის მდგრადობა, სახანძრო უსაფრთხოება… ანუ, ჩვენ თეორიულად ვაძლევთ მერს იმის შესაძლებლობას, რომ ააშენონ კოდექსში გათვალისწინებული გარანტიების დაუცველად. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საკითხები. არა მგონია ვიღაცამ ასე მარტივად გასცეს ნებართვა და ასე შემდეგ, მაგრამ კანონის დანიშნულება და არსი სწორედ ის არის, რომ კანონი უნდა კანონობდეს და კანონის უზენაესობის საფუძველზე არავის უნდა ჰქონდეს საშუალება მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები შეცვალოს.

ეს იყო ჩვენთვის მთავარი მოტივატორი იმ თვალსაზრისით, რომ მშენებლობისას მეტად დაცული იყოს მესაკუთრე, მისი ინტერესები, დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს და მათ უნდათ სახლების განახლება, მეორე მხრივ ინვესტორი. შეიძლება ავარიული ნაგებობიდან ხალხი გამოიყვანონ და ისე ააშენონ რისკის შემცველი [შენობები].

  • კონკრეტულ ჩანაწერზე მინდა გკითხოთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების ინტერესს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გადაწყვეტილება, ასევე არ უნდა აუარესებდეს საცხოვრებელ გარემოს, საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურაზეც არის საუბარი. ეს ჩანაწერი არ აზღვევს პროცესს? გარდა ამისა, 41-ე დადგენილება გვაქვს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესებს ადგენს, მასაც უგულებელყოფს ეს ცვლილება? 

აქ არის კიდევ ერთი მუხლი, რომელიც უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს მერს და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის გარდა, შესაძლებელია, მათ შორის, კ2 და კ1 კოეფიციენტების სრულიად დარღვევა. კულტურული მემკვიდრეობის მიღმა, დამეთანხმებით, არსებობს უამრავი რეგულაცია, ხანძარსაწინააღმდეგოთი დაწყებული და უამრავი სხვა, რომლის დაცვაც აუცილებელია… ჩვენ სამი მუხლი ავარჩიეთ, რომელზეც ვდავობთ და მიგვაჩნია, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – სიცოცხლის უფლება და მისგან მომდინარე ვალდებულება, მეორე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ვალდებულება და მესამეა შშმ პირთა დამატებითი გარანტიები [კონსტიტუციის მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი]. მიგვაჩნია, რომ დარღვეულია ეს მუხლები.

  •  ცვლილება მერს აძლევს საშუალებას, რომ მაგალითად 41-ე დადგენილება არ გაითვალისწინოს?

41-ე დადგენილებაზე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ცვლილება მერს აძლევს უფლებას უარი თქვას ნებისმიერ მოთხოვნაზე, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული.

  • გუშინ მერმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. მან ფაქტობრივად გვითხრა, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ.

კანონის უზენაესობა ქვეყანაში ზუსტად ის არის, რომ ვიღაცის სიტყვას კი არ უნდა ვენდოთ, არამედ გარანტიები უნდა არსებობდეს და მისი დაცვა და ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს. კანონები არ იქნებოდა საჭირო, თუ ვიღაცებს უნდა ვენდოთ. მიუხედავად პატივისცემისა ყველა ადამიანის მიმართ, კანონი იმიტომ არსებობს, რომ მასში ვიყოთ მოქცეულები. ადამიანები ვართ და ჩვენ ადამიანურ სისუსტეებზე არ უნდა იყოს მინდობილი კანონის და წესის აღსრულება. ამისთვის არსებობს სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა იყოს დაცული.

  • ეს გადაწყვიტა პარლამენტმა, მანამდე კი იგივე მიზეზით, რომ რისკები დასაზღვევი იყო და ქაოსური მშენებლობა უამრავ პრობლემას ქმნიდა, მიიღო კოდექსი. ეს საკანონმდებლო ორგანომ რატომ დაუშვა? 

ადამიანური სისუსტეები, რაზეც ვთქვი… პარლამენტს აქვს წესები, რომლებიც კანონის მიღებას ეხება, ეს წესები არსებობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ თვითნებობა და ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

პარლამენტმა ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობა, დემოკრატიის პრინციპები არ იყო დაცული – ეს არის პრობლემური, ამის გამო წარმოიშვა დიდი გაუგებრობა. კანონმა დაუშვა შესაძლებლობები, რომ კანონს გვერდი აუარონ და ეს გამოსასწორებელია. ამისთვის გვაქვს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს – წესით მათთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ საკითხის დროული გადაწყვეტა. ჩვენ ასევე ვიშუამდგომლეთ ოქმის შეჩერებაზე. იმედია, მალე იქნება ეს ყველაფერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: