ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

20.08.2022 • 13625
ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა.

არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საკრებულოში გენგეგმის პროექტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ცვლიან და მას მხარს არ დაუჭერენ.

გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“ ამოღების შესახებ საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, საკრებულოს კომისიებში გადაწყვიტეს, რომ საკითხი სამსჯელოდ გავიდეს საკრებულოს სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებაც საკრებულომ მიიღოს.

საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა დღეს განაცხადა, რომ გენგეგმის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ, უკვე შეცვლილია.

„გენგეგმის პროექტი მერიამ „ქართული ოცნების“ და უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის დავალებით შეცვალა და „ამბასადორის“ შენობა, როგორც ბულვარისთვის შეუსაბამო, გენგეგმიდან ამოიღეს. ახლა, როგორც კი „ამბასადორს“ ამოიღებენ, შემდეგ შეეძლებათ სხვა ცვლილებებიც შეიტანონ ნებისმიერ ობიექტთან მიმართებაში. წესით, გენგეგმიდან ამას ვერ ამოიღებენ, იურიდიულად ვერ გამართავენ, ამიტომ, სახელს უცვლიან, რაღაც დოკუმენტს ქმნიან, რომლის მიხედვითაც „ამბასადორი“ დარჩება ისეთივე ფორმით, როგორიც არის. რეალურად, არ ამტკიცებენ იმ გენგეგმას, რომლისთვისაც ჩვენ მხარი უნდა დაგვეჭირა. აქ „ამბასადორი“ კი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ პრაქტიკულად თვითმმართველობა ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა რეზო ხარაზმა „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს გააკეთებენ.

ბათუმის ბულვარი/„ამბასადორის“ მშენებარე ობიექტი / 20.08.2022

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა 2022 წლის აპრილში ჩაიბარა, მოგვიანებით კი, დოკუმენტი ქალაქის მერიას გადაუგზავნა. მერიამ გენგეგმა დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოს წარუდგინა.

„ბათუმის ბულვარზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პარკის ტერიტორიაზე და მისი საზღვრების მიღმა მიმდინარე მასშტაბურმა მშენებლობებმა… ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აღჭურვილობის მქონე რეკრეაციული სივრცეები მუდმივად იცვლება და ხშირად დესტრუქციულ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ პარკზე“, – აღნიშნულია გენგეგმის დოკუმენტში.

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში, ნახეთ ამ ბმულზე:

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: