მთავარი,სიახლეები

რუსეთმა შავ ზღვაში ძალები გააძლიერა: რა შეიძლება მოხდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

21.08.2022 • 1676
რუსეთმა შავ ზღვაში ძალები გააძლიერა: რა შეიძლება მოხდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

რუსი სამხედროები 24 აგვისტოს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, პროვოკაციას ამზადებიან. ოკუპანტებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა 5-მდე გაზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 21 აგვისტოს, ავრცელებს უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 აგვისტოს აცხადებდა, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი 3 რუსული ხომალდი.

დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დააფიქსირეს, რომ რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტის მზიდების რაოდენობა გაზარდა – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესმდივანმა ნატალია გუმენიუკმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

კონკრეტულად კი, საუბარია ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ შეიარაღებულ გემებსა და წყალქვეშა ნავებზე. ნატალია გუმენიუკის თქმით, შავ ზღვაში ამ დროისთვის 5 ასეთი მზიდია.

„ისინი მზად არიან გამოიყენონ ეს რაკეტები იმის მიუხედავად, რომ „კალიბრი“ ძალიან ძვირი ღირს და არც თუ ისე ბევრი აქვთ, რაც ჯერ კიდევ შემორჩათ“, – თქვა გუმენიუკმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსებს ძალები გადაჰყავთ ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით. გუმენიუკი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიკოლაევი მტერს სამხრეთში წინსვლის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ოკუპანტები, სავარაუდოდ, სწორედ იქ დაიწყებენ ფრთოსანი რაკეტების სროლას.

გარდა ამისა, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კალიბრის“ რაკეტები არის მაღალი სიზუსტის და ძვირადღირებული იარაღი, რომელსაც ინახავენ, იყენებენ ფრთხილად და ეკონომიურად.

ამავე დროს, გუმენიუკმა თქვა, რომ შესაძლოა მტერმა ერთდროულად „კალიბრის“ რამდენიმე რაკეტა ისროლოს ერთ ქალაქში, მაგალითად ასე მოიქცნენ რუსები ოდესის ოლქში, კონკრეტულაკ კი დაჩნოეში, როდესაც ერთდროულად 7 რაკეტა ისროლეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს შესაძლოა კიდევ ერთი დანაშაული მოამზადოს. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია „ამაზრზენი რამ“ ჩაიდინოს.

პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, არსებობს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ რუს სამხედროებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა დამოუკიდებლობის დღეს ტერაქტი მოამზადონ: ოკუპირებულ მარიუპოლში რუსები „აზოვსტალის“ დამცველების საჩვენებელი „პროცესის“ გამართვას გეგმავენ.

რუსების ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, მათ შეუძლიათ მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ იმ ობიექტზე, სადაც გაიმართება „სასამართლო პროცესი“ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.

საიტ Military Russia-ს მიხედვით, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ 6.5 მილიონი დოლარი ღირს (ინდოეთთან 2006 წლის საექსპორტო ხელშეკრულების შესაბამისად).

ჟურნალ Forbes-ის უკრაინული რედაქციის თანახმადაც კალიბრის ღირებულება 6.5 მილიონი დოლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: