მთავარი,სიახლეები

კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, სახდეპი შეშფოთებულია – Politico

19.08.2022
კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, სახდეპი შეშფოთებულია – Politico

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია, რომ კონგრესმა შესაძლოა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს – წერს Politico. გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსეთის შეყვანა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას და გლობალურ სასურსათო ბაზარს.

როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფიციალურად რაიმე უკმაყოფილება ან მხარდაჭერა ამ პროცესისადმი არ გამოუთქვამთ, თუმცა კონგრესმენებს საკუთარი არგუმენტები მიაწოდეს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი არგუმენტი ის სანქციებიცაა, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოქმედდება – გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს კერძო სექტორზე და იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რასაც ახლანდელი სანქციების მიუხედავად, აშშ რუსეთთან ინარჩუნებს.

3 მაისს უკრაინის რადამ აშშ-ის კონგრესს მიმართა და რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა სთხოვა. ამგვარ მოწოდებებს მუდმივად აკეთებენ უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

21 ივლისს კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ თუკი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად სახელმწიფო დეპარტამენტი არ აღიარებს, ამას კონგრესი გააკეთებს.

27 ივლისს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება შეუძლია, თუკი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფო ტერორისტულ აქტებს უჭერს მხარს. სანქციები, რომლებიც ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამოქმედდება, გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს აშშ-ის დახმარებაზე, თავდაცვითი თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტსა და გაყიდვაზე და სხვ.

ამჟამად ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი აქვს ოთხ ქვეყანას: სირიას, ირანს, კუბასა და ჩრდილოეთ კორეას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: