ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა – მერიის ფეისბუქის გვერდზე წერენ ასევე, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ორ დღეში, 29 ივლისს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25].
„შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის.“
ბულვარის გენგეგმა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
ბათუმის მერიამ საჯარო განხილვა მისი გამოქვეყნებიდან 2 დღეში ჩანიშნა, ეს დრო სპეციალისტებისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ დოკუმენტი შეისწავლონ.
ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს განხილვა დოკუმენტის საჯაროობას, რაც კანონით სავალდებულოა, ვერ უზრუნველყოფს და ის ფორმალურია.
„სამწუხაროდ, საზოგადოების ჩართულობა, ბოლო პერიოდში, ნაკლებადაა მერიისთვის მნიშვნელოვანი. ცოტა ხნის წინ ძალიან დაჩქარებული წესით, გონივრული ვადების გარეშე, ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს: ეს იყო ჯერ ცვლილება კანონში, შემდეგ ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების წესი და ასე შემდეგ.
ოთხი სხვადასხვა აქტია მიღებული და როდესაც ამის ანალიზს ვაკეთებდით, ერთ-ერთი პუნქტი დავუთმეთ იმას, თუ ამაში რამდენად იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა, იყო თუ არა კონსულტაციები ექსპერტებთან, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ… არცერთი არ მომხდარა.
ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ქალაქის არჩეული თვითმმართველობა, ისე იღებს გადაწყვეტილებას, არ ეკითხება ბათუმელებს. საკრებულოს კომიტეტებში კი ერთკვირიანი ვადა მაინც აქვთ საკითხების შესასწავლად“, – ამბობს თამარ მამეიშვილი. ის „ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთ-ერთი აქტიური დამცველია.
ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა რამიშვილი აცხადებს, რომ ბულვარის განგეგმა მერიამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ერთი თვის წინ გამოაქვეყნა: „გარდა ამისა ბულვარში დიდი ბილბორდი გამოვაქვეყნეთო.“
თუმცა არც ინფორმაცია და არც დოკუმენტი მერიის ვებგვერდზე არ იძებნებოდა.