მთავარი,სიახლეები

სპორტული მანქანებით გზებზე მოძრაობა იკრძალება – ახალი წესი

21.08.2022 • 2269
სპორტული მანქანებით გზებზე მოძრაობა იკრძალება – ახალი წესი

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, „სპორტული დანიშნულების ავტომობილს საგზაო მოძრაობაში ჩაბმის უფლება აქვს მხოლოდ შეჯიბრებაზე მონაწილეობის, ვარჯიშის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით“.

სხვა შემთხვევაში „ამ ავტომობილით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობა იწვევს მძღოლის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

დადგენილება მთავრობამ 2022 წლის 15 აგვისტოს მიიღო და ის სრულად 2022 წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი წესის მიხედვით:

  • „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ვალდებულია სულ მცირე 3 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია მისი ეგიდით დაგეგმილი სპორტული შეჯიბრის ჩატარების თარიღის, ზუსტი ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.
  • ფედერაციამ შსს-სთან უნდა შეათანხმოს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალიც. ამასთან, ვარჯიშის მიზნით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შსს-სთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
  • ავტომობილის გადაადგილების სპეციალურ ნებართვას გასცემს ფედერაცია.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია „112“-ს აცნობოს ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემები, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიზანი/დანიშნულება, გადაადგილების მარშრუტი და გადაადგილების დრო.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების/მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ფედერაციის წევრს, რომელიც ფლობს ფედერაციის მიერ გაცემულ მრბოლელის მოქმედ ლიცენზიას. სხვა პირის მიერ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილება ან მგზავრობა დაუშვებელია.
  • აკრძალულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში დასაშვებია შეჯიბრის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით, ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრის დაწყებამდე 3 დღით ადრე, შეჯიბრის დასრულებამდე.
  • სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“

ზემოთ აღნიშნული დადგენილებით მთავრობამ „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი“ და „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმები“ დაამტკიცა.

„სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურები, აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც გამოიყენება საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებულ პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“

ახალი წესის მიხედვით, „სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული ყველა ავტომობილი ექვემდებარება ფედერაციის მხრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას, ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის“.

ამასთან, „წლის განმავლობაში სპორტული დანიშნულების ავტომობილად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი არაუმეტეს 150 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“ [ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე].

ავტომობილი სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიიჩნევა ფედერაციის ტექნიკური კომისიის მიერ განხორციელებული სპეციალური შემოწმების შედეგად ფედერაციის მიერ გაცემული დოკუმენტის – ტექნიკური პასპორტის საფუძველზე.

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევა ასევე შესაძლებელია ავტომობილის შესაბამისი მოდიფიკაციის შემდეგ, კომისიის მიერ წინასწარ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება შსს-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები [ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი – სახელმწიფო სანომრე ნიშანი].

ფედერაციამ, 2022 წლის 16 სექტემბრამდე, შსს-სთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალი; ხოლო 16 ნოემბრამდე სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა დაამტკიცოს ტექნიკური პასპორტის კატეგორია, ნიმუში და მისი გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და შენახვის წესი; ასევე სპეციალური ნებართვის ნიმუში, მისი გაცემის, შენახვის, შეჩერებისა და გაუქმების წესი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან  / აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში / 26.08.2018 / არჩილ კახაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: