მთავარი,სიახლეები

როგორ აპრიალებენ მემთეურები ალუმინის ჭურჭელს – ნაილე და მაგული იალაღიდან

20.08.2022 • 10787
როგორ აპრიალებენ მემთეურები ალუმინის ჭურჭელს – ნაილე და მაგული იალაღიდან

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ აჭარულ დაწნულ ყველს მთებში გახიზნული მემთეურები. არანაკლებ გასაოცარი სანახავია, ხის პატარა, ბნელ ოთახებში შეშის ღუმელზე შემოდგმული ალუმინის მაღალი და ფართო ქვაბები. ამ ქვაბებს დღეში რამდენჯერმე დგამენ ცეცხლზე მემთეურები რძის ნაწარმის დასამზადებლად, მაგრამ ჭურჭელზე ჭვარტლის კვალსაც კი ვერ იპოვი – პირიქით, ისინი საკვირველად პრიალებენ.

არ არის მარტივი ყოველდღიური მოხმარების პირობებში, მუდმივად ბზინავდეს ეს უზარმაზარი ჭურჭელი: ყველის ამოსაყვანი დიდი და პატარა ქვაბები, წყლის ჩაიდნები. საჭმლის მოსამზადებელი შედარებით პატარა ალუმინის ტაფები, ჯამები…

არც მემთეურობაა მარტივი. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტი გოგონები და ქალები, ყველა, ვინც მემთეურის ტვირთს იკიდებს, დილაუთენია იღვიძებს ძროხები რომ მოწველოს. არ შეიძლება დააგვიანო პირუტყვის საბალახოდ გარეკვა და იმიტომ.

ერთ-ერთმა მემთეურმა, რომელიც პატარა მინებიანი ფანჯრის წინ, შეშის ღუმელთან იდგა და ყველის ამოსაყვანად ღუმელზე შემოდგმულ რძეს კისრის წაგრძელებით დაჰყურებდა, თქვა: „აქ ისედაც ცივა და როცა გაავდრება, ძვლებში ატანს სიცივე. სიცივე არ მიყვარს, მაგრამ ნეტა სულ წვიმდეს, ნისლი იყოს. ავდრიან დღეებში ძროხების საძოვარზე გარეკვას არავინ ჩქარობსო“.

დიდი ხის კოვზით ურევდა რძეს. გახუნებული, შინდისფერი პერანგი ეცვა, რომლის სახელოებიც კოხტად ჰქონდა აკაპიწებული იდაყვებამდე.

როცა ქალმა  რძის მორევა დაასრულა და ხის კოვზი ჩამოდო ალუმინის ქვაბის კიდეზე, რომელიც მკერდამდე სწვდებოდა, ვკითხე – კიდევ რისი გაკეთება უჭირთ მემთეურებს-მეთქი.

მემთეურმა მუხლებისკენ დაშვებული ხელები სინათლისკენ, წინ გასწია, შემომხედა და ჭრელი თავსაფრით თვალებდაჩრდილულმა მკითხა – „ნეტა რამდენ წელს მომცემდი?“.

პასუხისთვის არ დაუცდია, ხელები ისევ მუხლებისკენ დაუშვა, ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულოში და უკან დიდ ალუმინის ქვაბთან დაბრუნება. აკონტროლებდა რძეს საჭიროზე მეტად რომ არ გაცხელებულიყო. საუბარიც არ შეუწყვეტია – ხის იატაკის ჭრაჭუნის ფონზე თქვა – ამ ქვაბების ხეხვაა რთულიო: „ბევრი ძროხა თუ გყავს, ბევრი რძეც გექნება. ყველი დილა-საღამოს უნდა ამოიყვანო და ეს ქვაბებიც წამდაუწუმ სახეხია. ერთხელაც რომ არ გახეხო გულიანად, მაშინვე დაეტყობა. კარგად უნდა გამოხეხო შიგნიდანაც. ყველის ქვაბებს ძირი რძის წამოდუღებაზეც უშავდებაო“.

მემთეურები დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ალუმინის ჭურჭლის გაპრიალებაზე. ქვაბებს ყოველდღე, ხშირად კი დღეში რამდენჯერმეც ხეხავენ და აპრიალებენ.

მემთეური ქალი ხეხავს ალუმინის ქვაბს.

57 წლის მაგული გელაძემ მითხრა, რომ  მემთეურობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს. 63 წლის  ნაილე დიასამიძე კი 6-7 წელია, რაც მემთეურია. ისინი მთა ლოდიძირში მეზობლად ცხოვრობენ.

მაგულიმ მითხრა, რომ მას არ შეუძლია რძის ნაწარმი დააგემოვნოს იმ მემთეურთან, ვისი ალუმინის ქვაბებიც შავია.

ქალები ფიქრობენ, რომ კარგი მემთეური ვერ იქნები, თუ ალუმინის ჭურჭელი არ ბზინავს.

ალუმინის ქვაბი

„არ შეიძლება ჭვარტლმოდებულ ქვაბში ჩაასხა რძე, ამოიყვანო ყველი. აბა, მემთეური რას ჰქვია? მემთეურმა უნდა იმემთეუროს. ქვაბი თუ არ გახეხე, ვერც რძეს ჩაასხამ და ვერც ყველს ამოიღებ“, – ამბობს ნაილე დიასამიძე.

„ცოტა ცხელი წყალი უნდა დაასხა, ცივი წყლით არ გაიხეხება კარგად“, – ამბობს ნაილე. – „ზოგი თითებით აწვება „სახეხ თელს“ და ასე რეცხავს. [ჭურჭლის გახეხვას] ძალა უნდა. „სახეხი თელს“ ხელის გული უნდა დააჭირო და ძალა დაატანო. ძალამ უნდა გახეხოს თავქვე. იქეთ-აქეთ არა, რადგან იხაზება ჭურჭელი. პირდაპირ გახეხვა უფრო მოსახერხებელია და ქვაბიც უფრო ლამაზდება ასე“, – მითხრა ნაილემ.

ნაილეს თქმით, რძიდან ყველის ამოღების შემდეგ ნადუღის გასაკეთებლად დიდხანს არ უნდა იდუღოს შრატმა, თორემ ასე ნადუღიც შავდება და ქვაბიც.

„ჭურჭელს რომ ვხეხავ კი მიუხეშდება ხელები, მაგრამ ხელთათმანებს არ ვიკეთებ. ხელები არ მისკდება“, – ამბობს ნაილე.

როგორც ნაილემ გვითხრა, ყველაზე ჭუჭყიანი ჭურჭელი რაც გაუხეხავს, პირუტყვის თეფშებია.

„როგორი სუფთა ჭურჭლიდანაც შენ ჭამ, ისეთი ჭურჭლიდან უნდა აჭამო ძროხასაც. ძროხების ჭურჭელს დილის საკვების შემდეგ ვრეცხავთ და საღამოს გამოკვების მერეც“, – გვითხრა ნაილემ.

ალუმინის ჩაიდანი

მაგული ამბობს, რომ ბავშვობიდან დადიოდა მთაში. მაშინ ბებიას დაჰყვებოდა, რომელსაც ასაკის გამო ბევრი რამის გაკეთება აღარ შეეძლო და ამიტომ მაგული ეხმარებოდა. 12 წლისამ ისწავლა აჭარული, დაწნული ყველის ამოყვანა: „12 წლიდან მქონდა ალუმინის ქვაბებთან შეხება, რადგან ჩვენთან ყველი ძირითადად, დიდ, ალუმინის ქვაბებში ამოგვყავსო“.

გააჩნია ქვაბს კიდეებზე რამდენი ყველი მიეკვრება. ერთი ქვაბის გასახეხად 15-20 წუთი გჭირდება, ხანდახან კი – 10 წუთიც საკმარიაო – გვიხსნის მაგული.

მაგულიმ გვითხრა, რომ ბევრი რძე აქვს და ამიტომ ყველსაც დილა-საღამოს აკეთებს.

მაგული ხელთათმანებს მაშინ იყენებს, როცა ხელზე ნაკაწრი ან სხვა დაზიანება აქვს: – „კი, სახეხი თელი აუხეშებს კანს, მაგრამ რა უნდა ვქნათ? გაუხეხავ ქვაბში არ გაკეთდება არაფერი.

მემთეური ქალის ხელები

მე არ მიყვარს, როცა ჭურჭელი კარგად გახეხილი არ არის და სხვისი შექებაც არ მჭირდება იმისთვის, რომ [ჭურჭელი] გავხეხო. მსიამოვნებს, როცა ძალიან პრიალა ჭურჭელი მაქვს: ქვაბი, ჩაიდანი, ყველაფერი“.

ნაილესკენ მიტრიალდა და თქვა: – „ვინ უნდა შეგაქოს, რა ვიცი. მეზობელი, აგერ ნაილე ბებო თუ მოვიდა გეტყვის, ეს რა ლამაზად გაგიხეხავსო. ეგაო. მეტყვის, დაჯექი, დაისვენე, კოფე დავლიოთ, ვისაუბროთო“.

ნაილეც ჩაერთო: „მშვენივრად ხეხავ. მემთეური უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა.“ – და საუბარი განაგრძო. – „თვალდახუჭული უნდა შეეძლოს სტუმარს ჩვენი გაკეთებული პროდუქტის ჭამა. ზოგი მემთეურის ეზოშიც ვერ გაივლი. უკულტუროდაა“.

დამშვიდობებისას ნაილე წელში გაიმართა და ხმამაღლა თქვა: – „მე და მაგულის ყველაფერი წესრიგში გვაქვს და ვამაყობთ“.

„ასეაო“, – დაემოწმა მაგულიც.

„ასეთია ჩვენი, მთის ცხოვრება“ – გაამხნევეს ქალებმა ერთმანეთი.

ალუმინის ქვაბის სახურავი

ალუმინის ქვაბს რეცხავს მემთეური

მემთეური ქალი რეცხავს ალუმინის ქვაბს

მემთეური რეცხავს ალუმინის ქვაბს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: