ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია ზღვის პირას, მახინჯაურში, ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს

21.08.2022 • 1715
ბათუმის მერია ზღვის პირას, მახინჯაურში, ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის პირას მდებარე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას გეგმავს. მიწის ნაკვეთის, რომელიც რკინიგზასა და ზღვას შორის [სარკინიგზო ხიდის მიმდებარედაა] ფართობი 1 266 კვადრატული მეტრია.

ნაკვეთი, რომლის სარგებლობაში გაცემას ბათუმის მერია აუქციონით გეგმავს / ფოტო საკრებულოს დოკუმენტებიდან

მერიას 1 კვადრატული მეტრი მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურად 30 ლარი [ანუ, მთლიანი ფართობის 1 წლით სარგებლობის საწყის ფასად 37 980 ლარი] აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს ფასი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას მერია აუქციონის წესით გეგმავს.

აუქციონზე გატანამდე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 2022 წლის 22 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.

დოკუმენტაციას, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ახლავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. ამ დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება [მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით] 633 301 ლარი იყო.

ნაკვეთი, რომელსაც ბათუმის მერია აუქციონზე გასატანად ამზადებს

22 აგვისტოს საკრებულო კიდევ ერთ ანალოგიურ საკითხს განიხილავს – ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებასაც გეგმავს.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: