მთავარი,სიახლეები

დასავლეთმა შეიძლება „უღალატოს“ უკრაინას და ომში რუსეთს გაამარჯვებინოს – ბრიტანელი პოლკოვნიკი

19.08.2022 • 2056
დასავლეთმა შეიძლება „უღალატოს“ უკრაინას და ომში რუსეთს გაამარჯვებინოს – ბრიტანელი პოლკოვნიკი

დასავლეთის ქვეყნებმა შეიძლება „უღალატონ“ უკრაინას და რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა მისცენ; სრულმასშტაბიანი ომის ბედს გადაწყვეტს ზამთარი და ის, თუ როგორ მოახერხებს პუტინი ბუნებრივი აირის თემით მანიპულირებას – სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ასეთ მოსაზრებას The Telegraph-თან დიდი ბრიტანეთის არმიის ქვეითთა ბატალიონის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი გამოთქვამს.

კემპის აზრით, უკრაინას მხოლოდ სამი თვე აქვს დარჩენილი, რათა „ზამთრის ღალატი“ შეაჩეროს, რადგან სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა „ღრმა გაყინვის“ ფაზაში გადავიდეს, მოკავშირე ქვეყნებმა კი პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლა გააძლიერონ.

„სადაცაა დადგება პერიოდი, როდესაც უკრაინა მაქსიმალურად დაუცველი გახდება, რადგან სცენაზე შემოვა რუსეთის ტრადიციული მოკავშირე – „გენერალი ზამთარი“ და კრემლი კიევის ევროპელი მომხრეების წინააღმდეგ თავისი ენერგეტიკული ჭანჭიკების ტრიალს დაიწყებს.

ზამთარი, როგორც წესი, იმას სწყალობს, ვინც თავს იცავს, რადგან მას უკეთ შეუძლია თავშესაფრისა და სითბოს პოვნა მაშინ, როდესაც ფეხითა თუ მანქანით გადაადგილება, რაც მოწინააღმდეგისთვის უფრო აუცილებელია, გართულებულია ტალახისა და თოვლის გამო. ეს შეიძლება დაეხმაროს უკრაინის არმიას, შეინარჩუნოს ის, რაც ახლა აქვს, მაგრამ ხელს შეუშლის, დაიბრუნოს იმ დიდი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, რომლებიც ახლა რუსეთს უკავია,“ – მიიჩნევს ბრიტანელი პოლკოვნიკი.

მისი მოსაზრებით, სიცივე სტრატეგიულ გავლენას მოახდენს ევროპულ ქვეყნებზეც – მოკავშირეებს დაღლის „ზამთრის პეიზაჟი“ და ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც შესაძლოა მოსთხოვონ ზელენსკის, პუტინისთვის ხელსაყრელ დათმობებზე წავიდეს.

„წლების განმავლობაში, ვიდრე ევროპელები იაფი რუსული ენერგიით ბრმად იკმაყოფილებდნენ შიმშილს, პუტინი მათ ხაფანგს უმზადებდა. ფულის, დეზინფორმაციისა და აგენტურის დახმარებით, მან ძალიან გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ევროპას შელფის გაზის მოპოვება შეეწყვიტა, გერმანიას კი – ბირთვულ ენერგიაზე მუშაობა. პოლიტიკური და ეკონომიკური ომის, ასევე პროპაგანდის დიდოსტატ პუტინს მიზნად ჰქონდა, როგორც ეკონომიკური სარგებლის მიღება, ისე პოლიტიკური გავლენების მოპოვება,“ – ამბობს კემპი.

პოლკოვნიკი არ გამორიცხავს, რომ ევროპაში გაზის შემცირება ფასების ზრდას და  ამომრჩევლების დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც პოლიტიკოსებს აიძულებს, უკრაინისადმი საკუთარ ერთგულებას და რაც მთავარია, რუსეთისთვის დაწესებულ მკაცრ სანქციებს გადახედონ:

„პუტინმა იცის, როგორ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მანამ, ვიდრე ევროპული ქვეყნები არ დანებდებიან, მათ შორის ენერგომომარაგების სრული გათიშვით. ნოემბერში, G20-ის სამიტზე, პუტინი ეცდება ამ მუქარით იმანიპულიროს და განაცხადოს, რომ მშვიდობა დადგება, თუ ის დონბასს, ყირიმს და უკრაინის სამხრეთში დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს“.

კემპის აზრით, თავის არგუმენტებს პუტინი ფსევდორეფერენდუმებით გააძლიერებს. მისი გზავნილები მიმართული იქნება არა უკრაინელებისადმი, არამედ სხვა ევროპელებისადმი – პუტინი ეცდება, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბევრი ეკონომიკური პრობლემა მოგვარდება, თუკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შერბილდება.

„ლიდერებს უჩნდებათ ცდუნება, ჩაეჭიდონ პუტინის სამშვიდობო შეთავაზებებს და უარი თქვან ზელენსკის მხარდაჭერაზე. დღემდე ხშირად ამბობდნენ, რომ ომი ბოლომდე უკრაინის სასარგებლოდ მიდის. აი, სადაცაა სერიოზული გამოცდა დადგება.

თავისი ისტორიის განმავლობაში, რუსეთი, როგორც წესი, ძალიან ცუდად იწყებდა ხოლმე ომებს, თუმცა მერე ახერხებდა, ამ ომებში თავისი უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსები ჩაერთო. უკრაინელები კი მთლიანად უცხოურ შეიარაღებაზე, ტექნიკაზე და დაზვერვაზე არიან დამოკიდებულები,“ – ციტირებს უკრაინული მედია ბრიტანელ პოლკოვნიკს.

მთავარი ფოტო: რიჩარდ კემპი/ფოტო: BBC.co.uk

ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – Politico

გადაბეჭდვის წესი


ასევე: