მთავარი,სიახლეები

სკოლებში კლასის გაყოფის წესში ცვლილებებია – მინისტრის ახალი ბრძანება

19.08.2022
სკოლებში კლასის გაყოფის წესში ცვლილებებია – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, მომავალი სასწავლო წლიდან, კლასის გაყოფა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დასაშვები იქნება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამ დრომდე კლასის გაყოფა „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით იყო დასაშვები. ამასთან, ზოგადად, კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები [იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე] და ბ) ჭადრაკი [ისწავლება I კლასში].

მინისტრის ახალი ბრძანებით ასევე დაზუსტდა, რომ კლასის „გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში [არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში – 20-ს“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად.“

არის კიდევ ერთი სიახლე: „თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლასკომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.“.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები 2022 წლის 19 აგვისტოს შევიდა.

ახალი ცვლილებით, სასწავლო გეგმას დაემატა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის:

საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის / წყარო: მინისტრის ბრძანება

მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, ხოლო XII კლასისთვის – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

კანონში შენიშვნის სახით ასევე აღნიშნულია, რომ „მოსწავლემ მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში [მომდევნო სასწავლო წლიდან] აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით“.

ახალი ბრძანებით გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე საათობრივ ბადეში არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის. ამასთან, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: