მთავარი,სიახლეები

ФСБ ისე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ ომამდე რამდენიმე დღე კიევში ბინებს აწყობდა – WP

19.08.2022
ФСБ ისე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ ომამდე რამდენიმე დღე კიევში ბინებს აწყობდა – WP

The Washington Post-ი წერს, რომ მისი ჟურნალისტების რამდენიმეთვიანმა გამოძიებამ, რომელიც უამრავ კონფიდენციალურ მასალას, მათ შორის, რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელთა საუბრებს და უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მაღალჩინოსნებთან ინტერვიუებს ეყრდნობა, უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა: 

  1. რუსეთის უშიშროების სამსახურის იატაკქვეშა განყოფილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კრემლის საომარი გეგმები უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ფეესბე კიევში მარიონეტული რეჟიმის „დასასმელად“ ოპერატიულ მუშაკებს გზავნიდა და არწმუნებდა რუსეთის უმაღლეს პირებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან სწრაფად დანებდებოდა.

ფეესბეს დანაყოფი, ცნობილი, როგორც ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, წლების განმავლობაში აწარმოებდა საიდუმლო ოპერაციებს, რათა უკრაინის უწყებებში შეეღწია და არ დაეშვა ქვეყნის რუსული ორბიტიდან გასვლა. დასავლური დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, უკრაინისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიუხედავად, ფეესბემ ან არ იცოდა, რომ უკრაინა მტკიცე წინააღმდეგობას გასწევდა, ან იცოდა, მაგრამ ასეთი არასასურველი ინფორმაციის ვლადიმერ პუტინისთვის მიწოდება ვერ გაბედა. 

  1. ფეესბეს ოფიცრები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინაში ძალაუფლების ხელში სწრაფად ჩაგდების შესაძლებლობაში, რომ რამდენიმე დღე ომის დაწყებამდე კიევში ბინების მოწყობაზე დახარჯეს.

საუბრები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა, ადასტურებს, რომ ფეესბეს ოფიცრები კოლეგებისგან არკვევდნენ ინფორმაციას ისეთი ბინების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა საცხოვრებლად, უსაფრთხო სახლებად, ან ოპერაციისთვის ბაზებად გამოეყენებინათ.

ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრამდე, ფეესბეს ინფორმატორებს უბრძანეს, კიევიდან წასულიყვნენ და ბინების გასაღებები რუსეთის ოპერატიული მუშაკებისთვის დაეტოვებინათ.

  1. უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, ფეესბს უკრაინული ფილიალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

თუ 2019 წელს განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა 30 იყო, ომის დაწყებამდე 160 გახდა. ფეესბეს ჯგუფები მიმაგრებულნი იყვნენ უკრაინის რეგიონებზე და „მიძინებული აგენტების“ ქსელზე მთელ ქვეყანაში. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თანამშრომელთა რაოდენობის რადიკალური გაზრდა, სავარაუდოდ, მიანიშნებდა, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებდა.

  1. ფეესბე აქტიურად მუშაობდა ცნობილ კოლაბორანტებთან და სულ მცირე ორი პრორუსული ხელისუფლების შემადგენლობა ჰყავდა მომზადებული.

ფეესბეს მთავარ მოკავშირეებს შორის იყვნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც 2014 წელს რუსეთში გაიქცა და ვიქტორ მედვედჩუკი, ოლიგარქი, რომელიც პუტინთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ უკრაინის მთავარი პრორუსული პარტიის ლიდერი გახდა.

გუნდის ცენტრში იყო ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც უკვე მარტის დასაწყისში აპირებდა უკრაინაში ბელარუსიდან გადასულიყო და ძალაუფლება დაებრუნებინა. ამ ჯგუფის მეორე ნაწილი, რომელშიც ძირითადად იანუკოვიჩის პარტიის ყოფილი წევრები შედიოდნენ, კიევში დასაბრუნებლად უკრაინის სამხრეთიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ემზადებოდა.

  1. არაერთი მარცხის მიუხედავად, ფეესბეს მეთაურები პოსტებზე რჩებიან. უწყებამ გადაჯგუფება ჩაატარა და ოფიცრები სამთვიან როტაციაზე გაუშვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნების თქმით, მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პუტინმა რაიმე სახის წმენდა ჩაატარა რუსეთის ჯაშუშურ უწყებებში ან რომელიმე ჩინოვნიკს რაიმე პასუხისმგებლობა დააკისრა მცდარ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ფეესბეს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და უკრაინის სამმართველოს უფროსი სერგეი ბესედა პოსტებზე რჩებიან და სამხედრო მოქმედებებს კურირებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: