ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

20.08.2022 • 1411
ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. გოგირდს პორტიდან გზშ-ს დოკუმენტის მომზადების გარეშე გაიტანენ. ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [N7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების – გრანულირებული გოგირდის – დახურული ციკლით გადატვირთვა] არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.

თუმცა, სააგენტოს უფროსის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ვალდებულია:

  • „საქმიანობა განახორციელოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე საქმიანობაზე 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაცვით, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს ცვლილებების გათვალისწინებით განახლებული ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის“ სააგენტოსთან შეთანხმება.
  • უზრუნველყოს აღნიშნული პროექტით სააგენტოსთან შეთანხმებული გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების, ასევე, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების პარამეტრების დაცვა და შესაბამისად დადგენილი ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შესრულება;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს განახლებული მონიტორინგის გეგმის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით;
  • ექსპლუატაციის პირობების ცვლილებამდე უზრუნველყოს განახლებული ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით“.

ბათუმის ნავსადგურის ინფორმაციით, „დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, გადატვირთული კარბამიდის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 600 000 ტონას და უახლოესი პერიოდისათვის გადატვირთული პროდუქციის რაოდენობის გაზრდა დაგეგმილია 1.2 მილიონ ტონამდე“.

ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით [რომელიც „ბათუმელებმა“ ახალი ტერმინალის მშენებლობის პერიოდში  მოიპოვა], ტერმინალიდან სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების გადატანაა შესაძლებელი. მათ შორის:

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

ამავე თემაზე:

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: