უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთმა მობილიზაციის ახალი სისტემა შექმნა, სადაც აქცენტი გადატანილია პატარა ერებზე და ღარიბ მოსახლეობაზე, რომელთაც დიდ თანხის სანაცვლოდ კონტრაქტის გაფორმებას და უკრაინაში, ომში წასვლას სთავაზობენ.
ახალი წესის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, „რეკრუტერების“ დროს განსაკუთრებული სამიზნეა ეგრეთ წოდებული „პატარა ერები“ და ყველაზე ღარიბი მოსახლეობა.
სოციალური კვლევების მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ ყველაზე დიდი „საპროტესტო პოტენციალი“ – წერს უკრაინის დაზვერვა თავის ტელეგრამის არხზე.
უწყების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შეიქმნა ახალი სამობილიზაციო სისტემა. იგი აწესებს სამობილიზაციო პროცედურას ტერიტორიული პრინციპით: თითოეულ რაიონულ ერთეულში იქმნება ქვედანაყოფები, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ამ მეთოდით აპირებდნენ სატანკო ბატალიონის ფორმირებას. ამ ბატალიონის ფორმირება ფაქტობრივად ჩაიშალა: საჭირო 160 ადამიანიდან მხოლოდ 30-მა გააფორმა ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე.
დაზვერვის ცნობით, უფრო მეტი მოტივაციისთვის რეგიონის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს, რომელთა შვილებიც სწავლობენ X-XI კლასებში, „კონტრაქტზე“ ხელმოწერის შემთხვევაში, პირველი სექტემბრიდან, ყოველთვიურ, 10 000 რუბლს ჰპირდება.






