მთავარი,სიახლეები

„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

19.08.2022 • 16689
„მოგწვდებით ყველგან, სადაც საჭიროა“ – უკრაინელების დარტყმები რუსეთის ზურგში

„ეს ომი გაგრძელდება დიდხანს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე და რაზე მიანიშნებს აფეთქებების სერია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • დავიწყოთ 18 აგვისტოს ღამით, რომელიც აფეთქებებით იყო დატვირთული. სევასტოპოლში, ბელბეკის სამხედრო ავიაბაზაზე ოთხი აფეთქება მოხდა, ასევე ბელგოროდის რაიონში იყო აფეთქება, ქერჩში, ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს. თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

პირველ რიგში მართლდება ჩემი პროგნოზი – როგორც ვივარაუდე, აგვისტოს შუა რიცხვებში და აგვისტოს ბოლოსკენ გამოჩნდებოდა რაღაც ნიშნები, არ ვამბობ, რომ გარდატეხა, მაგრამ ნიშნები იმისა, რომ ომი შეიძენდა განსხვავებულ სახეს. უკრაინელების ძალა გამოჩნდებოდა.

არ მაქვს წინასწარმეტყველობაზე პრეტენზია, მაგრამ ომის ლოგიკა ისე ვითარდებოდა, ამ შედეგამდე მიგვიყვანდა. რაც შეეხება აფეთქებებს, უპირველეს ყოვლისა ეს არის ნიშანი – უკრაინა ეუბნება რუსეთს: „ჩვენ მოგწვდებით ყველგან, სადაც კი საჭიროა, სადაც კი უკრაინული მიწაა“. აფეთქებები უმეტეს შემთხვევაში მაინც არის სპეცოპერაციის ნაწილი. დივერსიული მოქმედება.

რუსებმა შეძლეს და აიყვანეს ექვსი წევრი ყირიმელი თათრების მოძრაობიდან, ისინი ყოველთვის აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინას. ახლაც ეტყობა, რომ აქტიურად მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად.

ეს დივერსიები მტრის ზურგში მოქმედების კარგი მაგალითია. ამ დარტყმებით საკმაო ზარალი მიიღო რუსეთმა. ეს კი მის მორალურ და საბრძოლო სულისკვეთებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება.

  • ბოლო კვირაა ყოველდღე რაღაც ფეთქდება და იწვის ოკუპირებულ ყირიმში. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს პარტიზანული ჯგუფების ნამოქმედარი. გამოდის, თქვენიც ამ მოსაზრებას იზიარებთ?

მოწინააღმდეგის ზურგში მსგავსი აფეთქებები, მსგავსი დივერსიული ქმედებები ნამდვილადაა ორგანიზებული უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. ნებისმიერი პარტიზანული მოქმედება იმართება სპეცსამსახურებისგან. ოპერატიული ძალები ეტყობა აქტიურად მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისინი გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც გარკვეული ინიციატივა აიღეს სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელებმა.

ამ მხრივ ვეთანხმები ვარაუდს. ამას გარდა, უკვე თვითონ რუსებიც აღიარებენ, რომ ეს არის დივერსიული მოქმედებები.

გრძელვადიან ფაზას თუ ავიღებთ, ეს დივერსიები რუსებს დაასუსტებს, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. მუდმივი შიში ზურგში, რომ რაღაც ხდება, ნამდვილად იწვევს რუსების დასუსტებას. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების საწინააღმდეგოდ საკმაო ძალის კონტინგენტია საჭირო, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული კონტრპარტიზანული მოქმედებებით. შესაბამისად, ეს ძალა აკლდება რუსებს ფრონტის ხაზზე.

ამავდროულად, რუსებს აკლდებათ მატერიალური საბრძოლო მარაგები და საბრძოლო საშუალებები, რაც აუცილებლად სჭირდებათ ბრძოლის წინა ხაზზე. მათ უწევთ უფრო სიღრმიდან, თვითონ რუსეთის ტერიტორიიდანაც კი ლოჯისტიკური ხაზების ორგანიზება. თანდათან კარგავენ იმ უპირატესობა, რაც მათ ჰქონდათ, რომ ახლოს იყვნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონებთან.

გარდა მატერიალურისა, მორალურ დარტყმებსაც აყენებს ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. იმის შიში, რომ ზურგში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მძლავრ ზემოქმედებას ახდენს მებრძოლებზე.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა დრო, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმის ხიდს დაარტყამენ?

ყირიმის ხიდს რომ დაარტყან, საჭიროა ორი ფაქტორი – მათ უნდა მიიღონ ამერიკული რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს. ისინი ჯერ არ მიუღიათ. თუმცა თითქოსდა გადაწყვეტილება ამერიკაში ამის თაობაზე მიღებულია. თუკი უკრაინელები  შეძლებენ ზაპოროჟიეში გარკვეული წარმატების მიღწევას და აზოვის ზღვასთან მიახლოებას, მიწვდომად მანძილზე იქნებიან ყირიმის ხიდთან. მაშინ ნამდვილად მოექცევა ეს ხიდი დარტყმის საფრთხის ქვეშ.

სხვა არ ვიცი, საჰაერო იერიშს თუ მიიტანენ, რაც ცოტა ეჭვს იწვევს – ძალიან გაზრდილია ამ ხიდის დაცვის შესაძლებლობები რუსეთის მხრიდან.

  • ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა რუსული სამეთაურო პოსტებისა და ლოჯისტიკური ბაზების ახლოს არ გაიარონ. რას უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება?

ყირიმის ხიდის გარდა უამრავი ლოჯისტიკური ბაზა და საწყობია რუსების ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მსგავსი ხმამაღალი განცხადება უფრო მიმართულია ფსიქოლოგიური ეფექტისკენ, ვიდრე ნამდვილად ქმედებისკენ. ვინაიდან თუ აკეთებ, ამას არ უნდა ამდენი გახმოვანება. ეს უფრო ფსიქოლოგიური ეფექტია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, იგივე რუსებს, რომ ჩვენ თქვენ ყველგან მოგწვდებით, სადაც საჭიროა.

  • 9 აგვისტოს აფეთქების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა ყირიმის მიმართულებით გადაიწია. ისე ჩანს, რომ ბრძოლის წარმოება უკრაინელების ხელშია და რუსეთი პასუხობს. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ და როგორია თქვენი მოლოდინები?

აქ არის ორი საოპერაციო თეატრი. ერთი არის დონბასი, მეორე – ხერსონი და ზაპოროჟიეს რაიონი. დონბასის მიმართულებაზე ჯერ კიდევ რუსებს აქვთ ინიციატივა. ცდილობენ შეტევები განახორციელონ, მაგრამ წარუმატებლად. ყველა მათი შეტევა უკუგდებულია. თუ არ ჩავთვლით მცირე ტერიტორიულ წინსვლას გარკვეული სოფლების თუ დასახლებული პუნქტებისკენ, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვთ.

დონბასში უკრაინელები არიან ყრუ თავდაცვაში. რუსები ჯერ კიდევ ცდილობენ ინერციით შეტევების განხორციელებას.

ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებით, ჯერ არასრულად, მაგრამ თანდათან თითქოსდა ინიციატივა გადადის უკრაინელების ხელში. ისინი ახორციელებენ კონტრდარტყმებს, მოქმედებენ ზურგში, დივერსიულ საქმიანობას ეწევიან, რითაც ქმნიან წინაპირობას ფართო მასშტაბის კონტრშეტევის განსახორციელებლად სამხრეთ მიმართულებაზე.

  • თქვენ გვითხარით, რომ ხერსონში რუსული არმია კარგადაა გამაგრებული და თავდაცვით პოზიციებიდან აპირებს ბრძოლას. აქამდე რუსეთის არმია მიიწევდა წინ და ეს ჯარისკაცებისთვის მომგებიანი იყო, რადგან ძარცვავდნენ დაპყრობილ ტერიტორიებს. ახლა როცა მათ მოწევთ უკრაინელების იერიშების მიღება, ასე მოტივირებულები ვერ იქნებიან ხერსონის ან სხვა ქალაქის დასაცავად, რადგან ეს არ არის მათი ქალაქები. აქედან გამომდინარე საინტერესოა, იბრძოლებს რუსული არმია ამ ქალაქებისთვის?

ხერსონი არის დაკავებული ტერიტორია. ეს არ არის არც ლუგანსკი, არც დონეცკი. დონბასის ადგილობრივი მაცხოვრებლები თავს თვლიან დონბასელებად, მაგრამ რუსეთის შემადგენელ ნაწილად. ხერსონი არის ახლადაღებული ოკუპირებული ტერიტორია და, შესაბამისად, რუსების საბრძოლო სულისკვეთება და  საბრძოლო მორალი მაღალი არ უნდა იყოს.

თუმცა თვითონ ხერსონი შეტევისთვის, უკრაინელებისთვის არ არის იოლი ქალაქი. ის საკმაოდ დაღარულია წყლის წინაღობებით, ფაქტობრივად მდინარე დნეპრის დელტაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის ხაზები, ხიდები და ა.შ. უკრაინელებმა გამოიყვანეს მწყობრიდან, ის ადვილად ასაღები ქალაქი არ არის. ამასთან, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა შეზიდეს და  წინასწარ დაასაწყობეს რუსებმა.

ამიტომ ალბათ ხერსონში რუსები შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. რაც შეეხება უკრაინელებს, უკრაინა ჯერ ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს. მას დამატებით სჭირდება აღჭურვილობა, შესაბამისი საბრძოლო სისტემები, რაც მისცემთ საშუალებას შემდგომ მოახდინონ კონცენტრირება აი, ამ ძალის გარკვეულ მიმართულებაზე.

ფაქტი ერთია, ვთქვი, რომ ამ ომში ნიშნები გამოჩნდებოდა აგვისტოს ბოლოსკენ. სექტემბერში უკვე გამოჩნდება გარკვეული გარდატეხის მომენტებიც.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ომი იქნება ხანგრძლივი და გადავა სტაციონარულ დაპირისპირებაში.

რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო. დრო მას სჭირდება იმისთვის, რომ მოვიდეს ზამთარი, გაურთულდეს ცხოვრება ევროპას, გაურთულდეს ცხოვრება უკრაინას ენერგომიწოდების თვალსაზრისით და ევროპა შეეცადოს აიძულოს უკრაინა გარკვეულ შეთანხმებას დასთანხმდეს.

ერდოღანის ვიზიტი იმით იყო განპირობებული, რომ გარკვეული მოლაპარაკებებზე დაეყოლიებინათ ზელენსკი, მაგრამ არ გამოვიდა. ამ ეტაპზე უკრაინა უარზეა ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს.

რუსეთს სჭირდება დრო მოიგოს. სჭირდება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მაინც შეთანხმდნენ. ეს რუსეთს საშუალებას მისცეს, გააძლიეროს თავისი სამხედრო პოტენციალი, გადააჯგუფოს თავისი დანაყოფები, შეადგინოს ახალი ოპერატიული გეგმები. მერე, როგორც სჩვევია, დაარღვიოს ეს ხელშეკრულება და ისევ გააგრძელოს აგრესია უკრაინის  წინააღმდეგ. ამისთვის მას სჭირდება დრო, გარკვეული შეთანხმება. აი, ამიტომ იყო, რომ პუტინი თითქოს თანახმაა  შეთანხმებებზე.

სწორადაც იქცევა უკრაინა, რომ არ მიდის მსგავს დათმობებზე რუსეთთან.

  • რუსები ისევ იბრძვიან ხარკოვის, სლავიანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, ფოკუსირებულები არიან ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ამ მიმართულებით გაიუმჯობესეს რუსეთის ჯარების ტაქტიკური პოზიცია თუ პირიქით?

ხარკოვის მიმართულებაზე ცვლილება არ არის. პოზიციები იგივეა. იგივე პოზიციებია ფაქტობრივად ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე. დონბასში, კრამატორსკსა და სლავიანსკიში არის მთავარი თავდაცვითი რაიონი.

კრამატორსკს და სლავიანსკს რომ მიუახლოვდნენ, რუსებმა უნდა გადაკვეთონ ბახმუტი, სოლედარი, სევერსკის ზღუდე, რომელსაც ვერ კვეთენ და ჯერჯერობით გაჩერებულები არიან ამ ზღუდეზე. უტევენ ბახმუტს, უტევენ სოლედარს, მაგრამ ვერ გადიან წინ. რუსებს ძალიან მცირედით აქვთ წინსვლა, დიდი დანაკარგის ფასად.

ამიტომ ვამბობ, რომ აი, ამ მიმართულებაზე გარკვეული ინიციატივა ჯერ კიდევ რჩება რუსების ხელში, რუსები ახორციელებენ მასიურ შეტევებს.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსები ცდილობენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ვარაუდობს, რომ რუსეთი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ძლიერი შეტევისთვის ემზადება. ამაზე მიანიშნებს ის, რომ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა შეიარაღების განსაკუთრებული რაოდენობა განალაგა. თქვენი მოლოდინი როგორია, აქვს ახლა რუსეთს ძლიერი შეტევისთვის საჭირო ძალები?  

რუსეთი დღეს ძლიერი შეტევისთვის მზად არ არის. მისი ამოცანაა, რამენაირად გავიდეს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამის შემდეგ გადავა ყრუ თავდაცვაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

რუსეთმა ახლა რაც არ უნდა ძალები მოაგროვოს, ამ ძალების მოგროვება მას დასჭირდება მხოლოდ თავდაცვის გასაძლიერებლად და გარკვეული შეტევის განსახორციელებლად ლოკალურ მიმართულებაზე დონეცკის ოპერატიულ რაიონში. ასე რომ, მე არ ველოდები რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან შეტევას.

  • ბრიტანეთის დაზვერვის 18 აგვისტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ თავისი საბრძოლო კულტურა ვერ გააუმჯობესა 1994 წლის ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როდესაც ჩეჩენმა მებრძოლებმა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარებით ათობით რუსული ტანკი ააფეთქეს და დააზიანეს იმის გამო, რომ რუსულ ტანკებს ან არ ჰქონდათ დინამიკური დაცვის კონტეინერები, ან სხვადასხვა მიზეზით ვერ იყენებდნენ მათ. რუსეთის ბრძოლის კულტურაზე რა შეგიძლიათ თქვათ?  

რუსეთის სამხედრო ხელოვნება ზოგადად ეფუძნებოდა რაოდენობრივ უპირატესობას. ის, რომ მათ ვერ შეძლეს თანამედროვე ომის წარმოება, ეს გამოჩნდა ამ ომის პირველ ეტაპებზე. ჩეჩნეთთან კი შეიძლება შედარება მხოლოდ იმ კუთხით, რომ საქართველოში ომის შემდეგ რუსებმა განახორციელეს შეიარაღებული ძალების ორი რეფორმა. ერთი რეფორმა და მეორე თითქოსდა კონტრრეფორმა. დახარჯეს უამრავი თანხა, გააძლიერეს შეიარაღება, განიცადეს მოდერნიზება… ასე რომ ჩეჩნეთის ომთან შედარებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი რუსული შეიარაღებული ძალები ტექნიკურად უკეთესადაა აღჭურვილი, მაგრამ სამხედრო ხელოვნება რასაც ჰქვია, ეს არის თანამედროვე ომის წარმოების ერთადერთი მანევრი, ზუსტი დარტყმები, ტექსტოლოგიები, საინფორმაციო სივრცეში უპირატესობა – ეს ვერ მოახერხეს რუსებმა.

რუსული ძალის აპოლოგეტები საქართველოში ძალიან ბევრია და რუსების უძლეველობის მითების გამზიარებლებიც, ამის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე არასდროს ვყოფილვარ დიდი აზრის.

რუსეთს შეუძლია იომოს საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთს შეუძლია გარკვეული ოპერაციები ატაროს სირიის წინააღმდეგ, მაგრამ როცა ის აპირებს საომარ მოქმედებებს ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანასთან, მაშინ მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაბერილია. საჩვენებელი ძალის დემონსტრირება, რომელსაც ის ახდენდა ამდენი ხნის განმავლობაში, აღმოჩნდა გაბერილი ბუშტი, რომელიც ერთ წუთში საპნის ბუშტივით გასკდა.

ნატოში ახლა ის უკვირთ, როგორ გვეშინოდა ამ სამხედრო ძალის ამდენი ხანიო.

ქვეყანა, რომელიც თავის თავს თვლიდა მეორე ძალად მსოფლიოში, როდესაც ირანს სთხოვს უპილოტო საფრენ აპარატებს და ირანის სადაზვერვო თანამგზავრს ორბიტაზე გაიყვანს, იმ ქვეყანას თავის შესაძლებლობები, თავის პოტენციალი საკმაოდ დაბალ დონეზე აქვს. ვგულისხმობ ტექნოლოგიური თვალსაზრისით და არა რაოდენობრივად.

  • 18 აგვისტოს მედიაში გამოჩნდა სტატიები, რომ შეიძლება ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში მნიშვნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს. იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიმართლეა, როგორ აისახება ომის მიმდინარეობაზე, შეასუსტებს ეს კიევს?

ზუსტად ამას ცდილობს რუსეთი, რომ ევროპიდან მაქსიმალურად შეამციროს შეიარაღების ნაკადები, რომელსაც უკრაინა იღებს და ამიტომ სჭირდება მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინას გარანტირებულად აღარ მიაწვდიან იარაღს და ამას გამოიყენებს რუსეთი გასაძლიერებლად. ის ხვდება, რომ დრო მუშაობს უკრაინაზე, შეიარაღება მიდის უკრაინაში, უკრაინა ძლიერდება, მაშინ, როდესაც საპასუხო, ტექნოლოგიურად და ხარისხობრივად ადეკვატურ სისტემებს ვერ იღებს თავად. ამდენად ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ევროპიდან და უფრო სწორად მსოფლიოდან თუკი შემცირდა შეიარაღება, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი და, რა თქმა უნდა, დაასუსტებს უკრაინას, მაგრამ არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცემს რუსეთს. მე ვთვლი, რომ თუკი შემცირდება იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს უკრაინას წაართმევს საშუალებას, განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, მაგრამ რუსებს ვერ მისცემს იმის საშუალებას, რომ განახორციელოს თავისი მთავარი გეგმები – დააქუცმაცოს უკრაინა და აიღოს კიევი.

  • ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე, როგორ შეაფასებთ რუსეთის და უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს?

ვიტყოდი, რომ ახლა თითქოს გათანაბრებულები არიან შესაძლებლობებით. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმეს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს. გარკვეული რაოდენობრივი უპირატესობა აქვს რუსეთს. გარკვეული ტექნიკური, ხარისხობრივი უპირატესობა – უკრაინას, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აქვს.

ფაქტია, გავიდა 6 თვე, რუსეთმა მიღო ძალიან დიდი ზარალი. ბოლო ერთი თვეა ბახმუტს და სოლედარს ვერ გასცდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შეტევა შეტევაზე განახორციელონ. რუსეთის დანაკარგი ძალიან დიდია, მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ის მცდელობები, რომ ციხეებიდან წაიყვანონ პატიმრები, მოიზიდონ არარუსეთის მოქალაქეები, დიდი ფულის და იმის დაპირებით, რომ რუსეთის მოქალაქეობას მისცემენ 3 თვის შემდეგ, ასე შეგროვებული ხალხი იმ ეფექტს ვერ მისცემს რუსეთს, რაც მას სჭირდება ამ ომში გარდატეხის შესატანად.

თუ უკრაინა მიიღებს იარაღს, რომელიც მისცემს საშუალებას 260 კილომეტრზე მეტ სიღრმეში მიაყენონ დარტყმა რუსეთს ზურგში, რუსეთის კომუნიკაციის ხაზებზე, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას და გაზრდის მის შანსებს ამ ომში წარმატებისთვის.

ეს ომი გაგრძელდება დიდხანს.

წარმატება შეიძლება იყოს უკრაინისთვის ახალ წლამდე, თუკი შეძლებს ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლებას. მეტს უკრაინა ნამდვილად ვერ შეძლებს ამ ეტაპზე, თუმცა ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება შემდგომი ეტაპისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: