ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ, ეცდებიან, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ დონეცკის ბრძოლებში და ამით რუსულ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია შეინარჩუნონ.
ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.
ინსტიტუტის უახლოეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 6-7 ოქტომბერს რუსეთის ძალები თანდათანობით მიიწევდნენ წინ ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში, სავარაუდოდ, სწორედ „ვაგნერისა“ და კადიროველების დახმარებით.
ISW-ის ცნობით, ლიმანში მარცხის შემდეგ პრიგოჟინმა 1 000 თავისი სამხედრო გაგზავნა ლისიჩანსკის პოზიციების გასამაგრებლად, კადიროვს კი ცოტა ხნის წინ დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები კრემლში სავარაუდო განხეთქილების შესახებაც წერენ და მაგალითად მოჰყავთ გამოცემა The Washington Post-ის ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა.
ISW აღნიშნავს, რომ მას ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა არ შეუძლია, თუმცა დასძენს, რომ ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერის ინფორმაციით, კრემლში ორი დაჯგუფება ჩამოყალიბდა – ერთი კადიროვისა და პრიგოჟინის, რომელიც დანაკარგების მიუხედავად ომის გაგრძელებას ემხრობა და მეორე, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის, რომელსაც საკუთარი თავისა და ქონების გადასარჩენად დასავლეთთან მოლაპარაკება სურს, თუმცა ამის პუტინისთვის პირდაპირ თქმას ვერ ბედავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მზარდ კრიტიკაზე წერს დღეს დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. უწყების ცნობით, უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობის ფონზე, სულ უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება სერგეი შოიგუს უწყების კრიტიკას.
ბრიტანეთის დაზვერვა მთავარ კრიტიკოსებს შორის რამზან კადიროვს, ევგენი პრიგოჟინს, კრემლის პროპაგანდისტ ტელეწამყვანებს, პოპ-ვარკვლავებს და ულტრანაციონალისტურად განწყობილ სამხედრო ბლოგერებს ასახელებს.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
- უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას კრემანაია-სვატოვოს გზის გასწვრივ ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
- რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით;
- რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში;
- რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც აიძულებენ მობილიზაციას ახლად ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.






